Accessibility links

როცა არავინ გვისმენს და გვხედავს


ავტორი: სალომე აფციაური

როცა წყვდიადი გვშთანთქვს, საბნების ქვემოთ შეგვყუჟავს, სიცივისაგან მოგვკუნტავს, შინაგანად აგვაკანკალებს, სუნთქვას მოგვახშირებინებს,რათა საბანწაფარებულებმა ჩვენი გამონასუნთქითა და სხეულით ჩავითბოთ თავები, საკუთარ მუხლებს შემოვეხვიოთ მკლავებით- ემბრიონალური პოზა მივიღოთ და თავიც სადღაც ფსკერისკენ ჩავქინდროთ. ასეთ დროს ვართ ყველაზე მეტად ჩვენ-ჩვენ. საკუთარი თავის ვერგამთბობები, გაშეშებულები ლოგინის ერთ წერტილში, რომელიც შედარებით გავათბეთ და გვეშინია ცივ ტერიტორიაზე გადასვლის. არაფრისდიდებით ცივ ჰაერს არ შემოვუშვებთ.ვერასულიერი თუ უსულო გადმოგვაყოფინებს ფეხებს ან ხელებს გარეთ. ვიძინებთ ხოლმე ასე, ბავშვები უფრო მალე-რადგან თავს ადვილად ითბობენ, დიდები- უფრო გვიან. ყველა ჩაძინება წვალებაა თითქოს. მცირე სიკვდილს აძალებ თავს და მერე მკვდრეთით აღდგომას. რაღაც სტადიას რომ მივაღწევთ, ჩვენი სხეული გამოყოფს და გამოყოფს სითბოს და ბოლოს ზღვრულ მდგომარეობაზე ჩერდება,როცა საბნის ქვეშ ზაფხული დგება. არც კი ვიცით რა დროს, როგორ, მაგრამ ამ ზაფხულში ჯერ ერთ ფეხს გამოვყოფთ ბუნაგიდან,მერე თავს ამოვყოფთ სუფთა ჰაერისკენ, მხრებსაც მივუშვერთ სიბნელეს და მძვიძარენი ვერაფერს ვიგრძნობთ ან გავიხსენებთ ასეთს , რადგან ამ დროს, ძილში უკვე სულ ერთი გახდება სითბოც, სიცივეც, ხელიც, ფეხიც, სუნთქვაც,ზაფხულიც, ზამთარიც.

მე შემიძლია უმიზნოდ ჩავრთო და გამოვრთო სოციალური ქსელი,უთვალავჯერ ვუსმინო მელოდიას, რომელიც სინამდვილეში არ მიყვარს.უღმერთოდ ბევრი ვილაპარაკო.უყოყმანოდ დავთანხმდე. უდანაკარგოდ ვჭამო და ვსვა. უტიფრად მოვიტყუო.უგერგილოდ ვწერო. უჩუმრად გავიდე და შემოვიდე სახლში. უკბილოდ ვიხუმრო. უზრუნველად ვიჯდე და არაფერი ვაკეთო. მე და მას და ჩვენ და ყველას ბევრი უ-ზე დაწყებული ზმნიზედა გაგვახსენდება,რომლებსაც ზმნებსაც ადვილად მივუყენებთ გვერდით. წინადადებებს ავაწყობთ და გაგვიხარდება. აზრს მივცემთ რაღაცას და გაგვიხარდება. თვითონ ის ფაქტი, რომ აზრი შევქმენით იქნება სასიხარულო და არა ის, როგორი აზრია ეს.

ვფიქრობ მწერლებზე, პოეტებზე, ღამე რომ რომანტიკა(ოღონდ ღამის რომანტიკა) შემოაწვებოდათ და წერდნენ. ვფიქრობ ჩემს მეგობარზე, რომელიც ასევე ღამით წერს ბევრს,მთვარის შუქის თანხლებით. აზრების სიტყვებად დაქუცმაცებისას, ტვინში ქიმიური რეაქციები ხდება, ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოების მუშაობის აჩქარება-შენელებები, სახეზე ემოციები ირეკლებიან, თვალები დასაწერს აცოხლებენ,და სინამდვილეში სიტყვები კი არა, ორგანიზმი ამბობს სათქმელს. ამიტომ მკითხველამდე ნაწერი მიდის და არა-სათქმელი, რადგან მკითხველის ორგანიზმში წაკითხვისას ტვინში ქიმიური რეაქციები ხდება, ორგანიზმში ორგანოების მუშაობის აჩქარება-შენელებები, სახეზე ემოციები ირეკლებიან, თვალები წაკითხულს აცოცხლებენ და სინამდვილეში სიტყვები კი არა, მკითხველის ორგანიზმი ხვდება სათქმელს-თავის სათქმელს.

შეიძლება ადგილს შევეყინოთ,ტვინი ავიდუღოთ იმდენი ხანი ვიფიქროთ სათქმელზე, ჩვენს საკუთარზე. ბოლოს ვიტყვით და ჰოპ!- დაგვასწრეს თურმე. რამდენიმე საუკუნის წინ, ჩვენზე პირველმა ვინც იცხოვრა მან დაგვასწრო,ამიტომ ის ყოველთვის ჩვენზე უპირატესი იქნება, რადგან მისმა სპერმატოზოიდმა ბევრად ადრე შეაღწია კვერცხუჯრედში,ვიდრე ჩვენმა.და იქნებ იმ სპერმატოზოიდსაც ჩვენ მივსდევდით იმ წამს ან სულაც სხვა მილიონი სპერმატოზოიდი ვიყავით სხვადასხვა დროსა და ეპოქაში და ჯერ იქ დაგვასწრეს, იმ წამს.

იქნებ სათქმელი ის სასარგებლო წიაღისეულია, რომელიც უკვე ყველა მოიპოვა კაცობრიობამ, იქნებ აღარაფერია სათქმელი, ანდა იქნებ პირიქით, ეს გამოულეველი რესურსია-უსასრულოზე უსასრულო.

იქნებ ყოველდღიურად ვთამაშობთ აზარტულ თამაშს მაიმუნებზე, ბანანებზე ან მარწყვებზე. თამაშს,სადაც იშვიათად დაეწყობა მიყოლებით სამი ან მეტი ერთნაირი სიმბოლო და კიდევ უფრო იშვიათად მოვიგებთ ბონუსს.და იქნებ სწორედ საბნიდან ფეხის გადმოყოფაა ჩვენი სათქმელი, რომელიც არასოდეს გვასხოვს როდის და როგორ ხდება. იქნებ ყველა ჩვენგანი, საკუთარ სათქმელს მაშინ ვამბობთ, როცა არავინ გვისმენს და გვხედავს, საკუთარი თავიც კი...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG