Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ახლა მარტოა და კივის


ავტორი: ლევან მორჩიაშვილი

ოქტომბერი ოთხი დღის წინ დაიწყო. ოთახი პატარა და ლურჯია. ოქტომბერი ახლა დაიწყო და გარეთ მაინც ცხელა. ოთახი პატარა და ლურჯია, თანაც ნათელი. ოქტომბერი ოთხი დღის წინ დაიწყო, გარეთ თან ცხელა და თან მზე ანათებს. პატარა ლურჯი ოთახი კი ნათელია, მაგრამ შიგნით წვიმს. გარეთ მზე კაშკაშებს და ოთახში კიდევ წვიმს. დასველდა დაკაწრული იატაკი. დასველდა პატარა დასვრილი ხალიჩა. დასველდა საწოლი. ფუმფულა სათამაშო. სველია ჩუსტებიც და სველია ჭერიც. გარეთ მზეა, ოთახში წვიმს. ნატო ოთახშია. სველია. მეზობლები გარეთ არიან. ნატო პატარა ლურჯ ოთახში სველდება და მეზობლები ცხელ ოქტომბერს სიცილით ებრძვიან. ნატო წვიმას არ ებრძვის. ოთახშია, სველდება და სიმშრალისთვის არ იბრძვის. ალბათ სიცხეში სიამოვნებს. ნატო სველდება. ოთახიც სველდება. ოთახში წვიმს და აბა ნატო როგორ არ დასველდება. მეზობლები ისევ გარეთ არიან. ოთახში ისევ წვიმს. პატარა რუები ნაკადულები გახდნენ და წვიმიანი ოთახიდან კიბეებზე დაეშვნენ. ოთახში წვიმს და წვიმს. წვიმს და წვიმს. წვიმს. ნატო ისევ არ იბრძვის. მტვერი გაიტანა წვიმამ. მეზობლები გარეთ ოფლიანობენ. ოთახში რაღაც ხმა გავარდა. უი ჭექა-ქუხილია. გარეთ მზეა. ოთახში ელავს. გარეთ ცხელა. ოთახში მეხი გავარდა. გარეთ იცინიან, ლურჯ სველ ოთახში კი მეხმა სკამი გატეხა. ოთახში ქარიშხალი ამოვარდა. დაატრიალა ნატო. დაატრიალა სათამაშოები. დაატრიალა ფარდები. გადმოცვივდა წიგნები. ელავს. თან მეხი კიდევ რამდენჯერმე გავარდა. ოთახში მხოლოდ მეხის ხმა ისმის. გარეთ მეზობლები აღარ ლაპარაკობენ. ოთახში ქარიშხალია და გარეთ მზე. მეზობლები ნატოს სახლისკენ იყურებიან. ნატო ახლა ბრმაა. მეზობლები ნატოს სახლს აყურადებენ. ნატო ახლა ყრუა. მეზობლები ახლა რაღაცას ამბობენ. ნატო მუნჯი ნამდვილად არ არის. გარეთ მზეა. ოთახში სტიქია ისევ თავის სტიქიაშია. სტიქიას ნატო დაარქვეს. წარმატებით ამსხვევს ყველაფერს. მშვენივრად ასველებს ღრუბლებს ცრემლებით. ნეტავ მეორე შვილიც ჰყოლოდა. ნეტავ. მეორე უშველიდა. უშველიდა. უშველიდა ყოველდღე წვიმას. უშველიდა სტიქიას. მეზობლები ნატოს სახლს უყურებენ. ნატო ბრმაა. ნატო ყრუა. ნატო კივის. ფიქრობს და თან კივის. ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის მაგრამ ყრუა და თან ბრმაც. ადრე არ იყო. ახლაა. არც საღამოს იქნება, მაგრამ ახლა ყრუა, ახლა ბრმაა. ნეტავ მეორეც ჰყოლოდა. მეზობლები ერთმანეთს უყურებენ. შვილი მეორეც ჰყოლოდა. ნატო სველდება. ფიქრობს და კივის. სველია და კივის. ფიქრობს თავის მეორე შვილზე. ახლა არცერთი აღარ ჰყავს. ახლა ერთიც აღაც ჰყავს. თუმცა ისედაც მარტო ერთი ჰყავდა. ბიჭი. გოგო არ ჰყოლია. გოგო არ ჰყოლია, თუმცა შეეძლო ჰყოლოდა. გარეთ მზეა. გაწეწილი ნატო კივის. მეზობლები სახლებში არიან. ზოგი თავს აქნევს. ზოგი ტელევიზორს უყურებს. ნატო თეთრია და კივის. ოთახიც კივის. მეზობლები რაღაც გადაცემას უყურებენ. ნატო - ჭერს. მეზობლებმა ტელევიზორის ხმას აუწიეს. ნეტავ მეორეც ჰყოლოდა. ნეტავ მეორეც მყოლოდა. ახლა ნატო სულ მარტოა. გაწეწილი ჩონჩხია და კივის. მარტოა და ხმა აღარ აქვს. მეზობლები ტელევიზორს უყურებენ. ნატო ძეგლია და ზის. ოთახი სველია. ტელევიზორები ჩართულია. ნატო - გამორთული. “საქართველოში...” ნატო ჩონჩხს ჰგავს. “...ბიჭის ყოლის სურვილის გამო......” ნატო კივის. ნატო სველია. “...ბოლო 25 წელში......” ნატოს ხმა აღარ აქვს. “....ოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაექვსი.....” ნეტავ მეორეც ჰყოლოდა. ახლა ნატო მარტოა და სახე უსველდება. “... გოგო ვერ დაიბადა” ნატო ახლა მარტოა. ნეტავ მეორეც ჰყოლოდა. ქმარმა არ დაანება. ქმარმა არ გვინდაო. გოგოაო. ნატოც გოგოა. ნატო გოგოა, ცრემლთა წვიმა ასველებს და თან კივის.

“ბიჭის ყოლის სურვილის გამო, ბოლო 25 წელში 31 446 გოგო ვერ დაიბადა“ მეზობლები ტელევიზორებს უსმენენ. ნატოს თავისი შვილი ესიზმრა. ვატო. მეორე შვილი ვერ ესიზმრება. უსახელო იყო. არც უნახავს. ნატო მარტოა და კივის. იმ პატარა გოგომ ვერ იკივლა. ნატო მარტოა და ტირის. იმ პატარა გოგომ ვერ იტირა. ნატო ახლა მარტოა და გული უფეთქავს. იმ პატარა გოგოს მხოლოდ გული უფეთქავდა, მაგრამ ნატოსავით მარტო არ არის. იმ პატარა გოგოსთან ერთად კიდევ 31 445 სხვა პატარა გოგოა. ნატო ახლა მარტოა და ტირის. ამ პატარა გოგოებმა ვერ იტირეს.

31 446. ოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაექვსი. და შენ, იცი რამდენია 31 446?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG