Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდაპარტიული სტრუქტურიზაციის პრაქტიკული საკითხები


ავტორი: მარიამ არბოლიშვილი

პარტიები, რომლებიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტებაში იღებს მონაწილეობას, გარკვეული გამოწვევების წინაშე დგანან. მაგალითად მმართველი პარტიებისთვის ან, თუნდაც, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებაა. 2016 წლის 18 ნოემბერს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებს პირველ სამუშაო დღეს გადასცეს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, პარლამენტის წევრის გზამკვლევი. გარდა ამ ტექნიკური დეტალებისა, რომელიც მხოლოდ პარლამენტში ორიენტირებისთვის არის საჭირო, მნიშვნელოვანი საკითხი ეხება შინაარსობრივ მხარეს, უშუალოდ საქმიანობის ხარისხს. ხარისხზე აბსოლუტური პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი ამოცანა არჩევნებისთვის კომპეტენტური გუნდის ფორმირებაა, რომელიც შეძლებს შემდგომში სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების რაციონალურ დაგაწყვეტას.

ქართული პარტიული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი წლების განმავლობაში სწორედ ეს შიდაპარტიული რესტრუქტურიზაციის საკითხი რჩება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე კვალიფიციური პირების წარდგენა. მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

წინასარჩევნოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან გვესმოდა დაპირება, რომ მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტში ადმინისტაციის ხარჯების შემცირებას დაიწყებდა. ასევე, არსებობს აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია, რომელიც ამბობს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს ბიუროკრატიული ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზით. დღეს, როდესაც უკვე დამტკიცებულია 2017 წლის ბიუჯეტი, საკითხი შემდეგნაირად დგას, რამდენად შეძლო „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფმა ოპტიმიზაციის საკითხი კვალიფიციურად აესახა ბიუჯეტის პროექტში.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 1 443 მლნ. ლარი, რაც თითქმის უტოლდება 2016 წლის ბიუჯეტის მონაცემებს. ინდივიდუალურად სამინისტროების დაფინანსების ხარჯები 2015 და 2016 წლის ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს უმნიშვნელოდ, მაგრამ ძირითადად შემცირებულია. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა: თავდაცვის, საგარეო საქმეთა, კულტურის და გარემოსდაცვის სამინისტროების დაფინანსება 2017 წელს გაზრდილია დანარჩენ 2 წელთან შედარებით. ერთი შეხედვით, ეს პროცესი შეიძლება შეფასდეს დადებითად და ოპტიმიზაციის გეგმის ნაწილად, მაგრამ, საინტერესოა, რის ხარჯზე ხდება დაფინანსების შემცირება? რეალურად ბიუჯეტში ვხედავთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა რჩება უცვლელი, მაშინ, როდესაც სახელმწიფო სამინისტროების დაფინანსებას სახელფასო განაკვეთის შემცირებით ახდენს. რაც ნიშნავს იმსა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები დიდი საფრთხის წინაშე არიან, რომ შრომის კოდექსით გარანტირებული ღირსეული შრომითი ანაზღაურების გარეშე დარჩნენ. იმის პარალელურად, რომ 2017 წლის საბიუჯეტო მონაცემებში სახელფასო განაკვეთი იკლებს, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 69 მილიონი ლარით იზრდება საქონლისა და მომსახურეობის შესაძენად გამოყოფილი თანხების რაოდენობა. რაც გულისხმობს შემდეგს, რომ შემცირებული სახელფასო განაკვეთის მიუხედავად, სახელმწიფოს კიდევ უფრო ძვირი უჯდება ამ საჯარო სამსახურების მუშაობის პროცესის უზრუნველყოფა. ეს ორი საკითხი აბსოლუტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან და მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას.

არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რომ შემცირებულმა შორითი ანაზრაურების განაკვეთმა გაზარდოს საჯარო სამსახურებიდან ადამიანების დათხოვნის ტენდენცია. ამ თემას კიდევ უფრო ამძაფრებს ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამახასიათებელი ნეპოტიზმის ნარატივი, რომ თანამდებობეს დაკარგავენ ისინი, ვისაც არ აქვთ სანაცნობო წრე სამთავრობო პარტიულ ვერტიკალთან.

სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა ადმინისტრაციული ხარჯებისა შეგვიძლია მოვძებნოთ ინფორმაცია ნაერთი ბიუჯეტის შესახებ. ნაერთი ბიუჯეტი მოიცავს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებულ ბიუჯეტს. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები, 2017 წლის მონაცემების მიხედვით, 195 მილიონი ლარით აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის მონაცემებს. ნაერთი ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, ნათელი ხდება, რომ ძირითადი საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის გაზრდის ხარჯზე. ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების გაზრდაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ საინტერესოა თავად მოტივი და მიზნობრიობა, რა პროექტების ხარჯზე იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტი?

ქვეყანაში შიდაპარტიული დემოკრატიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი ბიუჯეტის პროექტის ფორმირების საკითხია. ბიუჯეტის პროექტის ფორმირება კი პარტიებისგან მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას და კომპეტენტურობას გარკვეულ საკიტხებში, როგორც მაგალითად ეკონომიკურ საკითხებში. ზემოთ ნაჩვენებმა მაგალითმა გამოკვეთა, ის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რაც დამახასიათებელია ამ შემთხვევაში შიდაპარტიული საკითხებთან. პირველ რიგში, ოპტიმიზაციის დაპირება „ქართული ოცნების“ მხრიდან მხოლოდდამხოლოდ წინასაარჩევნო პოპულისტური ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან 2017 წლის ბიუჯეტში ამ გეგმის რაციონალურად განხორციელების მცდელობას ვერ ვხედავთ. გარდა ამისა, საკითხმა აჩვენა, რომ პარტიები განიცდიან კვალიფიციური კადრების კრიზისს. ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის მცდელობა ემუშავად რეალურად ოპტიმიზაციის საკითხზე ჩავარდა.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადრეც და დღესაც, ქვეყანაში არც ერთი პარტიის შიდა სტრუქტურა მზად არ არის სრულყოფილად უზრუნველყოს სახელმწიფო ხელისუფლების გამართული მუშაობა. ეს პრობლემა კვლავ დარჩება აქტუალური, სანამ შიდაპარტიული რესტრუქტურიზაცია არ გადაეწყობა ისეთ ღირებულებებზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ პარტიაში თავი მოუყარონ კვალიფიციურ კადრებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG