Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ლაზარე გობეჯიშვილი

რატომ?! - ეს ის კითხვაა, საქართველოში ყველა პანაშვიდზე, მომტირალი ჭირისუფლისგან ხშირად რომ გაიგონებთ. ქართველი გულისწყრომითა და მოთქმით ეკითხება ღმერთს, ბუნების ძალებს ან ბედის უკუღმართობას - რატომ? რატომ მოხდა ასე?! მეც ჩემი ბედკრული ქვეყნის შემხედვარე, ჭისირუფლად ვიქეცი, საქართველოს ჭირისუფლად... რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს ამ კითხვას - რატომ?! რა დაგვემართა? რა გვჭირს?! არადა, ქვეყნის კი არა, საკუთარი უნიათობის ჭირისუფალი უფრო ვარ მგონი. ეს ის შემთხვევაა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ახლობლები, რომლის გადარჩენადაც უბრალოდ ხელის განძრევაა საჭირო, ჭირისუფლად რომ წარმოგვიდგებიან ხოლმე... იმედს გადაიწურავენ, გულზე ხელს დაიკრეფენ და ერთი შეხედვით ღრმა მწუხარებით, ისე კი მშვიდად ელიან მომაკვდავის გარდაცვალებას, ეგ კი არა, ხანდახან მოთმინების ფიალაც კი აევსებათ ხოლმე სიკვდილ - სიცოცხლის ჭიდილის ყურებით, ლოდინით იღლებიან, (სახლი უკვე „გარემონტებულია“ ჭიშკარიც შეღებილია და „ზალაც“ მზადაა) ნატრობენ კიდეც მალე გათავდეს ეს საცოდავი, თორემ თვითონაც გაიტანჯა და ჩვენც გაგვტანჯაო... მეც ასე ვარ, ქვეყანას ჯერ კიდევ უდგას სული, შებერვაა უბრალოდ საჭირო ნაპერწლის გასაღვივებლად, მე კი საკუთარი სიზამრაცისა და უნიათობის წყალობით ცოცხალს დავტირი, ურცხვად ჩამიცვამს შავები და დავტირი სამშობლოს, რომელსაც სიცოცხლე უნდა, გაფაციცებით მოელის ჩემგან შველას, ამის ნაცვლად კი გლოვას, მოთქმა-ვაებასა და ცრემლთა ღვრას ღებულობს. არა ბატონო, საქართველოს ახლა ძაძებში გამოხვეული ჭირისუფალი კი არა, გულანთებული და გონებაგანათებული ექიმი სჭირდება, აი ისეთი გადადებულ პაციენტს რომ შთაბერავს სულს, გაუღვივებს სიცოცხლის ნაპერწკალს და სააქაოსკენ მოატრიალებს!!

და მაინც.. რა გვჭირს?! რატომ გვჭირს?! რა გვჭირს, ამას ბოლომდე ვერასდროს მივხვდებით, თუ არ გავარკვიეთ რატომ გვჭირს. ეს მომღერალი, მოცეკვავე, მოქეიფე, ლაღი და პოეტური ქართველები რამ ან ვინ გვაქცია მატერიალისტებად?! მატერიალიზმიცაა და მატერიალიზმიც.. ჩვენ რომ დაგვემართა ამას ფულის მონობა უფრო ჰქვია. მაგედანაც იღებს ბევრი ჩვენი უბედურება სათავეს, საკუთარ თავსა და ბუნებას რომ ვღალატობთ, რომანტიკული სული რომ დამახინჯდება და წარმავალის სამსახურში ჩადგება. აღარც ლექსი გვინდა, აღარც სიმღერა და ცეკვა (რა თქმა უნდა თუ არ დავთვერით, მხოლოდ მაშინ ვამჟღავნებთ საკუთარ თავს) ჯიბის გასქელებაზე ვართ გადართულები, თანაც რა გზით სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაგიდევს გზებსა და ხერხებს... აქ ხომ ყველაფერი „მოსულა“. სხვათაშორის ბატონებო, აი თქვენ, ბიუჯეტს საკუთარი ჯიბისგან რომ ვეღარ ასხვავებთ, გგონიათ რომ უკვადების უშრეტ წყაროს მიაგენით, მერე ურცხვად გამოდიხართ და სახელმწიფოს გაუმართაობაზე საუბრობთ, თქვენ მოგმართავთ, „თეთრი ბაირაღების“ „ლიმონასი“ არ იყოს - „ თქვენ რა გგონიათ სახელმწიფო კაცი არ არის?! სახელმწიფოს ფული არ უჭირს?! მიკვირს კიდევ სული როგორ უდგას, თქვენისთანა ვირიშვილები ვენიდან რომ სისხლს წოვენ... “ თქვენ ჩვენო ბიძებო და მამებო, თქვენ, ბედკრული ქვეყნის სათავეში მოსულო უბედურო შვილებო, იცით რას აკეთებთ?! აი გუდიანი, გაჭირვებული გლეხის შვილის ნალოლიავებ ყულაბას რომ გატეხს და მთელ ხურდებს ჩხრიალ-ჩხრიალით, ხელში თამაშით და თავხედური ღიმილით თან გაიყოლებს, იმ ხურდებს, ყულაბის შევსების შემდეგ, პატარასთვის ოცნება რომ უნდა აეხდინათ, ნანტრი ველოსიპედი რომ უნდა მოეგორებინათ.. აი ეგ გუდიანები ხართ თქვენ!!

რატომ?! რატომ გავხდით ქართველები ქურდები?! თანაც ასეთი დაუნდობელი ქურდები... არც შინაური ვიცით და არც გარეული, ვიპარავთ ყველგან, ყოველთვის და ყველასგან, სადაც და ვისთანაც კი ხელი მიგვიწვდება, ხელები კი ამდენ მრუდობაში საკმაოდ დაგვიგრძელდა. ვპარავთ შვილებს - მომავალს, დედებს -დედის ნამუსს, წინაპრებს - ისტორიას, ვპარავთ საკუთარ თავს, ყველაზე მნიშვნელოვანს - ადამიანობას!! ესაა მტკივნეული, თორემ იტალიაში მოპარულ სიგარეტს და მაისურებს, საბერძნეთში მოპარულ ტელეფონს ან გერმანიაში მოპარულ საათებს და სამკაულებს ვინ ჩივის ან რა უჭირს... (ვაი რომ ჩივის კიდეც და უჭირს კიდეც) ხშირად გამიგია ვერსია, თითქოს ქართველები გაჭირვებამ წაგვახდინა... თან იმ 70 წლიანმა გაჭირვებამ კი არა, მართლა გაჭირვება რომ იყო, აი იმ გაჭირვებამ წაგვახდინა თურმე ამ 70 წლიანი სისხლიანი მარწუხების შემდეგ თავისუფლების სახით რომ მოგვევლინა. მაგრამ ჩვენი თავისუფლება მხოლოდ ფორმალობა აღმოჩნდა, თურმე არ ვიყავით თავისუფლებისთვის მზად (მასაც მზაობა სჭირდება და ძლიერი ნება ღირსეულად განხორციელებისათვის). ისე კი დღემდე ვერ დავუსხლტით წითელ მონსტრს, ისევ მის ტყვეობაში ვართ. ხოდა ქართველებმაც ეს ჩვენი მოჩვენებითი თავისუფლება ისე გამოვიყენეთ, როგორც ყველაფერ მოჩვენებითს შეეფერება, ქურდობა და „მამაძაღლობა“ დავიწყეთ. მაინც მგონია, რომ ჩვენი წახდენა შიმშილთან და პურის რიგებში დგომასთან ნაკლებადაა დაკავშირებული, უშიმშილია კიდეც ქართველს, სახლ-კარიც დაუკარგავს, მტერსაც შეუმუსრავს, მაგრამ ნამუსი და სახე შეუნარჩუნებია... ვაი რომ ქვეყანა მაშინ გათახსირდა ზუსტადაც მშიერი რომ არავინ იყო, ყოველ დილით ფაბრიკები რომ საზეიმოდ აგუგუნდებოდნენ, კოლმეურნეობის თავმჯომარე სოფელს რომ დასჭექებდა სამუშაო ყიჟინით, ცეკას მდივანი „ჩაიკით“ რომ დააბრძანებდა კომუნიზმით გაჭეჭყილ თავს და კვირის ბოლოს, მთელი ეს „ბანდა“ 37 მანეთად დიდ მოსკოვში, „დიდი საქმეების“ საკეთებლად რომ ამოჰყოფდნენ თავს, აი მაშინ იქცეოდა ქვეყანა.. და მაინც მგონია რომ ქართველები შიმშილისა და სიღატაკის გამო კი არ ვიპარავთ, უბრალოდ ამ გზით ვცდილობთ დავიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი, ის რაც ჟამთასვლამ თუ ბედისუკუღმართობამ წაგვართვა. იმას კი ვერ ვხვდებით, რომ ეს ჩვენი კუთვნილი აღარ არსებობს, ისტორიამ შთანთქა. ახლა თავიდანაა მოპოვება საჭირო, ახლის შექმნა და ამისთვის მოპორვა ერთობ მიუღებელი და გაუმართლებელი ფორმაა. სხვას არ აქვს ის რაც ჩვენია და ჩვენ გვჭირდება, შესაბამისად ვერც მოვიპარავთ. დროა ჩვენი ნიჭი, ფანტაზია და სისხარტე ახლის შესაქმნელად გამოვიყენოთ, იმისთვის, რაც ჩვენი იქნება. არის ჩვენში ქმნადი ძალები, ოღონდ მიძინებული, ნებისყოფით უნდა გავაღვიძოთ! „ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“ გაღვიძების დროა ქართველნო!! გავიღვიძოთ და შემდგე ფხიზელი გონებით ვკითხოთ საკუთარ თავს: რატომ?!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG