Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვალსაზრისი ფედერაციის ახალ პრეზიდენტზე


ავტორი: ლაშა ჩხაიძე

ქართველ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ”მქუხარე” გამარჯვება მოიპოვა გიბრალტარის წინააღმდეგ მატჩში, დაამარცხა რა ჯუჯა ქვეყნის ნაკრები 4:0. ეს ნაკრების პირველი თამაში იყო მას შემდეგ, რაც ქართულ ფეხბურთს ახალი მესაჭე ყავს. მისი სახელია ლევან კობიაშვილი.

სარჩევნო ბატალიებში ერთი ნიუანსი განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა: ძმაკაც-მეგობარ-მხარდამჭერებით გარშემორტყმულმა ორმა მთავარმა პრეტენდენტმა, არველაძემ და კობიაშვილმა, ხმები ერთმანეთში გაიყვეს, ხოლო მესამემ, მამუკა კვარაცხელიამ, 0 (ნული!) ხმა მიიღო. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოსნაირ განვითარებად საზოგადოებაში შეიძლება მოხდეს, რადგან, როდესაც კობიაშვილის მხარდამჭერების მხრიდან გვესმოდა არგუმენტები, რომ ლევანი არის მშრომელი ადამიანი, რომელმაც დასავლეთში ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია, იგივე და უფრო მეტიც შეგვიძლია ვთქვათ კვარაცხელიაზე, რომელიც უეფას მედია-ოფიცერია წლების განმავლობაში და არც მის უპატიოსნებაზე გვსმენია რაიმე. კობიაშვილმა თავი უცხოეთში თამაშით დაგვამახსოვრა და მისი საარჩევნო კამპანიაც მთლიანად ამაზე იყო დაფუძნებული, ქვეტექსტით: ” მოვდივარ დასავლური საზოგადოების ღირებულებით.” თქმა არ უნდა, რომ მას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა და 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ყოველი დაბრკოლებისას მისი თანაგუნდელების მხრიდან იქნება წარმოთქმული: ”ზვიად სიჭინავას არასწორი მუშაობა...”, ”ნაციონალების დროს დაღუპული ქართული ფეხბურთი...” და ასე შემდეგ(და ა.შ.). მითუმეტეს, რომ მათ ამ წამოძახებებისა და დაყვედრებების ბრწყინვალე ნიმუშები აქვთ თვალწინ, ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფალთა ბაგეთაგან არაერთგზის და უკვე დამღლელ-მომაბეზრებლად გაჟღერებული. ამიტომაც, მსურს მოვლენებს გავასწრო და შევახსენო ახალ პრეზიდენტს, რომ მისთვის არავის უთხოვია, გინდა თუ არა, შენ უნდა გადადო თავი და მაინცდამაინც შენ უნდა გადაარჩინო ქართული ფეხბურთიო. ეს მისი საკმაოდ დაჟინებული მცდელობის შედეგი იყო.

რაც შეეხება ასევე ბევრჯერ თვალმოკრულ ქართველი გულშემატკივრების გამოთქმულ მოსაზრებებს facebook-ზე, რომ კობიაშვილმა სახელი გერმანიაში პატიოსანი შრომითა და საქციელით მოიხვეჭა და ასევე პატიოსნად გააგრძელებს მოღვაწეობას ქართული ფეხბურთის სასარგებლოდ, ობიექტურობა მაიძულებს აღვნიშნო:

1. კობიაშვილმა თავისი წლობით ნალოლიავები სახელი ერთი მოქმედებით ჩაყარა წყალში და ამას ლევანს არასოდეს დაუვიწყებენ, როდესაც სახელმწიფო მანქანა ჩარია არჩევნებში ვიცე-პრემიერ კალაძის სახით და როდესაც სრულიად ”შემთხვევით”, არჩევნების წინა დღეს მისი მთავარი ოპონენტის მხარდამჭერი დელეგატი დააკავეს, რომლის გათავისუფლება მხოლოდ უეფას ჩარევის შემდეგ იქნა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, რევაზ არველაძე სწორედ მისი მეგობრის დაპატიმრების შემდეგ გატყდა და ფედერაციის პრეზიდენტობა მეგობრის გათავისუფლებაში გადაცვალა.

2. ლევან კობიაშვილი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, მხოლოდ რამოდენიმე თვე მუშაობდა ბერლინის ”ჰერტას” მენეჯმენტში და არანაირი გამოცდილება მართვისა მას არ გააჩნია. ლევანს არც ჩვეულებრივი მოკვდავივით უმუშავია თუნდაც ერთი წელი. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდო, რომ ყოველგვარი მენეჯერული გამოცდილების გარეშე პრეზიდენტად დანიშნულ ახალგაზრდა კაცს ფეხბურის ფედერაცია უფრო მეტს მისცემს, ვიდრე ეს ახალგაზრდა კაცი მისცემს რაიმეს ქართულ ფეხბურთს.

3. იგივე შემიძლია ვთქვა სავარაუდოდ ფედერაციის მომავალ გენდირექტორზე, დავით მუჯირზე, რომელიც მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, რამოდენიმე თვე იყო მთავარი მწვრთვნელი და არცთუ წარმატებული. მწვრთვნელობა და გენდირექტორობა რომ სხვადასხვა სფეროა, მკითხველს ჩემზე უკეთ მოეხსენება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფედერცია ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭების ხელშია მოხვედრილი, ქართველი გულშემატკივრების სამხრეთული ტემპერამენტის ამბავი კი ყველას მოგვეხსენება. ისინი წარმატებებს დაუყოვნებლივ ითხოვენ, ცდა დიდად არ ხიბლავთ და ალბათ ვერც იმას დაუცდიან, როდის მიიღებენ საკმაო გამოცდილებას ფედერაციის ახალი მაღალჩინოსნები, რომ შემდეგ ახალ სიმაღლეებზე აიყვანონ ქართული ფებურთი. ამ შემთხვევაში კი გამოსავალი ერთია: ახალმა პრეზიდენტმა უნდა დაივიწყოს ქართული ძმაკაცობის ვალდებულებები, უნდა დაუბრუნდეს ისევ იმ ევროპულ ღირებულებებს, რომლის მატარებლადაც მოჰქონდა თავი ამდენი ხნის განმავლობაში და როგორც გენდირექტორის, ისევე სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნოს გამოცდილი მენეჯერები. ალბათ დროა, ქართველები შევეშვათ ნეპოტიზმთან პოტინს და დაე, ეს ფეხბურთით დავიწყოთ და სხვა სფეროებშიც განვავრცოთ. მიუხედავად პესიმისტური და კრიტიკული პათოსისა, წერილის ავტორს არანაირი პიროვნული პრობლემა არ გააჩნია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი და წარმატებებს უსურვებს მას კარიერის ახალ ეტაპზე. წარმატებებს, რომელიც ამ მიცემულობაში სასწაულის ტოლფასია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG