Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა მსჯავრდებული თავისუფალია


ავტორი: თამარ კურატიშვილი

ესკალატორთან მდგარ მეტროს პერსონალ ქალს ახალგაზრდა კაცი ეკამათება:

_ მომისმინეთ, ბარათი თუ არა მაქვს, ჟეტონი ხომ შეიძლება ვიყიდო, არა?!

_ არა, ბატონო, ჟეტონებს საუკუნეა აღარ ვიყენებთ, თქვენთვის გასაგები არ არის? აგერ მიხვალთ, ბანკში და დაგიმზადებენ ბარათს. _ გაღიზიანებული პასუხობს პერსონალი.

_ მივედი მაგათთან და საბურთალოზე მაგზავნიან, იქ დაგიმზადებენო...საბურთალომდე რომ მივიდე, მანამდე მეტროში ხომ უნდა ჩავიდე?

_ არ ვიცი, ავტობუსით წადით, ეგ მე არ მეხება...

_ ფუი, ამათი! _ წყობიდან გამოდის კაცი და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით მიდის.

_ აი, იმ კაცს სთხოვე გაგატაროს. _ მიაძახა უკნიდან პერსონალმა.

ახალგაზრდა კაცი „აი იმ კაცთან“ მიდის:

_ გამარჯობა, ძმა, ვერ გამატარებ?_ ქურთუკის ჯიბეში იდებს ხელებს და ჯიბეს ნერვიულად ისე ამოძრავებს, ცოტაც და ზედ შემოეგლიჯება.

_ უკაცრავად, მე სოციალური ბარათი მაქვს და ვერ გაგატარებთ._ პასუხობს „აი ის კაცი“. ახალგაზრდა კაცმა არ იცის, რას ნიშნავს სოციალური ბარათი და ესმის მხოლოდ „ვერ გაგატარებ“.

_ ეს, რა ადამიანები ხართ! _ ყვირილს იწყებს. მგზავრები უყურებენ. _ ფული მქონდეს და მეტროში ვერ ჩავდიოდე, ეს რაა ქვეყანაა, თქვენი ..........! _ აყალმაყალზე დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი რეაგირებს და კაცს უახლოვდებიან:

_ რაშია საქმე?

_ რა ხდება, ძმა და, ციხიდან ერთი კვირაა გამოვედი, აბა, რა ვიცი მე, რა ბარათით უნდა ვიმგზავრო, 2008-ში 20 თეთრს მისცემდი და ჟეტონს ყიდულობდი...მაგზავნიან საბურთალოზე, იქამდე მეტროთი არ უნდა გავიდე?!

_ ბარათის გარეშე ვერ იმგზავრებ. გირჩევნია, გახვიდე და თუ სადმე ხარ წასასვლელი მარშუტკით გადით!_ მუქარანარევი ხმით პასუხობს დაცვა.

_ კაი, ძმა, გავიგე რა..._ სწრაფად ტრიალდება და სიარულში ამბობს_“ ვაფშე“ არ მივდივარ საბურთალომდე, თქვენი დედაც ........ ! _ გასასვლელთან ქალს ეჯახება, ქალი ლანძღვას უწყებს. კაცი ლანძღვაზე არ რეაგირებს. სანამ ჩემი სტუდენტური ბარათის დადებისას მწვანე აინთო და ესკალატორისაკენ წავედი, ერთი ომახიანი გინება კიდევ გავიგონე.

მეტროს ველოდები და ვფიქრობ, რა მოხდება, თუკი ეს კაცი ავტობუსში ავა, დახვდება კონტროლიორი, ბილეთს მოსთხოვს, მას კი ამ ბილეთის ასაღებად ხურდა არ აღმოაჩნდება, გამოუწერენ ჯარიმას და დიდი ალბათობით, ეს ჯარიმა მხოლოდ უბილეთოდ მგზავრობის გამო კი არა, აყალმაყალის მოწყობისთვის, დაუმორჩილებლობისთვის და ათასი ასეთი _ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი რეგულაციებით იქნება გამოწვეული. თანაც, ამას დაემატება, რომ იგი ნასამართლევია და ა.შ. და ა.შ. ეს კი, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი კვირის წინ ციხიდან გამოსულ ადამიანს არ ჰქონდა სამგზავრო ბარათი და არ იცოდა, რომ მეტროში ჯეტონის გარეშე ვერ ჩავიდოდა.

სახელმწიფოს თუ შეუძლია, იმის ორგანიზება, _ სტუდენტების, სოციალურად დაუცველებისა თუ ვეტერინარებისთვის არსებული სიების მიხედვით სამგზავრო ბარათები წინასწარ დაამზადოს, რატომაა შეუძლებელი, იმ პატიმრებს, რომლებსაც სასჯელის მოხდის ვადა ეწურებათ, ერთი კვირით ადრე დაუმზადდეთ სამგზავრო ბარათები?! ან, მომზადდეს მათთვის სოციალური რეკლამები, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები იქნება ასახული?!

როდესაც პატიმარი ციხეში შედის, სახელმწიფო, თითქოს წყვეტს, მასზე, როგორც ინდივიდზე ზრუნვას და მსჯავრდებული გარდაიქმნება უვარგის მასად, რომელზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც მხოლოდ კვებით შემოიფარგლება. როცა თავისუფლება წლობით გეზღუდება და საზოგადოების განვითარებას ეტაპობრივად ვერ მიჰყვები, ამ ცვლილებებზე, მინიმუმ, ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა უნდა გქონდეს.

მსჯავრდებული ჩვენში მხოლოდ დამნაშავედ აღიქმება, რომელიც, შესაძლოა, დანაშაულის შესახებ დამატებით ინფორმაციას ფლობდეს. ის, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ იგი საზოგადოებას დაუბრუნდება, როგორი დაუბრუნდება, ჩვენი საზრუნავი აღარ არის. ციხეს, სადაც _ შედიხარ ხულიგანი, გამოდიხარ მძარცველი, შედიხარ მკვლელი და გამოდიხარ სერიული მკვლელი _ გისოსებს იქით ფუნქცია არ აქვს. მაშინ, როცა, შესაძლებელია ყოველდღიური კინო-ჩვენების ან ტრენინგების (თუნდაც, თვეში ერთხელ) მოწყობა, რათა საზოგადოებაში მათი ისევ დამნაშავეებად დაბრუნების შესაძლებლობა, მინიმუმ, შევამციროთ მაინც.

ციხეს სადამსჯელო ფუნქცია უნდა ჰქონდეს და ეს დასჯა იზოლაციით უნდა შემოიფარგლებოდეს, ყოველგვარი ცოცხებისა და ძალადობრივი დამოკიდებულების გარეშე. რადგან მსჯავრდებული ვარ და თავისუფლება მეზღუდება, სახელმწიფომ სხვა, ფუნდამენტური უფლებები არ უნდა შემიზღუდოს. დღეს, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უფლება _ ინფორმაციის მიღების უფლებაა. ეპოქა, სადაც „არ ცოდნა“ „არ ცოდვა“ აღარ არის და ინფორმაციის გარეშე რეალიზება შეუძლებელია, რთულად აღსაქმელია თუნდაც 3 წლის პატიმრობის შემდეგაც. ამიტომ, პატიმრებისთვის სოციალური სარეკლამო რგოლების მომზადება და მათთვის საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაცნობა, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მათი გარემოსთან ადაპტაციისათვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG