Accessibility links

ამბივალენტური ცნობიერების ისტერია


ავტორი: თეა კახაძე

ის თუ რა ფორმებს მივუსადაგებთ ჩვენ სამყაროს, როგორც მატერიისა და ენერგიის გაუგებარ მასას, შესაბამის წესრიგში მოვაქცევთ და ჩვენ მიერვე მისთვის მიყენებული სტრუქტურით შევიმეცნებთ სამყაროს. მსგავსად აფორმირებს ადამიანი სოციალურ სტრუქტურას, მისი ბაზისური „ინსტინქტებისა“ და შესაბამისი ინტერესების რეალიზებისათვის.

როგორც ეკო განმარტავს პირველყოფილი ადამისა და ევას შემეცნება ისეთი არაორაზროვანი მეტონომიური (საგანი ან კონცეპტი, რომელიც გარკვეულ სახელებთან ასოცირდება) ცნებათა კავშირებისგან შედგებოდა, რომელთა მნიშვნელობა ცალსახად ან დადებითად, ან უარყოფითად ფასდებოდა. მაგ: საჭმელად ვარგისი, კარგი, მშვენიერი, წითელი, ვაშლი დადებით ცნებებად მოიაზრებოდა, ხოლო საჭმელად უვარგისი, ცუდი, უშნო, ლურჯი, გველი - უარყოფით ცნებებად. პირველადი აკრძალვით, რომელმაც ვაშლს უარყოფითი მნიშვნელობა მიაწერა გახდა ცნობიერების ისეთი სახის საფუძველი, რაც მსგავსად ჟღერს - „ვაშლი წითელი, ლურჯია“ ან ვაშლი კარგი, ცუდია. თუ ეკოს აღნიშულ ინტერპრეტაციას დავეყრდნობით ასეთია ჩვენი ცნობიერების დასაბამი. ცნობიერებისა, რომელიც საგნებთან მიმართების ორაზროვან (ურთიერთდაპირისპირებულ, ურთიერთგამომრიცხავ) მოდელს გვთავაზობს. თუკი თავდაპირველად ენობრივი პრედიკატები იყვნენ საგანთა იგივეობრივი, პირველადი აკრძალვის შემდეგ არამარტო გამოცალკევდნენ საგნებისგან, არამედ მათთან მიმართების მხოლოდ შემოქმედებითი და სპეკულაციური ხასიათი შეიძინეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში ჩვენი ცნობიერება ინსტინქტის მსგავსად ვითარდება, მხოლოდ იქამდე იარსებებს, სანამ არ დაკარგავს ის საკუთარ ამბივალენტურ ბუნებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი ცნობიერება მაშინ დასრულდება, როდესაც პრედიკატთა (და არა საგანთა) ურთიერთგამომრიცხავ ველში შეცდომებს აღარ დავუშვებთ (დასაბამისეული ცოდვის მსგავსად), რაც თავისთავად ჩვენ მიერ საგნებზე მიწერილი ამბივალენტური მნიშვნელობიდან და შესაბამისი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, რადგან საგანი თავისთავად ვერ იქნება საკუთარი თავის გამომრიცხავი, არამედ მხოლოდ მისი მნიშვნელობები, პრედიკატები.

ბიბლიური, თუ მითოლოგიური სიუჟეტები ისეთი სახის ინტერაქციებს გვთავაზობს ადამიანსა და ღმერთს, თუ თავად ადამიანებს შორის, რომ სოციალური სტრუქტურა და შესაბამისი როლები ნათელი და ცალსახაა - აბსოლუტური ძალაუფლების მქონესა და მის შექმნილზე, ჯილდოსა და სასჯელზე, აღთქმულსა და მის აღსრულებაზე დაფუძნებული. მაგალითად, მიწათმოქმედი კაენი არ ედავება ღმერთს ხელსაყრელი კლიმატური პირობების არქონისათვის, რასაც შესაძლებელი იყო მოეხდინა გავლენა მისი მოსავლის ავკარგიანობაზე მესაქონლე აბელისაგან განსხვავებით, ვისი საქმიანობაც მის პირად ძალისხმევაზე უფრო იყო დამოკიდებული, არ ედავება ღმერთს მისი სასჯელისთვის, არამედ სთხოვს დაიცვას იგი სხვათა მიერ მოკვდინებისგან. არც აბრაამი ედავება ღმერთს შვილის მსხვერპლად შეწირვის მოთხოვნისთვის, როცა მანამდე ღმერთმა მას სიუხვე და შთამომავლობის გამრავლება აღუთქვა (საინტერესო სიუჟეტებია იაკობისა და ანგელოზის შერკინება, ასევე იობის მიერ

ღმერთის შემეცნება, თუმცა აღნიშნული ბლოგის მიზანი არაა მოცემული მიმართულებით მსჯელობის განვრცობა).

თანამედროვე სამყარო ცნობიერების განვითარებასთან ერთად შედარებით განსხვავებულ სურათს გვთავაზობს, რაც გამოიხატება ჩვენი ცნობიერების მსგავსად სოციალური როლების ამბივალენტურობაში. მაგალითად, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა სახელმწიფო და სამოქალაქო დონეზე ვთანხმდებით ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობებზე მაშინ , როდესაც ოჯახში მხოლოდ ტირანულ ან მლიქვნელურ, „მხეცის მოთვინიერებისა“, თუ „მოსათვინიერებელი მხეცის“ მდგომარეობაში ვართ (ანუ ჩვენ არ ვცდილობთ გარკვეული დისკურსის შეცვლას, არამედ ვერგებით მას ისევე, როგორც მომთვინიერებელი ცდილობს მხეცის ხასიათის შესწავლას და აღნიშნულზე დაკვირვებით მისი ქცევების მართვას (სიუჟეტი პლატონის „სახელმწიფოდან“)). მხატვრულ ფილმებსა, თუ ლიტერატურაში ისეთი პერსონაჟები მოგვწონს და ვაიგივებთ საკუთარ თავს მათთან, რომლებიც მათი მანიაკალური გამოვლინებებით, ძალაუფლების მხოლოდშობილი დისკურსით, ყოფიერებით გამოწვეული ზიანის ეგოცენტრული, გაშმაგებული კომპენსირებით არიან წარმოჩენილნი და ამავე დროს ვგმობთ პუტინს, სტალინს, ფაშიზმსა და ჰოლოკოსტს. როდესაც დღეს გაშმაგებით ვჭამთ ყველაფერს, ხვალ ჩვენს მსხვერპლს გაშმაგებით დავიცავთ, ხოლო ზეგ თავად გაშმაგებას შევჭამთ უფრო მეტი გაშმაგებისა და ყველაფრის შთანთქმისთვის, რასაც აქამდე ვიცავდით. როდესაც მხოლოდ ბიურგერული ცხოვრების სიახლოვიდან შეგვიძლია კრიტიკა და გარდაქმნების საჭიროების მოთხოვნა გვიფიქრია, კი რეალურ გარდაქმნაზე, სადაც ისევ არ შემოგვაწვება ნაცნობი ბიურგერობასთან ნაზიარები სურნელების ნოსტალგია, რის გარდაქმნასაც ვცდილობთ? არ მოგვენატრება მოცემულ სისტემაში არსებული თამაშის წესებით უპირატესობის მოპოვება, რადგან ყოველთვის ყველაზე სასურველი ისაა, რისი მიღებაც მყისიერად და გარანტირებულად შეგვიძლია, „ბუნებრივი გადარჩევის“ ერთ-ერთი პრინციპიც ხომ ეს არის?

სანამ ჩვენ ერთგვარი „ცნობიერების ამბივალენტურობით“ ვართ დაკავებულნი სხვა ცივილიზაციებისა და ან სხვაგვარად, რომ ვთქვათ უზარმაზარი სამყაროსათვის ერთი პიკნიკისათვის შესაფერისი ადგილი ვართ, სადაც მწერებისა და მოთელილი ბალახების მსგავსად შეუმჩნეველებს აღარც კი ეწვევა მეორედ სტუმარი (სიუჟეტი ძმები სტრუგაცკების წიგნიდან „პიკნიკი გზის პირას“). კაცობრიობის განვითარების ისტორია თითქოს საზრისების განახლებას კი არა, არამედ მათ შეფარვას ემსახურება ისევე, როგორც კორუფციული სისტემის მოქმედება სახელმწიფოში.როგორც ბიბლიური რახელი და ლეა, რომელთა შეფარული მტრობაც ღმერთის მიერ მათთვის მინიჭებულ სხვადასხვა წყალობაზე იყო დაფუძნებული პლასტიკური ქირურგიის წყალობით ისე დაემსგავსნენ ერთმანეთს, რომ ალბათ, იაკობს გაუჭირდებოდა მათი ერმანეთისგან გარჩევა, აღარც ლაბანს მოუწევდა მისი მოტყუება და აღარც შვიდ წელზე მეტ დროს დაჰყოფდა მის სახლში მსახურად.

სამყაროს აპოკალიფსური სურათი, რომელიც მხატვრული ლიტერატურითა და ფილმებით არის გადმოცემული კარგად გვაჩვენებს „არაფერზე“ უკვე ნაცნობი საზრისების ისტერიულ

დამკვიდრებას. ვართ, კი ადამიანები მზად „უტყვ ტყეში“ შესვლისთვის (რ.საფრანსკი „ბოროტება, ანუ თავისუფლების დრამა“), სადაც არც დესტრუქციულობა და არც საკუთარ თავთან და შენს მსგავსებთან შეჯიბრი შთაგაგონებს? ალბათ, არაფერი გამოვა სანამ სიჩუმის მოსმენას არ ვისწავლით, სანამ სხვის გარემოს ზიანისა და უთვალავი კომპლექსებისგან დასახიჩრებული მექანიკური სხეულის ჯვარცმას უჯრიდან არ ამოვიღებთ, საკუთარის გვერდით არ დავკიდებთ და მის წინაშე არ გავშიშვლდებით, სანამ არც ინერციითა და არც მისდამი წინააღმდეგობით არ ვიქნებით მუდამ განსაზღვრულები, რასაც მაშინაც ისევე ისტერიულად შევქმნით, როცა სულ მარტო დავრჩებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG