Accessibility links

ჩვენ, ემიგრანტის შვილები


ავტორი : თეთრი მერილინი

ქვეყანაში, ქალაქი, ქალაქში უბანი, უბანში ქუჩა და ქუჩაში სახლები.
თითოეულ სახლში, პოტენციური, ემიგრანტის შვილი ცხოვრობს.
ქალები, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ, ტოვებენ ყველაფერს, შვილებს, ქმრებს, მეგობრებს და მათთან ერთად რჩება გულიც.
რთულია, იგრძნო და გაიგო, თუ როგორია, როდესაც ემიგრანტის შვილი ხარ.
როცა, ერთ დღესაც იღვიძებ, უყურებ დედის ჩალაგებულ ბარგს, რომელიც კარებთან არის გამზადებული.
დადიხარ ოთახიდან-ოთახში, უმისამართო მზერით და უყურებ ყველაფერს, დედის თვალების გარდა.
იღებ მის მაისურებს და რამდენიმე ცალს კარადაში ინახავ.
საათს უყურებ და იმდენად იწელება, ის, ერთი საათიც, როცა უნდა გახვიდეთ სახლიდან და ჩაჯდეს „ბორანში“, რომელიც დარდების გროვაა და მისით დამძიმებული ადამიანები გადაჰყავს საზღვარზე, ხვდები რომ აუტანლობის გრძნობა გიპყრობს და სურვილი გიჩნდება დროზე დამთავრდეს, ეს, პროცესი.
ყველაზე, მეტად, ის, გიჭირს, როცა თვალზე ცრემლებს ვეღარ იკავ და გამუდმებით უკან იყურები, რომ არ დაგინახოს დედამ, რომელიც იგივეს აკეთებს.
გჭამს ტკივილი, როცა მცირე წლოვანი და/ძმა ამ ყველაფრის მონაწილეა და ხედავ, როგორ ცდილობს ტკივილს მამაცურად დახვდეს და ისიც, თავისთვის, ოთახის, ერთ კუთხეში, ჩუმად იწმენდს ცრემლებს.
საათის წკარუნი, რომელიც ყურს გჭრის და გაყინული ხელები, რომელსაც უაზროდ, აქეთ-იქით აქანავებ.
მერე...
მერე, საკუთარი ხელით იღებ მის ბარგს, დებ ტაქსში და ჯდები მასთან ერთად.
ჩუმად, უხმოდ, ისე, თითქოს ყველაფერი კარგად არის და იღიმი.
იღიმი, იმედით რომ დროებითია ყველაფერი და დრო ყველაფერს შეცვლის.
ან, ვერ შეცვლის, მაგრამ თავს იმშვიდებ რომ, ეს, უკვე ცვლილებაა.
და სადგური...
როცა, სანუგეშო დიალოგების შემდეგ, განზე გაწეული დგახარ, უყურებ ავტობუსს, თუ როგორ იქოქება ძრავი და ბორბლები, ნელ-ნელა, ტრიალს იწყებენ.
ფანჯარასთან მჯდარი დედის სახეს ხედავ, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს და მიუხედავად ყველაფრისა გიღიმის და გეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება.
შენ, კი, უსუსური ღიმილით, ფარხმალს ყრი და აცნობიერებ, რამდენად სუსტი ხარ, როცა შორდები იმას, ვინც ერთგვარი მუდმივასავით იყო შენს ცხოვრებაში.
ამ დროს, ტრიალდები, მიდიხარ გზაზე, რომელსაც ვეღარ ცნობ და ყველაფერი უცხო ხდება შენთვის.
შეგრძნება, როცა, აღარავინ გელის და აღარავინ გირეკავს, არ ინტერესდება რა გაცვია და რა ჭამე.
შეგრძნება, როცა, უბრალოდ საკუთარი უსუსურობა გჭამს.
და რატომ მიდიან მშობლები ? - მიდიან, იმიტომ რომ ვერ უყურებენ შვილებს, რომლებიც სწავლის ფულის გადასახდელად დილიდან-ღამემდე მუშაობენ.
ვეღარ უძლებენ, უიმედობას, რომელსაც საკუთარი შვილების გადაღლილ სახეზე ხედავენ და ვერ ეხმარებიან.
ვერ ეხმარებიან, როცა კბილების დასაბჟენად, ფული სჭირდებათ, ან, როცა სკოლას ამთავრებენ და ბანკეტისთვის ფეხსაცმელს ვერ ყიდულობენ.
მიდიან, როცა შვილებს ანაკომის სუპით ავახშმებენ და როცა, ხედავენ როგორ მიდიან შვილები ყოველ დღე „სადღაც“.
მიდიან, როცა მშობლებს ვერ მკურნალობენ, როცა დღე-ღამეს ერთმანეთთან ასწორებენ და 200 ან 300 ლარს იღებენ, თვეში ერთხელ.
მიდიან, როცა სტკივათ და ყველა შეგრძნება ერთდროულად უჭერთ ყელში.
და მათ არ უხარიათ, ეს, წასვლა.
მე, ვნახე, როგორ წავიდა დედაჩემი, ერთ წვიმიან დღეს და როგორ მაძლიერებდა, ისევ და ისევ, თვითონ.
მე, განვიცადე, ტკივილი რომელსაც „საყვარელ ადამიანთან განშორება“ ჰქვია, განუნსაზღვრელი ვადით...
მე, ვიცი, როგორია ყოველ დილით გაღვიძება და იმაზე, ფიქრი თუ როგორ ეძინა დედას შვილებზე ფიქრში და როგორ ეძინა, ან, თუ ეძინა საერთოდ.
მე, ვიცი, როგორია ღამ-ღამობით, დედის მაისურთან ერთად დაძინება, რომელსაც კვლავ მისი სუნამოს სუნი ასდის.
და, ეს, არ იცის, არავინ, ვინც მოულოდნელად, არ ამდგარა და არ გამოსთხოვებია მშობელს, რომელიც საოცრად ახლობელია.
მე, არ მითქვამს, მისთვის, რომ მიყვარს და ვაფასებ, ალბათ ახლა კითხულობს და იცნობს საკუთარ თავს.
თუმცა, მე, ემიგრანტის შვილი ვარ და მინდა ყველა ემიგრანტის დედამ იცოდეს, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედები.
დედები, რომლებსაც ვეჩხუბებოდით, ვეკამათებოდით, ზარებს უპასუხოდ ვტოვებდით და როცა, ოთახში, საკოცნელად შემოდიოდნენ ზურგს ვაქცევდით.
მე, ემიგრანტის, შვილი და მტკივა.
მტკივა, ჩემი სახლი, ჩემი ოთახი, ჩემი არეული კარადა, ჩემი არეული ცხოვრება მტკივა დედის, მისი ფუსფუსის, კამათის, დაუკითხავად ადლაგებული ოთახის, რჩევების, სიცილისა და დილით, მასთან ერთად დალეული ყავის გარეშე.
მე, ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, რომელიც თავს პატარა და უცხო პიროვნებად ვგრძნობ საკუთარ მიწაზე, დედის გარეშე.
და მტკივა, მისი, შეგრძნებები უცხო მიწაზე, სადაც ყველა და ყველაფერი უცხოა.
როცა, ყველა კუნჭულში, ჩვენი მონატრება სტკივა.
და მტკივა, ყველა მოგონება, როცა ის ჩემთან იყო, მე, კი, ვტოვებდი.
ჩვენ, ემიგრანტის შვილები ვართ და გვტკივა ჩვენი ქვეყანა.
დიახ, ჩვენ, მშობლებს სხვა მიწა, კი, არა, საკუთარი ქვეყანა გვართმევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG