Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კონსულტანტები და საქართველო


ავტორი: სანდრო ტაბატაძე

დღესდღეობით უკვე „ყოველი დღე არჩევნების დღეა“ და ამერიკელი ჟურნალისტის სიდნი ბლუმენტალის „მუდმივი კამპანიის“ იდეა უფრო და უფრო რეალური ხდება. მართლაც, როგორც კი სრულდება ერთი საარჩევნო მარათონი, მაშინვე იწყება მეორე. ეს პროცესი თანდათან საქართველოშიც შესამჩნევია და, ამდენად, პოლიტიკური კომუნიკაციის პროფესიონალიზაციასაც მოითხოვს. სწორედ აქ ჩნდება პოლიტიკური კონსულტანტის ფენომენი, რომელიც ქართული რეალობისთვის არცთუ ნაცნობია. პოლიტიკური პარტიების უმეტესობას არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ეფექტური და კონკურენტული წინასაარჩევნო კამპანიების დაგეგმვისთვის, ხოლო პოლიტიკური სააგენტოები ფლობენ ამ ტექნიკურ უნარებს და რაც მთავარია, ეხმარებიან პოლიტიკურ ჯგუფებს პროგრამა და წინადადებები ამომრჩევლებს მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად მიაწოდონ. შედეგად, პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მეტად მრავალფეროვანი და ჯანსაღი ხდება.

ვინ არიან პოლიტიკური კონსულტანტები?

ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან კონკრეტულ პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ გაერთიანებას არჩევნებში გამარჯვებაში, გეგმავენ მათ კამპანიას, იკვლევენ საარჩევნო ბაზარს, მუშაობენ ამომრჩევლების მოთხოვნების გასაგებად, ურთიერთობენ მასმედიის წარმომადგენლებთან, არეგულირებენ საინფორმაციო ნაკადს, აგროვებენ ფაქტებს მოწინააღმდეგე კანდიდატებზე და, შესაბამისად, პრაქტიკული პოლიტიკის მართვის უხილავ სადავეებსაც ფლობენ. ეს ადამიანები პოლიტიკურ სააგენტოებსა და ფირმებში მუშაობენ და მომსახურეობის სფეროს ძვირადღირებულ ნაწილს წარმოადგენენ.

სად არიან პოლიტიკური კონსულტანტები საქართველოში?

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რეალობაში პოლიტიკური პარტიები რჩევებს ინდივიდუალურად იღებენ მათთვის სასურველი ექსპერტებისგან და ანალიტიკოსებისგან, რომლებიც უმეტესწილად პროფესიონალი კონსულტანტები სულაც არ არიან. საინტერესოა, განვიხილოთ ამგვარი ვითარების მიზეზები.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვიშნოთ ის გარემოება, განსხვავებით აშშ-ს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან, ქართული პოლიტიკური ბაზარი არც ისე დიდია. ამიტომაც, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის პროფესიის ცალკე არსებობა, სავარაუდოდ, არამომგებიანია და ეს საქმე შეიძლება მომიჯნავე სფეროში მომუშავე ადამიანებმაც კარგად შეასრულონ. მეტიც, მართალია, თითოეულ პოლიტიკურ რეალობაში სხვადასხვა მახასიათებლები განაპირობებენ არჩევნებში წარმატებას, თუმცა ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება მაინც უფრო რეაქციულია, ვიდრე პრაგმატული. თავის მხრივ, ეს ტენდენცია პოლიტიკური კონსულტანტების სიმცირეს შესაძლოა ხსნიდეს.

გარდა ამისა, მნიშველოვანი ფაქტორია ფინანსური რესურსების სიმწირე. პოლიტიკური მენეჯერები და ტექნოლოგები პრაქტიკულ პოლიტიკოსებს იმგვარ მომსახურეობას სთავაზობენ, რომელიც, საბოლოოდ, უმაღლესი თანამდებობების დაკავებას გულისხმობს. შესაბამისად, ეს საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს, რადგან პროფესიონალურად დაგეგმილი საარჩევნო კამპანია მხოლოდ პოლიტიკური რეკლამისა და ბანერის დამზადება არ არის, ის გაცილებით ფართოა და ხშირად გაუთვალისწინებელი მდგომარეობიდან გამოსვლას საჭიროებს. პოლიტიკური პარტიების უმეტესობას კი არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსები, რომ პოლიტიკური სააგენტოები დაიქირავონ და ხშირად საკუთარი ძალებით ცდილობენ წარმატების მიღწევას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეული მრჩევლებისთვის გადახდილი თანხით გაცილებით წარმატებული საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა იყო შესაძლებელი, რაც არა იმდენად რესურსების სიმწირეა, რამდენადაც მათი არამიზნობრივი ხარჯვა.

სხვა მხრივ, ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ თითქმის არ არსებობენ პოლიტიკური კონსულტანტები და სააგენტოები. მართალია, დროდადრო პოლიტიკური პარტიები აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან ანდა პოლიტიკური ანალიტიკოსებისგან რჩევებს იღებენ, თუმცა ეს მხოლოდ საარჩევნო პლატფორმასა და პროგრამას შეეხება და პოლიტიკური კომუნიკაციის დაგეგმვა ძირითადად შიდა ძალებით ხდება. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე, პროფესიონალი პოლიტიკური მენეჯერების ნაკლებობა აშკარაა.

ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკური კონსულტანტი საქართველოში?

ერთი შეხედვით, ამ საქმიანობაში წარმატებული ის ადამიანი ან სააგენტო იქნება, რომელიც შეძლებს და ეფექტურად დაგეგმავს წინასაარჩევნო კამპანიას და ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას გამარჯვებაში დაეხმარება. თუმცა, ამისთვის ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. პოლიტიკის მეცნიერების, საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების ანდა მომიჯნავე მიმართულებების კურსდამთავრებულები, ყოფილი ჟურნალისტები, პიარ სპეციალისტები, პრეს-სამსახურის წევრები, პოლიტიკური ფსიქოლოგები და სოციოლოგები, სწორედ ამგვარმა მრავალფეროვანმა გუნდმა შეიძლება სამომავლოდ შექმნას პოლიტიკური კომპანია. გარდა ამისა, პოლიტიკური მენეჯერი ყოფილი პოლიტიკოსიც შეიძლება გახდეს, თუმცა საქართველოში, როგორც წესი, აქტიური საჯარო პოლიტიკიდან იშვიათად რჩებიან მრჩევლების როლში.

საქართველოში შედარებით ნელა, თუმცა საარჩევნო კამპანია უფრო მუდმივ ხასიათს იძენს და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახერხებენ ერთიანობის შენარჩუნებას, შემდეგ არჩევნებზე იწყებენ ფიქრს. ამდენად, შრომის ეფექტური დანაწილება უმნიშველოვანესი ხდება. ეს ტენდენცია პოლიტიკური კონსულტანტების სამომავლო როლის შესახებ მსჯელობას უფრო აქტუალურს ხდის. ამისთვის კი საჭიროა, რომ გამდიდრდეს ლიტერატურა პოლიტიკური კომუნიკაციის ამ საკმაოდ მნიშველოვან ელემენტზე; განისაზღვროს ის რეალური ბარიერები, რაც ხელს უშლის ქართული პოლიტიკური სააგენტოების ჩამოყალიბებას, ყურადღება გამახვილდეს ამ ტიპის მომსახურეობის დადებით მხარეებზე; გამოცდილმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა იფიქრონ მსგავსი ტიპის კომპანიის დაარსების პერსპექტივებზე. სხვა შემთხვევაში, პროფესიონალი პოლიტიკური მენეჯერების ეფექტურ, კონკურენტულ და მუდმივ წინასაარჩევნო კამპანიას კვლავ დომინანტური პარტიების ფინანსური რესურსები დაძლევს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG