Accessibility links

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პოლიტიკური გავლენა საქართველოზე


ავტორი: შალვა სარდალიშვილი

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს პოლიტიკით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები. სოციალურ ქსელებში ქართველი მომხმარებლების ინტერესი იმდენად დიდი იყო,რომ იფიქრებდით არჩევნები არათუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ საქართველოში მიმდინარეობდა. ეს ინტერესი ბუნებრივია, ვინაიდან საქმე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მომავალსაც ეხება. კიდევ უფრო დიდი რეაქციები გამოწვია უშუალოდ არჩევნების შედეგებმა. შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე დონადლ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ. ანალიტიკოსთა და პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდებიან და მიიჩნევენ, რომ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ისევე გაგრძელდება, როგორც აქამდე მიმდინარეობდა და აშშ კვლავ იქნება საერთშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერი, განსაკუთრებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ხოლო მეორე ნაწილი საპირისპირო ვარაუდს გამოთქვამს და პროგნოზირებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში საქართველოს მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად შემცირდება და აშშ არ იქნება საქართველოს ისეთი აქტიური ლობისტი საერთაშორისო არენაზე, როგორიც აქამდე იყო. ორივე მოსაზრებას აქვს თავისი საფუძველი, ერთი მხრივ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული მესიჯები ანალიტიკოსთა გარკვეულ ნაწილს უყალიბებს აზრს, რომ საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკა შეიცვლება მხარდაჭერის შემცირების მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ თავად აშშ-ს პოლიტიკური სისტემის თავისებურება ანალიტიკოსთა დანარჩენ ნაწილს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობები ისევე გაგრძელდება, როგორც აქამდე მიმდინარეობდა და მხოლოდ პრეზიდენტის სურვილზე ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკის შეცვლა.

ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში საქარველოსთან მიმართებით პოლიტიკა მკვეთრად არ შეიცვლება და ამის თქმის საფუძველს მაძლევს არჩევის შემდგომ ტრამპის შერბილებული რიტორიკა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში თუ ის ხშირად შემოიფარგლებოდა მოკლე და რადიკალური განცხადებებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, არჩევის შემდგომ რიტორიკა შერბილდა. გარდა რიტორიკის ცვლილებისა სხვა უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტიც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკა მკვეთრად არ შეიცვლება, კერძოდ აშშ-ს პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ბალანსისა და წონასწორობის პრინციპებზე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ აშშ-ს კონგრესმა და სენატმა ტრამპს იზოლაციონისტური პოლიტიკის განხორციელების საშუალება მისცეს. დიდი ალბათობით, სისტემა ტრამპის მოთოკვას შეძლებს და მას მოუწევს ანგარიში გაუწიოს საკანომდებლო ორგანოს მოთხოვნებსა და გეგმებს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ დროის გარკვეული მონაკვეთში ნაკლები მხადაჭერა და ყურადღება ვიგრძნოთ საქართველოს მიმართ, ვიდრე ტრამპი თავის საგარეო პოლიტიკურ ხედვებს, რომელიც არ იყო მკაფიო წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში უფრო ნათელს გახდის და თავის წინასაარჩევნო მესიჯებს შეცვლის. კერძოდ, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი დამოკიდებულება ორი საკითხისადმი, პირველი, თუ როგორ უყურებს იგი რუსეთთან ურთიერთობის პესპექტივას და მეორე, რას ფიქრობს ნატოზე და მის მომავალზე. აუცილებელი იქნება მან გადახედოს თავის შეხედულებას რუსეთთან მიმართებაში, როდესაც იგი რუსეთსა და ამერიკას შორის გართულებულ ურთიერთობებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას აბრალებს, ხოლო თავის მხრივ კი დარწმუნებულია, რომ მას კარგად გამოუვა ამ ქვეყანასთან ურთიერთობა და მოლაპარაკებები. ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების იდეის განხორციელებას აპირებს. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი მოხარულია დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის ფაქტით. მილიარდერი საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვერ ხედავდა რუსეთის სამხედრო ძალების სირიაში ყოფნის პრობლემას, ის მიიჩნევდა, რომ ამერიკელებმა უნდა მისცენ უფლება რუსებს გაანადგურონ "ისლამური სახელმწიფო". მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იმ ადამიანებზე უკეთესიც კი იყო, ვისაც აშშ უჭერს მხარს სირიაში. დონალდ ტრამპი თვლიდა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, არ უნდა იბრძოლოს დიქტატორების წინააღმდეგ და რუსეთთან მოლაპარაკებების გზას დაადგეს. აშშ-ს მხრიდან რუსეთისადმი ლოიალურმა პოლიტიკამ შესაძლოა საქართველოზეც ნეგატიური გავლენა იქონიოს და პოლიტიკური მხარდაჭერა მთელი რიგი საკითხებისადმი, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებთან და ნატოში ინტერგარციის აქტიური მხარდაჭერის მიმართულებით შემცირდეს, მითუმეტეს, როდესაც ყირიმთან მიმართებაში ტრამპის პოზიცია ცნობილია და ეს პოზიცია საგანგაშოა, ხოლო ნატოსთან დაკავშირებით, თავის გამოსვლებში ტრამპი აცხადებდა და აკრიტიკებდა ნატოს „მოძველებული მისიას“ – ის ამტკიცებდა, რომ მოკავშირეები „არ იხდიან სამართლიან წილს“. მისი აზრით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოს დაფინანსება საგრძნობლად უნდა შეამციროს. საგანგაშოა ასევე მისი წინასაარჩევნო მესიჯი იმის შესახებ, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს იგი „ევროპის პრობლემას“ უწოდებს, „უკრაინის პრობლემა ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებს უფრო ეხება და არა ჩვენ,“- აცხადებდა ტრამპი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ალბათობა იმის შესახებ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში საქართველოს პოლიტიკურ-ფინანსური მხარდაჭერა შემცირდება მაინც არსებობს, თუმცა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია უფრო ოპტიმისტური მოლოდინი გვქონდეს და ვიფიქროთ, რომ უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს არაფერი ემუქრება და ეს ურთიერობები გაგრძელდება. ამ ოპტიმიზმის საფუძველს განსაკუთრებით იძლევა ის ისტორიული გამოცდილება, რაც აშშ-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების მცდელობის პოლიტიკას მოჰყვებოდა ხოლმე. კერძოდ, 2001 წელს, გაპრეზიდენტებისთანავეურთიერთობების ნორმალიზებას შეეცადა რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი. საყოველთაოდაა ცნობილი მისი ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ პუტინისთვალებში იგი სანდო ადამიანს ხედავდა. შემდეგ, 2009 წელს ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკით იგივე სცადა ახლადარჩეულმა დემოკრატმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ამ მცდელობების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ზოგადად არ შეცვლილა. რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, ტრამპმა პრზიდენტად არჩევის შემდეგ დამოკიდებულება აქაც შეიცვალა და განაცხადა, რომ ნატოსთან იგი მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.

ერთი მხრივ, აშშ-ს მიერ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების წარუმატებელი მცდელობის ისტორიული გამოცდილება და მეორე მხრივ, დონალდ ტრამპის შეცვლილი დამოკიდებულება ნატოს მიმართ, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არ შეიცვლება და იგი ისევე გააგრძელელებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ფინანსურ მხარდაჭერას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG