Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებში პარტიათა გამარჯვების დეტერმინანტები ანუ რა როლს ასრულებს პარტიული ლიდერი პარტიის გამარჯვებაში


ავტორი: მირანდა ანდრონიკაშვილი

როდესაც საარჩევნო უბანზე მივდივართ და ანონიმურად არჩევანს ვაკეთებთ ბიულეტენზე, ცოტა თუ ვფიქრდებით რეალურად რა ფაქტორები განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს. ვის ვუჭერთ მხარს, ამა თუ იმ პარტიას თუ პერსონალურად მის ლიდერს. საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ძნელად შესამჩნევი არაა, რომ ხმის მიცემისას გადამწყვეტი ფაქტორი პარტიული ლიდერია, რომელიც ზურგს უმაგრებს პარტიას და არა პირიქით. თუმცა პარტიული საყრდენის გარეშეც გაუჭირდებოდათ პოლიტიკურ ლიდერებს ფონს გასვლა. მაგალითად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტული პარტიისა თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ლიდერის როლი ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. თუმცა ვერც უპარტიო ქარიზმატული ლიდერი დაიპყრობს პოლიტიკურ მწვერვალებს.

ქართველი ამომრჩევლის ელექტორალური ქცევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ყურადსაღებია ის, რომ პოლიტიკური კუთვნილების გრძნობა არც ისე მყარია და ქართველი ამომრჩველის პოლიტიკური პრეფერენციები ხშირად იცვლება. აშშ-ს ან დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, სადაც ამომრჩეველი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს მემარცხენედ ან მემარჯვენედ, ქართველი ამომრჩეველი ხშირად არჩევანს ლიდერის პიროვნულ მახასიათებელსა და იმიჯზე აკეთებს, პოლიტიკურ ვექტორს სოციო-ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე ცვლის და ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას პარტიის იდეოლოგიურ ასპექტებზე.

თითოეული პარტია რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიის მიმდევარია, მიყვება მკაფიოდ ფორმულირებულ პოლიტიკურ ხაზს და პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა გააჩნია, თუმცა არის ეს ის ფაქტორები რის მიხედვითაც ქართველი ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს?

თავისთავად ცხადია, ის რომ პარტიის ლიდერი პარტიული ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა ამომრჩევლის თვალში ის ზოგჯერ მთლიანად პარტიის გამოხატულებაა.

მნიშვნელოვანია შევაფასოთ ამომრჩევლის აღქმა და შეხედულებები, რა როლს ასრულებს პარტიული ლიდერი არჩევანის ფორმირებისას დემოკრატიულ არჩევნებში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტიული პლატფორმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და გადაწონის ყველაზე ქარიზმატულ პარტიული ლიდერის პოლიტიკურ წონასაც კი, თუმცა საქართველოში პოლიტიკური იდეოლოგია, პარტიის პლატფორმა და მათი პროგრამა ნაკლებ როლს ასრულებს წინა საარჩევნო ციებცხელებისას. 1970-იანი წლებიდან დასავლურ ლიბერალურ-დემოკრატიებშიც შეიცვალა ხედვა, რომ პარტიული ლიდერები დიდ გავლენას ფლობენ ელექტორატის აღქმაზე და წარმოდგენებზე მთლიანად პოლიტიკური სისტემის მიმართ.

აღსანიშნავია ეგრეთ წოდებული „პერსონიფიკაციის თეზისის“ ტენდენცია. „პერსონიფიკაციის თეზისი“ გულისხმობს იმგვარ ტენდენციას, როდესაც ამომრჩევეველი პარტიის იდენტიფიცირებას ახდენს ლიდერთან და არა თავად ამ პარტიის პროგრამასთან და პოლიტიკურ კურსთან. აქვე მნიშვნელოვანია 2 ფაქტორის გამოყოფა; პირველი ის თუ რამდენად რეალურია ლიდერისა და მისი იმიჯის გავლენა ელექტორატის ქცევაზე და მეორე, ამომრჩეველი, რომელიც ამგვარი გავლენის ქვეშაა მოქცეული იმოქმედებს თუ არა რაციონალურად. მოქალაქის არჩევანი იქნება განსჯისა და ანალიზის შედეგად მიღებული რაციონალური გადაწყვეტილება, თუ ლიდერის პიროვნული თვისებებისა და ქარიზმის გავლენით, ემოციურად და ირაციონალურად გაკეთებული არჩევანი. აღსანიშნავია, რომ პარტიული ლიდერის როლი უფრო მნიშვნელოვანი და თვალსლაჩინოა ორპარტიულ, მაჟორიტარულ სისტემებში, ვიდრე იმგვარ სისტემებში, სადაც სოციალურ გახლეჩა და პარტიული ნიშნით იდენტიფიკაცია სუსტია. არჩევანის ფორმირების პროცესზე ასევე გავლენას ახდენს ამომრჩევლის პოლიტიკური ინფორმირებულობა და მედიის მოხმარების ხარისხი, როგორც პერსონიფიკაციის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები.

ცნობილია, რომ აშშ-ში კონსერვატორ კანდიდატებს ამომრჩევლები კომპეტენციების მიხედვით აფასებენ, ლიბერალ კანდიდატებს კი პიროვნული თვისებების მიხედვით. თუმცა თუკი ამომრჩეველი პოლიტიკურად გათვთიცნობიერებულია, მაშინ ლიდერის პიროვნული თვისებების გათვალისწინებით უფრო რაციონალურ არჩევანს გააკეთებს. ასევე ყურადღებას იმსახურებს ის, თუ როგორ გააშუქებს მედია პარტიულ ლიდერს, რადგან სწორედ მედია ქმნის ლიდერის იმიჯს, რაც თავის მხრივ, დიდ ზეგავლენას ახდენს საამომრჩევლო კორპუსზე.უამრავი პოლიტიკის მეცნიერების მკვლევარი იკვლევდა პარტიული ლიდერების მედია გაშუქებას 1945 წლიდან მოყოლებული და ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ედ მილიბანდმა წინა საარჩევნოდ 4 მილიონ ბრიტანელს მიუკაკუნა კარზე და პირადად გააცნო საარჩევნო პროგრამა. დღეს ელექტორატთან კონტაქტის პრობლემა აღარ არსებობს და აქედან გამომდინარე არც კარდაკარ სიარული უწევთ კანდიდატებს, რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ სოციალური მედიის ეპოქაში. კვლევბით დასტურდება, რომ მედიის მიერ, განსაკუთრებით კი ტელევიზიის მიერ პარტიული ლიდერის გაშუქება დიდ გავლენას ახდენს ამომრჩევლის ელექტორალურ ქცევაზე. ამიტომაც, მეტი ყურადღევა ექცევა ლიდერის იმიჯს, ქცევასა და მანერებს, ვიდრე პარტიის ხედვასა და წინა საარჩევნო დაპირებებს.

თუმცა პატარა პარტიებში საქმე სხვაგვარადაა. პარტიულ ლიდერებს უწევთ მეტი იმუშაონ საკუთარი საარჩევნო პროგრამის პოპულარობასა და პოლიტიკური კურსის აქტუალობაზე, რადგან ისინი პარტიული ლიდერის ქარიზმას ვეღარ დაეყრდნობიან. იშვიათად თუ მცირერიცხოვანი პარტიის ლიდერები ცნობადი და გავლენიანი ფიგურები არიან დასავლურ დემოკრატიებშიც კი.

პოლემიკა ამ თემაზე საკმაოდ აქტუალურია პოლიტიკის ექსპერტთა წრეებში. იმას კი ყველა უპირობოდ აღიარებს, რომ პარტიული ლიდერის ფაქტორი განმსაზღვრელია პარტიისათვის და მისი წარმატებისათვის არჩევნებში.და მაინც, პასუხგაუცემლად რჩება თუ რას „ყიდიან“ საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები? პარტიულ პროგრამას, თუ ლიდერებს? ამ კითხვაზე ერთი უნივერსალური პასუხი არ არსებობს. თოთოეული ქვეყნის გამოცდილება უნიკალური და ცვალებადია. ორივე ფაქტორი გასათვალისწინებელია, როგორც პარტიული პროგრამა, ასევე ლიდერის როლიც, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს ეს 2 ფაქტორი გადაწონის ერთი მეორეს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG