Accessibility links

წმინდა სოსელოს ლოცვა


ავტორი: ბექა ბუხნიკაშვილი

ამხანაგო იოსებ, მე, ცოდვილს, მქონდა ბედნიერება დავბადებულიყავი შენს ქალაქში, მევლო სკოლაში, რომელიც შენი სახლის გვერდით იყო, შევხვედროდი შენით აღტაცებულ ტურისტებს, მომესმინა სადღეგრძელოები შენს შესახებ, მენახა როგორ ადიდებდა ხალხი შენს ხატებს და ახლაც არ ვიცი, რით დავიმსახურე ეს ყველაფერი.

ეს ქალაქი უზარმაზარი ტორტია, რომელსაც 2008 წელს შეუბერე სული და მასში ჩარჭობილი სანთლების კვამლის ფერით შეღებე ცა.სანთლების, რომელიც შენი სახელის უკვდავსაყოფად დაანთო შენმა შექმნილმა იმპერიამ შენსავე ქალაქში და მე, თორმეტი წლის ბავშვმა მაშინ ეს ყველაფერი არასწორად გავიგე.ალბათ ფეხმძიმე დედის, ან ომში წასული მამის გამო.იმის ნაცვლად, რომ შენი სახელი მედიდებინა, ვდარდობდი იმაზე, რომ მშობლები გვერდით არ მყავდნენ.

ვფიქრობდი სახლზე, ეზოზე, ხალხზე, სკოლაზე და შენს ძეგლზეც…ხო, ამაზეც.წარმოდგენაც კი მიჭირდა, რა იქნებოდა გორის ცენტრალურ მოედანზე, შენსავე გამზირზე ჩამოვარდნილი ბომბი შემთხვევით თავში რომ მოგხვედროდა და რამე გტკენოდა.მაშინ ჩვენმა მოძმე ერმა გადაგარჩინა.

ზუსტად გათვალა კოორდინატები პლანეტის პირველმა პოლიტიკოსმა და ჩვენმა მხსნელმა–ვლადიმერ პუტინმა.ისინი, მხოლოდ ისინი გაფასებენ.აბა, ჩვენმა უგუნურმა ხალხმა უკვე ზალებიდანაც ჩამოხსნა შენი სურათები.იმ ადგილიდანაც საერთოდ წაგიღეს, სადაც მხედართმთავარივით იდექი 2008–ში და ამაყად დაჰყურებდი ბრძოლის ველს.ვინ მისცა ამ ცხვირმოუხოცავ გოგო–ბიჭებს ასეთი სითავხედის უფლება?!

შენ რომ არა, ვერ გადავფრინდებოდით 37 მანეთად და ვერ ვიტყოდით სიამაყით ნებისმიერ რუსზე, რომ ქართველის გაკეთებული იქნება.

შენ რომ არა, არ იარსებებდა ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე.

ბორში გვენატრება!

პუგაჩოვას სიმღერები გვენატრება!

ნატაშები გვენატრება!

გონებიდან არ ამომდის შენი წითელი საღებავით დაფარული შუბლი ძარღვი და ბეტონის გულის ნერვიული ცემა, თუმცა არ ინერვიულო. ჩვენი ძმა რუსეთი საბოლოოდ გამოგვიწოდებს მეგობრობის ხელს და აუცილებლად დაგაბრუნებ იქ, სადაც შენი ადგილია.

სიზმრად დამდევს შენს ხატზე გამოსახული ლამაზი ღიმილი და უზარმაზარი შარავანდედი, რომელთანაც ახლა, როცა ფაშიზმზე უკვე სამოცდამეთორმეტედ ვიმარჯვებთ, გულზე დაკიდებული ულვაშით მოვედი და პატიებას ვთხოვ.

გთხოვ, გარდამოიხილო ზეცით მოწყალე თვალით და დალოცო შენი გულანთებული შვილები.მონანი და მხევალნი შენი დიდებს.დაე, შენი სახელის ძალამ გაწმინდოს ქვეყანა უწმინდურებისგან და გარყვილი ევროპის მარწუხებისგან.

იცოდე, შენს მრევლს სჯერა, რომ 9 მაისს გორი ისეთივე ლამაზი იქნება, როგორიც მოსკოვი იყო ორმოცდახუთში.

ამ გამარჯვების სიმბოლოდ, სპეციალურად დავამზადებინე დასახვრეტად გამზადებული გერმანელი ქალების რიგში მდგარი შენი შარვალჩახდილი ჯარისკაცების ძეგლი.

ალბათ ეს მცირედია, რისი გაკეთებაც შენ სადიდებლად შემიძლია.

მჯერა, რომ სანამ კრემლის თავზე ორთავიანი არწივები დაფრინავენ, ჩვენს ქვეყანას არაფერი ემუქრება.

საუკუნოდ ენთოს შენი სახელი ჭეშმარიტი პიონერების გულებში!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG