Accessibility links

ავტორი: გვანცა ბაიდოშვილი

ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში სულ სხვანაირი წარმომედგინა. ყოველთვის ვოცნებობდი ევროპულ ქალაქებში მარტო ხეტიალზე, პარიზის ქუჩებში წვიმაში სიარულსა და გაუთავებელ ლაპარაკზე ზღვისა და კინოს შესახებ კანში მზიან პლაჟზე, მაღალ, ცივ და თეთრ, ბერგჰოფის მსგავს მითოსურ ადგილას პერიპატეტიკოსთა მსგავსად სეირნობაზე. თუმცა, პირველი ევროპული ქალაქი, რომელშიც არა ოცნებებში, არამედ რეალურად ვიხეტიალე აღმოჩნდა ქალაქი, რომელზეც არაფერი ვიცოდი და არც არასდროს მიოცნებია, მაგრამ ქალაქი, სადაც მხოლოდ მასზე ვსაუბრობდი და რომელიც წარმოუდგენლად მგავს.

ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა პირველი შთაბეჭდილება რომ სრულიად მართლდება. ქალაქის დატოვებისას ზუსტად იმავეს ვგრძნობდი, რასაც ახლადჩასული სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე, რომელიც იმდენად მისტიკური აღმოჩნდა ჩემთვის, რამდენადაც აშენბახის მოგზაურობა გონდოლით, თუმცა, ჩემს შემთხვევაში გონდოლიორი ის სუფთა და კეთილმოწყობილი ქუჩები იყო, რომლებიც თბილისის ხალხმრავლობას შეჩვეული ისე დაცლილი მომეჩვენა, თითქოს, დედამიწაზე საშინელი ეპიდემია გავრცელებულიყო და ზოგი საბჭოთა ტოტალიტარულ შენობაში იმალებოდა, ზოგიც კი იქვე მაკდონალდსს აფარებდა თავს. ეს კონტრასტი კი იმდენად მიღვივებდა ისედაც საყვარელ მისტიკურ ილუზიებს, რომ რამდენიმე დღეში მათ იმ ზღვარს მიაღწიეს, რომლის იქითაც ხვდები, ეს ილუზია კი არა, ის კოლექტიური ცნობიერების ნაყოფია, რომლის გააზრებაც ბოლოს ,,ჰმმ-ს" გათქმევინებს (ნეტავი იცოდეთ როგორ მიყვარს ეს ,,ჰმმ" მომენტი, ამქვეყნად ყველაფერს მირჩენია). და, აი, სწორედ ტარტუ აღმოცნდა ქალაქი, რომელშიც არა მარტო ჩემს ფიქრებში ვიყავი ფუტურისტულ სამყაროში, არამედ რეალურადაც. იყო კომუნიზმი და იყო კაპიტალიზმიც, ძველი ქალაქი, წითელი რბილსავარძლიანი კაფეებიცა და ჰიფსტერული ბარებიც.

პირველად ვნახე ნათელი ღამეები, ყველას ეძინა, მაგრამ ქალაქს არ უნდოდა ძილი, ისე გამოიყურებოდა, თითქოს, ჩემსავით უკვირდა ასეთ მისტიკურ ადგილას ღამე ძილი. ეს ხომ ის დროა, როცა დედამიწა იმ კოსმოსური ენერგიით ივსება, რომლის მოპარვასაც ამ დროს ყველა გონიერი ადამიანი ცდილობს. წამოსვლის წინა დღეს, გამთენიისას, ადრე დაწერილი ლექსიდან ,,ღამის კოქციონერის" სიტყვები გამახსენდა - ,,გეყოფა ბრძოლა პრე-ოკლეერთან, მე წამომყევი, კოსმოსში წაგიყვან", შემდეგ კი, წამოსვლამდე სტიპენდიის მოსაპოვებლად დაწერილ სამოტივაციო წერილში ჩართული ციტატა ''Space Oddity''-დან: ''Now it's time to leave the capsule if you dare" და გამიხარდა, რომ ბრძოლა პრე-ოკლეერთან ნამდვილად დასრულდა. გავიცანი ევროპული ქალაქი, რომელსაც არ ეშინია იდეების, არც წარსულისა და არც მომავლის და მაინც, ტარტუში ყველაზე მეტად ის ცარიელი ქუჩა მომეწონა ნაცრისფერი შენობების მწკრივიდან მაკდონალდსის ყვითელ ლოგოს რომ ხედავ, თანაც იმდენად, რომ საბოლოოდ დავიჯერე, ეს იყო ქალაქი, სადაც ჩემნაირები არასდროს მოიწყენდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG