Accessibility links

სტანდარტული მიმართვა „განათლების მოყვარულებს“


ავტორი: ნიკოლოზ ჩუბინიძე

თუ შევთანხმდებით, რომ ანალიტიკური აზროვნების უნარი, ცვლილება და სიახლისკენ სწრაფვა განათლებული და სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების მახასიათებლებია, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ამ პარადიგმის მიუღებლობამ განაპირობა ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების მოუქნელობა და უძრაობა.

სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა პერიოდში, ქართულმა კულტურულმა სივრცემ ვერ მოახერხა იდეოლოგიზებული ცნობიერების დაძლევა და ამ ცნობიერების თანმხლებმა მოვლენებმა – თვითრეფლექსიის უქონლობამ, ირაციონალიზმმა სნობიზმმა და ერთგვარმა ნარცისიზმმა, კვლავ გააგრძელეს ჩვეული ფორმით არსებობა.

შეუძლებელია ეს მოვლენაგანათლების სისტემას არ შეხებოდა. თეორიულად იმ რეფორმებს, რომლებიც ჩატარდა ამ სისტემაში, ისეთი ადამიანი უნდა გაეზარდა, რომელიც შეძლებდა პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების თვითონ გააზრებას და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზაციას სათანადო გარემოში. მაგრამ ამისთვის საჭირო ვერც საზოგადოებრივი ასპარეზი შეიქმნა ჩვენს კულტურულ სივრცეში დავერც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (როგორც განათლების უმნიშვნელოვანესი რგოლის)პედაგოგებმა შეძლეს, ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლის ცხოვრებისეული გამოცდილებისა და კოგნიტური შესაძლებლობის ურთიერთკავშირის შედეგად წარიმართებოდა ამა თუ იმ საგნობრივი დისციპლინის წარმატებული სწავლება.

ზოგადსაგანმანათლებლობლო სივრცისთვის განკუთვნილმა სასწავლო მიდგომებმა, რომლებსაც განათლების ევროპული სტანდარტები უნდა დაეკმაყოფილებინა, მცირე გამონაკლისის გარდა ვერ პოვა სათანადო ასახვა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზე. ჩვენს სკოლებში არ აღმოჩნდა ადამიანური რესურსი, რომელიც გააცნობიერებდა და გაითავისებდა ზოგადად ევროპული (არა მხოლოდ საგანმანათლებლო) ფასეულობებისა და განათლების რეფორმის მიერ შეთავაზებული პოლიტიკისა და ახალი სასწავლო მიდგომების მნიშვნელობას.

საბოლოოდ განათლების რეფორმამ მიიღო ფორმალური და მოჩვენებითი ხასიათი, თავად იმ ადამიანური რესურსისათვის, რომელსაც ევალებოდა რეფორმის სასწავლო და მეთოდოლოგიური სტრატეგიები განეხორციელებინა სასწავლო გარემოში. ერთი შეხედვით ამოიწურა ყველა ადამიანური და მატერიალური რესურსი, შედეგი კი არასახარბიელო აღმოჩნდა. არასახარბიელო აღმოჩნდა, არა იმიტომ, რომ რეფორმის არსი და პოლიტიკა იყო არაკეთილშობილური და არასათანადო, არამედ, იმიტომ, რომ არ აღმოჩნდა სწორად შერჩეული სათანადო კადრი, შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომელიც შეძლებდა სასურველი, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკის სკოლამდელი, სასკოლო, ინკლუზიური, პროფესიული და უმაღლესი განათლებისსფეროში დანერგვას.

ნებისმიერი საგანმანათლებლო პოლიტიკა კრახისთვისაა განწირეული თუ მის განხორციელებაში არ მონაწილეობს განათლებული კადრი, ჩვენს შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას ვგულისხმობ –განათლებული პედაგოგი. საუკეთესო სახელმძღვანელო, საუკეთესო სასწავლო გეგმა, კარგი საგნობრივი სტანდარტები, უახლესი საგანმანათლებლო და სასწავლო სტრატეგიებიც კი ვერ შეცვლიან განათლებული პიროვნებისა და პედაგოგის როლს სასწავლო პროცესში. ისაა საფუძველი და მთავარი საყრდენი სკოლებში საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმატებისა. პირველ რიგში სწორედ პედაგოგებმა უნდა გააცნობიერონ და აღიარონ მოსწავლეზე ცენტრირებული ჰუმანისტური საგანმანათლებლო მიდგომების სკოლებში დანერგვის აუცილებლობა. ეს მათი ნებით უნდა მოხდეს, მათგან უნდა წამოვიდეს ინიციატივა, ისინი პირველები უნდა ჩაერთონ სარეფორმო გადაწყვეტილებებისმიღებაში.

რა მოხდა ჩვენთან?

განათლების რეფორმირების პროცესში, პედაგოგებმა საკუთარი თავი ცნობიერად თუ არაცნობიერად გარკვეული ძალადობის მსხვერპლად მიიჩნიეს, (მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს მათთვის ფინანსური სარგებელიც მოჰქონდა) რადგან მათი აზრით, მათ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ეკეთებინათ ის, რაც მათთვის მთლად ნათელი და გასაგები არ იყო. ცვლილებების დანერგვა არ ყოფილა მათი გაცნობიერებული სურვილი და არჩევანი. იძულებით რაიმეს კეთება, კი მოგეხსენებათ როგორც მოქმედებს ადამიანთა მოტივაციაზე. ვიღებთ პარადოქსულ სიტუაციას, არამოტივირებული ადამიანები (პედაგოგები) ვალდებულნი არიან შეიმუშაონ, უარეს შემთხვევაში კი იმუშაონ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა, მათთვის და არა მარტო მათთვის, სრულიად გაუგებარი სასწავლო აქტივობებისა და მეთოდური სტრატეგიების გამოყენებით.

განათლების რეფორმის მოთხოვნები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგთათვის პრაქტიკაში რეალიზდა, როგორც ერთგვარი რუტინა, უსარგებლო წინაღობა, რომლისგან თავის დასაღწევად, ათასგვარი ხრიკისა და იოლი გზების ძიებაა აუცილებელი. მაგალითად, (და ეს მაგალითი ფრიად საგულისხმოა) მასწავლებლები, როცა ისინი ემზადებიან პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის, თითქმის ერთხმად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ პროფესიულ უნარებში გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ერთი მარტივი წესის დაცვა და დამახსოვრება – „ყველა სიტუაციურ ამოცანას და ყველა კითხვას იმის საპირისპიროდ უნდა უპასუხონ, როგორადაც თავად იქცევიან რეალურად სასკოლო გარემოში და ეს პასუხები ჩაითვლება მართებულად“. ეს არის სამწუხაროდ ერთ–ერთი ლოგიკური დასკვნა, რომელიც მასწავლებლებმა საგამოცდო ტესტებზე დაკვირვების შედეგად გააკეთეს.

ზემოთ ნახსენები პარადოქსის მსგავსი პარადოქსების თავიდან ასაცილებლად, რეალური შედეგებისა და წარმატებული საგანმანათლებლო რეფორმის მისაღებად აუცილებელია შეიქმნას განათლების მართვის ინსტიტუტი, განათლების ფილოსოფიის, განათლების ფსიქოლოგიის და ზოგადად ფილოსოფიის ფაკულტეტებით, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუტი გახდება მთელ ქვეყანაში და ადამიანური რესურსით მოამარაგებს არა მარტო საგანმანათლებლო სივრცეს, არამედ მთელ საზოგადოებას და მკვეთრად გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობისა და განათლების ხარისხს.

ჩვენი ქვეყნისთვის განათლების პრიორიტეტულობის აღიარებაა ის რუბიკონი, რომლის გადალახვაზეც ცალსახადაა დამოკიდებული სახელმწიფოს უკეთესი და პროგრესული მომავალი.

როგორ უნდა გადაილახოს ეს რუბიკონი, ეს კიდევ ცალკე, უფრო დეტალიზებული საუბრის თემაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG