Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის მაქნისია გზა თუკი ჰეფიენდამდე არ მიგვიყვანს?


ავტორი: ირინა ტორონჯაძე

მერამდენედ ვუყურებ ამ ჰოლივუდურ ფილმს ან იქნებ სულ სხვა ფილმია, რა მნიშვნელობა აქვს, იგივე ხდება აქაც: გოგო შეხვდა ბიჭს, მოეწონათ ერთმანეთი, ვნება, ამბავი ,ერთი, მეორე, ცოტა პერიპეტიებიც, დამონტაჟებული კადრები და აჰა, დასკვნითი ნაწილი: სიყვარული იმარჯვებს!

მე მგონია, ყველაზე რთული ხვედრი მაინც მემონტაჟეს ერგო წილად. იცის, იცის მემონტაჟემ როგორც უნდა, როგორც ხდება...

ამ ფილმებს, ჰეფი ენდის გარდა, რაღაც სხვა ხიბლიცაქვს,რაცასე მიმზიდველია ჩემთვის: დასავლური ატმოსფერო , თავისუფლების განცდა ,ცოტა გადამეტებულიც; აკრძალვებზე რეაქციას უფრო წააგავს ეს ყველაფერი, უფრო ამბოხია ,მაგრამ მაინც სიმსუბუქე მოაქვს!

მეც მინდა ეს მწვანე თმები, ტატუ და ნაბახუსევზე - ჩახლართული ურთიერთობის ბოლოს ადრენალინის სიმთვრალეს რომ მოსდევს - ერთი ჭიქა გაზგასული ფლირტი...

მე კარგი წრიდან ვარ, ასე ითვლება და მეც ასე ვთვლი; არაერთი თაობა მეცნიერების ოჯახიდან. მეგობრებიც ასეთები მყავს - ინტელექტუალები. ფულით ვერ შემოხვალ ამ წრეში, ვერც “ინამარკა” მანქანით დაიწერ ქულებს. ერთადერთი, რაც აქ აინტერესებთ არის-რა წიგნს კითხულობ?

დასავლური ფასეულობებიც ასეთ წრეში იკიდებს ადვილად ფეხს - ნიადაგია კარგი და იმიტომ.ადამიანი რომ უზენაესი ფასეულობაა და პატივისცემას იმსახურებს-ეს ბავშვობიდან ვიცოდი. შესაბამისად, შემდეგი პერიოდი სულ გაოცებული მიწევდა ცხოვრება:

გაოცებული ვიყავი იმით, რომ მასწავლებელი „საჭიროებისამებრ“ სახაზავს ჩაარტყამდა მოწაფეს; ლექტორი უკადრისობდა „ზედმეტ“ კითხვებს სტუდენტისგან; ექიმი პაციენტს არც უყურებს, ისე სინჯავს და შემდეგ გაუგებარი ტერმინებით ისტუმრებს და თან თავმომწონედ კმაყოფილია- მარტო თვითონ გაიგო რაც თქვა და იმიტომ;

ჯვარზე სამთხვევად პირველი ფეხმძიმეები, მერე რა თქმა უნდა კაცები და მერე ისინი არც კაცები და არც ფეხმძიმეები რომ არიანო- ნუ სავარაუდოდ ქალები იგულისხმებიან. პირველად ამას რომ შევესწარი სიტყვა დისკრიმინაცია არ იყო ჩემი ლექსიკის აქტიურ ნაწილში, მაგრამ ემოციური ინტელექტიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ დამენახა და მეგრძნო რაც ხდება.

ამასობაში ვიღაც „გაიპარა“, ვიღაც „მოიტაცეს“, ძირითადად პერიფერიებიდან ჟღერდებოდა ასეთი ინფორმაცია , მაგრამ თბილისსაც ვერ დაარქმევდი ქალაქს ამ თვალსაზრისით და თითქოს ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს ზემოთქმულთან?!

დღეს უკვე დასაქმებულები და ლამის დატატუებულები , თავისუფლების ელფერითა და ანდერგრაუნდული გართობის სტილით, თავისუფლებისვე ხათრით ოდნავ ჩაჩაჩული შარვლებით და მაინც სახაზავის მოხვედრის შიშით გაჟღენთილები, დიქსონის მიქსებზე “ვძიგძიგებთ”.

ისინიც “ძიგძიგებენ”, ვინც ქალებზე წინ გარბიან ჯვარზე სამთხვევად, უფრო “ალივერებენ”; “მამენტ” ცეკვაც უტყდებათ და ვინმეს „დაკერვაზე“ ჩალიჩობენ ;

დარწმუნებულები არიან, რომ სექსი სიბინძურეა, მაგრამ რა ქნან,„კაი ტიპობა“ ითხოვს - დაკავდნენ...

აქაც მემონტაჟეს ვისურვებდი , ბნელი კადრები რომ ამოჭრას...

არა, ასეც არაა! შუქთან ერთად, 90-იანების მერე, სპეციალისტად ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული განათლებაც მოვიდა! ახალმა თაობამ, თითქოს გაბლაგვებას გადარჩენილი ინსტინქტით, იგრძნო საიდან უბერავს ქარი; რომ ჯანსაღი ფასეულობების ირგვლივ გაერთიანების დრო დადგა! - სწორედ ამ ქიმზე შედგა და გამოცდილი სერფერივით მიყვება ტალღას, რომელიც მგონი ერთადერთი გზაა ჰეფი ენდამდე მიმავალი...

... მართლაც, რის მაქნისია გზა თუკი ჰეფი ენდამდე არ მიგვიყვანს?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG