Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​ივერია გაბრწყინდება?


ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

საღამოს შვიდი საათია. უნივერსიტეტიდან გამოვედი და ტაქსს ვაჩერებ. მიმართულება - თბილისის ცენტრალური საავადმყოფო. „ჭავჭავაძიდან“ „ლუბლიანამდე“ გზა დიდია, ამას პიკის საათიც ემატება, როცა თბილისი საცობების ქალაქად უნდა გადაიქცეს და ვხვდები, ტაქსიში იმაზე მეტი დროის გატარება მომიწევს, ვიდრე ვვარაუდობდი. „ელბაქიძეზე“ ვეშვებით. წინ პატრულის მანქანა გვხვდება, რომელიც გვანიშნებს, რომ ქუჩა გადაკეტილია. ჩემი მძღოლი პოლიციელს დაჟინებით აკვირდება.
- შენ საგარეჯოელი არ ხარ?
- კი, შენ საიდან მიცნობ?
- მეუღლე მყავს საგარეჯოელი, თან შენი მოგვარე, ძმურად გამატარე რა.
- მიდი ძმაო.

ჰმ! ცოლის გვარიც რომ რამეში გამოგადგება - ხუმრობს. ხასიათი უარესად მიფუჭდება. გასაწმენდი მინიდან მანქანებით გადაჭედილ გალაქტიონის ხიდს გავყურებ. გაბმული სიგნალები და აქა-იქ გინების ხმა... უცებ მეღიმება. გვერდით ტაქსის ტრაფარეტიანმა „ტოიოტა კოროლამ“ ჩაგვიარა. ალბათ მხოლოდ ჩვენთან ყიდულობენ ძვირადღირებულ ავტომობილებს, იმიტომ, რომ ტაქსის ტრაფარეტი დაადგან. მეზობელი, ნინო გამახსენდა. ნინოსამსახურში მუდმივად სამარშრუტო ტაქსით დადის, მიუხედავად იმისა, რომ მის მეუღლეს „ჯიპის“ მარკის ავტომობილი ჰყავს. ბევრი საწვავი სჭირდება დათოს „ჯიპს,“ ამიტომ უმეტესად ეზოში დგას. მთავარია, რომ დგას...

ჩემი მძღოლი ცდილობს, სიჩუმე დაარღვიოს და მეკითხება, რატომ მივდივარ საავადმყოფოში - ბებოს დღეს ოპერაცია გაუკეთეს. ხვდება, რომ საუბრის განწყობა არ მაქვს და კითხვების დასმას აღარ აგრძელებს. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე წუთში დროული აზრი მოსდის და რადიოს რთავს. წამყვანის უცნაურ ხმის ტებრზე უცებ გამეცინა. რა გადაცემაა-მეთქი ვეკითხები - „ჭიჭიკო და ბიჭიკო“ კაცო, ეგ როგორ არ იცი - გაკვივებული მპასუხობს. სასაცილო ხმამ განწყობა ოდნავ გამომიკეთა. წამყვანი, ანუ ბიჭიკო, დღის თემას ეხმაურებოდა და რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე საუბრობდა. ჩვენთან ხომ ყველაზე აქტუალური, სწორედ,პოლიტიკაა. გასართობი შოუების წამყვანებიც ხომ ვერ იხუმრებდნენ, რომ არა პოლიტიკა და მისი მთავარი გმირები. ჩვენც ხომ ყველა პოლიტოლოგები ვხდებით, თუ საქმე მოითხოვს. ხოდა ბიჭიკოც მშვენივრად ართმევდა თავს პოლიტიკის ექსპერტობას და თავისი პოზიტიური ხმის ტემბრით, ნეგატიურ და საჭირბოროტო საკითხებს თამამად განიხილავდა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ოკუპაცია, პუტინის სამომავლო გეგმები საქართველოსა და მთელს კავკასიაში - ეს იყო გადაცემის ძირითადი თემა და ზარებიც შესაბამისი. ერთ-ერთმა ზარმა კი ჩემი განწყობის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ვინმე გოგიტა, რომელიც პირდაპირ ეთერში რეკავდა, თავგამოდებით იცავდა პუტინის პოლიტიკას და ამტიკცებდა, რომ საქართველოს ხსნა მხოლოდ რუსეთს შეუძლია. ჩვენი ბიჭიკო იმდენ ხანს ეკამათა, ბოლოს გონივრული ეჭვი გამოთქვა, ინფარქტი დამემართებაო. ბიჭიკოს მეც დავეთანხმე. მძღოლმა ჯერ ერთი გულიანად შემომიბღვირა, მერე კი მამა-შვილური ტონით დაიწყო: „შენ პატარა ხარ და არ იცი, ადრე რა ცხოვრება იყო. შენხელა რომ ვიყავი, მთელი საბჭოთა კავშირი შემოვლილი მქონდა. ახლა კი აგიჩემებიათეს ევროპა და დასავლეთი. მაგ ევროპაში რომ გაგიშვან, საელჩოებში ერთი ხვეწნა-მუდარა გჭირდებათ“ - არ შევკამათებივარ. ჩემი დუმილი თანხმობად მიიღოდა „ლუბლიანამდე“ მისი ყმაწვილკაცობის საბჭოური ისტორიები მორჩილად ვისმინე.

საავადმყოფოში შევდივარ. ჰოლში უამრავი ხალხია. „პალატაში ოთხი საათის შემდეგ შესვლა აკრძალულია ბატონო“ - მესმის რეგისტრატორის ხმა.ახალგაზრდა მამაკაცი მაინც ჯიუტად ცდილობს შვილის პალატაში ასვლას, ხელთ მტკიცე არგუმენტი აქვს - მკურნალი ექიმი მისი მეგობარია. რამდენიმე წუთში რეგისტრატორს „ზემოდან ურეკავენ“სხვა გზა არ აქვს, მამაკაცს პალატაში უშვებს. ეს უკანასკნელიც გამარჯვებული სახით იღებს ბახილებს და ამაყად მიაბიჯებს პალატისკენ. სწორედ ამ დროს დავწმუნდი, რომ ნეპოტიზმი ქართველების თანდაყოლილი დაავადებაა და ამაში ჩვენ, როგორც პაციენტებს, ბრალი სრულებითაც არ მიგვიძღვის...
ბებოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიგე და დამშვიდებული, თუმცა გაღიზიანებული გამოვედი კლინიკიდან. ცხელი შხაპი და დაძინება -ეს საუკეთესო გამოსავალი იყო, რაზეცშეიძლება ამ დროს მეფიქრა. ისევ ტაქსს ვაჩერებ და სახლში მივდივარ. რადიო კვლავ ჩართულია. თავი მტკივდება. რომელიღაც წამყვანს რომელიღაც გადაცემა მიჰყავს. პირდაპირ ეთეში მსმენელები რეკავენ. საეთერო დრო იწურება. წამყვანი გვაუწყებს, რომ ხაზზე ბოლო მსმენელია. ვინმე ნორამ, როგორც თავად აღნიშნა, გადაწყვიტა, მთელი გადაცემა შეაჯამოს და მსმენელს პოზიტიური განწყობა დაუტოვოს – „მიუხედავად ყველა პრობლემისა, მიუხედავად ყველა სიძნელისა, ჩემო ძვირფასებო, ივერია გა-ბრწყინ-დე-ბა...“ ამ დროს ჩემი კორპუსიც გამოჩდნა. ტაქსიდან ჩამოვედი, მაგრამ ნორას ბოლო ფრაზას გულში ისტერიულად ვიმეორებ - ივერია გაბრწყიდნება, ივერია გაბრწინდება, ივერია გაბრტწყინდება... სადარბაზოს ვუახლოვდები. ზემოდან წითელი წერტილი ეშვება და ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ეცემა - ვიღაცამ სიგარეტის ნამწვავი გადმოაგდო, საბედნიეროდ, მე ამცდა...

სახლის კარს ვაღებ, ივერია გაბრწყინდ... შუქი ჩაქვრა, კართან დედა მეგებება.

- დე, შენ როგორ ფიქრობ, ივერია გაბრწინდება?

- რა?

არაფერი დე, დავიღალე...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG