Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: არმაზ ახვლედიანი

სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე უნდა ვახსენო ერთი მძლეოსანი(მორბენალი) რომელიც სარბენ ბილიკზე ამაყად გავიდა და სხვა მძლეოსნებთან ერთად სტარტის ხაზთან დადგა. ოლიმპიური სტადიონი გადავსებული იყო, თითოეული მაყურებლის თვალი და ყური მიმართულია კაცისკენ, რომელსაც ხელში თოფი უჭირავს და უნდა გაისროლოს. ეს იქნება ნიშანი სანახაობის დაწყებისა.
სროლა გაისმა, მძლეოსნები ადგილიდან მოწყდნენ, გაფრინდნენ, მაგრამ ერთი მათგანი, ჩემს მიერ ნახსენები ამაყი მორბენალი ვერ გაიქცა, უფრო სწორად თავის ჭკუით ალბათ გაიქცა, მაგრამ როგორც ხალხმა დაინახა ის უბრალოდ მიბობღავდა ფინიშის ხაზისკენ.
ყველა შეწუხდა, თავიდან იფიქრეს, რომ მორბენალმა ტრავმა მიიღო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ შეჩერებულა და ბობღვას აგრძელებდა მიხვდნენ, რომ ასეთია. ხეიბარია. ამ აღმოჩენის შემდეგ ხალხს გაუჩნდა ძალიან დიდი პროტესტი ორგანიზატორების მიმართ, როგორ ვერ შენიშნეს მისი ნაკლი და დაუშვეს ის, რომ სტადიონზე გამოსულიყო, ან თუ შენიშნეს როგორ დაუშვეს ამის გაკეთება?! შემდეგ პროტესტი გაუჩნდათ თავად მძლეოსანის მიმართ, რატომ აკეთებს ამას? ნუთუ ვერ ხვდება, რომ თავს იმცირებს? ნუთუ ვერ ხვდება, რომ წარმატების შანსი არ აქვს?!
სანახაობა შედგა, მაგრამ სიამოვნება არ გამოუწვევია, პირიქით, ხალხი შეწუხდა, დაიტანჯა ხეიბარის საცოდაობით, რომელიც ვერა და ვერ მიფორთხდა ფინიშის ხაზთან. ზოგს გული შეუწუხდა და სტადიონი დატოვა, ზოგმა ლანძღვა დაიწყო, სხვა მძლეოსნებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი, გამარჯვებულიც უკვე ცნობილი იყო, მაგრამ მისი დაჯილდოვება ვერ ხერხდებოდა რადგან ერთი მონაწილე აგრძელებდა ტანჯვას და ტანჯავდა ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილ მაყურებელსაც.
ხეიბარს მოგვიანებით დავუბრუნდები და იმედი მაქვს ეს პარადოქსული კვანძიც გაიხსნება. ახლა კი ლიტერატურის და სპორტული კომენტატორების შესახებ უნდა ვთქვა ორი სიტყვა. არ ვიცი შეიძლება მეჩვენება , მაგრამ დიდ კავშირს ვხედავ. მოგისმენიათ ლათინოსი კომენტატორების რეპორტაჟი? პაუზა მხოლოდ მაშინ აქვთ, როცა პირველი ტაიმი სრულდება და ეჭვი მაქვს ეთერს მიღმაც შთაბეჭდილებებით დატვირთულნი ენას არ აჩერებენ. ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ და თითქოს გეუბნებიან, რომ არც არის საჭირო ამოსუნთქვა. მათი რეპორტაჟები მიდის ისე როგორც მარკესისა და ლიოსას წიგნები, მათი ფეხბურთიც ისეთია როგორიც ამ მწერლების პოლიტიკურად აქტიური, ვნებით შეპყრობილი პერსონაჟები, სისხლი დუღს, დინამიკა შეუქცევადია, კულმინაციისას კი უბარლოდ ფეთქდება - Goooolaaaasoooo.
მაინც და მაინც კარგად არ მესმის ესპანური, მაგრამ ფეხბურთს თავის ტერმინოლოგია აქვს და ყურება და მოსმენა მაინც სასიამოვნოა. სამაგიეროდ იდეალურად მესმის რუსული , კავშირი ლიტერატურასთან აქაც თვალსაჩინოა. უფრო ნელია მათი წაყვანილი თამაშები ესპანურენოვნებთან შედარებით, მაგრამ აქცენტი დეტალებზეა გამახვილებული, დეტალებიდან კი გინდა თუ არა კონცენტრირდები მთლიან სათამაშო სურათზე და არა მხოლოდ ბურთზე. ერთი სიტყვით უფრო ანალიტიკურია ვიდრე ემოციური. რაც მათ ლიტერატურასაც ახასიათებთ. ფედია დოსტოევსკის მოგზაურობა ადამიანის არაცნობიერში ამ დეტალებზე კონცენტრირებაში გამოიხატა რუსი კომენტატორების რეპორტაჟებში. კულმინაცია აქაც შთამბეჭდავია, კულმინაცია ანალიზის დასასრულია, რომელსაც დასკვნა მოჰყვება, ანუ გოლი. - გალიშე.
გადასარევი სანახავია ინგლისური ფეხბურთი და გადასარევი მოსასმენია მათი წაყვანილი თამაშებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისელი ქალი ლიტერატორები არაფრით ჩამოუვარდებიან კაცებს, თუ არ აღემატებიან კიდეც , დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მათ წაყვანილ თამაშებს. ინგლისი ეს თეატრია, ავსებული ჩაი და დაღვრილი დრამა. ყოველი გაჟღერებული გოლი ჯონ ჩემპიონის პირით არის შექსპირული ტრაგედია წაგებულისთვის და დამღერებული სონეტები მოგებულისთვის. არ წყდება სიმღერა სტადიონებზე და არ წყდება დრამა ეკრანებზე. დიდებულია.
წარმოიდგინეთ ჩვენთანაც უდიდესი პარალელის გავლება შეიძლება. დიახ , ქართულ ლიტერატურასა და ქართველ კომენტატორებს შორის. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული პოეზია ბევრად აღემატება ქართულ პროზას , იმდენად აღემატება, რომ მათი შედარებაც კი არ შეიძლება. ჩვენი დიდი პროზაიკოსების ნაშრომებშიც არის პოეზია, საერთოდ ჩემის ღრმა რწმენით ყველა პროზა რაღაც დოზით უნდა შეიცავდეს პოეზიას. ჭილაძემ პოეზიით დაიწყო, მერე კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროზაიკოსი შეიქნა ქართულ რეალობაში. აკას პოეზიასთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ აბა დახეთ როგორია მისი სამეტყველო ენა, აგალაპარაკებს, აგამღერებს, გადაგაგდებს ფიქრებში და დაგკარგავს კიდეც სადღაც კუნჭულებში.
მაგრამ მაინც პოეზია - შოთა, ვაჟა, ბარათაშვილი, გალაქტიონი და ძმანი მისნი. გენიალური მრავალფეროვნებაა. არის ერთი ნიშა, რომელშიც ჩვენი ლიტერატურა აისახა მოვლენების გადმოცემის სიცხადესა და თეატრალურობაში. ეს არის მეტყველება. თუ ვინმე კომენტატორთაგან რაღაც სიმაღლეზე დაუყენებიათ ეს კოტე იყო მახარაძე და ეროსი მანჯგალაძე. მხოლოდ ჩანაწერები მომისმენია , ვფიქრობ მათ აღსაქმელად და გასაგებად საკმარისი იყო. თეატრალები, მხატვრულები, დრამატულები, ლამაზები, ისმოდა სიტყვა, ხედავდი ქცევას. ეროსი მანჯგალაძის მეტყველება და ხმის ტემბრი ჩემს მიერ მაღლა ნახსენებ ჯონ ჩემპიონსაც კი შეშურდებოდა. ალბათ პოემასავით მიედინებოდა მისი წაყვანილი თამაშები.. რავიცი.. ასე მგონია.
ახლა კი მიტოვებულ მძლეოსანს (მორბენალს) უნდა მივუბრუნდე. სადღაც შუა გზაში დავტოვეთ. სტადიონი უკვე ცარიელია, ხალხი წავიდა. დანარჩენი მძლეოსნებიც წავიდნენ, ჯილდოც თან წაიღეს და სანახაობაც. ეს კიდევ ბობღავს. ნეტავ რას ბობღავს , სად მიბობღავს ან რა უნდა?!
ვაი, რომ ყველა ვიცნობთ ამ მძლეოსანს , მძლეოსანს კიარადა კომენტატორს. არ ვიცი.. დავარქვათ პირობითად სანდრო.
ვაი, რომ იმ კომენტატორის პირდაპირ ეთერში დასმა , რომელსაც მეტყველების უსერიოზულესი პრობლემა აქვს , ტოლფასია ოლიმპიურ სტადიონზე, სარბენ ბილიკზე ხეიბარი მიუშვა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG