Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლების საფრთხე


ავტორი: ატიკუს ფინჩი

საქართველო, მოგეხსენებათ, ახალბედა სახელმწიფოა. პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა კი მეტად მძიმე ფაქტია არსებითად და ქვეყნის განვითარებას მნიშნელოვნად აფერხებს. ეს მემკვიდრეობა, პირველ რიგში, სააზროვნო, იდეოლოგიურ ჭრილში გამოიხატება.

საუკუნეების, თითქმის მთელი ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში გვიწევს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. აი თავისუფლების ამბავი კი მართლაც საკითხავია. სამწუხაროდ, შეუძლებელია თავისუფლების ხელოვნურად, დაჩქარებულად მიღწევა. ამას საზოგადოების ნაბიჯ-ნაბიჯ, მრავალწლიანი განვითარება სჭირდება.

ამ გზაზე პრობლემებიც ბევრია, რადგან ერთხელ დამონებულს, თავისუფლება აშინებს. სწორედ ეს შიშია მიზეზი იმ მრავალი გაუგებრობისა, რასაც ჩვენს ყოველდღიურობაში ვეჩეხებით. ვგულისხმობ საზოგადოების სრულიად ულოგიკო, არაჯანსაღ დამოკიდებულებას რიგი საკითხების მიმართ.

საზოგადოდ, თავისუფლებას ერთი ძირითადი თვისება ახასიათებს : ადამიანის პიროვნული თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისას ეხება. აი ჩვენ კი ძალიან გვიყვარს შეხება სხვების თავისუფლებასთან.

ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა. საუკუნეების განმავლობაში, სწორედ რელიგია გვინარჩუნებდა ეროვნულ თვითმყოფადობას. ეკლესიამ შემოინახა ქართული ლიტერატურის უძველესი ძეგლები, რაც ჩვენი უმთავრესი საგანძური, ეროვნულობის უმთავრესი ნიშანია.

ბიზანტიის იმპერიის დაცემამ საქართველო ქრისტიანულ სამყაროს მოწყვიტა, თუმცა ქართველ ხალხს არ დავიწყებია თავისი არჩევანი და უდიდესი ტერორის მიუხედავად, მოახერხა რელიგიის შენარჩუნება. ფრანგი პოეტი და მეცნიერი, პოლ ვალერი წერდა, რომ ნებისმიერი საზოგადოება, რომელმაც განიცადა ბერძნული, რომაული და ქრისტიანული კულტურის გავლენა, ევროპულია. საქართველო ყველა ზემოჩამოთვლილს აკმაყოფილებს.

რწმენა და რელიგია, ეს არის პირველ რიგში, ადამიანის პიროვნული არჩევანი. ამ არჩევანისთვის საუკუნეების განმავლობაში ბრძოლამ კი საქართველოში არჩევანი - რელიგია ტრადიცია - რელიგიად შეცვალა. ეს კი დამღუპველია, ტრადიცია თავისუფლებასთან დაპირისპირებულია. რელიგიის თავისუფლებასთან დაპირისპირება კი ყოველთვის გამოიწვევს ამ რელიგიის მატარებელ საზოგადოებაში თავისუფლებისადმი, და შესაბამისად, პროგრესისადმი შიშს. ყველაზე ნათელი მაგალითი უახლესი ისტორიიდან ირანია - ნათლად ჩანს, სადამდე მიიყვანა ერთ დროს პროგრესული, განვითარებული საზოგადოება რელიგიური ლიდერის მიმართ ფანატიკურმა სიყვარულმა - ირანი ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილი, ჩამორჩენილი სახელმწიფოა, სადაც არ არსებობს არანაირი თავისუფლება. თუმცა ბოლო წლებში შეინიშნება ამ ხალხში სასულიერო პირების ავტორიტეტის დაცემა და თავისუფალ საზოგადოებად ჩამოყალიბების სურვილი.

აი საქართველოში კი, მოსახლეობის უმრავლესობისთვის, პატრიარქის სიტყვა უზენაესი კანონია. რელიგიის მიმართ უპირობო ნდობა განაპირობებს ისეთი მოცემულობების უპირობოდ, შეკითხვის გარეშე მიღებას, რასაც შეიძლება არც დათანხმებოდნენ სხვა შემთხვევაში.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ეკლესიას გამოცხადებული აქვს მონოპოლია რელიგიურ ჭეშმარიტებაზე, ანუ მისი ქადაგება აუცილებლად აღიქმება ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ჩამოყალიბებულ მოსაზრებად. არადა, ბოლო წლებში ქართული ეკლესიის ზოგიერთი ქადაგება და ქმედება სწორედაც ეწინააღმდეგება ქრისტიანული მოძღვრების ძირითად დებულებებს. ქრისტიანობა, როგორც საუკუნეების განმავლობაში გვასწავლიდნენ, შემწყნარებელი, კაცთმოყვარე რელიგიაა. ჩვენი ღმერთი კი მოსიყვარულე, მიმტევებელი ძალა. ამის ფონზე უცნაურად ჟღერს სასულიერო პირების მუქარა, რომ თითქოს ეკლესიის კრიტიკისა და მისი მითითების შეუსრულებლობისთვის დავისჯებით. არასწორი პოლიტიკაა ადამიანებში ღმერთის მიმართ შიშის ჩანერგვა, ეს აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიწვევს, ადამიანის აზროვნება/ქმედება შიშზე იქნება დაფუძვნებული. შიშის გამო რისიმე გაკეთება ან არ გაკეთება კი, არა არჩევანი, არამედ ძალადობაა. რწმენა კი, რომელიც შიშის საფუძველზე იქმნება, აუცილებლად შობს ადამიანში ტირანს, ძალადობრივი, სასტიკი მიდრეკილებების ფსიქოტიპის გაჩენას. უმჯობესია, ქრისტიანული მოძღვრების მიყოლა და ღმერთის მიმართ არა შიშის, არამედ სიყვარულის გაჩენა/ჩანერგვა. ამ გზით ადამიანებს ერთმანეთის მიმართაც გაუჩნდებათ სიყვარული და აღარ იქნება ამდენი აგრესია. მართლაც პარადოქსულია დეკრალირებულად პრო-ქრისტიანულ საზოგადოებაში მსგავსი შოვინიზმი და რასიზმი, რასაც საქართველოში ვხვდებით. ამ წერილის დაწერა ერთმა სტატიამ გადამაწყვეტინა, სადაც მოთხრობილი იყო, როგორ შელახეს შავკანიანი მოსწავლის უფლებები ერთ-ერთ ქართულ საჯარო სკოლაში. ეს ხომ დაბალი კულტურის პირდაპირი გამოვლინებაა. და სრულიად არაქრისტიანული საქციელი - არსად და არასდროს უთქვამს ქრისტეს, ადამიანები რასობრივი, ან თუნდად რელიგიული ნიშნით გაარჩიეთო. ,,გიყვარდეს მოყვასი შენი’’ ნიშნავს გიყვარდეს მსგავსი შენი, გიყვარდეს ადამიანი. თუმცა ადამიანები მუდმივად ცდილობდნენ თავიანთი საქციელის გამართლებას და ამ სიტყვებისთვის გვერდის ავლას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობაში წაკითხული წიგნიდან გამახსენდა ერთი სიუჟეტურად სრულიად უმნიშვნელო ეპიზოდი: ალექსანდრე დიუმას რომანში ,,ოცი წლის შემდეგ’’ ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული პერსონაჟი ინგლისელის მოკვლას გადაწყვეტს, აბატი კი ზემოხსენებულ მცნებას ახსენებს, რაზეც ჯარისკაცი პასუხობს, არსად წერია, რომ ინგლისელი ჩემი მოყვასიაო.

არაფერს ვიტყვი ჯვაროსნულ ლაშრქობებსა და ინკვიზიციაზე, ქრისტიანების ხელით თავისივე მოძღვრების წინაშე ჩადენილ უდიდეს დანაშაულზე, შორს წაგვიყვანს ეს თემა.

დასაწყისში საბჭოთა მემკვიდრეობა ტყუილად არ მიხსენებია, პატრიარქის გამოსვლების კრიტიკისას, ხშირად მომისმენია ასეთი კონტრარგუმენტი : სხვები უწერენ, თვითონ არ იცის რას კითხულობს. საბჭოთა მოქალაქეებს, მოგეხსენებათ, სტალინი უყვარდათ, მასზეც იყო გავრცელებული მსგავსი ლეგენდა, არ იცოდა ხალხს რომ ხვრეტდნენო. ( J ) ბოლოსდაბოლოს, ერთხელ რომ წაიკითხავ შენი სახელით სხვის დაწერილ ქადაგებას და არ დაეთანხმები, მეორედ ხომ აღარ დააწერინებ...

ისე გამოგვდის, რომ თავად ვუპირისპირდებით იმას, რითაც ვამაყობთ. საქართველო მართლაც იყო წლების განმავლობაში ტოლერანტული საზოგადოება, სადაც მრავალი ეროვნების და რელიგიის ხალხი ცხოვრობდა შეხმატკბილებულად. დღეს კი თავად ვილაშქრებთ ჩვენი მართლაც საგულისხმო ღირსების წინააღმდეგ, რომელიც მოცემულ სიტუაციაში ძალიან გვჭირდება. რადგან ეს ღირებულებები და აზროვნების ფორმა დაგვეხმარება მივუახლოვდეთ ევროპულ საზოგადოებას, რისი ნაწილიც ვართ, უბრალოდ ჩამოვრჩით. ევროპულ ოჯახში დაბრუნება კი ერთადერთი გამოსავალია, რომ ჩვენი მუდმივი, უმაღლესი ფასეულობა, თავისუფლება შევინარჩუნოთ და აღარ მივცეთ საშუალება მტერს, კვლავ დაგვიპყროს და არჩევანი წაგვართვას. მტერი კი, უნდა ვაღიაროთ, მართლაც ძლიერია და საკმაოდ ეფექტურადაც მუშაობს. აქციებიც კი იმართება თბილისში რუსეთთან მიერთების სურვილით. ეს გასაგებიცაა, დამონებული ხალხი უეცარი თავისუფლების შიშით კვლავ ბატონისკენ ისწრაფვის, მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ ეს დამღუპველია.

ეკლესიის მხრიდან კი ასეთი გამოკვეთილად პროგრეს საწინააღმდეგო ქმედებები ჩემში ძალიან მტკივნეულ ეჭვს იწვევს.

მსოფლიო ისტორიის წიგნებში ვისაც ჩაუხედავს, ყველა ადვილად მიხვდებოდა: დიდი ხნის წინ მივიდნენ ხელისუფალნი დასკნამდე, რომ ხალხის კონტროლისთვის ეკლესია ეფექტური საშუალებაა. საბჭოთა კავშირიც, უნდა ვაღიაროთ, ძლიერი პოლიტიკური მექანიზმი იყო და ეჭვი ძნელად თუ შეგვეპარება, ეკლესიაშიც ეყოლებოდა საკუთარი პოლიტიკის გამტარი, სპეც-სამსახურების თანამშრომლები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, საქართველოში არათუ ლუსტრაციის კანონი, მცირე რეფორმაც კი არ განხორციელებულა ეკლესიაში. დასკვნის, ცოტა არ იყოს, მეშინია...

ომის თეორიაში ხისტ ძალასთან, ანუ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან ერთად, რბილი ძალაც არსებობს. ეს გულისხმობს კულტურულ-იდეოლოგიურ გავლენას. აქ ბრძოლის ველი ადამიანთა ტვინი, აზროვნებაა. ჰოდა, იქნებ შევეცადოთ, ნურავის მივცეთ ჩვენი აზროვნების წარმართვის შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ვიაზროვნოთ. ამით, როგორც მინიმუმ, პიროვნულ თავისუფლებას მივაღწევთ, და სწორედ პიროვნული თავისუფლებაა საზოგადოების და სახელმწიფოს თავისუფლების უმთავრესი გარანტი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG