Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთპარტიული კონსესუსი ანუ ქართული პოლიტიკის პარადოქსები


ავტორი: ალექსანდრე მელიქიძე

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' მიერ საკანონმდებლო ორგანოში მოპოვებულმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ, პარტიას სრული კარტბლანში მიანიჭაკონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების განსახორციელებლად. ერთადერთი რეალური შემაკავებელი ფაქტორის- პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაც კი მხოლოდ დროის საკითხად იქცა (მმართველ პარტიამ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში 115 მანდატის მოპოვება შეძლო). ერთპარტიული კონსესუსის არსებობა ქართულ პოლიტიკაში არ წარმოადგენს რაიმე ნოუ ჰაუს, მეტიც, მსგავსი კონსესუსი ჩვეულ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

1995 წლიდან დღემდე, კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილება მმართველი პარტიის მხრიდან აღიქმება წინ გადადგმული ნაბიჯად დემოკრატიის შენების გზაზე, ხოლო ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ცვლილებები კატეგორიული წინააღმდეგობის საგანი ხდება. ასეთი ანტაგონიზმი არ იქნებოდა გასაკვირი თუ არა ერთი პარადოქსი: ოპოზიციაში მყოფი პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ხდება რა მმართველი პარტია, ყველა შესაძლო გზით ცდილობს ძალაუფლების განმტკიცებას იმავე საშუალებებითა და მეთოდებით, რომლებიც ხვდებოდა ამავე პარტიის კრიტიკის ქარცეცხლში მათი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში.

კონსტიტუცია, განმსაზღვრელი სახელმწიფოს პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემების საფუძვლებისა, იდეაში უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებრივი კონსესუსის ,,ნაწარმს''. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ქართული პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთ პარადოქსთან გვაქვს საქმე: მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ახალი კონსტიტუციის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა მინიმალურია, კონსტიტუციის ახალი პროექტის სახალხო განხილვებისას მოქალაქეთა ჩართულობა ნომინალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან მსგავს განხილვებზე მისული მოსახლეობის დიდი ნაწილი პარტ- აქტივს წარმოადგენს. ზუსტად რეალური საყოველთაო თანამონაწილეობის არარსებობა შემდგომში ხდება კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების მიზეზი. ცნობისათვის, 1995 წლიდან დღემდე საქართველოს კონსტიტუციაში შესულია 33 ცვლილება, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში, მოყოლებული 1787 წლიდან დღემდე შესულია მხოლოდ 27 ცვლილება. თავის მხრივ, კიდევ ერთი პარადოქსია, რომ 200 წლიანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მქონე ერთან შედარებით, დამოუკიდებლობის 26 წლიანი პერიოდის მანძილზე, ასეთ ხანმოკლე დროში ,,საჭირო''გახდა ცვლილებების მთელი სერია. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ცვლილებები დღესაც საერთო კონსესუსის კი არა მხოლოდ მმართველი პარტიის შიგნით მიღწეული კონსესუსის შედეგია, ანუ იდეაში კიდევ უნდა ველოდოთ საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი პარტიის მორიგ ცვლილებასთან ერთად.

საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა, ანიჭებს რა მმართველ პარტიას მაქსიმალურ ძალაუფლებას კანონის ფარგლებში, ამასთანავე ანიჭებს მაქსიმალურ ვალდებულებებსაც, რომელთაგან მნიშვნელოვანია კომპრომისის მოძებნა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან, თუნდაც საკუთარი რიგი საკითხების დათმობის ხარჯზე. თუ ასეთი კონსესუსი არ მიიღწევა, მაშინ რა არსებითი დატვირთვა აქვს კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაწერილ ფრაზას ,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი... ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას''. უფრო ,,რელევანტური'' იქნებოდა ფრაზა ,,ჩვენ, მმართველი პარტია და მისი ელექტორატი...'' (აქ იგულისხმება როგორც 2004-12 წლებში ,,ნაციონალური მოძრაობის'', ისე 2016 წლიდან ,,ქართული ოცნების'' საკონსტიტუციო უმრავლესობა).

მორიგ პარადოქსს ვაწყდებით ელექტორატის სტატისტიკის განხილვისას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ შეადგინა 3.513.884 მოქალაქე. ამ ამომრჩევლებიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1.825.054- მა ამომრჩეველმა (51,94 პროცენტი). აქედან, კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე პარტიას ხმა მისცა 856.638- მა ამორჩეველმა, კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობის 48,68 პროცენტმა. რაც ყველაზე ყურადსაღებია, ეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის მხოლოდ 24,38 პროცენტია (ამგვარად, პარტიას, რომელსაც გააჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხმა მისცა ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა. ასეთი ლეგიტიმაციის პირობებში პარადოქსია, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში მანდატების 76,7 პროცენტი ჰქონდეს (115 მანდატი).

შემდეგი პარადოქსი გახლავთ პრეზიდენტის ვეტო. ერთის მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში რა არსებითი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის ვეტოს?!რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მმართველ პარტიას არ გააჩნია საკმარისი მანდატები ვეტოს დაძლევისათვის და იძულებული ხდება კომპრომისზე წავიდეს ან საპარლამენტო უმცირესობასთან ვეტოს დაძლევის მიზნით, ან კომპრომისზე პრეზიდენტთან, რათა ამ უკანასკნელმა ხელი მოაწეროს ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული პრეცედენტი, როდესაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის პირობებში საპარლამენტო უმცირესობებთან კონსესუსის საჭიროებასაც ვერ ხედავს და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის რესურსიც გააჩნია. ამ შემთხვევაში, რატომ არ არსებობს შემაკავებელი სამართლებრივი ბარიერი, რაც აიძულებს მმართველ პარტიას კომპრომისზე წასვლას?! ასევე პარადოქსია, რომ ერთის მხრივ პრეზიდენტი ვეტოს ადებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო მეორეს მხრივ, იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა არ ითვალისწინებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტი მაინც ხელს აწერს საბოლოო დოკუმენტს.

საქართველოს კონსტიტუციურ მოწყობასა და ერთპარტიულ კონსესუსთან დაკავშირებული ყველა კითხვა უკვე 26 წელია რიტორიკულ ხასიათს ატარებს. თუ 1787 წელს, ფილადეფიაში კონსტიტუციურმა კონვენტმა, რომლის მონაწილე, ,,ვირჯინიის გეგმისა'' და ,,ნიუ ჯერსის გეგმის'' მხარდამჭერთა შორის პოლარიზების ხარისხი არანაკლებ მაღალი გახლდათ და ამის მიუხედავად მიღწეულ იქნა ე.წ. ,,კონექტიკუტის დიდი კომპრომისი (The Great Compromise)'', რატომ გახდა შეუძლებელი ამ ათეული წლების განმავლობაში უფრო მცირე მასშტაბების კომპრომისის მიღწევა ასეთ პატარა სახელმწიფოში?! ამ საკითხზე მსჯელობისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს ძველი რომაული გამოთქმა: ,,რისი უფლებაც აქვს იუპიტერს, იმის უფლება არ აქვს ხარს (Quod licet Jovi, non licet bovi)''. ალეგორიულად რომ წარმოვსახოთ, იუპიტერი მმართველ პარტიად, ხოლო ხარი ოპოზიციურ პარტიებად, წარმოდგენა შეგვექნება ქართულ პოლიტიკურ კულტურაზე. პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ,,ხარი'' აკრიტიკებს ,,იუპიტერის'' განუსაზღვრელ ძალაუფლებას იქამდე, სანამ თვითონ არ მოიპოვებს იმავე მასშტაბების ძალაუფლებას. ეს პარადოქსები დარჩება პარადოქსებად იქამდე, სანამ პოლიტიკური პარტიების სულისკვეთება იქნება მსგავსი საფრანგეთის მეფე ლუი XV- ის მიერ წარმოთქმული ფრაზისა: ,,ჩვენს (ჩემს) შემდეგ თუნდ წარღვნაც მოსულა (Apres nous (moi) le deluge)''.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG