Accessibility links

მოვითხოვოთ ინტერნეტარჩევნები!


ავტორი: არჩილ აბაშიძე

მიმდინარე წლის ნოემბერში, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ტექნიკური თვალსაზრისით 100 პროცენტით მზადაა ჩაატაროს ელექტრონული არჩევნები.i დიდი გამოხმაურება ამ ინფორმაციას არ მოჰყოლია, ეტყობა, ბევრმა ჩათვლა, რომ ეს უცხოელი პარტნიორებისთვის გაკეთებული მორიგი განცხადებაა. მსგავსი შინაარსის განცხადება მინისტრმა შარშანაც გააკეთა.ii მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ახლა უკვე პარლამენტმა უნდა გამოიჩინოს ნება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეუქმნას ახალი ეპოქის დასაწყისს. წესით, ახალგაზრდა სახეებით დაკომპლექტებულ მმართველ პარტიაში, მსგავსი ინოვაციის მხარდამჭერი პოლიტიკოსები მართლაც უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც პარლამენტში საკითხის განხილვას მაინც დაუჭერენ მხარს.

წელსვე, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა სტატიები ელექტრონული არჩევნების სიკეთეების და თანმდევი საფრთხეების შესახებ.iii არჩევნები ჩვენთან, ძირითადად, ამომრჩევლის მოსყიდვით, საარჩევნო უბნებთან რვეულებით ჩასაფრებული კოორდინატორებით, "ადმინისტრაციული რესურსის" მობილიზებით, ცემა-ტყეპით და ამ ბოლო დროს, ალტერნატიული ეგზიტპოლების ომით გვამახსოვრდება ხოლმე. ელექტრონული არჩევნებიც პირველ რიგში ამ პრობლემების გადაჭრაში უნდა დაგვეხმაროს. არ ვიცით რას გულისხმობდა მინისტრი როდესაც სრულ მზადყოფნაზე საუბრობდა, მაგრამ თუ ე.წ. ინტერნეტარჩევნებსაც (დისტანციურ არჩევენებს) გულისხმობს და არა უბრალოდ საარჩევნო უბნებზე შესაბამისი საარჩევნო აპარატების/მანქანების დაყენებას, ამისათვის, პირველ რიგში საჭიროა ID ბარათების გამოყენება დავიწყოთ.

ID ბარათები ქართული საზოგადოების კიდევ ერთი მტკივნეული თემაა. თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არ გვქონდეს, გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები პერიოდულად შეგვახსენებენ ხოლმე ID ბარათში ჩაბუდებული დემონების ჯოჯოხეთურ გეგმებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბარათებს ისინიც ვერაფერში ვიყენებთ, ვინც დიდი ხნის წინ ავიღეთ, ეს ვნებათაღელვა სრულიად ფუჭია და თუ ვინმეს ეს აშინებს, ალბათ არც უნდა დავაძალოთ ბარათის აღება. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ ბარათები იმ მიზნით გამოვიყენოთ, რა მიზნითაც შემოვიღეთ -ელექტრონული ხელმოწერის ამოქმედება. ბარათის პოპულარიცაზიაც, რის შესახებაც ასევე ისაუბრა მინისტრმა, მაშინ მოხდება, როდესაც მოსახლეობა მის რეალურ გამოყენებას დაიწყებს და შეთქმულების თეორიებს აყოლილ მოქალაქეებს უბარათობის გამო კონკრეტული სარგებლის ვერ მიღების საფრთხე დაემუქრება.

მიუხედავად მინისტრის ოპტიმიზმისა, წარმოუდგენელია შემდეგი არჩევნების (ადგილობრივი თვითმმართველობის) ელექტრონულად ჩატარება მოესწროს. სამაგიეროდ, შესაძლებელია ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ ინტერნეტარჩევნებზე გადასვლა და ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალი თბილისის მერის შემდეგ არჩევნებზე ამ მეთოდის გამოყენება იქნება: მხოლოდ ერთი ქალაქის მასშტაბით ტექნიკურად უფრო მარტივი განსახორციელებელიც იქნება და ID ბარათების მფლობელებიც დედაქალაქში მეტია.

ინტერნეტარჩევნებს სხვა მრავალთან ერთად (მაგ. აღსანიშნავია სიახლის წყალობით ამომრჩევლის ინტერესის მოსალოდნელი ზრდა; განსაკუთრებით, ახალგაზრდა ამომრჩეველს მოხიბლავს სახლიდან გაუსვლელედ, პერსონალური კომპიუტერით ხმის მიცემის შესაძლებლობა, რიგებში დგომის ნაცვლად), ერთი დადებითი მხარე აქვს: განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ამომრჩეველს შეუძლია გადაწყვეტილება შეცვალოს, გადაიფიქროს, მანამდე გაკეთებული არჩევანი გააუქმოს და სხვა კანდიდატს მისცეს ხმა. ეს, აზრს უკარგავს ხმების გაყიდვის პრაქტიკას (ამომრჩევლის მოსყიდვა უაზრო გახდება, თუ ის საბოლოოდ მაინც მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყვეტილების შეცვლას შეძლებს) და დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის კონკრეტული პოლიტიკური ძალისათვის ხმის მიცემის დაძალებას. ეს კი, როგორც ვიცით ძირითადად, საჯარო დაწესებულებებში ხდება. თუ ადამიანს ექნება შესაძლებელობა უფროსის დასანახად ერთ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა, მოგვიანებით კი სახლიდან არჩევანი შეცვალოს, ზეწოლა აზრს მოკლებული ხდება. ოღონდ, ეს გაამართლებს, თუ საჯარო სექტორში დასაქმებული ნათესავ-მეგობრები უკვე არ არიან უმრავლესობაში და შესაბამისად, საკუთარი სკამების გადარჩენის პრინციპით არ აკეთებენ არჩევანს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ასე რომ, პირველ ეტაზე ინტერნეტარჩევნების დანერგვა საჯარო მოხელეებისვის მაინც შეიძლება იცადოს.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, მივადექით "პოლიტიკური ნების" საკითხს. მოინდომებს თუ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამგვარი სიახლის დანერგვას? რა თქმა უნდა, არა. ყოველ შემთხვევაში, მე ამის არ მჯერა. იქნება თუ არა უცხოელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა? ნაკლებად მოსალოდნელია; თუ ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები ტარდება და პოლიტიკური პროცესი ასე თუ ისე სტაბილურია, არავინ მოთხოვს ჩამორჩენილ, ღარიბ ქვეყანას თავი ინოვაციით გამოიჩინოს. იქნება თუ არა ქვეყნის შეგნით საზოგადოებრივი დაკვეთა? ესეც ნაკლებ მოსალოდნელია. თუმცა, ენჯეობისთვის საინტერესო თემა კი უნდა იყოს, რადგან სავარაუდოდ, გრანტების მოზიდვა ამ თემატიკით შესაძლებელი იქნება.

თუ მაინც უკეთესის იმედი გვექნება და სახელმწიფო მზადებას აქედანვე დაიწყებს, შეიძლება თბილისის მერის არჩევნებისთვის მართლაც მოესწროს საჭირო ღონისძიებები: პროგრამული უზრუნველყოფა, ბარათის წამკითხველით მოქალაქეების მომარაგება და ა.შ. ეს კარგი დასაწყისი უნდა იყოს ერთ დროს პროგრესის სიმბოლოდ აღიარებული ID ბარათის გამოყენებისა. ბოლოს და ბოლოს, თუ ვერაფერში გამოვიყენეთ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელი და პირადი ნომერი ლამინირებულ ქაღალდზე იქნება დატანილი თუ პლასტიკურ ბარათზე?​

--------------------------------

i http://news.ge/ge/news/story/199972-saqartvelo-aris-srulad-mzad-rom-eleqtronuli-archevnebi-chatardes​

ii http://www.ambebi.ge/sazogadoeba/146649-ra-aris-eleqtronuli-archevnebi-romlisthvisac-saqarthvelo-ukve-mzad-aris-aucilebeli-informacia-amomrchevlebisthvis.html

iii მაგ. აღსანიშნავია კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა პროექტის "50 საჯარო მოხელე" ფარგლებში მომზადებულ პუბლიკაციაში: http://tcj.gov.ge/uploads/files/50_sajaroo_moxele.pdf

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG