Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთქი რას მილოცავს?


ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

12-ს უკვე წუთები აკლია. „სამების“ ტაძარში შეკრებილი ასობით ადამიანი შობის დღესასწაულისთვის ემზადება. ტაძარში პატრიარქს ელიან. ლოცვა და გალობა დროებით შეწყდა. ცენტრალური შემოსასვლელიდან ამბიონამდე ბარიკადები და წითელი ხალიჩაა. ბარიკადებს შორის სამთავრბო დაცვის თანამშრომლები საქმიანად დააბიჯებენ. იმდენი ხალხია, ცოტაც და „ჭყლეტვა“ დაიწყება.დათოს მკლავს ვებღაუჭები, რომ არ დავკარგო. ღამის გასათევად შეკრებილი მრევლი საუბრობს. პირადი ცხოვრება, ჩაცმის სტილი, სოციალური და გლობალური საკითხები, რაღას არ მოისმენ აქ მდგომთაგან.

და აი, ჩამოკრა საზეიმო ზარმა. სტიქაროსნები ბაირაღებით შემოდიან. „პატრიარქი მობრძანდება“ ისმის აქეთ-იქიდან. ხალხი ბარიკადებს უფრო და უფრო აწყდება და მეც უფრო და უფრო მიჭირს სუნთქვა. ყველა შემოსასვლელს უყურბს. მე მხოლოდ მაღლა აწვდილ მობილურიან ხელებს ვხედავ.უკვე სიდაბლის კომპლექსი მიჩნდება. ხელები, ტელეფონები, ფოტოაპარატები, ან უკეთეს შემთხვევაში - თავები, თავები თავები... ფეხის ცერებზე ვდგები და კისერს ისე მაღლა ვჭიმავ, რომელიღაც ძარღვის ტკივილს ვგრძნობ,შემოსასვლელისკენ მზერას მაინც ვაგრძელებ. კარში მაღლა აწეულ თავი ჩნდება, სახეზე სიამაყის ღიმილი დასთამაშებს. შემდეგ, გაფითრებული ქალბატონი, იმავე ღიმილით - პრემიერი, მეუღლესთან ერთად. „ქალაქის თავი,“ ასევე მეუღესთან ერთად. მოკლედ, ჩვენს წინაშე „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ თითქმის სრული შემადგენლობით წარსდგნენ. პატრიარქი? პატრიარქი, სადღაც მათ მიღმა წამიერად დავლანდე, ამ დროს ფეხი ცერებმა მიმტყუნა და ძირს დავეშვი. უწმინდესს ამბიონამდე მაღალჩინოსანთა „არმია“ აცილებს. შემდეგ კი, ეს უკანასკნელნი, მათთვის სპეციალურად განსაზღვრულ, ტაძრის ცენტრალურ ნაწილს იკავებენ. აქედან მოსმენილ ლოცვას ალბათ სხვა ძალა აქვს.

დაიწყო საზეიმო წირვა-ლოცვა. შემოსასვლელთან მიჭყლეტილებს ლოცვა არ გვესმის. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერც საშობაო ეპოსტოლეს ვისმენთ. საკურთხეველი ჩვენიდან ძალიან შორს არის, დინამიკები კი, რატომღაც გათიშულია. სიტყვები არ ისმის. სასულიერო პირების ხმა ჩვენამდე ვერ აღწევს, სამაგიეროდ საშობაო ღამისთევაზე მისული, გარშემომყოფთა საუბარს მარტივად ვისმენ.

- გილოცავ.

- რას?

-შობას.

-აა, მეთქი რას მილოცავს.

- ფრთხილად დაიკავე სანთელი, თავსაფარი არ დაუწვა იმ გოგოს.

- წინაზე გახსოვს თმაზე ცეცხლი რომ მომეკიდა?

- ისე ახლოს აქვს სანთელი შენ უკან რომ ქალია, არც ახლაა გამორიცხული.

- დამწვავს და „ზაჟიგალკას“ მივცემ თავზე.

ვიღაც საოცარი სიძლიერითმეჯახება, არ იმჩნევს და აქეთ-იქით იყურება.

- დაკარგეთ ვინმე?

- არაა, აა, კი კი დავკარგე.

ქართულ ხასიათს ხომ ცხრა მთას იქითაც იცნობ ქართველი. არავინ დაუკარგავს. უბრალოდ, წინ უნდა გადასვლა. მერე რა, რომ მის წინ ათასი კაცი დგას, წინ უნდა და მოკალი.

დათო, გავიდეთ, ჰაერი აღარ მყოფნის. რომ გავიდეთ ვეღარ შემოვალთ ნან. არაუაშავს, გავიდეთ.

ტაძრის ეზოშიც უამრავი ხალხია. ცივა, მაგრამ სუფთა ჰაერს ვსუნთავთ. ჭიშკარს ვუახლოვდებით. ინვალიდის ეტლები, მოხუცები, ბავშვები... „დამეხმარეთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ამ დღის მადლი შეგეწიოთ. გოგონი, გოგონი, დამეხმარეთ. ათი თეთრი, ათი თეთრი, გემუდარებით...“

ტაძარში ვბრუნდებით. გვიმართლებს - შესვლას კვლავ ვახერხებთ. ეპოსტოლე დაუსრულებიათ. გალობენ. ამბიონთან ახლოს ვარ, მოსმენას მაინც ვერ ვახერხებ. ამჯერად მე ვარ დამნაშავე. გონებას ვერ ვიკრებ. გაბრაზებულივით ვდგავარ. დათოსკენ ვბრუნდები, 12-ზე სურვილიც ვერ ჩავუთქვი - ვეუბნები. დათოს ეღიმება. ლოცვას კვლავ ვერ, ან არ ვუსმენ. უკვე საკუთარ თავზე ვბრაზდები. ჩურჩულები, ჩურჩულები, ჩურჩულები... ჩუმი კისკისი, უკვე მერამდენე პირად ისტორიას ვისმენ გვერდზე მდგომთაგან.

წითელთავსაფრიანი გოგონას ნიკუშასთან უჩხუბია. მწვანექუდიანი აფრთხილებს - ასე თუ გააგრძელა, საერთოდ დაკარგავს. ხაკისფერქურთუკიან ბიჭს ხელზე სანთელი ეწვეთება. ხელი დაეწვა, ძალიან დაეწვა. „აუუუ ამისი, მერამდენედ დავიწვი.“ ყავისფერკაშნეიანს ჰაერი არ ყოფნის. თუ არ გავიდა „ბოზიშვილი იყოს“ გაიგუდება. „ტონალური მომშორდა.“„ძაან მშია.“ „მეძინება.“ კირიე ელეისონ, კირიე ელეისონ, კირიე ელესიონ...

დათო, კიდევ გავიდეთ რა ცოტა ხნით. ტაძრის ქვედა დარბაზში ჩავდივართ. სიწყნარეა.„ხარების“ ტაძარში გადავედით, აქაც საზეიმო წირვა-ლოცვაა. იესო დაბადებულა, ალილო, ალილო ალილო...

საკუთხეველს ვუახლოვდები, იქნებ ამჯერად მაინც შევძლო ლოცვის მოსმენა.

ვისმენ, მესმის, გულში ვიმეორებ. ალაგ-ალაგ გონება მაინც მეფანტება. კვლავ ჩემს თავზე ვბრაზდები. პატრიარქის ქადაგებამდე რამდენიმე საათი რჩება. დარჩენას აზრი არ აქვს. სინდისი მქენჯნის. ტაძრიდან გამოვდივარ. იმედგაცრუებული საკუთარ თავზე, გარშემომყოფებზე, ზოგადად ყველაფერზე. გულში მექანიკურად ვიმეორებ მხოლოდ ორ სიტყვას - იესო დაბადებულა, იესო დაბადებულა... ტაქსიში ვჯდები.

- ესეც მეცხრეეე... -მძღოლის ბედნიერი ხმა.

- რა მეცხრე?

- მეცხრე კლიენტი. 120 ლარი გავაკეთე და ჯერ სადაა.

- ქრისტესშობას გილოცავთ.

- აა, მეც მეც.

ჩაბნელებული კორპუსები. სარკმლებთან მბჟუტავი სანთლები. აქა-იქ მანქანები.

იესო დაბადებულა, იესო დაბადებულა... სახლში შევდივარ, ჩემს ფანჯარასთანაც ბჟუტავს სანთელი. ყველას სძინავს. ვწვები, ვერ ვიძინებ. ისე საკუთარ დაბადების დღეს ხომ უკეთ აღვნიშნავთ ხოლმე - გამეფიქრა. „ფეისბუქზე“ შევდივარ. პოსტები - „გილოცავთ, გეწეოდეთ, გფარავდეთ, იესო დაბადებულა...“

მარიამ კაპანაძე is reading locvani at Sameba Cathedral…

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG