Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორის როლი პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში


ავტორი: თენგიზ ნადირაძე

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში არსებობს უამრავი პოლიტიკური პარტია, განსხვავებული იდეოლოგიებითა და მიმართულებებით, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა მაინც დაბნეულია და ვერ ხვდება რომელ პარტიას დაუჭიროს მხარი. თუმცა, ალბათ საჭირო იქნება აქვე აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად პარტიების სიმრავლისა, უამრავი მათგანი მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე არსებობს და რეალურ საქმიანობაში არ იღებს მონაწილეობას. ეს ერთი მხრივ განპირობებულია, რაღა თქმა უნდა, ფინანსების სიმწირით, ხოლო მეორე მხრივ კი , რაც ყველაზე მთავარია, განათლებული და პოლიტიკურად აქტიური კადრების ნაკლებობით.

იმისათვის რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ ჩამოყალიბებული სახე, ხალხმა შეძლოს თავისი მოსაზრებებისა და შეხედულებების მხარდაჭერა, ქვეყანაში არ არსებობდეს რამოდენიმე დომინანტი პარტია, რომლებიც არჩევანის უქონლობის გამო გაიმარჯვებენ და არა თავიანთი იდეოლოგიითა და მისწრაფებებით,აუცილებელია გამოცდილი და პოლიტიკურად აქტიური კადრების ჩამოყალიბება, რომლებიც დარწმუნებულნი იქნებიან თავიანთ თავებში და ექნებათ სწორი ანალიზის გაკეთების უნარი, რომლის საშუალებითაც შეძლებენ პოლიტიკურად სწორი ნაბიჯების გადადგმას, რაც დაეხმარება მათ პარტიას წარმატების მიღწევაში. თუმცა ამ ყველაფრის მიღწევა არც ისე ადვილია. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, მეტი ყურადღება დავუთმოთ მესამე სექტორს, რომელიც გვევლინება ახალგაზრდა პოლიტიკოსების ჩამოყალიბების საფუძვლად, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ გუნდურად მუშაობას, მსჯელობას, სწორად აზროვნებას და ითვისებენ მრავალ ისეთ უნარებს, რაც შემდგომში დაეხმარება მათ სწორი პოლიტიკის წარმართვაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია რაც საქართველოში წარმოიშვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გვევლინებიან დემოკრატიის გარანტად, თუმცა მათმა მოღვაწეობამ დიდი მოწონების მიღმა დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია ხალხში, რაც უპირველეს ყოვლისა გამოიწვია ძველმა კორუფციულმა სისტემამ, როდესაც ხელისუფლების მმართველი პარტია მოქალაქეთა კავშირი იყო. ამ დროს ხელისუფლების წევრები აპელირებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე დემოკრატიის განვითარების კუთხით, თუმცა რეალურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც მათი კონტროლის ქვეშ იყვნენ და მათ ბრძანებებს ემორჩილებოდნენ.ასევე აღსანიშნავია შემდგომი პერიოდიც, როდესაც მმართველმა პარტიამ არასამთავრობო ორგანიზაციაში დაინახა უფრო მეტი საფრთხე ვიდრე სარგებელი და დაიწყო მათი ანტირეკლამა. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც პროექტისათვის გამოყოპილი თანხები უბრალოდ იჭმებოდა, ტარდებოდა ისეთი პროექტები, რომელთა ჩატარებასაც არანაირი აზრი არ ჰქონდა, მოქმედებდა ორმაგი ბუღალტერია, ერთი საგადასახადოსთვის, მეორე კი დონორი კომპანიისათვის და სხვა.

მიუხედავად მრავალი ანტირეკლამისა, ახალმა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა დაინახეს არასამთავრობო ორგანიზაციებში ისე როგორც იდეოლოგიური, ასევე საკუთარი ინტერესების ლობირებისა და საზოგადოებრივი ნდობის მიღების თვალსაზრისით. ჩამოყალიბდა მრავალი ახალი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად იბრძვიან დემოკრატიზაციის პროცესის დასაჩქარებლად. აკვირდებიან არჩევნებს, ერთვებიან სხვადასხვა დისკუსიებში, აძლევენ შენიშვნებს სხვადასხვა პარტიებს, იცავენ ადამიანის უფლებებს და სხვა. ბუნებრივია, ის პირები, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციით სარგებლობენ და სერიოზული პროფესიონალებიც არიან, ახალი პოლიტიკური ჯგუფებისათვის სასურველ ადამიანურ რესურსებად იქცნენ, და თუ დღემდე მხოლოდ პარტიებს შორის მოძრავ ფიგურებს ვადევნებდით თვალს, დღეს ახალი ხალხის პრეზენტაციის პერსპექტივა გაჩნდა პოლიტიკურ სივრცეში, რომლის გამოყენებაც დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული ჯგუფებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფაქტორად იქცა.ამასთანავე, განსაკუთრებით მნისვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიტიკურ პარტიებში ყოფნა პრესტიჯული გახდა, ვინაიდან დაინგრა ის კორუფციული სისტემა, რომელიც მანამდე არსებობდა და ინტელექტუალურ სექტორს უარყოფითად განაწყობდა საჯარო სამსახურის მიმართ. ის ხალხი, ვინც ეწეოდა ინტელექტუალურ საქმიანობას და არ სურდა მორალურ კომპრომისზე წასვლა, საქმდებოდა მესამე სექტორში, სადაც გარანტირებული იყო იყო სიტყვის თავისუფლება და არავინ ზღუდავდა მას.

ვარდების რევოლუციის შემდეგ კი აღინიშნა არასამთავრობო ორგანიზაციების როლის ვარდნა სამოქალაქო საზოგადოებაში, ვინაიდან იმ ინტელექტუალური სექტორის უდიდესი ნაწილი გადავიდა მმართველ თუ ოპოზიციურ პარტიებში, აგრეთვე შექმნეს სხვადასხვა აკადემიური წრეები. ეს რაღა თქმა უნდა, ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა მომხდარიყო. აკადემიურმა წრეემბა გადაინაცვლეს შემდეგ საფეხურზე, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებში გამოჩნდნენ ახალი სახეები ახალი იდეებითა და ახალი პრინციპებით.

ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშო სიტუაციაა რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა გულგრილია პოლიტიკური პარტიების მიმართ. ისინი თვლიან რომ, რაიმე აქტიურობა და გადაწყვეტილების მიღება მათი საქმე არაა და ამას უფრო კონპეტენტური ხალხი მოაგვარებს.ყოველივე ეს კვლავ გამოწვეულია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაკლებობით. მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ რეგიონებშიც დაასაქმონ მოსახლეობა და მისცენ მათ იმის შანსი, რომ მომავალში ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რეგიონების მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც გარკვეულ გამოცდილებას მოაგროვებს, ტოვებს თავის რეგიონს და თბილისში მოდის თავისი კარიერის გასაგრძელებლად, ხოლო რეგიონი კვლავ რჩება გამოცდილიკადრების გარეშე, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი რეგიონებისათვის. ხალხი გულგრილია პოლიტიკური პარტიების მიმართ, არ აქვთ არავითარი სურვილი მათში გაერთიანებისა და რაც ყველაზე მთავარია არ აქვთ სურვილი მათი გაკონტროლებისა და მათზე ზემოქმედების მოხდენისა, რასაც ძალიან კარგად იყენებენ მმართველი პარტიები.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, მიუხედავად მესამე სექტორისადმი, ხალხის გარკვეული ნაწილის, უარყოფითი დამოკიდებულებისა, ის თამაშობს უდიდეს როლს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში და უდიდესი კავშირი აქვს პოლიტიკურ პარტიებთან, ვინაიდან იმ ცნობადი სახეების უმრავლესობა, რომლებიც დღეს სხვადასხვა პარტიებში გვევლინებიან, თავდაპირველად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები იყვნენ და იქ მიიღეს ის უდიდესი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა, რომელსაც დღეს ასე წარმატებით იყენებენ. აგრეთვე აუცილებელია აღინიშნოს ისიც რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უდიდეს როლს თამაშობენ დემოკრატიის განვითარების კუთხით, აკვირდებიან და აშუქებენ უამრავ მნიშვნელოვან ფაქტსა და პრობლემას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG