Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეტევა სეკულარიზმზე: მუსლიმი სასულიერო პირები ქართულ პოლიტიკაში


ავტორი: დაჩი შანიძე

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გამართული არჩევნები საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და ფართო დისკუსიის საგანი ხდება. გაორმაგებული ინტერესის ფონზე ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ პოლიტიკური ნაბიჯი კი უფრო მეტად სენსიტიურია. სწორედ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში აჭარის რეგიონი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მუსლიმი სასულიერო პირები წარადგინეს. იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარი შემთხვევა საკმაოდ იშვიათია და უახლოეს წარსულშიც ქვეყანას მსგავსიგამოცდილება არ აქვს, არსებობს პოტენციური საფრთხეები, რომელსაც შესაძლებელია ქვეყანა წააწყდეს.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო დონეზე საარჩევნო კოდექსი სასულიერო პირის არჩევნებში მონაწილეობას არ კრძალავს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში მსგავს შემთხვევებს დაარეგულირებდა. თუმცა აქ საკითხი არა რომელიმე სასულიერო პირის კანდიდატად დასახელებას, არამედ ბევრად უფრო ღირებული - სეკულარული სახელმწიფოს იდეას ეხება, რომლის კლასიკური გაგებით სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან გამიჯნულია.

მაშინ როცა ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს და რელიგიასა და საერო საქმეს ერთმანეთისგან აცალკევებს საკანონმდებლო დონეზე მაინც, პოლიტიკური პარტიების მიერ აჭარაში მიღებული გადაწყვეტილება ასუსტებს სეკულარიზმის იდეას და ქმნის არასასურველ პრეცედენტს. სავსებით სავარაუდოა, რომ ამ პრეცედენტის დაშვებით, შემდგომ არჩევნებზე სასულიერო პირების არჩევნებში მონაწილეობა გაიზარდოს, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე პოზიტიურად არ აისახება.

თავი რომ დავანებოთ სეკულარიზმის პრინციპს, გაუგებარია უშუალოდ რელიგიური მოტივიც, თუ რატომ უნდა იღებდეს სასულიერო პირი აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობას. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ისლამური მოძღვრების მნიშვნელოვანი წყაროები, მაინცადამაინც, არ ახალისებს რელიგიის პოლიტიკაში ჩარევას. მეტიც, მაშინ როდესაც რელიგიისთვის პოლიტიკა სიმართლისა და სიკეთისგან დაცლილი სფეროა ბევრი ტყუილითა და ბრალდებით, რატომ ცდილობენ სასულიერო პირობები ამგვარ პლატფორმაზე მოხვედრას ცოტა გასაკვირია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა, არსებობს თუ არა იმამის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის რაიმე კონკრეტული მიზანი და ამ გადაწყვეტილების მოტივი.

საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვას რომ შევეშვათ, პრაგმატული პოლიტიკის დონეზე პრობლემა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. პოლიტიკური პარტიების მიერ კანდიდატების წარდგენამშესაძლებელია დასაბამი რთულ პოლიტიკურ პროცესებს მისცეს. სავსებით დასაშვებია, მსგავსი გადაწყვეტილება რელიგიური დაპირისპირების მიზეზი გახდეს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა რეგიონს მსგავსი პრობლემების გამოცდილება ადრეც ჰქონია და თემის მოსახლოებას შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე წარსულშიც გაღვივებულა. გარდა აჭარისა, დაპირისპირებას რელიგიური საბაბით ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში, სადაც ამ უკანასკნელში განვითარებულმა მოვლენებმა თემის წევრებს შორის კომუნიკაციის ვაკუუმი შექმნა. არც ის არის დასამალი, რომ ქართველ მუსლიმთა ოდნავი აქტივობაც კი მოსახლეობის ქრისტიან ნაწილში გარკვეულ ვნებათაღელვას იწვევს ხოლმე. ყოველივე აქედან გამომიდნარე, მუსლიმი სასულიერო პირის დანიშვნა შესაძლებელია არასწორედ იქნეს აღქმული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ან სავსებით დასაშვებია მსგავსი გადაწყვეტილებით მანიპულაციის საშუალება მიეცეთ ულტრა ნაციონალისტურ პოლიტიკურ ძალებსაც, რომლებიც, სავარაუდოდ, საკუთარ ინტერესებს მოარგებენ ამ შემთხვევას.

გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ არჩევნებში მონაწილეობა, თავისთავად, გულისხმობს საზოგადოების ე.წ ბანაკებად და ჯგუფებად დაყოფას. და იმ შემთხვევაში კი, თუ ამგვარ ჯგუფებად დაყოფა რელიგიური ნიშნით მოხდება (რაც ამ შემთხვევაში სავსებით ლოგიკურია), და არა სოციალური ან იდეოლოგიური ინდიკატორით, ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.

და ბოლოს, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება კიდევე ერთ, არცთუისე უმნიშვნელო პრობლემაზე მიუთეთებს, რაც პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებს ეხებათ. საარჩევნო სუბიექტების ამგვარი გადაწყვეტილება, არჩევანი სასულიერო პირის კანდიდატურაზე შეეჩერებინათ, უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებში არსებულ პრობლემებზეც მიუთითებს. როგორც პოლიტიკის ერთ-ერთი მკვლევარი აღნიშნავს, პარტიებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი ელექტორატს შესთავაზონ სხვა ალტერნატივა. შესაბამისად, ისინი მიმართავენ ე.წ. „მიტმასნების პოლიტიკას“ და ცდილობენ რესურსები სხვა, გავლენიან აქტორებს დაესესხონ.

ნებისმიერი ორაზროვანი დასკვნებისგან თავის ასარიდებლად უნდა ითქვას, რომ აქ საკითხი ეხება არა მუსლიმი კანდიდატების დასახელებას, რაც უპირობოდ, სავსებით მისაღები და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, არამედ, უშუალოდ, სასულიერო პირის დანიშვნას (მიუხედავად რელიგიისა). პოლიტიკურ პარტიათა მსგავსი გადწყვეტილებები დადებითად ნამდვილად არ აისახება ქვეყნის განვითარებისთვის. იგი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის სეკულარული სახელმწიფოს იდეას, ქმნის საზოგადოებრივი განხეთქილების საფუძველსდა სერიოზულად აკნინებს პოლიტიკური პარტიების ისედაც შელახულ იმიჯს.

წყარო: http://batumelebi.netgazeti.ge/news/98531/#sthash.CRgxuICs.dpbs

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG