Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არარსებული მემარცხენე ალტერნატივა


ავტრი: საბა ყაფლანიშვილი

თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად კიდევ ერთხელ იჩინა თავი ქართული პარტიული პოლიტიკისთვის დამახასიათებელმა ერთ-ერთმა თავისებურებამ - მემარცხენე ალტერნატივის არარსებობამ.

ზოგადად ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მემარჯვენე-მემარცხენე დაყოფა პოსტსაბჭოთა სივრცეში არაა პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი განმსაზღვრელი. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. ამის მთავარი მიზეზია სსრკ-ს შემადგენლობაში გატარებული 70 წლიანი პერიოდი. დაშლის შემდგომი მეხსიერების პოლიტიკა სოციალისტურ იდეებს ავტომატურად უკავშირებს საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიურ განწყობას და ამგვარად დევნის მათ. გარდა ამისა, ჩვენს რეგიონში პოლიტიკა მკაცრად პერსონიფიცირებულია და პარტიები იდეოლოგიური საწყისების ნაცვლად, ერთი კონკრეტული ლიდერის გარშემო ერთიანდებიან.

იქნებოდა ეს ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი, საერთო ამ ლიდერებს სწორედ ის ჰქონდათ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია სწორედ მათი ფიგურის გარშემო იყო შემოკრებილი და შეიძლება ითქვას, რომ ეს პარტიები თუ კოალიციები იდეოლოგიურად ამორფულ წარმონაქმნს წარმოადგენდნენ.

ამრიგად, რთულია საუბარი იდეოლოგიურ საწყისებზე დაფუძვნებულ პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირებაზე ქართულ პოლიტიკაში, თუმცა პოლიტიკური ცხოვრების თანდათანობით დემოკრატიზაციასთან ერთად, ეს იქცევა სწორედ იმ აუთვისებელი ნიშად, რომელიც ტრადიციული პოლიტიკური ლიდერებისგან და პარტიებისგან დაღლილი მოსახლეობის პირობებში, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება დაიკავოს.

ძირითადი პოლიტიკური პარტიების საქმიანობასა და დაპირებებში მაინც შეიძლება საერთო, მემარჯვენე მიმართულებით გადახრილი ხაზის დაჭერა. რამდენად განსხვავებულიც არ უნდა იყვნენ ისინი ერთმანეთისგან, ამ ძალების ძირითადი იდეური ბაზა მაინც მემარჯვენე ან უკიდურეს შემთხვევაში ცენტრისტულია. კონსერვატიული ღირებულებები იქნება ეს, ეროვნულ გრძნობზე თამაში, ეკონომიკური ლიბერალიზმი თუ სხვ.

ერთის მხრივ, აშკარაა მემარჯვენე-პოპულისტური პარტიები, რომელთა მთავარი გზავნილები ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოუგვარებლობაზე, კონსერვატიულ პატერნალიზმე, რელიგიურ გრძნობებზე, კონსერვატიულ ღირებულებებსა და უცხო ქვეყნისგან შემომავალ გავლენებისგან დაცვაზე გადის. მეორეს მხრივ, ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრე პარტიები ძირითადად ეკონომიკურ გამოწვევებზე აპელირებენ და არსებული პრობლემების მოგვარების მთავარ გზად გადასახადების შემცირება, პრივატიზაცია და ბაზრის მეტად დერეგულაცია ევლინებათ.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელი პოლიტიკური ხაზი მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერით წლებია აღარ სარგებლობს და მისგან დისტანცირება უკვე ამავე პარტიის ახლანდელ ლიდერებსაც სურთ. ამის მიუხედავად, აშკარაა ერთი რამ - იმდროინდელი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დერეგულაციისა და პრივატიზაციისკენ იყო მოწოდებული, უდიდეს პოლიტიკურ პარტიებში დღემდე პოპულარულია. სწორედ ამ პირობებშია თვალში საცემი მემარცხენე ალტერნატივის არქონა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მემარცხენე ძალთა მობილიზაციისთვის, ფინანსების არქონაა. რა თქმა უნდა, საუბარი არაა იმხელა რესურსზე, როგორიც თუნდაც 2011-12 წლებში ახლადშექმნილ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - აუთსაიდერული პოზიციის პარტიის ძირითად მოთამაშედ ქცევა, საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზაციის გარეშე, შეუძლებელია.

ქვეყანაში არსებული კონსერვატიული განწყობებიდან გამომდინარე, რთულია იქნება თანამედროვე მემარცხენეებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების წინ წამოწევა, რომლებიც სცილდება მხოლოდ მშრომელთა უფლებებს და საკითხთა ისეთ ფართო წრეს მოიცავს, როგორიცაა ქალთა უფლებები, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებები და სხვ. ფინანსების არგუმენტი აქ იჩენს თავს. თანმიმდევრული და ხანგრძლივ შედეგზე გათვლილი პოლიტიკის გატარება დიდ სირთულეს წარმოადგენს და მედია საშუალებებსა თუ საჯარო სივრცეებში აქტიურ მუშაობას და წევრთა მობილიზაციას საჭიროებს. ეს ყველაფერი დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.

ამ ყველაფერს ხელს არც ის უწყობს, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში უკანასკნელ არჩევნებში ცალსახა გახდა მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების გაძლიერება. რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკური კლიმატი განსხვავებულია დასავლეთ ან თუნდაც ცენტრალური ევროპისგან. დღის წესრიგში უმთავრეს ადგილს შედარებით განსხვავებული საკითხები იკავებს, თუმცა პოლიტიკური კურსიდან, ისტორიიდან და გეოგრაფიიდან გამომიდინარე, ჩვენი ქვეყანა მიბმულია ევროპის პოლიტიკურ სივრცეს და იქ მიმავალი ტენდენციები ჩვენზეც საგრძნობლად აისახება.

ნაციონალისტური, მემარჯვენე-პოპულისტური ძალების გააქტიურება დაკავშირებულია იმიგრაციის ნაკადის ზრდასა და ტერორიზმის საფრთხესთან. ევროპაში მიმავალი ეს მოვლენები მოსახლოებაში განგაშის გარემოს ქმნის, რასაც იყენებენ საქართველოში მოქმედი ჯგუფები. რთული სოციალური პირობები და მაღალი უმუშევრობა მოსახლეობას კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ამ პოპულისტური ნარატივისადმი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გატარდა რამოდენიმე სახელმწიფო სოციალური პროგრამა, რომელიც თავისი არსით მემარცხენეა. ყველაზე გამორჩეული ამ მხრივ არის საყოველთა ჯანდაცვა, თუმცა თავის მხრივ, სოციალური პროგრამები მრავალ ქვეყანაში მემარჯვენე პარტიების აქტიური მხარდაჭერითაც სარგებლობენ, ამიტომ მხოლოდ ასეთ პროგრამებს ვერ მივიჩნევთ პარტიის აშკარა მემარცხენე მიმართულების ინდიკატორად.

მემარცხენე ტალღა ბოლო წლების ფენომენია და ჯერჯერობით მცირე დაქსაქსულ ორგანიზციებს მოიცავს. დღევანდელი მემარცხენე სპექტრის ჯგუფები ხშირად მხოლოდ საზოგადოებრივი და სტუდენტური მოძრაობის ეტაპზე არიან გაჩერებულები და არც ისეთი ქოლგა ორგანიზაცია არ არსებობს, რომელიც მათ გააერთანებდა. ასე რომ, რთულია ვისაუბროთ მათ შორის პოტენციური პარტიული ელიტის შერჩევაზე და პოლიტიკურ პროცესებში პარტიულ დონეზე ჩასართავად მზაობაზე. ორგანიზებული პარტიებიდან შეიძლება „სოციალ-დემოკრატები“ გამოვყოთ, თუმცა პარტია მმართველ გუნდთან კოალიციაშია და ამჟამად „ქართულ ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის ფორმატით მოღვაწეობს, რაც ხელს უშლის საზოგადოებაში ამ პოლიტიკური ძალის დამოუკიდებელ მოთამაშედ დანახვას.

პოლიტიკური სპექტის მარცხენა ფლანგზე გაჩენილი ეს ვაკუუმი მნიშნველოვანია. მოსახლეობაში მაღალია ტრადიციული პარტიებით იმედგაცრუება და ამით გამოწვეული აპათიური დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისადმი.სულ რამოდენიმე დღის წინ ეს თბილისის მერის არჩევნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმაც დაადასტურა. სწორედ ამ სიცარიელის ამოვსება შეუძლია ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოახერხებს სწორი სამობილიზაციო სტრატეგიით მხარდამჭერთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდას და საქართველოს პარტიულ პოლიტიკაში ახალი სახის მოთამაშის გაჩენას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG