Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ეროვნული შტრიხის შესახებ


ავტორი: მამუკა ბადრიძე

ისევე როგორც დასავლეთ ევროპისა და აზიური აღმოსავლეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ეშმორისა და კარტიეს კუნძულებზე, გვინეა-ბისაუსა და ურუგვაიში, ახალი წელი საქართველოშიც მოვიდა. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ 2017 წლის შემოსვლას აქ, ამ ლამაზ ქვეყანაში ვიღაცათა ხანგრძლივი და დაუღალავი შრომა დასჭირდა, სხვას კი ჰგონია, რომ ახალი წელი ერთი უდარდელი, კომპლექსთაგან თავისუფალი და ცოტაოდენ უთავმოყვარეო ვინმეა, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, დედამიწის ნებისმიერ წერტილს თავისუფლად აღწევს. აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ უკვე ჩვენი სამშობლოს საზღვრებში მოქცეული ახალი წელი, აუხსნელი სასწაულისა თუ ტრადიციული მოლოდინის ძალით უამრავ ნაწილად იყოფა და ყველა ოჯახში შედის, სადაც ზიარჭურჭლის მარადიული წესით იქ მყოფი ადამიანების გულსა და გონებას უმტკივნეულოდ ავსებს. აქ უკვე არცთუ მცირე როლს იძენს ერთი მეტად საჭირო და საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ - განწყობა.

განწყობა, როგორც ასეთი, ქართველებმა ვიცით, თუმცა ცოდნა ფართო ცნებაა და აქედან გამომდინარე, ის შეიძლება მრავალგვარი იყოს. ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ნაწილს ჩვენი მეტად განვითარებული საზოგადოებისა, გულწრფელად სჯეროდა, სჯერა და ნაკლებად სავარაუდოდ არც უახლოეს მომავალში დაივიწყებს იმას, რომ ჩვენ - ქართველებმა ყველაფერი ვიცით და სულაც, როგორც სუფრაზე „ჩვენთვის დამახასიათებელი მსუბუქი თრობისას“ ვიტყვით ხოლმე, ყველაფრის აზრზე ვართ. ყველამ და უპირველეს ყოვლისა ბავშვმაც კი იცის, როგორ უნდა შეიტყოს ადამიანის განწყობა. ამას ჭირდება ორი უმარტივესი რამ: სავარაუდო მოყვასის სახის დანახვა და მყისიერი აღქმა. რაც შეეხება აღქმის რაობას, ცნობიერი იქნება, ქვეცნობიერი თუ არაცნობიერი - ეს უკვე უმნიშვნელოა.

შემხვედრი ადამიანის სახის გამომეტყველება მნიშვნელოვანია თუნდაც იმით, რომ სწორედ ის არის დვრიტა ჩვენი ყოველდღიური განწყობისა და თუნდაც სიკეთის კეთების სურვილისა. თუ ვინმეს ერთხელ მაინც ფეხით გაუვლია, და უგუნური ეჭვი მაქვს, რომ გაუვლია, ამ ჩვენი არცთუ უკიდეგანო სამშობლოს ქუჩებში, შუკებსა თუ ორღობეებში, სათანადო დაკვირვების გარეშე, შეუიარაღებელი თვალით დანახვას რომ ეძახიან, უმეტეს შემთხვევაში იოლად შეამჩნევდა ჩვენი სახეების მოღუშულ გამომეტყველებას, რომელიც მიუხედავად სტატიკური მდგომარეობისა თუ სამოქმედო მოძრაობისა, არაფრისდიდებით არ იცვლება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა „ჩვენს დიდ ქალაქებში“.

ერთი შეხედვით, კაცმა თუ ქალმა შეიძლება იფიქრო, რომ ეს ხალხი სერიოზული, განაწყენებული, გაბოროტებული ან საკუთარი თავის აღმატებულობის განცდით მოარულია, თუმცა არც ერთია, არც მეორე, მესამე ან მეოთხე. ეს არის გაცვეთილი და აწ ყავლგასული „ქართველური ნიღაბი“, რომლის მატარებელი ადამიანები სულაც არ გამოირჩევიან კეთილგანწყობის უმალ გამოხატვის ნიჭით. აქ საკვირველი ისაა და ზომიერი ალბათობით იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ამ ზოროსეული ქართული დეკორაციის მიღმა სავარაუდოდ დგანან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ძალიან, უხარიათ არანაკლებ და აქვთ სიკეთის კეთების ქვეშეცნეული სურვილი.

ორიოდე კვირის უკან, ჩემი მანქანის მაგნიტოფონის წინა მარჯვენა დინამიკმა ცხოველმყოფელობა დაკარგა და სასოწარკვეთილად ახრიალდა. ეს ამბავი სულაც არ მომეწონა, ვინაიდან კარგი მუსიკის ნორმალურად მოსმენა ჩემთვის, მითუმეტეს მანქანაში, სულაც არ არის უმნიშვნელო. ამას დაემატა ჩემი ოთხი წლის ვაჟის რეაქცია, რომელმაც საბავშვო ბაღიდან სახლამდე მანძილის გავლისას, აფორიაქებულმა შემომჩივლა, მამიკო შევწუხდიო.

ჰოდა, ბევრი რომ არ მიფიქრია ისე, მივედი მაგნიტოფონის ოსტატთან. სახელოსნოში სამი ხელოსანი იჯდა. აქედან ერთი მუშაობდა, ორი - არა. სალამზე მხოლოდ ერთმა, საქმეში ჩართულმა მიპასუხა. მანვე მკითხა ჩემი გასაჭირის რაობა. მე ორი სიტყვით ავუხსენი დინამიკის მწყობრიდან გამოსვლის არსი, რაზეც მიპასუხა, გარეთ გამოვალ და შევხედავო. მერე გამოვიდა, შეხედა და მკაცრი ტონალობით განაცხადა, რომ პრობლემა სადენში იქნება და რაც ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგას მურმანა თუ მიხედავსო. ჩემი გაკვირვებული სახე რომ დაინახა, სიტყვასიტყვით გაიმეორა, ჩემი კომპეტენცია არ არისო - დიახ, ასე. როცა მურმანას გეოგრაფიული მონაცემების შესახებ ვკითხე, გაბრაზებულმა მითხრა, იქ რომ იჯდა, განა ვერ დაინახეო. იქნებ სთხოვო, გარეთ გამოვიდეს-მეთქი. შენ თვითონ უთხარი, მე ეგეთი რაღაცეები არ მიყვარსო და სახელოსნოში შეიძურწა. მისმა, ასე ვთქვათ გულგრილობამ თუ უგერგილობამ იმდენად გამაკვირვა, რომ გაბრაზება არც მიფიქრია.

სახელოსნოში შესულმა, ჩემს კითხვაზე, რომელი იყო ისტატი მურმანი, დაახლოებით ერთი წუთის მერე, მე ვარო - აუჩქარებლად მიპასუხა კაცმა, რომელმაც თავი ძალიან ნელა, საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსე მოძრაობით ასწია და ძველ რომაელი სენატორს რომ შეშურდებოდა, ისე გამომხედა. როცა მკითხა, რაშია საქმეო და მზერა გამისწორა, ცოტა არ იყოს შევცბი, რადგან ისეთი სახე ჰქონდა, როგორც ბრუტუსს კეისარის მოკვდინებამდე რამდენიმე წამით ადრე.

როგორც კი საკუთარ შიშს ვძლიე და დინამიკის არცთუ სახარბიელო ამბავი მოვუყევი, რთული იქნებაო-მითხრა, თუმცა უკმაყოფილო სახით მანქანამდე მაინც გამომყვა. მერე „ტორპედოდან“ მაგნიტოფონი გამოიღო, რომელსაც იმდენი სხვადასხვა ფერის სადენი აღმოაჩნდა, რომ გულმა რეჩხი მიყო. გულწრფელად ვუთხარი, ამაში გარკვევას ალბათ დიდი ოსტატობა ჭირდება-მეთქი. აბა, შენ როგორ გეგონაო და ცოტა არ იყოს სახე გაუნათდა. მერე რომელიღაც სადენი გადაჭრა, რომელიღაც მოხსნა, რაღაც დაიწუნა, რაღაც მიამატა, რაღაცას შეუჩუჩხუნა და მომაბეზრებელი ხრიალი უკვალოდ გააქრო.

მისი საქმიანობა სულ რაღაც თხუთმეტ წუთს გაგრძელდა, მაგრამ ისე პროფესიონალურად, რომ კინაღამ ტაში დავცხე. როცა ესეც დაუფარავად ვუთხარი, ხმამაღლა გაეცინა. ამასობაში კი, ბუნებრივად გაბმულ საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ოსტატი მურმანი, საკუთარ ოჯახსა, მეგობრებსა და სამშობლოზე შეყვარებული ის კარგი კაცი იყო, რომელმაც არ იცოდა საკუთარი გრძნობების გადმოცემა. ამის მიზეზი იყო სულაც უმარტივესი რამ: მისთვის არავის უსწავლებია, როგორ ან რატომ უნდა გამოეხატა ეს.

ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერთგვარი მურმანია. მურმანია ის ბიჭი, რომელიც რომელიღაც კორპუსის კედელს ზურგით მიყუდებია და შორიახლო გამვლელს ისე დამცინავად უყურებს, რომ ამის დამნახავს გული გისკდება. მურმანია ის გამყიდველი, რომელიც დახლს იქიდან ისეთი მოდუნებული გემსახურება, რომ აღშფოთება გიპყრობს. მურმანია ის დაცვის ბიჭი, რომელიც მისივე დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტის გასასვლელში გახირულა და გზას ისეთი ძველბიჭური ზოზინით გითმობს, რომ ღრიალის სურვილი გიჩნდება. მურმანია ის სამსახურებრივად დაწინაურებული ტიპი, რომელიც ისეთი გაბღენძილი და მუმიასავით გახევებული დადის, რომ რამდენიმე არასამეფო გვარის კაცის შემოლაწუნება სულაც არ აწყენდა. მურმანია ის მასწავლებელი, რომელიც ლექციას ფრიად მოღუშული სახით კითხულობს, ხოლო სტუდენტს ნაპოლეონის ზარბაზნიდან გამოსროლილი ჭურვისათვის ჯერაც მიუწვდომელი სფინქსის იერით უსმენს.

საქმე ისა, რომ ყველა ზემოხსენებულ მურმანს აწუხებს შეძენილი და არა თანდაყოლილი შეგრძნება იმისა, რომ კარგი განწყობისა თუ თბილი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვა არის სხვა არაფერი, თუ არა სისუსტის გამოვლინება. ბევრ ჩვენთაგანს, ალბათ ძალიან მოუხდებოდა სამკერდე ნიშანი წარწერით: „მე ვარ მურმანი“.

ახლა უკვე ის ახალი წელია, როცა ორი ათას მეჩვიდმეტედ ვზეიმობთ ქრისტეშობის დღესასწაულს, რომელსაც ვულოცავ ყველას და ვისურვებ იმას, რომ არ შეგვრცხვეს კეთილგანწყობის გამოხატვისა და თუნდაც საკუთარი სისუსტის გამოვლენისა მაშინ, თუ სხვას ბედნიერ წუთებს ვაჩუქებთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG