Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის ძიებაში დაკარგული


ავტორი: გიორგი გოგბერაშვილი

მართლა როგორ გრილა აქ. ისე როგორც მუზეუმსა და საყდარში; ისე როგორც წარსულსა და მომავალში; ისე როგორც სინანულსა და იმედში.

უკვე ცივა ჩემს ძველ სახლში. კედელზე ფერადი ძაფით ნაქარგი სურათი ჰკიდია. სანთლის ალი კედელზე დაკიდებულ სურათებს ეთამაშება. სურათის ბინადრებსაც ისეთი გაკვირვებული და დანაღვლიანებული სახეები აქვთ,თითქოს ისინიც ეს წუთია, სიზმარს წამოუყრია საწოლებიდანო. სიზმარი კი სიზმარს არ ჰგავდა.

ვეძებ ადამიანს, ადამიანურ ადამიანს, არა მარტო ადამიანად დაბადებულს, არამედ ადამიანად დარჩენილს, რომელიც იქნება ისეთი, როგორიც სინამდვილეშია და არა ისეთი, როგორიც მის მშობლებს, მეგობრებსა და ჩვენ, ხალხს, გვსურს. ეს ნუ გაგიკვირდებათ. მართალია, არ ვარ დიოგენე, არც სანთლით დავდივარ და არც კასრში ვცხოვრობ, მაგრამ მე მაინც ვეძებ ადამიანს. ყველა იმას ვეძებთ, რაც გვაკლია. ბევრი გვყავს ფსევდოპატრიოტი, ფსევდომორწმუნე, ფსევდომორალისტი, ფსევდოპრატქიკოსი, ფსევდოპროფესორი,ფსევდოკაცი, ამიტომაც ვართ ფსევდოსაზოგადოება და ამიტომაც გვაკლია ადამიანი, ადამიანი ნიღბის გარეშე. ისე კი, რა საოცარი სიტყვაა ნიღაბი, ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, ყველაფერი იცის და ვერაფერს გრძნობს. რთულია, მილიონში ერთი გამოარჩიო, რომელიც გარეგნულად დანარჩენს ჰგავს, ნიღაბი უკეთია და მაინც დანარჩენს ჰგავს, ამიტომ უკვე წლებია, ვეძებ. ვეძებ და მაინც მიკვირს, როგორ ვერ ვიპოვე ჩვეულებრივი ადამიანი, არაფრით გამორჩეული, უბრალოდ ადამიანი… თუმცა, მე ის ვიპოვე, მაგრამ უკვე მომკვდარა, ადამიანი მკვდარია, მე ისევ მაწანწალა ვარ.

პროცესია ზღვის ნაპირზე მიდიოდა, მიცვალებულების საყვარელ ქალაქში. მიცვალებულს ხალხი გარს ერტყა, ტროტუარებზე გამვლელები ჩერდებოდნენ, კაცები მოწიწებით იხდიდნენ ქუდებს, შემდეგ კი საუბარს აგრძელებდნენ და ხარხარებდნენ. კურიოზებს ყვებოდნენ ან თავისი ახალგაზრდობის თავგადასავლებს. სიცილი არ წყდებოდა. ქალები ცხვირსახოცებს იფარებდნენ პირზე, როგორც ცნობისმოყვარეობის, ასევე ცრემლების, ცრემლების დასამალად, რომლებიც არ სდიოდათ. ზოგიერთს კი სდიოდა, მაგრამ მათი ცრემლების არავის სჯეროდა.

რთულია, ცრემლს დაუჯერო, როცა ერთმანეთში მკვდარზე ჭორაობდნენ.არ ვიცი ეს ქართული ენის სიმდიდრის ბრალია, თუ ჩვენი ფანტაზიის, მაგრამ რამდენი სიტყვაა მკვდრის გულის მოსაგებად მოგონილი: აცხონე, მიუტევე, შეუნდე, გაანათლე...

ცოცხალმა იკითხოს, ადამიანი რომ გამოეცალა ხელიდან, თორემ მკვდარი ვეღარაფერს გაიგებს, ამიტომ სულ ტყუილად იწუხებთ თავს. ისე კი,მან უკვე ადამიანის სახელი დატოვა ჩვენში.ადამიანის, რთული და საინტერესო ფენომენის.

ადამიანი მკვდარია, ადამიანი მიწაშია. ვიღაცა მუხლამდე ჩაეფლო საფლავიდან ამოღებული მიწის ბორცვში. „საწყალი, გაიოხრა ფეხსაცმელიც და შარვალიც, ესღა აკლდა მის დაქცეულ ოჯახს“, – ხალხი სწუხს და ტოვებს მარტოდმარტო გარდაცვლილს. წვიმამ უმატა. მკვდარი ფესვების სუნი დაჰკრავდა წვიმას.წითელ ტალახში გველვით გასრიალდა მესაფლავის თოკი. ღრმა და დაკლაკნილი კვალი დატოვა, ისეთი კვალი, როგორიც იმ ადამიანმა. ადამიანი მოკვდა.

კიდევ უფრო ცოტანი დარჩნენ ადამიანები. და ამ დროს გეღვიძება შეშინებულს, გრძნობ, რომ არ უნდა გაგღვიძებოდა, მაგრამ გიხარია, რომ არსებობ, რომ ასეთ საშინელ სურათს აღარ ადევნებ თვალს. მართლაც, მძიმე სურათია, იმაზე მძიმე, ვიდრე ქართული ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებშია.

წუხარ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი მოკვდა. წუხარ, რომ ხალხი ასე იქცეოდა. იცი, რომ ეს ჩვენი ბრალია, მაგრამ ამაში არაჩვეულებრივ ადამიანებს ადანაშაულებ.
არაჩვეულებრივებს, რომლებსაც ბევრი შეუძლიათ და არაფერს აკეთებენ. არაჩვეულებრივები, რომლებიც გვაიძულებენ, არ ვიყოთ ადამიანები. არაჩვეულებრივებს, რომლებისთვისაც ყველაფერი „შესანიშნავ მდგომარეობაშია“. არაჩვეულებრივებმა, რომლებმაც უნდა გვასწავლონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არდადეგები გვექნება. არადადეგების გეშინოდეთ, არაჩვეულებრივებო, მაგ დროს მეტ თავისუფლებას გრძნობს ადამიანი. ადამიანების გეშინოდეთ, არაჩვეულებრივებო. ადამიანების, რომლებიც კიდევ ერთ ამანათს გამოგიგზავნიან საიქიოდან სააქიოში.გაითვალისწინეთ, თქვენ, ჰალსტუხიანო არაჩვეულებრივებო. არ გაგიკვირდეთ, „თქვენ“ გიწოდეთ, უბრალოდ, ბევრნი ხართ, პატივისცემას არ გამოვხატავ.

მანამდე კი კვლავ ვეძებ ადამიანს, კვლავ მაწანწალა ვარ. მაწანწალა, რომელიც ცისქვეშეთშია და მიწაზე მყარად ვერ დგას. ცისქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და სახლი ყველგან სახლია, მაგრამ ადამიანდაკარგულს მაწანწალა მქვია. ხოლო შენ, ვისაც უკვე ნაპოვნი გყავს ადამიანი, გიხაროდეს, რადგან შენ მოხვდი ჩვენი ქვეყნის სხვა ქვეყანაში, სადღაც ოცნებაში კი არა, სინამდვილეში. გყავს ადამიანი – საქანელაზე შემდგარი გოგოსავით თამამი, თავისუფალი და ბედნიერი.

მე კი გთხოვთ, მაჩვენეთ ნამდვილი ადამიანები, თორემ დავიკარგე, უსასრულო წყვდიადში დავიკარგე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG