Accessibility links

ჩვენი ქალაქი ჩვენი ტოლია (?!)


ავტორი: თინა ლუხუტაშვილი

ოცნებების თანამედროვე ქალაქად წოდებულ დუბაიში შესაძლებელია პოვნა ისეთი ადამიანისა, რომელიც იტყვის - „ჩემი ქალაქი ჩემი ტოლიაო“. მართლაც, მეოცე საუკუნეში დაარსებული ქალაქი, რომელიც ჯერ ერთ ასწლეულსაც კი არ ითვლის, შესაძლებელია მისივე მოქალაქეების ტოლი იყოს. ქალაქის კვალობაზე ახალგაზრდა დასახლებას უნიკალურს ხდის მისი არქიტექტურა - უდაბნოში გაშენებულ ქალაქში სარკეებით, მოცისფრო მასალით ნაშენები ცათამბჯენები თითქოს წყლის ნაკლებობას ავსებს. ამიტომაცაა, რომ დუბაითი მოხიბლული ადამიანები ყოველთვის აღნიშნავენ - ქალაქის მთავარი ღირსება ულტრათანამედროვე არქიტექტურაა. თითქმის კილომეტრის სიმაღლის ბურჯ-ხალიფა, სასტუმრო „ატლანტისი“, კომპლექსი „მსოფლიო“ - ის ძირითადი ღირსშესანიშნაობებია, რომლებითაც დუბაის ყველაზე თანამედროვე არქიტექტურის ქალაქებისგანაც გამოვარჩევთ.

გადმოვინაცვლოთ ჩვენს რეალობაში - 90-იანი წლების ცნობილი ჰიტი კი გვამცნობდა, „ჩემი ქალაქი ჩემი ტოლიაო“, მაგრამ არათუ ცოცხალის, გარდაცვლილი ადამიანის საძვალის პოვნაც კი გაგვიჭირდება იმ ხნისა, რამდენ საუკუნესაც ჩვენი დედაქალაქი ითვლის. ყველა ქალაქს რაღაცა ხდის უნიკალურს - მუზეუმები, კლუბები, არქიტექტურა, გამწვანება. რა ხდის ჩვენს დედაქალაქს უნიკალურს და ათასი ქალაქის ფოტოში გამორჩევადს? - ბარათაშვილის ხიდიდან გადაღებული ხედი ფართოაივნიან სახლებსა და ჩახვეულ ქუჩებზე. კასტელის დახატული ნარიყალა და თანამედროვე ხედი თითქოს გაახალგაზრდავებულ, მაგრამ საუკუნოვან უბანზე, რომლის ღირსებაც სწორედ მისი უბერებელი ბუნებაა - შემაღლებულზე ამაყად მდგარი ციხე და ფერდობებზე გაშლილი საცხოვრებელი სახლები. ხედით ტკბობისას თვალში ყოვლად უკონტექსტოდ ჩასმული შუშის ნაგებობები გვხვდება - „სამოქალაქო სექტორის“ საცხოვრისი, მშვიდობის ხიდი, გასართობი კომპლექსი „შანგრილა“. ერთი გადახედვაც კი კმარა იმის მისახვედრად, რომ დამპროექტებლისგან განსხვავებით, თავად შენობები გრძნობენ მათივე უკონტექსტობას და თითქოს ისევე მორიდებულად ატუზულან, როგორც მოხუც ხალხთან 3-4 წლის გოგო-ბიჭები - ხვდებიან, რომ გარშემომყოფებთან საერთო არაფერი აქვთ და სხვაგან უნდა იდგნენ, მაგრამ, ბავშვებისგან განსხვავებით, განძრევა არ შეუძლიათ და ბედს შეგუებულნი მოწიწებით შეჰყურებენ 15-საუკუნოვან ისტორიას.

ურბანული დაგეგმარება ჩვენი ქალაქის ძალიან დიდი გამოწვევაა - მშენებლობები იმდენად ქაოსური გახდა, ქალაქში ვეღარ იპოვით ადგილს, სადაც ამწეებისა და ტექნიკის ხმაური, ან ამ ყველაფრის თანმდევი მტვერი არ შეგაწუხებთ. მთავარი პრობლემა კი არა მშენებლობების სიხშირე, არამედ მათი ფორმატია - ქალაქის იერსახესთან შეუთავსებლობა, გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლობა. რჩება შთაბეჭდილება, რომ მთელ ქალაქს არგებენ ულტრათანამედროვეს როლს, პირველად აშენებული შენობის ხათრით და არა პირიქით. მხედველობის მიღმა რჩება ფაქტი, რომ ცათამბჯენები ლამაზია, ტურისტული ატრაქციაც შეიძლება გახდეს, მაგრამ არა თბილისში. დედაქალაქი ზედმეტად თვითმყოფადი სახისაა იმისათვის, რომ თანამედროვე არქიტექტურული ექსპერიმენტები ორგანულად მიიღოს.

თბილისი დიდი ხანია ორ ნაწილად იყოფა არქიტექტურული თვალსაზრისით : შედარებით თანამედროვე ქალაქი და „ძველი თბილისი“ - ფაქტობრივად, ქალაქი ქალაქში, სრულიად განსხვავებული იერსახითა და არქიტექტურული თავისებურებებით. სწორედ „ძველი თბილისია“ ქალაქის ის ნაწილი, რომელიც ვერ ჰგუობს თანამედროვე არქიტექტურის უბრწყინვალეს ნიმუშებსაც კი და თითქოს ხდება შუშის შენობების სეგრეგაცია ზოგადი ხედიდან. თვალის ერთი შევლებაც კი კმარა, რომ ბავშვობაში პოპულარული თავსატეხი, „იპოვე ფოტოზე ზედმეტი ნივთი“, გაგვახსენდეს და „ზედმეტი ნივთებიც“ მარტივად ვიპოვოთ. ქალაქს მხოლოდ ნარიყალას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე კი არ აუშნოებს თანამედროვე შენობები - არც რუსთაველზე აღმართული ორი სასტუმრო ზის იდეალურად თბილისურ იერსახეში, არც ჭავჭავაძეზე უკვე აშენებული „ლიბერთი ბანკის“ შენობა, მშენებარე „აქსის თაუერსი“, უკვე ექსპლოატაციაში შესული „ქინგ დევიდი“, სანაპიროზე მდგარი „სოკოები“ - იუსტიციის სახლი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისმის არგუმენტები „გავა წლები და ბევრი ცათამბჯენი ერთად ესთეტიკური იქნება“, მაინც საეჭვოა თბილისში მათი მომავალი. ქედებით გარშემორტყმულ ბუნებრივ ქვაბულს, შესაბამისი უსწორმასწორო რელიეფით, არასდროს მოუხდება წამოჭიმული შენობები, თუმცა საქმე მხოლოდ ქალაქის ესთეტიკის კოლაფსს არ ეხება - მშენებლობების მიმდინარეობისას გასათვალისწინებელია, რომ სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარე თბილისში ისეთივე სიმაღლის შენობების აღმართვა, როგორებსაც დუბაიში (უდაბნოში, სწორ ზედაპირსა და სეისმურად პასიურ ზონაში) აშენებენ, ერთნაირად უსაფრთხო ვერ იქნება.

ცალკე განხილვის საგანია ქალაქის დაგეგმარების ფაქტობრივი არქონა და ყოველგვარი განსაკუთრებული აწონ-დაწონვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები მშენებლობების შესახებ. თბილისი რომ დიდი ქალაქი იყოს, რომელიც ორ ნაწილად გაყოფის შემდეგაც ბუნებრივ კალაპოტში გააგრძელებდა არსებობას, შეიძლებოდა იმის თქმა, რომ თანამედროვე უბნებში სხვა ტიპის არქიტექტურა გვაქვს და ძველ თბილისში ისტორიულ იერსახეს ვინარჩუნებთო, მაგრამ 720 კვ.კმ-ზე გაშლილი ქალაქის ორად გაყოფა წარმოუდგენელია. ამას ემატება გარემოება, რომ ქალაქის ცენტრი, გული სწორედ იმ სპეციფიკური არქიტექტურითაა დაპროექტებული, რაც მხოლოდ თბილისს ახასიათებს. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ უკონტექსტოდ ჩასმული შენობები გარეუბნებში და ქალაქის ახალ ნაწილში უნდა განაწილდეს - ასეთი სტილის მშენებლობებით კი მივიღებთ ბეტონის უდაბნოში აღმოცენებულ ოაზისს ძველი ქალაქის სახით, რაც არც ესთეტიკური იქნება და ქალაქიც მთელ ხიბლს დაკარგავს.

ტურიზმი ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემავსებელია. ჩამოსულ მოგზაურებს აინტერესებთ, რას შესთავაზებს ქვეყანა უნიკალურს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელს. ზერელედ რომ ვთქვათ, მთები და მდინარეები ყველგანაა. ქვეყნის თვითმყოფადი კულტურა არის ის ფაქტორი, რის გამოც ირჩევენ ადამიანები საქართველოში ჩამოსვლას და დასვენებას, სწორედ ამიტომაა გაუგებარი, რატომ ცდილობს „უხილავი ხელი“ ტურისტისთვის ბევრად საინტერესო და გემოვნებიანი არქიტექტურის ნაცვლად დამთვალიერებელს ლამის ყელში ამოსული ცათამბჯენები და შუშის ნაგებობები დაახვედროს. ქვეყნის კულტურის სპეციფიკურობა, ყველასგან განსხვავებულობა, პირველ რიგში, სწორედ არქიტექტურაში ვლინდება და თბილისის მეინსტრიმულ ქალაქად გარდაქმნა მხოლოდ იმას მოგვცემს, რომ დამახინჯებულ ქალაქში მარტონი დავრჩებით. აი, მაშინ კი ნამდვილად ვიპოვით განახლებულ თბილისში ქალაქის ტოლ მოსახლეობას, მაგრამ სწორედ ეს იქნება თბილისის, როგორც თვითმყოფადი ქალაქის, დასასრულის დასაწყისი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG