Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: თიკო ლევანიშვილი

დედას + მამა + შვილი = დედმამიშვილს. აი, იმ დედმამიშვილს ტაშფანდურის მოყვარულ გოჭ ძმებს კარი ფართოდ რომ გაუღო და მათ შესაჭმელად მოსულ მგელს ცხვირწინ მიუხურა, კიდევ იმ დედმამიშვილებს ერთი ფიფქია რომ შეუყვარდათ, ძმებს, რომლებიც მთელი ბავშვობა ზღაპრებით გვამარაგებდნენ და იმ სასწაულმოქმედ ძმებსაც, ერთი თხილის გული რომ გაიყვეს. სასწაულია, აბა, რა არის. აბა, მე წარმომიდგენია ჩემი სახლი. ოთახის შუაში დგას მაგიდა, მაგიდის ცენტრში დევს ერთი თხილის გული. მის მოსაპოვებლად მარჯვენა კუთხეში, ლურჯ შორტებში გამოწყობილი, სამგზის ევროპის ჩემპიონი ჯანჯღარსა და ცემა-ტყეპაში, ლევან ლევანიშვილი დგას. მარცხენა კუთხეში კი მე, თიკო ლევანიშვილი, ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი ისტერიკების მოწყობაში, წითელ შორტებში ვიბრძვი თხილისთვის. აი, გონგის ხმაც გაისმა, მე მთელი ძალით გავბივარ მაგიდისაკენ, ჩემი ძმა აქაც წონასწორობას კარგავს, ბორძიკდება და თხილი ჩემს ხელშია. მაგრამ „დიდ კაცთან პატარა კაცსო“ ხომ გაგიგიათ. ხოდა მეჯაჯგურება ლევანი მაჯაზე, ხელს ისე მიჭერს რომ მეორე დღეს მილურჯდება და თხილს პირდაპირ მუცელში უშვებს.

ჭამაზე რომ უარს ვერასოდეს ამბობს და ნებისყოფაც რომ არ გააჩნია ჩემს დაბადების დღეზეც გამოავლინა. ვერ დამელოდა დედა სანამ გამაჩენდა და მამას ხაჭაპურის საყიდლად წაყვანა სთხოვა. საცხობიდან დაბრუნებულს კი მე უკვე გაჩენილი დავხვდი. როგორც თვითონ აღმწერს შავი, ხვეული თმითა და დიდი, წითელი, ბანტივით ტუჩებით. ჩემს ძმას ორი რამ ვერ გაუგია ცხოვრებაში. პირველი - რატომ გიჟდება მსოფლიო ასე ფეხბურთზე და მეორე - რა ლამაზი დავიბადე და მერე რა დამემართა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, 5 წლის ბავშვს ჩემზე არასოდეს უეჭვიანია და დედას ჩემ მოვლაში მუდამ ეხმარებოდა. მზრუნველობამ კი იქამდე მიიყვანა, რომ გადაწყვიტა 2 წლის ბავშვი სოსკას გადავეჩვიე. აიღო ჩემი სოსკა, წაუსვა ლამაზად წიწაკა და დამელოდა სანამ გავიღვიძებდი. ბოლოს უყურა, უყურა, უყურა და ეტყობა ისე მადისაღძვრელად გამოიყურებოდა, რომ გაიქანა და თვითონ ჩაიდო პირში.

ორიგინალურობა არც ასაკის მატებასთან ერთად დაუკარგავს. ერთხელაც დაბადების დღის მისალოცი ტექსტი გამომიგზავნა: „ჩემო დიდრაკა, გილოცავ დაბადების დღეს. საჩუქარს 4 წლის მერე, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ და რომ ჩამოვალ, მერე ჩამოგიტან.“ მე მეძინა, დედამ გადაწყვიტა პასუხი დაებრუნებინა. დედაჩემი ორ რაღაცას არ აღიარებს დედამიწაზე - აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ტექნიკას. ამიტომ რის ვაი-ვაგლახით დაწერილი სიტყვები „შენმა დიდ ტრაკამ უკვე დაიძინა“ ხან დეიდაჩემის უფროს გაუგზავნა და ხან ჩემს კლასელ ლევანის.

13 წლის ვიყავი, რომ გავიგე ცოლი მოჰყავდა. უხ, ვიტირე და რა ვიტირე, ოღონდ დღემდე აზრზე არ ვარ რატომ. უბრალოდ მეგონა, რომ რძლის ოჯახში შემოსვლა, მულს უნდა დაეტირა.

19 წლის ასაკში პირველი შვილის მამა გახდა, 25 წლისას მეორე ბიჭის, ახლა 26-ის გახდება და კიდევ უფრო დაწვრილშვილდება. მე კი მის ოჯახში მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ. კითხვაზე თუ ვის გავს ჩემი 6 წლის ძმიშვილი ასეთი ჯიუტი, რა თქმა უნდა თიკოს, ვისგან ისწავლა მან ასეთი სიტყვა-პასუხი, რა თქმა უნდა, მამიდამისისგან და ვის უგავს გოგლას ასეთი ლამაზი თვალები, რაღა თქმა უნდა, დედას.

თურმე ჩემს ძმას პატარაობაში ნდომებია მე მეზობლის კაცს, ერთი სართულით ზემოთ მცხოვრებ რიჟა თემურას დავმსგავსებოდი. ეს აზრი მამაჩემს დიდად არ მოსწონდა, კიდევ ბერვი რამ არ მოსწონს ჩვენში. ჩვენ დინოზავრებს გვეძახის, ჩვენს თანაცხოვრებას კი დინოზავრების ომს. ისე, რატომ არ დაგვიძახებს. აბა, ორადმოკეცილი, ხერხემლის ოპერაციაზე ეტლით მიყვანილი კაცი, საავადმყოფოში, აქეთ იქით ვაგორავეთ. ჩავიდოდა ჩემი ძმა დერეფნის ბოლოში, მე ჩუმად ვუბიძგებდი მამას და ჩავაგორებდი მისკენ. ეს კიდევ რა,მამას 15 წუთი დასჭირდა ტომოგრაფიის რიგში იმის ასახსნელად, რომ ხელოვნური ყური არ აქვს. არადა მე და ჩემმა ძმამ უბრალოდ ვიხუმრეთ და რეგისტრაციისას მამას რამდენიმე დეფექტი მივუწერეთ.

ისე, მე არ მიყვარს სიყვარულის ახსნა, არ მიყვარს იმაზე საუბრალი თუ რას ნიშნავს ის ცემთვის და საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთის. უბრალოდ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ღმერთზე მეტად ჩემი ძმის იმედი მაქვს და თუ ვინმე არჩევნის გაკეთების საშუალებას მომცემდა, ვისურვებდი, რომ მეორე ცხოვრებაში დინოზავრი ვყოფილიყავი, რომელსაც ძმა, სახელად ლევანი ეყოლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG