Accessibility links

„შვილობილი პარტიები“ და საარჩევნო ბლოკების დილემა


ავტორი: შოთა ნარსია

მცირე ელექტორატის მქონე პარტიებისათვის დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის გადალახვა, როგორც წესი, სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში პარტიები არჩევნებისთვის ბლოკებად ერთიანდებიან. თუმცა, საქართველოში საარჩევნო ბლოკების შექმნამ სხვა დატვირთვაც შეიძინა. ის აადვილებს საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის კერძო შემოწირულებების მიღება დიდ გამოწვევას წარმოადგენს, მათ ისღა დარჩენიათ, რომ სწორედ სახელმწიფო დაფინანსებით დაკმაყოფილდნენ. ამ პროცესში ზოგიერთმა პარტიამ საარჩევნო კანონმდებლობაში შეზღუდვის არარსებობით ისარგებლა და „შვილობილი პარტიების“ შექმნას მიმართა. თუ ბლოკი ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით,ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც მოიპოვებს, მასში შემავალი ყველა პარტია კვალიფიციური სუბიექტი გახდება და სახელმწიფოსგან დაფინანსებითა და სხვადასხვა პრივილეგიით ისარგებლებს. ეს პრივილეგიები კი განსაკუთრებით ხელშესახები მაშინაა, როდესაც ბლოკში შემავალი პარტიები მხოლოდ ფორმალურად არსებობენ და ერთი პარტიის ნაწილს წარმოადგენენ.

პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გამოითვლება სპეციალური ფორმულით. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია პარტიის მიერ მოპოვებული ხმებისა და მანდატების რაოდენობაზე. ასევე, განისაზღვრება საბაზო დაფინანსება წელიწადში 300 ათასი ლარის ოდენობით. ამდენივე თანხას დამატებით იღებენ ის პარტიები, რომლებმაც პარლამენტში ფრაქცია შექმნეს, თუმცა არჩევნებზე 6%-ზე ნაკლები ხმა ჰქონდათ მიღებული. არანაკლებ 6%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში კი ეს თანხა ორმაგდება. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კვალიფიციური პარტიები ყოველ საარჩევნო წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო ხარჯებისათვის გასაწევ დაფინანსებასაც იღებენ. ამასთან, ისინი უფასო სარეკლამო დროითაც სარგებლობენ.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის 20-მა პარტიამ ისარგებლა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით. დამოუკიდებლად ეს სტატუსი მათგან მხოლოდ ერთს, „ლეიბორისტულ პარტიას“, ჰქონდა მოპოვებული. ყველა დანარჩენი კი წინა ორ არჩევნებზე საარჩევნო ბლოკებში შედიოდა. მათ შორის არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც ერთი პარტიის წიაღში ფორმალურად წარმოიშვნენ. მაგალითად, 2014 წლის არჩევნებზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამავე სახელწოდების ბლოკში „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან“ ერთად იღებდა მონაწილეობას. მართალია, ეს უკანასკნელი პარტიად 1998 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მან ბოლოს 2004 წლის 11 მაისს ცვლილებით გაიარა რეგისტრაცია. შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ პარტიის დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ენმ ბლოკის სახით წარდგა. ამჯერად პარტიამ „ევროპულ საქართველოსთან“ შექმნა ბლოკი. ეს პარტია 1999 წელს არის რეგისტრირებული, თუმცა ცესკო-ში რეგისტრაციამდე ენმ-ის ლიდერებმა პარტია მეორედ, ცვლილებებით დაარეგისტრირეს. არჩევნების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალი ორივე პარტია კვალიფიციური სუბიექტი გახდა. ამავე არჩევნებზე ბლოკში „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ ორი პარტია შედიოდა: „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“. ორივე პარტიას, სახელწოდების მსგავსებასთან ერთად, ერთი ფაქტობრივი ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, აერთიანებს. „პატრიოტთა ალიანსის“ ბლოკმა ამ არჩევნებზე 5%-ის მოპოვებით 6 პარტიას მიანიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, მათ შორის პარტია „ახალ ქრისტიან დემოკრატებს“, რომელმაც რეგისტრაცია მხოლოდ არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე გაიარა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, 22 აგვისტოს, „ევროპულმა საქართველომ“ საჯარო რეესტრში მპგ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დაარეგისტრირა, რომელთან ერთადაც შექმნილი საარჩევნო ბლოკით გავიდა არჩევნებზე. ახალი პარტიის შექმნის მოტივი „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს არც დაუმალავთ. მათ განაცხადეს, რომ „ტექნიკური ბლოკი“ იმ პრივილეგიების მისაღებად შექმნეს, რომელსაც დღევანდელი კანონმდებლობა იძლევა.

პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკების შექმნის შეუზღუდავობით სარგებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას ხელისუფლებაც, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებისგაუქმების იდეა წარმოადგინა. თუმცა მიმაჩნია, რომ რეალური მოტივი სხვა იყო. ბლოკების აკრძალვა ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. პროექტის მიხედვით კი ყველა გაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა წაეღო. ხანგრძლივი პროცესის შემდეგ შემოთავაზებული პროექტი კონსტიტუციის ახალი რედაქციის ნაწილად იქცა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებს და ბლოკების შექმნას დაუშვებს, თუმცა მხოლოდ ერთჯერადად, 2020 წლისათვის.

ამდენად, ჩნდება დილემა ბლოკების შექმნის სრულ შეუზღუდავობასა და მათ აკრძალვას შორის. ორივე შემთხვევა მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების გამომწვევი შეიძლება, გახდეს. თუ ბლოკების შექმნის სრული შეუზღუდავობა „ტექნიკური ბლოკების“ შექმნას იწვევს, აკრძალვა ოპოზიციურ პარტიებს კიდევ უფრო დაასუსტებს და გამარჯვებულის ბონუსს გაზრდის. ამასთან, ბლოკების შექმნა კვლავაც დაშვებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამიტომ კონსტიტუციაში შეტანილი ნორმა პირველ პრობლემას ვერ გადაჭრის.

რა გამოსავალი არსებობს? ეს შუალედური არჩევანია, რაც ევროპის ბევრმა ქვეყანამ დანერგა. მათ არც ბლოკების შექმნა აუკრძალავთ და არც სრული შეუზღუდავობის გზა აურჩევიათ. უბრალოდ, ბლოკებს უფრო მაღალი საარჩევნო ბარიერი დაუწესეს, ვიდრე პარტიებს. მაგალითად, პოლონეთში პარტიებისათვის საარჩევნო ბარიერი 5%, ბლოკებისთვის კი 8%-ია. პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერია დაწესებული ჩეხეთშიც; ორპარტიული ბლოკებისათვის 10%, სამისთვის - 15, ოთხი და მეტი პარტიისგან შემდგარი ბლოკებისთვის კი 20%-ია განსაზღვრული.

იმის გამო, რომ საქართველოში კანონმდებლობა საარჩევნო ბლოკის შექმნისას მნიშვნელოვან შეზღუდვებს არ აწესებს, პარტიები ბლოკებს მათ მიერვე შექმნილ პარტიებთან ქმნიან, რომ ბიუჯეტიდან მეტი სარგებელი ნახონ. ბლოკების აკრძალვა კი უფრო მეტ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს დაუკარგავს საკუთარ ხმას. არსებობს მესამე გზაც და ეს ბლოკებისთვის ბარიერის გაზრდაა. თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ დისკურსში ამაზე არავინ საუბრობს და აქაც მსჯელობა ორ უკიდურეს გზას შორის მიმდინარეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG