Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

უკვე, მეექვსე „მესიჯს”ვიღებ თამუნასგან, რომელიც ჩემი „უპასუხსმგებლობით“ძალიან გაბრაზებული, „თავისუფლების მოედანზე” მელოდება. მე, როგორც ყოველთვის, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვაგვიანებ. 2 წუთიც და თამუნას აღშფოთებულსახეს დავინახავ, მაგრამ მანამდე ნაცნობი სახე მხვდება. ნაცნობი სახე „ბარბერიდან“ გამოდის. მიღიმის.
- ნაან, როგორ ხარ?
-ნუცი, ძლივს გიცანი.

მოკითხვისა და „როგორ დაიკარგე“ საყვედურების შემდეგირკვევა, რომ ხვალ სამსახურში პირველი დღე აქვს და საგანგებოდ ემზადება. მთელ დღეს „შოპინგობს“ და უკვე სალონში აგვიანებს. ორივეს გვეჩქარება, ამიტომ ათი წუთის მეტი ერთმანეთს ვერ დავუთმეთ, თუმცა პირობა დავდეთ, რომ ერთ დღეს, რამდენიმე საათით, აუცილებლად შევხვდებით.

ნუცი წავიდა. თამუნა არ დამხვდა. ჩემი 55-წუთიანი დაგვიანებით შეურაცხყოფილი აღარ დამელოდა. მეც მაღაზიებს გავუყევი. ჩემი და ნუცის ბავშვობას გამახსენდა...

მე და ნუცი ერთად ვცეკვავდით. ჯგუფში ყველაზე ფუმფულა და საყავრელგოგოდ ითვლებოდა. ეს სიფუმფულე „სოლოების” ცეკვაში ხელს არ უშლიდა, არც მას, არც ჩვენს ქორეოგრაფს. ცეკვის გარდა მუსიკაზეც დადიოდა. უფრო სწორად, მუსიკა დადიოდა მასთან. მასწავლებელი სახლში მიდიოდა და ინდივიდუალურად ამეცადინებდა.

პირველ გასტროლზე ერთ ნომერში მოვხვდით. ბულგარეთის დედაქალაქშივიყავით. სრულიად არაფერი მოსწონდა. არც ქალაქი, არც სასტუმრო, არც კერძები. სცენაც „რაღაცნაირი იყო“ და ვერ ცეკვავდა.დედას შვიდივე ღამეს ერთი და იმავე ტექსტით ურეკავდა, რომ „საშინელებებს“ აჭმევდნენ და შეიძლება მოწამლულიყო.აღშფოთებული ქეთინო მასწავლებელთან რეკავდა. მასწვლებელი სიტუაციას ნუცისთან არკვევდა და ასე გაგრძელდაეს “გაფუჭებული ტელეფონი” ერთ კვირას.

ჩამოვედით. რამდენიმე დღეში,დეიდა ქეთინომ განაცხადა, ბავშვი მიმყავს, სწავლისთვის დრო აღარ რჩებაო. ასე დასრულდა ნუცისა და „ერისიონის“ ურთიერთობა. სწავლა გააგრძელა. 4 უცხო ენასა და კიდევ რამდენიმე საგანში მეცადინეობდა. ნელ-ნელა ჩვენი კონტაქტი გაწყდა. აბიტურიენტობის დროს ჩემი არჩევანით დაინტერესდა და რამდენიმეწილიანი პაუზის შემდეგ მაშინ შემეხმიანა.

პირველ წელს სასურველ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა. მომზადება გააგრძელა. შემდეგი წლისთვის უნივერსიტეტზე უფრო სასურველი გამოჩნდა - გათხოვდა. შვილი ჯერ არ უნდა. კარიერაში ხელს შეუშლის. ისევ არსადჩაუბარებია. გადაწყვიტა, სწავლა პირდაპირ უცხოეთში დაიწყოს. ფინანსურად პრობლემა არ აქვს. გიოს მამა გაუშვებს. (მამამთილი) უსაყავრლესი კაცია. წინა დაბადების დღეზე არც მეტი არც ნაკლები, მანქანა აჩუქა. ის და გიო ხშირად მოგზაურობენ. რაღაც, საკუთარი თავის ძიებაში არიან ორივე. სამსახურის დაწყება დედამ გადააწყვეტინა. უთხრა, თუ არ იმუშავებ, „დამახაზიაიკა“ გახდებიო. მამამთილის მეგობარმა თავის კომპანიაში მიიყვანა. „ძაან” მოტივირებულია და ზუსტად იცის, ყველაფერი გამოუვა.

ნუცი ბედნიერია. დედაც. მამამთილი - ამაყი...ამ შემთხვევაში დაზარალებული მხოლოდ მამამთილის მეგობარია, რომელსაც დიდი ალბათობით, კომპანიაში გამოცდილი კადრი სჭირდება. იცის, რომ ნუცი მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ძმაკაცს უარს ვერ ეტყვის. თან ისეთ ძმაკაცს, ხვალ რომ შეიძლება თავად დასჭირდეს. ისიც იცის, რომ ამით არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. იმედს უცრუებს იმ ასობით ადამიანს, ვინც მის კომპანიაში მოსახვედრად ხუთგვერდიან CV-ებს აგზავნის. ენთუზიაზმს უქრობს იმ ათობით კვალიფიციურ თანამშრომელს, რომლებიც აგერ უკვე 5 წელია ხელფასზე 100 ლარის მომატებას ითხოვენ. პატივცემული იმასაც ხვდება, რომ მსგავსი მიდგომა ადრე თუ გვიან მისი პროდუქციის ხარისხზე უარყოფითად აისახება, მაგრამ არაფერს ცვლის. ახსენდება, რამდენი „ნუცი“ ჰყავს კომპანიაში და თავს უსიამოვნოდ აკანტურებს, მაგრამ ხვალ ახალ თანამშრომელს მაინც ნაძალადევად გაუღიმებს და ერთ-ორ „მამა-შვილურ“ რჩევასაც მისცემს.

ნუცი ჩემი ამბითაც დაინტერესდა. ვერ მივხვდი, იმ მომენტში ამომივარდათავიდან ყველაფერი, თუ მართლა არაფერი მქონდა მოსაყოლი - „რავიცით“ შემოვიფარგლე.

ერთ-ერთ მაღაზიაში შევდივარ. ვათვალიერებ ჩანთებს, კაბებს, მაისურებს. მაისურების სექციასთან კონსულტანტი მიახლოვდება.

- ხომ არ დაგეხმაროთ? როგორ ზედას ეძებთ?

- მე? მე ვეძებ დაკარგულ მოტივაციას, მპოვნელი დასაჩურდება...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG