Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის საქართველოში პარტიული სისტემა სუსტად ინსტიტუციონალიზებული?


ავტორი: შოთა ნარსია

საბჭოთა ერთპარტიული მმართველობის შემდეგ საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მას შემდეგ ჩნდება, რაც მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება გახდა შესაძლებელი. პარტიული სისტემის დახასიათებისთვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნაა, რომ იგი ერთზე მეტი წევრისგან შედგებოდეს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს იდეოლოგიური განსხვავებულობაც. თუმცა, პარტიების რიცხვი და იდეოლოგიური პოლარიზაციის ხარისხი არ არის საკმარისი კრიტერიუმი პარტიული სისტემის დასახასიათებლად. კონკრეტული ქვეყნის პარტიული სისტემის შეფასებაარ იქნება სრული, თუ მას ინსტიტუციონალიზაციის დონის გათვალისწინებითაც არ გავაანალიზებთ. სემულ ჰანთინგტონის მიხედვით, “ინსტიტუციონალიზაცია არის პროცესი, რითაც ორგანიზაციები და პროცედურები ღირებულებასა და სტაბილურობას იძენენ (Huntington, 1968, p.12)”.მეინვერინგისა და სქალის მიხედვით კი პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია მოიცავს ოთხ განზომილებას. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე განვითარებულ საქართველოს პარტიულ სისტემას ქვემოთ სწორედ ამ განზომილებების მიხედვით გავაანალიზებ.

ინსტიტუციონალიზაციის პირველი განზომილება პარტიული კონკურენციის სტაბილურობაა. საქართველოში პარტიებს შორის კონკურენცია არამდგრადობით ხასიათდება. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე პარტიების მხარდაჭერის დონე მნიშვნელოვნად იცვლებოდა. პარტია „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ პარტია საერთოდ გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან. იმავე ბედი ეწია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირს“ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხებულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 40,34% მოიპოვა, მომდვენო საპარლამენტო არჩევნებზე, 2016 წელს, 27%-იანი მხარდაჭერა მიიღო. 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ პირველ არჩევნებში კი, 2013 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 21,72% მოიპოვა.

მეორე განზომილება, რითაც ინსტიტუციონალიზაციის დონეს ზომავენ, ამომრჩევლებსა და პარტიებს შორის კავშირია. საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოებაში ფესვები სუსტად აქვთ გადგმული. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ნაკლებად ან საერთოდ არ ახდენს საკუთარი თავის რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან იდენტიფიცირებას. იმ ამომრჩევლების მიერ პარტიასთან იდენტიფიცირებას კი, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ნაკლებად განსაზღვრავს პარტიის იდეოლოგია. ყველაზე მეტად პარტიასთან იდენტიფიცირებას სახელისუფლო პარტიების მხარდამჭერები ახდენენ. მათ შორის კი დიდი წილი მოდის კორპორაციულ ამომრჩევლებზე, ანუ საჯარო სამსახურში დასაქმებულებსა და თანამდებობის პირებზე. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ამომრჩეველთა ეს სეგმენტი, მეტწილად, პოლიტიკურ გემოვნებასაც იცვლის და ახალ ხელისუფლებას უჭერს მხარს. საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, სახელისუფლო პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, უფრო მეტი აქტივისტებიც ჰყავთ. აგრეთვე, დიდია, პარტიის მიერ საარჩევნო აგიტაციისთვის დაქირავებული პირები, კოორდინატორები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დაკარგა კორპორაციული ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ყოფილ სახელისუფლო პარტიას დღეს ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ერთგული მხარდამჭერი ჰყავს. ისინი საკუთარ პარტიულ კუთვნილებას ღიად გამოხატავენ. თუმცა, საერთო ჯამში, საქართველოში პარტიასთან იდენტიფიცირებულ ამომრჩეველთა რიცხვი დიდი არ არის.

ამომრჩეველთა შორის დაბალია პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელიც. კავკასიის ბარომეტრის 2015 წლის კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს სრულ ნდობას, გამოკითხულთა შორის, მხოლოდ 2% უცხადებს. გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ პარტიებს ძირითადად ენდობა, 41% კი საერთოდ ან ძირითადად არ ენდობა საქართველოში არსებულ არცერთ პარტიას.

ინსტიტუციონალიზაციას განსაზღვრავს ისიც, თუ რამდენად თანხმდებიან პოლიტიკური აქტორები პარტიების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებს აღიარებენ დემოკრატიული პოლიტიკის აუცილებელ ნაწილად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი პარტიების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი. ინსტიტუციონალიზაციის აღნიშნული განზომილებაც საქართველოში სისუსტით ხასიათდება. ამის მაგალითს კი თბილისის მერის ბოლო არჩევნები წარმოადგენს. მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელიც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა, თავის დროზე უარი განაცხადა „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ შეთავაზებაზე, მათი სახელით ეყარა კენჭი. მას შემდეგ კი, რაც ელისაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში იგი დედაქალაქის მართვაში პარტიების უარყოფით როლზე ამახვილებდა ყურადღებას. ადრეული წლებიდან აღსანიშნავია, რომ საქართველოს 1995 წლის მოწვევის პარლამენტში 29 დამოუკიდებელი კანდიდატი შევიდა. 1999 წლის არჩევნების შედეგად კი პარლამენტში 19-მა დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა მოახერხა შესვლა.

პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის მეოთხე განზომილებად პარტიული ორგანიზაციების ლიდერებისგან დამოუკიდებლობის ხარისხი მიიჩნევა. ამ კუთხით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე პარტიები მეტწილად ლიდერის ინტერესებს ექვემდებარებიან. პარტიების დიდი ნაწილი იქმნებოდა ლიდერების გარშემო და არა იდეოლოგიური ერთობის საფუძველზე. პარტია „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ შეუძლებელია, განვიხილოთ ზვიად გამსახურდიას გარეშე; ისევე, როგორც „საქართველოს მოქალაქეთა კავშირს“ ედუარდ შევარდნაძე აერთიანებდა. ორივე ლიდერის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას მათი პარტიების გაქრობაც მოჰყვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში წარმმართველი იყო მიხეილ სააკაშვილის როლი, ხოლო ორგანიზაციაში მისი როლის შემცირება პარტიიდან ყველა იმ ლიდერის წასვლით დასრულდა, რომელიც თავმჯდომარის შეხედულებებს არ იზიარებდა. პარტიული ორგანიზაციები ლიდერის ინტერესებისგან არ არიან თავისუფალი სხვა ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილშიც. არსებობს გამონაკლისებიც, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი პარტიები, ხშირ შემთხვევაში, ელექტორატის სიდიდით არ გამოირჩევიან.

ამდენად, საქართველოში პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის სისუსტე ოთხი განზომილებით აიხსნება: პარტიებს შორის კონკურენცია არ ექვემდებარება ზოგად წესებს და იგი არ არის მდგრადი; პარტიების მიმართ ამომრჩევლებს ნდობის დაბალი დონე აქვთ და შესაბამისად, სუსტია მათ შორის კავშირი; ზოგჯერ მხარდაჭერის მნიშვნელოვან დონეს იძენენ ისეთი აქტორები, რომლებიც პარტიების აუცილებლობას უგულვებელყოფენ; და ბოლოს, პარტიების დიდი ნაწილი ლიდერთა ინტერესებს ექვემდებარება და პარტიული ორგანიზაციის ავტონომია მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG