Accessibility links

Welcome back to პარტიული დიქტატურა


ავტორი: ლაშა კაკაშვილი

და აი, ნოემბრის მიწურულს ვზივარ სავარძელში და ვფიქრობ, როგორ აღვწერო ეს საკითხი ისე, რომ მაქსიმალურად გასაგები, საინტერესო და დამაფიქრებელი იყოს. მინდა ნაწილობრივ მაინც ჩავწვდე იმ ,,სიკეთეს’’, რასაც მე-9 მოწვევის პარლამენტი და ქართული ოცნების ,,საკონსტიტუციო უმრავლესობა’’ ჰქვია. რეალურად მიჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯი, თუ პირიქით, ქვეყანა კვლავ ჭაობში ცურავს და მისი პოლიტიკური მომავალი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ეს აქამდე იყო. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ორი დომინირებული პარტიის ერთმანეთთან შეპირისპირებას და მით უმეტეს, რომელიმე მათგანის პოზიციის დაკავებას, მაგრამ მოდი გავიხსენოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა ახალშექმნილ „ ქართული ოცნების“ კოალიციასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა 65 მანდატი 150-დან და წააგო არჩევნები ოლქების უმრავლესობაში. 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ნამდვილად ფიქსირდებოდა განსხვავებული აზრი, იყო განსხვავებული ხედვის მქონდე ფრაქციები. ამან განაპირობა ის, რომ სხდომის დროს კანონპროექტებზე აქტიური მსჯელობა იმართებოდა, თუმცა ხშირად სამარცხვინო ჩხუბითაც სრულდებოდა. რა მოხდა წელს?ჩემი აზრით, სახეზე გვაქვს სრული დეგრადაცია, პოლიტიკური დევიაცია და სიმახინჯე ერთი პარტიის ხელში 113 მანდატის სახით. ვინ უნდა ედებატოს მმართველ პარტიას ქვეყნისთვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღების დროს? ვერავინ, საქმე გვაქვს ღილაკზე თითის დამჭერებთან, რომელთა უმრავლესობის სახელიც კი არ იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა.
ამჯერად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უხვად დაგროვილ ცოდვებს არ შევეხები, რადგან, ვფიქრობ, ამჟამად საქმე არანაკლებ მძიმე დანაშაულთან გვაქვს, რაც ჩვენი ქვეყნის, უკეთეს შემთხვევაში, ოთხი წლით სტატიკურ მდგომარეობაში დატოვებას უტოლდება. მოდით გადავხედოთ, თუ როგორ დაკომპლექტდა მე-9 მოწვევის ,,მრავალპარტიული’’ პარლამენტი და დასკვენბზე ერთად ვიმსჯელოთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწე ორმოცდაათივე მაჟორიტარული ოლქის შედეგების გამოქვეყნება და ქართული ოცნების უსაზღვრო სიხარული ერთი იყო. 150 წევრისგან შემდგარ პარლამენტში 115 მანდატი და საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ მიიღო, 27 მანდატის მფლობელი გახდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, 6 მანდატი მიიღო პარტიამ - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ოპოზიცია. არ გამომრჩება ბატონი სიმონ ნოზაძე - წარმატებული კაცი.
დიახ, ნამდვილად არ არის რთული მისახვედრი რომ შემდეგი ოთხი წელი ქვეყანას ერთი პოლიტიკური ძალა გაუძღვება, ყველანაირი ალტერნატივისა და ზედმეტი კრინტის გარეშე. და აი , ჩნდება პირველი კითხვა: რა ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ძალა დომინირებს? თავად განსაჯეთ, მაგრამ კონსოლიდირებული, პლურალისტული დემოკრატია, რომლისკენაც ასე ძლიერ ვისწრაფვით, ერთი მოთამაშისგან ნამდვილად არ შედგება. შევეცდები უფრო ზუსტად ავხსნა, თუ რაში მდგომარეობს ქვეყნის მარცხი, როდესაც საქმე აღნიშნულ 113 მანდატს ეხება. საინტერესოა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ქართულ ოცნებას მისცემს ყველა გადაწყვეტილების მიღების უფლებას, რომელიც შეიძლება კონსტიტუციით გაფორმდეს. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის უმაღლესი ნება. მას კონსტიტუციის ცვლილების უფელბა აქვს. აგრეთვე, შეუძლია ყველა კანონი მიიღოს, რასაც საინტერესოდ და რელევანტურად მიიჩნევს, შეუძლია მთავრობის დაკომპლექტება, უნდობლობის გამოცხადება, იმპიჩმენტის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს დასტური იქნება. ნებისმიერი თანამდებობის პირის, რომელსაც თავად პარლამენტი ირჩევს, თანამდებობაზე განმწესება, ანუ ყველა ეს უფლებამოსილება, რომელიც პარლამენტს გააჩნია, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობით მიიღონ. მაგალითად, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, პარლამენტმაპირველი მოსმენით, 114 ხმით 1–ის წინააღმდეგ უყარა კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 150–წევრიანი პარლამენტის 73 მაჟორიტარით და 77 პარტიული სიით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.
ძველი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ძალიან რთული ხდება უმრავლესობის ძალაუფლების დაბალანსება და შეკავება, რომელიც გააჩნია მმართველ გუნდს. მეორე მხრივ, როგორც წესი, ძალიან უჭირს მმართველ გუნდს გაუძლოს ცდუნებას და ბოლოს ეს ძალაუფლების გადამეტებულ კონსოლიდირებაში გამოიხატება. საბოლოო ჯამში კი ეს ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ბ-მა კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილება და ვიმედოვნებ, რომ ბოლო მომენტში ისინი ამ სიტყვას არ გადავლენ და კონსტიტუციაში ცვლილებებს კონესუნსის გარეშე არ შეიტანენ. ქ-ნი წულუკიანის თქმით კი პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა, რასაც პატივი უნდა სცენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ესეიგი, გამოდის რომ თუ ქართველი ხალხის ნაწილი ავტორიტარულ რეჟიმს აირჩევს, პოლიტიკურმა ელიტამ ამ სურვილს ,,დემოკრატიული’’ ლეგიტიმაცია უნდა მიანიჭოს - პარადოქსია.
ჩემი აზრით, ქვეყანას რთული პერიოდის გადალახვა მოუწევს. პირველ რიგში, იმედი მაქვს კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლების სხვა შტოების მნიშვნელობა, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოსი, რადგან ეს ერთადერთი საშუალება იქნება უმრავლესობის ძალის შესაკავებლად. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. წესით და რიგით, იდეალურ შემთხვევაში ერთიორად უნდა გაიზრდოს მედიისა და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების როლი. თუმცა, სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგდოების საკითხიც არანაკლებად რთულად გვაქვს და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ. ცხადია, პარლამენტის შიგნით ძალიან შესუსტდება უმცირესობის ინსტრუმენტები, რომელსაც ისინი იყენებენ უმრავლესობის ძალაუფლების დასაბალანსებლად და „ბ-ნი კობახიძეები“ ვერ დამარწმუნებენ, რომ ალტერნატიული აზრი შემთხვევათა მცირედ ნაწილში მაინც იქნება გათვალისწინებული. ამჯერად, პარლამენტგარე არაფორმალურ მექანიზმებს უფრო მეტი გარჯა მოუწევთ იმისათვის, რომ პოზიტიური გავლენა მოახდინონ დემოკრატიულ პროცესებზე.რა უნდა ითქვას მეტი - GOD BLESS GEORGIA.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG