Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბავი პატი სმიტის, რობერტ მაფელთროფისა და ჯენის ჯოპლინის ურთიერთობებისა


ავტორი: ნანა გობეჯიშვილი

რობერტი ფოტოგრაფია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავიცანი. ის ცეკვავდა, მე კი _ ჯიუტად ჩავშტერებოდი ფეხსაცმლი წვერებს. მინდოდა, რომ ჩემს კაშნეებს ისე დავემალე, არავინ მიმხვდარიყო, პატი ერთი სევდინი და მორცხვი გოგოაო. ბავშვობაში დედა მარწმუნებდა, რომ სევდიანი ტიპები ადამიანებს არ მოსწონთ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ აღარ ვყოფილიყავი სევდიანი და ერთ საღამოს საცეკვაოდ წავედი. იქ ბევრი სინთეტიკური ნარკოტიკი, თავისუფალი სიყვარულის იდეის ქვეშ გაერთიანებული ადამიანების სიჭარბე, მუსიკა და რობერტი იყვნენ. რობერტი მკერდზე მაშტერდებოდა, რაც მაიძულებდა, კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მომეხდინა კაშნეებს მიღმა გაუჩინარებაზე, რადგან გამიგონია _ თუ კონცენტრირებას ძალიან, ძალიან შეეცდები, შეიძლება, ისეთი რაღაცებიც მოხდეს, რომლებიც წესით არ ხდებაო.
ორჯერ გავიხედე რობერტისკენ და მანაც სწორედ ამ დროს გადაწყვიტა მზერა ჩემი მკერდიდან ჩემივე თვალებისკენ მოემართა. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა.
იმ დღეს კაშნეებს მიღმა ვერ გავუჩინარდი, სამაგიეროდ, რობერტი გავიცანი, რაც ჩემთვის ისეთივე სასწაული იყო, როგორიც გაუჩინარების იდეის მატერიალიზება. რობერტმა მითხრა, რომ მე თვალებში ვუყურებდი, მერე კი მზერას ვაცილებდი. მან ეს შენიშნა და მოეწონა. არადა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მკერდი უფრო ლამაზი მქონდა, ვიდრე თვალები.
***
ჩვენ არ ვცნობთ მოვალეობებს და არც ერთგულებას ვითხოვთ ერთმანეთისგან. როცა რობერტი მეხება, ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ და მინდა, რომ საღამოობით ჩაი გავუკეთო მას, თუმცა, რადგან ჩემს ფეხებს ყველაფერი რიგზე აქვს და არც ჩაის კეთეებაა მანცდამაინც ჩემი საყვარელი საქმიანობა, ვფიქრობ, რომ რობერტი მიყვარდება, თუმცა ამაზე არასოდეს ვსაუბრობ _ რობერტი დამცინებს, თუ ვეტყვი, რომ მიყვარს.
***
ხუთი თვე გავიდა, რაც ერთად ვართ და ერთი, რაც რობერტმა სამუშაო დაიწყო. ის ბილეთების მომხევია სასტუმრო “ჩელსიში”. ბევრს არ უხდიან, თუმცა სამუშაო სუფთაა, შემოსავალი კი _ სტაბილური, რაც რობერტს ახარებს. მე კიდევ მგონია, რომ ეს მას დროს აკარგვინებს! შეეძლო უამრავი ფოტო გადაუღო ჩემი მკერდისა და თვალებისთვის, მანამ, სანამ გამოუსადეგარ ბილეთებს ნაგვის ურნისაკენ ისვრის! ასევე, შეეძლო ჩემთან ერთად ესეირნა "ცენტრალ პარკში" და მე მას სისულელეებზე დაველაპრაკებიდი. კიდევ უამრავი უფრო საინტერესო რამის კეთება შეეძლო ჩემთან ერთად, ვიდრე ბილეთების ხევაა, მაგრამ, თუ ეს სამუშაო მას თვითშეფასებას აუმაღლებს, მე თანახმა ვარ.
***
ერთი კვირის წინ მითხრა, რომ ბარში გოგო გაიცნო, რომელიც იმაზე უკეთ მღერის, ვიდრე რობერტი იღებს ფოტოებს. სიმღერა ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, ამიტომ ის გოგო თავიდანვე შევიძულე.
არასოდეს მესმოდა ფრაზის მნიშვნელობა “ცხელი ტყვია ჩაეღვარა მუცელში”, სანამ ამ გოგოს ამბავს გავიგებდი. ვიჯექი გაშეშებული და მთელი ძალით ვცდილობდი, არ მეტირა. რობერტი კი უდარდელად განაგრძობდა ლაქლაქს. აღმოჩნდა, რომ გოგონას ჯენის ჯოპლინი ჰქვია და 26 წლის არის. მე, ისევე როგორც რობერტი, 23-ის ვარ და ბევრი არაფერი მაქვს რობერტისთვის შესათავაზებელი, ასევე, ვერ ვმღერი და არც ჩაის ვუკეთებ რობერტს, მიხედავად იმისა, რომ მინდა, ვუკეთებდე. ალბათ, ჯენისი ძალიან ლამაზია, ჩემზე ბევრად საინტერესოც, რობერტს არასოდეს შეიყვარებს, თუმცა ერთად კარგად იქნებიან.
თავში ყველაფერი ამერია, გამახსენდა, 9 წლის რომ ვიყავი, მასწავლებელს ვკითხე, რა მოხდება, თუ ანიკა შემიყვარდება-მეთქი? ანიკა ჩემი მერხის მეზობელი იყო და მე მართლა შემიყვარდა ის _ მინდოდა, რომ ყვავილების გვირგვინი გამეკეთებინა და მეჩუქებინა მისთვის, მაგრამ რადგან ამას ვერ ვახერხებდი, მხოლოდ საშინაო დავალებებს თუ ვაწერინებდი ხოლმე. მერე ის მიღიმოდა და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამასობაში, მასწავლებელი ჯიუტად მიმტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და, რაც მთავარია, მიუღებელი, ამიტომ, როცა მსგავს კითხვებს ვსვამდი, ძირითადად, კარადის გვერდით, კედლის დაობებულ კუთხესთან ვამთავრებდი ხოლმე.
მერე ძაღლიც მყავდა, საკუთარი ძაღლი, ბემბი. ბემბი მოკვდა და მამაჩემმა ჩვენი ეზოს ბოლოს დამარხა. ბემბის სევდიანი თვალები ჰქონდა და, მიხედავად იმისა, რომ დედა მეუბნებოდა, სევდიანი ტიპები არავის მოსწონსო, მე მომწონდა ბემბი, თუმცა საცეკვაოდ მაინც წავედი, რადგან დედას დავუჯერე. იქნებ, არ უნდა წავსულიყავი საცეკვაოდ?! რობერტსაც აღარ გავიცნოდბი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ, არა, ახლა რობერტის წინ ვზივარ, თავში უამრავი სისულელე მიტრიალებს, თუმცა პირი გამიშრა და ვერაფერს ვამბობ. უარესი კი ისაა, რომ ყველაფერი იმაზე უფრი რეალურია, ვიდრე მინდა, რომ იყოს.
_”ჯენისს უნდა გაგაცნო,” _ ამბობს რობერტი და თვალებგაბრწყინებული მიყურებს. ჩემთვის სიტყვებს აზრი ეკარგება და ვერ აღვიქვამ, რა უნდა ჩემგან რობერტს. “ჰო, ძალიან კარგად მღერის. შენზე მოვუყევი და ვუთხარი, რომ პატის ძალიან მოეწონები-მეთქი.”
რა სულელი ვარ, რა სულელი ვარ, რა სულელი ვარ.
***
აღმოჩნდა, რომ ჯენისი იმაზე უფრო ლამაზია, ვიდრე ვფიქრობდი და თუ რობერტს ოდესმე შეუყვარდება, აღარ დავადანაშაულებ. ჯენისი 26-ისაა, უამრავი ამბავი აქვს მოსაყოლი და თმაზე ლევანდერის, ნუშისა და სიგარეტის სურნელი აქვს, რაც მთავარია, საოცრად მღერის თავის ამბებზე და სხვებისაზეც. მე ყოველ საღამოს რობერთან და ჯენისთან ვატარებ და მიხარია, რომ ეს ასეა.

***
ორი თვის წინ, როცა "ცენტრალ პარკში" ვსეირნობდით, რობერტმა მითხრა, რომ აღარ უნდა ჩემთან ყოფნა და, სანამ სიტუაციის მთელ არსში გავერკვევოდი, როგორც მჩვევია, უამრავი სისულელე წამოვროშე: ვუთხარი, რომ, შემიძლია, მკერდმოშიშვლებულმა ვიარო, როცა რობერტი ჩემთანაა და მას შეეძლება უამრავი ფოტო გადაიღოს გამოფენისთვის, ვუთხარი, რომ ვარსკვლავებიან, ბავშვურ საცვლებსაც აღარ ჩავიცვამ, რაც რობერტს ასე აღიზინებს და კიდევ ვუთხარი, რომ ფეხებს მხოლოდ მისთვის გავიპარსავ, ჩემი გრძნობებით ზედმეტად არ შევაწუხებ და, საერთოდაც, ჩაისაც კი აღარ გავუკეთებ არასდროს. როცა ამ ყველაფერს რობერტს ვუხსნიდი, საკუთარი სიტყვების მრცხვენოდა და მინდოდა, გავქრალიყავი, თავში კი ბემბის სევდიანი თვალები და ანიკას ამბავი კვლავ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. რობერტი ცდილობდა გავეჩუმებინე და გულში მიკრავდა. ვიგრძენი, რომ ტიროდა.
“მე გეი ვარ,” _ მითხრა რობერტმა და აღმოჩნდა, რომ ჩემი ვარკვლავებიანი საცვლები, თურმე, არაფერ შუაშია.
***
ერთი დღე გავიდა, მე და რობერტი გაუცხოებულები ვართ და მოვალეობისთვის ვსაუბრობთ. რატომღაც, იმ სუნისგან გამოწვეული საშინელი შეგრძნებები კვლავ მიტივტივდება თავში, მასწავლებელი ნესტიანი კედლის კუთხისაკენ როცა მამწესებდა.
გადავწყვიტეთ საფრანგეთში წავიდეთ, იმიტომ, რომ ორივეს გვიყვარს ერთმანეთი. მე ისე, როგორც ჰეტეროსექსუალ ქალს მამაკაცი, რობერტს კი ისე, როგორც ჰომოსექსუალ მამაკაცს _ ნამდვილი მეგობარი.
ასევე, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან მეგობრები ვიყოთ და რადგან ჯენისი ორივე გვიყვარს, დღეს ვემშვიდობებით მას.
***
წვიმიანი დღეა, თუმცა სასტუმრო “ჩელსისაკენ” მაინც მიმიწევს გული. იქ ჯენისია. ჯენისი უნდა ვნახო ბოლოჯერ, სანამ პარიზიდან დავბრუნდებით. თანაც სიმღერა დავწერე მისთვის, თუმცა არავისთვის მითქვამს, რობერტისთვისაც კი.
ჯენისი სასტუმროს ვესტიბიულში მოღუშული ზის. მე ვახლოვდები ჯენისს, ტუჩები ყურთან მიმაქვს და გაუბედავად ვიწყებ სიმღერას. ჯენისი იღიმება, თუმცა არაფერს ამბობს. მე კი ვიცი, რომ საშინელი მომღერალი ვარ და, ამიტომ, აქვე ცხადს ვხდი ყველაფერ მისთვის: “მიყვარხარ, ჯენის!” _ ვეუბნები და ფეხსაცმლის წვერებს მთელი ძალით ვაშტერდები.
ჯენისმა მითხრა, რომ შესაძლოა ეს ჩვენი ბოლოს შეხვედრაა და ამიტომ აუცილებლად უნდა ვიცოდე, რომ მე ერთადერთი ვარ, ვინც ჯენისს ცხოვრებაში გაუგო. მე ვეუბნები, რომ სისულელეა და სიტუაციის განსამუხტად ხმამაღლა ვიცინი. ჯენისს ვეუბნები, რომ სულელია, რადგან ჩვენ კიდევ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ვნახავთ ერთმანეთს, თუმცა მეც არ მჯერა საკუთარი თავის.
ჯენისი სევდიანად იღიმება და მე, ყოვლად არაადეკვატურად, ისევ ბემბის თვალები და ანიკა მიტივტივდება თავში.
ახლა ნამდვილად ვიცი, რომ დედაჩემი ცდებოდა _ მე ხომ მიყვარს გოგონა, რომელიც სევდიანია.
***
1970 წელია, გაზაფხული. დიდი არეულობა ხდება მსოფლიოში _ კოლუმბიაში პარტიზანული ბრძოლაა გაჩაღებული, გვატემალაში ხალხი პოლიციას ესხმის თავს, ამერიკაშიც დიდი ამბებია, მაგრამ მე ჩემი კაშნეები მაქვს შემოხვეული, რობერტს _ თავისივე გაკეთებული მძივები და ჩვენთვის ეს საკმარისია, მით უმეტეს, რომ გაზაფხულია და, თუ ყნოსვას ძალიან დაძაბავ, შეგიძლია ნუშისა და ლევენდერის სურნელის წყალობით, ჯენისის გვერდითაც წარმოიდგინო თავი.
“შეხედე,” _ რობერტი კედელზე გაკეთებულ წარწერაზე ხელით მიმანიშნებს და მე კედლის მიმართულებით ვიხედები. წარწერა იუწყება, რომ 1968 წელი ნაკიანია და, კაცმა არ იცის, რა შეიძლება მოხდეს.
რობერტი წარწერას ფოტოს უღებს, რამდენიმე მეტრს გავდივართ და კედელზე მომდევნო წარწერასაც ვაწყდებით: “1970 წელი. ჯენის ჯოპლინი მკვდარია!”

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG