Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს


ავტორი: ბაჩო ჯოჯუა

დღეს პარტიებს საქართველოს მსგავსად მსოფლიოს თითქმის ყველა ლიბერალური დემოკრატია აფინანსებს და ამ პოსტში მსურს განვიხილო ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას ახლავს თან. ასე რომ „მომაპყრენით ეგ თქვენი ხილული ყურთასმენა, უფრო კი თქვენი გულისა და გონების ეგ გრძნობადი ყურნი გახსენით მოსასმენად და უმანსპიძლეთ ამ ჩემს სიტყვებს...“

დასაწყისისათვის მსურს მოკლედ ავხსნა ის, თუ როგორ ახერხებენ საქართველოში პარტიები დაფინანსების მიღებას.

საქართველოში ცესკო-ში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფოსაგან დაფინანსების მიღება იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუკი ისინი საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში ხმების 3%-ს ან 3%-ზე მეტს მიიღებენ.

პარტიის მიერ მიღებული დაფინანსება გამოითვლება ფორმულით, რომელსაც რასაკვირველია აქ არ დავწერ, უბრალოდ დამიჯერეთ, იმდენად მარტივი ფორმულაა, რომ თავადაც ძალიან კარგად მოვახერხე იმ თანხის რაოდენობის განსაზღვრა, რომელსაც ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიები სხვა „ბონუსებთან“ ერთად მიიღებენ სახელმწიფოსაგან. თანხა და „ბონუსები“ საკმაოდ დიდი მომეჩვენა და თავიდან მხედველობის პრობლემას დავაბრალე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დავაზუსტე და მივხვდი, რომ არაფერი შემშლია. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 3%-იანი ბარიერის გადალახვა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება 5-მა საარჩევნო სუბიექტმა ხოლო, 6%-იანი ბარიერის გადალახვა და საბაზო დაფინანსების გაორმაგება 2-მა საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა.

ხოდა-მ შემდეგ დავფიქრდი იმაზე აფინანსებდეს უნდა თუ არა სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, საბოლოო დასკვნამდე მივედი...

ნამდვილად არ ვიცი რას გულისხმობდა კენედი, როცა ამბობდა, რომ დემოკრატია სრულყოფილი არ არის-ო, მაგრამ ალბათ ფაქტია, რომ თუ ეს უკანასკნელი სრულყოფილი არ არის (და ალბათ ასეა), მაშინ მისი სრულყოფა თითოეული ადამიანის მოვალეობაა და პირველი დადებითი თვისება სახელმწიფო დაფინანსებისა სწორედ აქედან იღებს სათავეს.

თუკი განვითარება გვსურს და ერთი წამით მაინც დავუშვებთ, რომ ამაში განსხვავებული აზრისადმი შემწყნარებლობა ძლიერ დაგვეხმარება, მაშინ თავისუფლად შეგვეძლება ვთქვათ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ პოლიტიკური პარტიები დააფინანსოს, მხოლოდ იმის გამო, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას. პოლიტიკურ პარტიებს ფინანსები ხომ მხოლოდ თავიანთი პროფესიონალი თანამშრომლებისათვის არ სჭირდებათ. ის საჭიროა კამპანიების წარმოებისათვის და კიდევ სხვა მრავალი საქმიანობისათვის, რომელთა ზუსტ ჩამოთვლასაც ალბათ ვერ მოვახერხებ. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს პოლიტიკურ ასპარეზს ახალი პარტიები მხოლოდ იმის გამო ეთიშებიან, რომ ისინი არსებული „ეკონომიკური უთანასწორობის“ პირობებში ვერ ახერხებენ კონკურენცია გაუწიონ მდიდარ პოლიტიკურ პარტიებს და „პოლიტიკურ კოლიზეუმში“ თავიანთი ამომრჩევლის წარმომადგენლები იყვნენ, გააგრძელონ რა ბრძოლა დიდებისა თუ თავისუფლებისათვის.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო დაფინანსების არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა ახალ მოთამაშეებს დახმარების ნაცვლად ხელი შეუშალოს. მსურს ვიგულისხმო ის, რომ არსებული „სიკეთის“ გაუმართაობით (მაღალი ბარიერის დაწესება თუ სხვა რაღაცები) შეიძლება დომინანტმა პარტიებმა ისარგებლონ და სხვა პარტიები სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დატოვონ.

მაგრამ ალბათ ძალიან ბევრისათვის ეს ინფორმაცია საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ სახელმწიფო დაფინანსება პოლიტიკური პარტიებისათვის საკმაოდ კარგი რამ შეიძლება იყოს, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აქ მსურს ვიგულისხო ის, რომ მოქალაქეებს საკუთარი მწირე შემოსავალი არ აძლევს იმის ფუფუნებას, რომ საკუთარი შემოსავლის რამდენიმე პროცენტი არსებულ პოლიტიკურ პარტიებს ჩაურიცხოს, ჩვენ კი კარგად ვიცით, რომ პოლიტიკურ პარტიებს საარსებოდ თანხა სჭირდებათ და სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ისინი „დიდი დონორების“ გავლენის ქვეშ ექცევიან. „დიდი დონორები“ ხშირად პოლიტიკურ პარტიებს თანხას მხოლოდ იმის გამო ურიცხავენ, რომ მოგვიანებით მათ ხსენებული პოლიტიკური პარტიის ქმედებებზე ზეგავლენა მოახდინონ ან სულაც გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები მიიღონ. აი სწორად აქ, ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო დაფინანსების შემოღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი „დიდი დონორების“ გავლენის შემცირების სურვილი და ამგვარი ხერხით კორუფციასთან კიდევ ერთი ახალი მეთოდის მეშვეობით ბრძოლა იყო.მაგრამ აქვე ალბათ ისიც უნდა დავამატო, რომ სახელმწიფო დაფინანსებას შეუძლია არსებული „ხიდჩატეხილობის“ პრობლემა პოლიტიკურ „ელიტებსა“ და დანარჩენ „მოკვდავებს“ შორის კიდევ უფრო პრობლემური გახადოს, იქედან გამომდინარე, რომ პოლიტიკური პარტიები იმდენად აღარ იქნებიან შემოწირულობებზე დაყრდნობილნი და შედეგადშიდაპარტიული დემოკრატიის კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით. ასევე არც ის არის გამორიცხული, რომ საკმაოდ გემრიელი ლუკმის მიღების შემთხვევაში, პარტიებმა არამხოლოდ „კავშირი გაწყვიტონ“ მოქალაქეებთან, არამედ „სახელმწიფოს“ განუყრელ მეგობრებად იქცნენ. სამაგიეროდ სახელმწიფოსაც შეუძლია დაფინანსების სანაცვლოდ პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა სათამაშო წესები დაუდგინოს, ისეთები როგორიცაა გენდერული ბალანსის დაცვა, ახალგაზრდებისა თუ ეთნიკური უმცირესობების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში და ნუ მოკლედ რომ ვთქვა, მოცემული წესების დაცვის შემთხვევაში სხვადასხვა ბენეფიტების მინიჭება. მაგრამ სად გადის ზღვარი? რამდენად შეუძლია სახელმწიფოს „შიდაპარტიული დემოკრატიის გაჯანსაღების პროცესში“ ჩარევა?

და საბოლოოდ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რასაც სახელმწიფო დაფინანსების წინააღმდეგ მივყავართ, საკუთარი ეგოა. როდესაც ვიგებთ, რომ პარტია, რომლის პოლიტიკურ შეხედულებებსაც არ ვეთანხმებით და რომლის პოლიტიკაც არასოდეს მოგვეწონება, სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს, ვამბობთ, რომ უკეთესი იქნება არსებული თანხა სახელმწიფომ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში დახარჯოს, მაგრამ მსგავსად სკოლისა, ამ საკითხშიც „ბულინგის აღმოფხვრის საუკეთესო საშუალება ის არის, რომ თავად არ იყო ბულერი.“

პოსტის დასასრულს დასკვნის სახით მსურს გითხრათ, რომ სახელმწიფო დაფინანსებას შეუძლია სახელმწიფოში განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა და მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების მეშვეობით დემოკრატიის გაჯანსაღებას შეუწყოს ხელი, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების კონტროლი, შეგვიძლია როგორც სახელისუფლებო მექანიზმებს (აუდიტის სამსახური), ასევე „NGO Watchdog“-ებს „მივანდოთ“.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG