Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკვდი, მაგრამ სამშობლო და ღირსება არავის დაუთმო


ავტორი: მაკა ხუციშვილი

„ანტანტის კაპიტალისტების აგენტების დანარჩენი მუშაობა საქართველოში აჯანყების მოსამზადებლად მოისპო დაპატიმრებით, რომელიც მოახდინა საგანგებო კომისიამ. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის მოწყობის და მასში მონაწილეობის მიღების და მუშურ-გლეხური სახელმწიფოსთვის ღალატის გამო, ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის მიერ დამთავრებული გამოძიებით, საქართველოს ს.ს. რესპუბლიკის საგანგებო კომისია ადგენს: მიესაჯოს უმაღლესი სასჯელი ანდრონიკაშვილ ალექსანდრე სიმონის ძეს 51 წლის. ყოფილი თავადი, გენერალური შტაბის ყოფილი გენერალი. საქართველოს სამხედრო სკოლის მასწავლებელი. ამ თანამდებობაზე იყო როდესაც შევიდა სამხედრო ცენტრის შემადგენლობაში და მონაწილეობს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში და საქართველოს ს. ს. რესპუბლიკაში ბანდიტურ მოძრაობაში“.

ისტორიაში არის ბევრი საინტერესო ფიგურა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით უცნობი რჩებიან საზოგადოებისთვის. ასეთი ბედი ეწია გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილსაც, რომელიც ზემოთხსენებული განაჩენის შედეგად დახვრიტეს ბოლშევიკებმა 1923 წლის 20 მაისს ანტიბოლშევიკურ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის.

ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია პირველი ხარისხით. საკმაოდ აქტიურ სამხედრო საქმიანობას ეწეოდა. გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახურის თითქმის ყველა ეტაპი. პირველ მსოფლიო ომში თავისი კარიერა კორპუსის შტაბის უფროსობით და შემდეგ კორპუსის სარდლობით დაასრულა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი გენერლის წოდება მიიღო. იყო ვლადიკავკაზის 152-ე ქვეითთა პოლკის ოფიცერი, ასევე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის გენერალურ შტაბში. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, დროდადრო პედაგოგიურ ფუნქციებსაც ითავსებდა და ცოდნა-გამოცდილებას უზიარებდა ახალგაზრდა თაობას. 1913 წელს იგი ასწავლიდა ტაქტიკას ალექსეევის სამხედრო სასწავლებელში. მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო პირი იყო.

როდესაც, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს: გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო საბჭოს წევრი, სამხედრო მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და სამხედრო სკოლის ხელმძღვანელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს არმიის ფორმირებაში და სამხედრო სკოლის ჩამოყალიბებაში.

1921 წლის თებერვალში, როდესაც ბოლშევიკები საქართველოს დაპყრობას ცდილობდნენ გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი სამხედრო სკოლის ხელმძღვანელი იყო. ომის დროს იგი უწევდა სარდლობას კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე მებრძოლ იუნკრებს. გენერალი ასეთი სიტყვებით გაუძღვა ფრონტზე მიმავალ სამხედრო სკოლის კურსანტებს: „ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენ მასწავლებელს და უფროსს ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!“

ბოლშევიკური ანექსიის შემდეგ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ემიგრაციაში არ წასულა. მოგვიანებით იგი სინანულით აღნიშნავს: ”ქართველ ხალხს, სასაყვედუროს ვერას ვეტყვით. წინააღმდეგ ამისა ის დიდი ქების ღირსია. მთელი ერი, სოფელი თუ ქალაქი ყველა ჯგუფი და წრე ერთსულოვნად გამოვიდა სამშობლოს დასაცავად. ძნელად თუ რომელიმე სხვა უფრო დაწინაურებული და მოწყობილი ერი გამოიჩენდა ასეთ შეგნებულს პატრიოტიზმსა და თავდადებას ომის დროს.

მშიერ-მწყურვალე, უტანისამოსოდ იდგნენ თოვლიან სანგრებში ჩვენი ჯარისკაცები. მუდმივ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი, დასვენებას მოკლებულნი. მიუხედავად ამისა, ამ ჯარისკაცების სიმტკიცე სრულიად არ შერყეულა, სანამ მთელს საქართველოში არ გამეფდა ევაკუაციის და გაქცევის ფსიხოზი. ეს საშინელი ფსიხოზი კი სათავედან დაიწყო.

ამ ომმა ყველასთვის ცხადად ჰყო ის, რაც თავიდანვე ნათელი უნდა ყოფილიყო ყოველი გონიერი მოღვაწისთვის, - რომ პარტიული გვარდიით და რაზმებით შეუძლებელი გახდებოდა გარეშე მტრისაგან ქვეყნის დაცვა.

რა მცირე ძალა იყო საჭირო საქართველოს დასაცავად 1921 წელს, მაგრამ ეს ძალა უნდა ყოფილიყო ნამდვილი სამხედრო ძალა, წესიერ სამხედრო საფუძველზე აღმოცენებული და საღ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას დაქვემდებარებული, მაგრამ არაფერი, საქართველოს ათასი უბედურება გამოუარია და ის ამასაც ადვილად მოინელებს. ეს უბედურება საბოლოოდ გააჯანსაღებს ერს და მას სწორ გზაზე დააყენებს. ჩვენი უბედურება მხოლოდ ის არის, რომ ჩვენს თაობას ჰქონდა ისეთი ბედნიერი შემთხვევა, როგორც არც ერთ სხვა თაობას და ჩვენ ამით ვერ ვისარგებლეთ. ჩვენს ისტორიას არ ახსოვს მტკიცე სახელმწიფოებრივი ცხოვრების შექმნისთვის ასე კარგი და ხელსაყრელი პირობები. დროზე, რომ დაგვეხსნა თავი ამ სოციალისტურ და რევოლუციონური პოლიტიკისაგან, ყველა ამ უბედურებას თავიდან ავიცდენდით და ჩვენს თავისუფლებას სამუდამოდ განვამტკიცებდით. ეხლა რა გაეწყობა. იქნებ კიდევ მოვესწროთ საქმის გამოსწორებას. თუ არა და ჩვენი თაობა ყველაზე შერცხვენილი თაობა იქნება ჩვენს ისტორიაში”.

1922 წელს შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, ეს ორგანიზაცია ცნობილია, ასევე პარიტეტული კომიტეტის და „დამკომის“ სახელით. მის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: სოციალ-დემოკრატიული პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სოციალისტ-ფედერალისტური, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები და ესერები. სწორედ „დამკომთან“ ჩამოყალიბდა „სამხედრო ცენტრი“, რომლის თავმჯდომარე იყო გენ. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ზოგი ისტორიკოსის მიერ შეცდომით არის მითითებული ცენტრის ხელმძღვანელად გენ. კოტე აფხაზი). ცენტრი შედგებოდა 15 პირისგან: გენერალი კოტე აფხაზი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.

„სამხედრო ცენტრის“ მიზანი იყო ანტიბოლშევიკური საყოველთაო აჯანყების მოწყობა მთელს საქართველოში... ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და მისი თანამებრძოლები 1923 წლის 20 მაისს დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

მისი ბოლო სიტყვებია: „სახეზე გეტყობათ, რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე, - იქნებ ქართველი ყველა ამისთანა (მიუთითებს კვანტალიანზე ერთ-ერთ ჯალათზე) გეგონათ? მრავალნი ათასნი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიძულვილს“.

მთელი სამოცდაათი წელი ვინ ახსენებდა მის სახელს? მით უფრო, რომ მისი პირადი არქივიც კი არ არსებობს. მაშინდელი პრესის ფურცლებიდან და მემუარებში გაფანტული ინფორმაციიდან არის მხოლოდ შესაძლებელი მასზე წარმოდგენის შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG