Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუძლია კი ეკლესიას მოძრაობა?


ავტორი: გოგა თირქია

საბჭოთა თბილისში პირველად როკ-ფესტივალი ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, 1980 წელს ჩატარდა. ეს იყო პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი საბჭოთა კავშირში, რაც გარდატეხის წერტილად ითვლება საბჭოთა როკ მუსიკის ისტორიაში. როკის, როგორც სოციალისტური იდეოლოგიისთვის უცხო ფენომენის დაშვება კომუნისტურ სამყაროში არც თუ ისე მარტივი იყო, თუმცა ფაქტია, საბჭოთა როკმა საინტერესო მასშტაბებს მიაღწია.

განსხვავებით სსრკ-გან, გუშინ თბილისში როკ-ფესტივალი ვერ ჩატარდა. კერძოდ, მღვდლების და სავარაუდოდ მრევლის ნაწილი როკ- ფესტივალის წინააღმდეგ გამოვიდა, შედეგად კი, დაგეგმილი კონცერტი ჩაიშალა.

რთული სათქმელია, რატომ შეიძლება განსხვავებული კულტურა აკრძალული იყოს. შესაძლოა ადამიანებს და ინსტიტუციებს არ სურთ შექმნილი ჩარჩოს გარეთ ადამიანების მდგომარეობის თუ მოქმადების ხილვა. რატომ შეიძლება მუსიკალურმა ჟანრმა, კულტურულმა მახასიათებელმა, ზიანი მიაყენოს ტრადიციას თუ სიწმინდეს... ალბათ “მხოლოდ განსაკუთრებულებისთვის” არის გასაგები.

მართალია, სიტყვა “კულტურას” ერთგვაროვანი განმარტება არ აქვს,თუმცა “სამოქალაქო განათლების ლექსიკონში” ამ სიტყვის მასშტაბებთან ყველაზე მიახლოებული განმარტება ასეთია: “ის, რაც ადამიანის - ხელით, გონებით, გრძნობებით, ინტუიციით არის შექმნილი. მიღებულია კულტურის დაყოფა მატერიალურად (საგანთა სამყარო) და სულიერად (ცოდნის, ფასეულობების, სიმბოლოების სამყარო)”.

უდავოა, ქრისტიანულ რელიგიას ქართული კულტურის განვითარებაში, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდანვე, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. მწიგნობრიობის განვითარება უშუალოდ ამ რელიგიის შემოსვლას უკავშირდება, თუმცა მწიგნობრიობა განვითარდებოდა თუ არა ქრისტიანობის გარეშე, ინტელექტუალებს შორის ხშირიდ დავის საკითხია.გავრცელებული ისტორიული ცნობებით, ქართული დამწერლობა ქრისტიანობის მიღებამდე ფარნავაზ მეფის დროს შეიქმნა, დამწერლობის საჭიროებას კი, ლოგიკურად წერის აუცილებლობა განაპირობებს.

წარმოუდგენელია, ქართველებისთვის იმ პერიოდისთვის უცხო კულტურის, ქრისტიანობის, მიღება ისე მარტივად მომხდარიყო როგორსაც ლეონტი მროველი გვიხატავს “ქართლის ცხოვრებაში”. შეუძლებელია, უცხო კულტურა იმდენად იოლად შემოსულიყო ჩვენთან, რომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მაინც არ ყოფილიყო. მე-4 საუკუნეში, როდესაც ქრისტიანობამ იმარჯვა საქართველოში და შეცვალა ტრადიციული ცეცხლთაყვანისმცემლობა (ზოროასტრიზმი), ამით საქართველომ ერთგვარად შეცვალა თავის პოლიტიკური გეზი სამხრეთიდან დასავლეთისკენ. ქვეყანამ ისტორიაში რამდენიმე გადამწყვეტი არჩევანი გააკეთა და ყველა ამ არჩევანის ამოსავალი ქრისტიანული იდენტობა იყო.

ქართული კულტურა თავისი არსით ქრისტიანული მოტივებზეა აგებული, თუმცა არა მარტო ქრისტიანულზე, ქართული სახელმწიფო ქრისტიანობამდეც არსებობდა საკმაოდ დიდ ხანს, ხოლო ქრისტიანობა მოგვიანობით გახდა ქვეყნის იდენტობის განმსაზღვრელი. მასშტაბურია ქრისტიანული ეკლესიის დადებითი გავლენა საქართველოს ისტორიაზე, თუმცა ისტორიას ასევე, ახსოვს ქრისტიანული ეკლესიის მიერ მისთვის მიუღებელი “ელემენტების” განდევნის მცდელობა კულტურიდან, თუნდაც "ვეფხისტყაოსნის" განადგურების მცდელობები.

პოპკულტურის ზეობის და პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, ქრისტიანობამ თითქოს დაკარგა თავისი მონოპოლია კულტურის განვითარებაში. დასავლეთში ქრისტიანული რელიგიის გავლენის შესუსტება ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში შეიმჩნევა, აღმოსავლეთში კი, გავლენა ისევ ძლიერია. რატომ მოხდა ასე?რატომ დაკარგა მან გავლენები? ალბათ იმიტომ, რომ ქრისტიანობა დარჩა უძრავად.

ამ ყველაფრის გახსენება, რომელსაც ბევრი დამეთანხმება, ან არ დამეთანხმება, დამჭირდა იმისთვის, რომ ზოგადი და ისტორიის მშრალი გადასახედიდან გავიაზროთ ქრისტიანული ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში. რა თქმა უნდა, მდგომარეობა - ფართო მცნებაა დაის მეტ კონკრეტიკას მოითხოვს, თუმცა მე არც ვცდილობ, რეალობის ექსპერტული გადასახედიდან გააზრებას. უბრალოდ ვსვავ კითხვას, რამდენად ძლიერია ქრისტიანული ეკლესია იმისთვის, რომ გამოვიდეს სტატიკური მდგომარეობიდან? რამდენად ძლიერია ეს ინსტიტუტი შეძლოს უცხო კულტურის მიღება?

ეკლესია ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს აჰყვეს თანამედროვეობას. საკითხავია, როდესმე მოახერხებს კი, თერგივით ამოძრავებას? რადგან ილიასი არ იყოს თერგი სწორედ იმიტომ, არის კარგი, რომ მისი მოუსვენრობით აძლევს ქვეყანას ღონესა და სიცოცხლეს.

"ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…"

შეუძლია კი, ეკლესიას მოძრაობა? აი საკითხავი სწორედ ეს არის...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG