Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად არასტაბილურია პარტიული სისტემა საქართველოში?


ავტორი: გივი სილაგაძე

ფართოდ გაზიარებული მოსაზრებით, პოლიტიკური სისტემის მდგრადობა, რომელიც სტაბილური სახელმწიფოს საფუძველია, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია პარტიული სისტემის მდგრადობაზე. პარტიული სისტემა გულისხმობსსახელმწიფოში არსებულ სისტემას, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთქმედებენ, როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო პარტიები. პარტიული სისტემის მდგრადობაში იგულისხმება, რომ გარკვეულმა სოციალურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ რომელი პარტია (ან პარტიები) წარმოადგენს მათ ინტერესებს და შესაბამისად პარტიას გააჩნდეს მეტ-ნაკლებად სტაბილური ელექტორატი არჩევნებიდან არჩევნებამდე.
პარტიული სისტემის სტაბილურობაზე დასკვნების გასაკეთებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართოდ გამოყენებადი საშუალებაა პარტიათა ელექტორალურ მერყეობა/ცვალებადობაზე დაკვირვება.
საქართველოს შემთხვევაში პარტიული სისტემის სტაბილურობაზე საუბრისას ხშირად ავლებენ პარალელებს დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პარტიულ და პოლიტიკურ სისტემებთან, რაც საუკეთესო საშუალება არ არის სიტუაციაში გასარკვევად. უფრო რელევანტურია, განსხვავებებისა და მსგავსებების ძიება იმ სახელმწიფოებთან, რომელთაც მეტ-ნაკლებად მსგავსი დემოგრაფიული, პოლიტიკური და ისტორიული გამოცდილება გააჩნიათ. ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა, რათა პარტიული სისტემის მდგრადობის შედარება ერთსა და იმავე კრიტერიუმებს ეფუძნებოდეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ლიტვაა ის სახელმწიფო, რომელთანაც შესაძლებელია პარალელების გავლება და შემდეგ პარტიული სისტემის სტაბილურობის შეფასება. ლიტვა არის უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობა 2014 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს 2 944 459 ადამიანს (საქართველო - 3 729 635), ტერიტორიის ფართობია 65 300 კვ. კმ. (საქართველო - 69 700 კვ. კმ.). საქართველოსა და ლიტვაში არის მსგავსი საარჩევნო სისტემა, ორივე ქვეყანაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ შერეული საარჩევნო სისტემით. ლიტვის კონსტიტუციის 55-ე მუხლის(Article 55) მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო (სეიმი - 141 წევრი) კომპლექტდება ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატებით (71 დეპუტატი)და საყოველთაო პროპორციული არჩევნების შედეგად (70 დეპუტატით). მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტი (150 წევრი) კომპლექტდება 73 მაჟორიტარული და 77 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატით.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიული სისტემა არ გულისხმობს მხოლოდ საპარლამენტო პარტიებს, მისი სტაბილურობის შეფასება შესაძლებელია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარტიათა წარმომადგენლობაზე დაკვირვებით.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა (ლიტვის ცენტრაული საარჩევნო კომისიის მიხედვით):

1996 სამშობლო ერთობა - კონსერვატორები 31.34%
ქრისტიან დემოკრატიული პარტია 10.43%
დემოკრატიული ლეიბორისტული პარტია 10.01%
ცენტრალური ერთობა 8.67%
სოციალ-დემოკრატიული პარტია 6.84%

2000 სოციალ-დემოკრატიული კოალიცია (დემოკრატიული ლეიბორისტული პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია, ლიტველი რუსების ერთობა, ახალი დემოკრატიული პარტია) 31.08%
ახალი ერთობა (სოციალ ლიბერალები) 19.64%
ლიბერალური ერთობა 17.25%
სამშობლო ერთობა - კონსერვატორები 8.62%

2004 ლეიბორისტული პარტია 28.4%
მუშაობა ლიტვისთვის (სოციალ დემოკრატიული პარტია, ახალი ერთობა-სოციალ ლიბერალები) 20.7%
სამშობლო ერთობა 14.8%
წესრიგისა და სამართლიანობისთვის 11.3%
ლიბერალური და ცენტრალური ერთობა 9.2%
გლეხთა და ახალი დემოკრატიული პარტიის ერთობა 6.6%

2008 სამშობლო ერთობა - ქრისტიან დემოკრატები 19.72%
ეროვნული აღორძინების პარტია 15.09%
წესრიგი და სამართლიანობა 12.68%
სოციალ დემოკრატიული პარტია 11.72%
კოალიცია (ლეიბორისტული პარტია, ახალგაზრდობა) 8.99%
ლიბერალური მოძრაობა 5.73%
ლიბერალური და ცენტრალური ერთობა 5.34%

2012 ლეიბორისტული პარტია 20.69%
სოციალ-დემოკრატები 19.18%
სამშობლო ერთობა 15.75%
ლიბერალური მოძრაობა 8.95%
სიმამაცის გზა 8.34%
წესრიგი და სამართლიანობა 7.63%

2016 სამშობლო ერთობა - ქრისტიან დემოკრატები 22.63%
გლეხთა და მწვანეთა ერთობა 22.45%
სოციალ-დემოკრატიული პარტია 15.04%
ლიბერალური მოძრაობა 9.45%
ანტი-კორუფციური კოალიცია 6.32%
წესრიგი და სამართლიანობა 5.55%

პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით):

1995 საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 23.71%
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 7.95%
დემოკრატიული აღორძინების კავშირი 6.84%

1999 საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 41.75%
დემოკრატიული აღორძინების კავშირი 25.18%
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 7.08%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 7.19%

2004 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 67.0%
მემარჯვენე ოპოზიცია (ახალი მემარჯვენეები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს) 7.6%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 5.8%

2008 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 59.18%
გაერთიანებული ოპოზიცია (ახალი მემარჯვენეები) 17.73%
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 8.66%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 7.44%

2012 კოალიცია ქართული ოცნება 54.9%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 40.4%

2016 ქართული ოცნება 48.68%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 27.11%
პატრიოტთა ალიანსი 5.01%

მოცემული მონაცემები იძლევა საშუალებას შეფასდეს თუ რამდენად ახერხებენ პარტიები გაუძლონ სხვადასხვა გამოწვევებს. საფუძვლიანი კვლევის გარეშეც შესაძლებელია დადგინდეს, რომ ლიტვაში არსებობს პარტიები, რომლებიც სტაბილურად არიან წარმოდგენილნი უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში; მაგალითად „სამშობლო ერთობა“ და „სოციალ-დემოკრატები“ ყველა მოწვევის პარლამენტში არიან წარმოდგენილნი 1996 წლიდან, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - ყველაზე სტაბილური პარტია (სტაბილურობაში იგულისხმება სტაბილური წარმომადგენლობა პარლამენტში) არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც უკანასკნელი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია 2004 წლიდან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, პოლიტიკური გაერთიანება ლიტვის წესრიგი და სამართლიანობა ბოლო ოთხი მოწვევის სეიმში ახერხებს მოხვედრას.
აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებას მიუღია არის 31.34% (1996 წელს); ხოლო საქართველოს შემთხვევაში - 67% (2004 წელს).
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პარტიული სისტემა საკმაოდ არამდგრადია. ფაქტობრივად, პარტია, რომელიც წარმატებას აღწევს ერთ არჩევნებში საერთოდ ქრება პოლიტიკური ასპარეზიდან რამდენიმე ციკლის შემდეგ. ამგვარი სიტუაცია ხელს უწყობს ამომრჩევლის გაუცხოებასა და სისტემისადმი უნდობლობას. რაც შეეხება გამოსავალს, ყოვლისმომცველი და მესიანისტური პოზის ნაცვლად პარტიების მხრიდან იდეოლოგიასა და ღირებულებებზე უფრო მეტმა აქცენტმა შეიძლება განაპირობოს სტაბილური ელექტორატი და პარტიული სისტემის მდგრადობა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG