Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსხვავებული პოსტი


ავტორი: ნუციკო მთვარელიშვილი

ავტობუსით ვმგზავრობ, ვთვლემ, ზურგს უკან მომესმა დიალოგი: ,,იცი, ის განსხვავებულია” და შემდეგ ამას მოჰყვა ყურისთვის არც თუ სასიამოვნო შეფასება. თვალები წამით გავახილე და შემდეგ ისევ დავხუჭე, პროტესტის ნიშნად თითქოსდა, არც მინდოდა მომესმინა მათი საუბარი. მერე კი ჩემთვის დავფიქრდი, რას ნიშნავს იყო ,,განსხვავებული” და როდის ვიყავი ,,ასეთი” ან ვყოფილვარ კი საერთოდ ან იქნებ მე მყავს ,,განსხვავებულები” გვერდით ან იქნებ არც არავინაა ,,განსხვავებული” ან ყველანი ერთმანეთისგან ,,განსხვავებულები” ვართ. ,,განსხვავებული” … დავფიქრდი და გამახსენდა: – ძალიან ცხელოდა, დარეტიანებულივით დავბოდიალობდი ნიუ დელის ერთ-ერთ დიდ ბაზარში, ყველაფერი ირეოდა ჩემ თვალწინ: ადამიანები, სურნელი, ემოცია, შეგრძნება, როდესაც ჩემი ყურადღება მიიპყრეს ადამიანებმა, რომლებიც დაჟინებით იყურებოდნენ ერთი მიმართულებით, გავიხედე და დავინახე ორი განსხვავებულად ჩაცმული მამაკაცი, რომლებიც ხელიხელჩაკიდებულები მოდიოდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. როდესაც იქ მყოფებს გადავხედე, ემოცია აქაც ირეოდა, უმეტესად: ზიზღი და სიბრალული ერთმანეთს ენაცვლებოდა და რაღაცნაირად გული დამწყდა… ისინი მათთვის ,,განსხვავებულები” იყვნენ. – ერთ-ერთი აზიური ქვეყნის მუსულმანურ უბანში მოვხვდი, სადაც გარეთ მხოლოდ მამაკაცები ირეოდნენ და უმეტესად ყველას ერთნაირად, თეთრი გრძელი ტანისამოსი, ეცვა. მე ვიგრძენი მათი მწველი მზერა, ყველა ჩემკენ იყურებოდა, რადგან მხოლოდ ერთი ქალი ვიყავი, ვინც მათ გვერდით მყოფი ქალებისგან განსხვავდებოდა და თამამად დადიოდა მათ გვერდით დღისით, მზისით. თავი უხერხულად ვიგრძენი ,,განსხვავებულის” როლში.
– ერთ-ერთ ქალაქში მოგზაურობისას ლგბტ პირთა ღონისძიება-კონცერტი იყო, ტერიტორია შემოსაზღვრული იყო, მათ და ,,დანარჩენ სამყაროს” რკინის ღობეები ჰყოფდა. ღობის იქით და ღობის აქეთ დარჩენილები ასე უყურებდნენ ერთმანეთს, მათთვის ტერიტორია შემოსაზღვრული იყო… და მაინც… ვინ იყო აქ უფრო ,,განსხვავებული”(?!) – ჩემს მეგობარს სასწავლებლად გამგზავრებამდე სასწავლებლისვე მოთხოვნით სხვადასხვა სამედიცინო ტესტის გავლა მოსთხოვეს, მათ შორის, ტუბერკულოზი, აივ / შიდსი და ასე შემდეგ. მახსოვს, მიყვებოდა, ლაბორატორიის თანამშრომლის აგდებული დამოკიდებულების შესახებ, როდესაც გაიგო, რა ანალიზის (აივ/შიდსი) გასაკეთებლად იყო მისული და სანამ მეორემ, მისმა კოლეგამ არ უთხრა, რომ სასწავლებლისთვის ჭირდებოდა, ყურადღებას არ აქცევდა და ცდილობდა სხვების ურიგოდ გატარებას. ჩემი მეგობარიც მათთვის ,,განსხვავებული” პაციენტი იყო იმ ყველა დანარჩენი პაციენტებისგან. – ჩვენ ყველანი ,,განსხვავებულები” ვართ: ზოგი გარეგნობით, ზოგი გემოვნებით, ზოგი მსოფლმხედველობით და ვინ მოთვლის კიდევ რით. დიახ, ,,განსხვავებულები” და ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს ,,განსხვავებულობა” ქმნის ცხოვრებას უფრო საინტერესოს, რომ ყველანი ერთმანეთს არ ვგავართ და ყველანი ჩვენს მიკრო სამყაროს, მთელი თავისი სისავსით, ვატარებთ ჩვენში, რომელიც ერთნაირად საინტერესო და აღმოჩენის ღირსია… ჩემმა ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა და მეც თავი გვარიანად მივცხე ავტობუსის ფანჯარას. დილის თვლემისგან გამოვფხიზლდი და მერე გამეღიმა, რამდენს სჭირდება ერთი ,,კარგად გამოფხიზლება’’?!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG