Accessibility links

იდეოლოგიური დაპირისპირება: ქართული ოცნება vs ევროპული საქართველო


ავტორი: გიორგი კეკელიანი

ქართული პოლიტიკური აზროვნება, მას შემდეგ რაც ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი, ყოველთვის ხასიათდებოდა ხისტი ამბივალენტურობით. ეს უკანასკნელი სავსებით სამართლიანად შეგვიძლია დავაბრალოთპოლიტიკურ კულტურას, რომელიც განიცდიდა დეგრადაციას 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მარწუხებისგან. როგორც კი დაიწყო დემოკრატიზაციის პროცესი და ჩამოყალიბდა მრავალპარტიული სისტემა, მაშინვე გაცხადდა თუ რაოდენ სამწუხარო რეალობის წინაშე იდგა ახლადგათავისუფლებული ქართული პოლიტიკური თეატრი.

სუსტი მესამე სექტორისა და დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერების ფონზე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდნენ პოლიტიკანები, პოპულისტები, რომელთაც სურდათ ძალაუფლებისკენ მიმავალი გზა დემაგოგიით გაეკვალათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იმას, რისი მოსმენაც სურდა საზოგადოებას, თუმცა ამ დაპირებების განხორციელება იმ დროისთვის არარეალური იყო გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური რესურსებიდან. ახლად ჩამოყალიბებულ პარტიებს არ ჰქონდათ არანაირი პოლიტიკური დოქტრინა, არანაირი წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის მართვა-გამგეობას. მათი პარტიული პოლიტიკა შემოიფარგლებოდა მანიპულაციით საზოგადოების განვითარებად ცნობიერებაზე.

დროთა განმავლობაში, როდესაც დემოკრატიზაციის პროცესი უფრო გაცხოველდა, მზარდი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ცვლის ფონზე თანდათანობით განვითარდა პარტიული პოლიტიკაც. მართალია კოჰაბიტაციის პირობებში საზოგადოება პარლამენტში სხვადასხვა „სპექტაკლის“ მოწმე გახდა, თუმცა სამართლიანი იქნება ითქვას, რომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში წინსვლა აშკარა გახდა. ზოგი პარტია დაიშალა, ზოგიც შეიქმნა სავსებით „მოულოდნელი“ პირებისგან, ზოგი პარტია სხვას შეუერთდა და დღეს სახეზე მივიღეთ ისეთი პარტიები, რომელთაც შეგვიძლია მეტწილად ვუწოდოთ მემარჯვენეები, ცენტრისტები, ლიბერალები, ნაციონალისტები და მისთ...

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი პარტია, დღესდღეობით პოლიტიკურ მარათონზე სულ რამოდენიმე თვალსაჩინო მოასპარეზეა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია პარლამენტში უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა პოლიტიკაში და მყისიერად შეცვალა პოლიტიკურ ძალათა ბალანსი. პარტიამ, რომელიც დაარსდა 2012 წლის თებერვალში ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმთავითვე მიზნად დაისახა სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობა და საგარეო პოლიტიკური გეზი აიღო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ოპონირებას უწევდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამოეყო და ცალკე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

ორივე პარტიას აქვს გამოკვეთილი პოზიცია, საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რომლიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავდება. განსაკუთრებული სხვაობა აღინიშნება ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია „ქართული ოცნების“ ორი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მკვეთრად მიუთითებს პარტიული ეკონომიკური პოლიტიკის რაობაზე. ერთ-ერთი ასეთი, რომელიც ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მიზნით შეიმუშავეს არის პროგრამა „აწარმოე საქართელოში“.პრაქტიკულად, მთავრობა კარნახობს ბაზარს, თუ კონკრეტულად წარმოების რომელი მიმართულებები უნდა წახალისდეს. იდეაში, პროგრამის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, თუმცა სავსებით შესაძლებელია, საპირისპირო შედეგის მიღება იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ მთავრობას რეალურად არ შეუძლია იცოდეს რა არის უკეთესი ბაზრისთვის. წარმოების განვითარების უზრუნველყოფა თავად თავისუფალ ბაზარს ძალუძს . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმოების ის კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც მთავრობამ აირჩია წასახალისებლად შესაძლოა არ აღმოჩნდეს ბაზარზე მოთხოვნადი და მალევე ჩაიძიროს. ასეთი პოზიცია აქვს დაფიქსირებული „ევროპულ საქართველოს“ რომელმაც იმთავითვე გაილაშქრა აღნიშნული პროგრამის საწინააღმდეგოდ.

მეორე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ასევე კარგად მეტყველებს მმართველი ძალის პოლიტიკის რაობაზე არის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.ხსენებული პროგრამა წარმოადგენს უნივერსალური სოციალური დაცვის ქართულ ვარიანტს. პროგრამის შედეგად მივიღეთ იმ ადამიანთა სიკვდილიანობის შემცირება, რომელთაც არ შეეძლოთ მკურნალობის თვითდაფინანსება; გაიზარდა სოციალურად დაზღვეული ადამიანების რიცხვი რომლის მკურნალობის ხარჯებსაც იხდის სახელმწიფო. თუმცაღა პროგრამას ასევე დიდი მინუსებიც აქვს და ერთ-ერთი მათგანია უზარმაზარი ხარჯები, რომელიც ბიუჯეტს აწვება. ზოგადად უნივერსალური დაზღვევის ყველაზე დიდი მინუსი არის მზარდი ხარჯები, რომელიც ერთგვარ წინაღობად გადაიქცევა ხოლმე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ პოზიციას, ისინი ემხრობიან მიზნობრივ სოციალურ დაზღვევას, რომელიც ვრცელდება საზოგადოების მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებზე, მათზე, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში დიდი ხარჯები სჭირდება აღნიშნული სოციალური ჯგუფების გამოვლენას, თუმცა შემდგომ ეტაპზე საბიუჯეტო დანახარჯები უფრო ნაკლებია ვიდრე უნივერსალური დაზღვევის დროს, ანუ ისეთი დაზღვევისას, რომელსაც საზოგადოებას „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა“ სთავაზობს.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე პარტიას უკავია ცენტრისტული (ოფიციალურად დეკლარირებული) პოზიცია, მაგრამ აქაც კი არის ფაქტობრივი სხვაობები. ასე მაგალითად, „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს უფრო ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას, ვიდრე „ქართული ოცნება“. უკანასკნელ მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ გავაანალიზებთ, მივხვდებით რომ „ქართული ოცნება“ სახელისუფლებო ძალის მეტი ცენტრალიზაციის აპოლოგიას მისდევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც აშკარა კონსენსუსია ფუძემდებლურ საკითხებზე ორივე პოლიტიკურ ძალას შორის, არის საგარეო პოლიტიკა. ორივე პოლიტიკური ძალა მკვეთრად პროევროპულია.

მაშ ასე, „ქართული ოცნება“, რომელიც უფრო ეკონომიკური გაგებით უფრო თამამია და „კისრულობს“ მეტ ჩარევას ბაზარში, ცდილობს რა, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შენებას, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ არის მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც თავისთავში მოიცავს ზოგიერთ სოციალისტურ ელემენტს. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, რომელიც გვევლინება ”მე ხელისუფლებაზე უკეთ ვიცი რა მინდა“-ს პოლიტიკის აპოლოგეტად, შეგვიძლია მივიჩნიოთ მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალად, რომელიც მოიცავს თავის თავში ლიბერტარიანულ (მემარჯვენე-ლიბერალურ) ელემენტებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG