Accessibility links

ქართული პარტიების იდეური კრიზისი?!


ავტორი: ხატია იმერლიშვილი

მართალია ჩვენს ქვეყანაში პარტიული სპექტრი საკმაოდ ჭრელია და ამომრჩეველს აქვს საშუალება აირჩიოს წარმოდგენილი კანდიდატებიდან მისთვის სასურველი, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მათ იდეებზე. პარტიების უმრავლესობა ერთსა და იმავე თემებისა და სოციალური ჯგუფების გარშემო ფოკუსირდება, ესენია: უმუშევრები, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები და ა.შ. ამის საპირწონედ, ხშირ შემთხვევაში, პარტიების იდეებში პრაქტიკულად არ ფიგურირებენ ისეთი სოციალური ჯგუფები როგორიცაა: სტუდენტები, სექსუალური, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობები.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიები პრაგმატულ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას. ისინი იმ თემებზე საუბრობენ რაც კონკრეტულ მომენტში აწუხებს საზოგადოების უმეტესობას (აქტიურ ამომრჩეველს) და არ ირჩევენ იდეოლოგიურ პოზიციებს, რათა მაქსიმალურად გაზარდონ რეზულტატი საყოველთაო არჩევნებში.გარკვეულწილად მათი იდეოლოგია მხოლოდ „ხმის მიღების საშუალებაა“, ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ მხარდამჭერების მოზიდვას. მოცემული საკითხი საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებაში, რადგან ხშირად საზოგადოების ფართო მასები ვერ ხვდებიან თუ რატომ არიან პარტიები ერთსა და იმავე საკითხებზე კონცენტრირებულნი მათ წინასაარჩევნო პროგრამებში. და მაინც, რა არის ამის რეალური მიზეზი- იდეების სიმწირე თუ მათი გამჟღავნების შიში?

ჩვენი პარტიული სისტემა არ ეფუძნება გამმიჯნავ ხაზებს

გამმიჯნავი ხაზების არსებობაში გარკვეულ როლს ასრულებს როგორც სოციალური სტრუქტურა, ისე ფასეულობები. ჩვენს ქვეყანაში ღრმა სოციალური განხეთქილებები პარტიების სახით არ ორგანიზდება, ისინი მსგავს პროგრამულ დაპირებებს გვთავაზობენ.

მაგალითად, რესპუბლიკურმა პარტიამ სცადა სხვა პარტიების გამიჯვნოდა და მათგან განსხვავებული ხაზით წავიდა. წინასაარჩევნოდ ისინი სხვა საარჩევნო სუბიექტებისგან განსხვავებულ ორ ძირითად მიმრთულებას გამოყოფდნენ:

  • „ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს ხარკის გადახდა საპატრიარქოსთვის.“
  • „ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა უგულვებელყოფდეს ლგბტ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს.“

თუმცა, რესპუბლიკურმა პარტიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების, მხოლოდ 1%-ის მოგროვება შეძლო.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ იდეათა ძირითადი გამმიჯნავი ხაზებიც სწორედ პიროვნულ და ეკონომიკურ თავისუფლებას ეფუძნებოდა. ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასა და ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაზე აკეთებდნენ აქცენტებს, თუმცა მსგავსად რესპუბლიკელებისა, გირჩის გამმიჯნავი ხაზებიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ მიიღო. მოგეხსენებათ, მათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის 25000 ხელმოწერის მოგროვება ვერ შეძლეს. საბოლოოდ, მათ მიმართ უფრო მეტი უარყოფითი დამოკიდებულება გაჩნდა, ვიდრე დადებითი.

როგორც ვხედავთ, პრობლემა მხოლოდ გამმიჯნავი ხაზების არარსებობა არ არის, არამედ ქართული საზოგადოება როგორც ჩანს, საკმაოდ რთულად იღებს განსხვავებულ დამოკიდებულებებსა და რადიკალურ პოზიციებს. ამიტომ, შესაძლოა ქართულ პარტიებს ურჩევნიათ კიდეც იყვნენ სტაბილურები, აქცენტირდნენ ერთსა და იმავე იდეების გარშემო და არ დაკარგონ მუდმივი ამომრჩეველი.

მოსახლეობა არჩევანს „იდეურ ბაზარზე“ არ აკეთებს

მოგვეხსენება, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფონია, ამიტომ მოსახლეობა აქცენტს აკეთებს არა იდეების თანხვედრაზე პარტიასთან, არამედ მათი მთავარი სტიმული ფინანსური სარგებელია. ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო მეტად მისაღებია ისეთი პარტიები, რომლებიც პირდებიან პენსიის, სოციალური შემწეობის, ხელფასების ზრდას, რაც მათ ფინანსურ კეთილდღეობასთან ასოცირდება. ლოგიკურიცაა, რომ ადამიანს, რომელსაც არ აქვს მინიმალური საარსებო შემოსავალი ნაკლებად აინტერესებს, სექსუალური უმცირესობებისა თუ ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხი. მისთვის მნიშვნელოვანია არსებული ყოფის გაუმჯობესება, ამიტომ პარტიებიც ამ შემთხვევაში, საზოგადოების დაკვეთას პასუხობენ და სთავაზობენ ისეთ პროგრამებს, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისაღებია. სწორედ ამიტომ, პარტიების „იდეური ბაზარი“ უკვე უკანა პლანზე ინაცვლებს და წინ საზოგადოების ინტრესი დგება. რადგან, მეტწილად ზუსტად ეს ამომრჩეველი დადის არჩევნებზე, ამიტომ, პარტიებიც მათზე აქცენტირდებიან გამომდინარე აქედან, პარტიებს ურჩევნიათ გამმიჯნავი ხაზები, ეროვნულობის იდეით შემოსაზღვრონ, ლიბერალიზმის ცნება თავდაყირა დააყენონ და ამით იმანიპულირონ ამომრჩეველზე, ვიდრე ახალი პრობლემები წამოწიონ წინა პლანზე და წლების განმავლობაში შეკრებილი ამომრჩეველი დაკარგონ.

თავად პარტიები არ არიან საერთო იდეის გარშემო ჩამოყალიბებულები

ქართული პარტიული ველი საერთო იდეების მიხედვით იშვიათად ერთიანდება:

  • პოლიტიკოსები ხშირად იცვლიან პარტიებს
  • პარტია აღქმულია, როგორც დასაქმებისა და მატერიალური სარგებლის მიღების საშუალება
  • ფაქტობრივად არ არსებობს ტრადიციული მემარჯვენე-მემარცხენე გაერთიანებები

ეს ყველაფერი ცხადია საზოგადოებაში უნდობლობას წარმოშობს. პარტიები არა პოლიტიკური სივრცის გასაჯანსაღებლად, სადაც იდეების გაცვლა და ხალხისთვის გაზიარება ხდება, არამედ სახელის მოსახვეჭად ერთიანდებიან, რაც მოსახლეობაში აბსენტიზმსა და პოლიტიკისგან გაუცხოებას იწვევს.

პარტიები ორიენტირდებიანგარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებზე

კვლევებით დასტურდება, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნებში 50 წელს გადაცილებული მოსახლეობა უფრო აქტიურად მონაწილეობს, ვიდრე ახალგაზარდა ამომრჩეველი. ამიტომ, პარტიებიც ცდილობენ თავიანთი პროგრამა ასაკოვან მოსახლეობას მოარგონ. მათ ურჩევნიათ აქცენტი გააკეთონ გადასახადების შემცირებაზე, ხელფასებისა და პენსიების ზრდაზე და არა განათლების ან გენდერულ საკითხებზე, რაც მათი სამიზნე ასაკობრივი ჯგუფისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია.

აქედან გამომდინარე, იქმნება გარკვეული ჯაჭვი- ახალგაზრდები არ მიდიან არჩევნებზე, იმ მიზეზით, რომ არცერთი პარტია მათ სარგებელს არ სთავაზობს, ხოლო პარტიები თავიანთ პროგრამებში არ ამახვილებენ ყურადღებას მათთვის საინტერესო საკითხებზე. ეს კი იმით აიხსნება, რომ არჩევნებზე ახალგაზრდული, მზარდი მონაწილეობის იმედი არ აქვთ. ამის შედეგად, ბუნებრივია ვიღებთ მოჯადოებულ წრეს, რომელიც მუდმივადერთ წერტილზე ტრიალებს.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პარტიები პრაგმატული მოდელის მიმდევრები არიან. ისინი არათუ იდეების სიმწირეს, არამედ ამომრჩევლის დაკარგვის საფრთხეს განიცდიან. პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი თემები, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, უმცირესობების (სექსუალური, რელიგიური, ეთნიკური) უფლებები, ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, აქტიური ამომრჩევლისთვის ხშირად მეორეხარისხოვანია. პარტიებს ურჩევნიათ წინა პლანზე წამოწიონ საკითხები, რომლებიც საზოგადოების უმრავლესობას აწუხებს და აქცენტი მოკლევადიან სარგებელზე გააკეთონ, რათა საზოგადოებამ შედეგი მომავალ არჩევნებამდე დაინახოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG