Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ (შევდი)ვართ ევროპაში


ავტორი: თინათინ ჩითინაშვილი

ევროპა საზღვარს რომ გადააბიჯებ იქ არაა... ევროპა ან თავშია, ან არა... ევროპა ფასეულობების ნაკრებია, რომელსაც ან ითავისებ ან ვერა... ევროპა არც „განსაწმენდელია„, იქ რომ ჩახვალ და აუცილებლად გეშველება...

პრაღაში ჩასული ქუჩაში კედელზე რომ დააწერს „ლეო ბესომ მოგიკითხა ქვიტირიდან„, ეიფელის კოშკს თავის სახელს მიაკაწრავს და/ან ავტობანზე საცობიდან გამოვა, აკრძალულ სავალ ზოლში გადავა, საცობში მდგომებს მარჯვნიდან ჩაუქროლებს და თან დასცინებს, აბა ესენი ხომ ვერ მოიფიქრებდნენ ამასო, ის ევროპაში შესაშვები კი არა სახლიდან გამოსაშვები არაა.

ათწლეულზე მეტ ხანს ევროპაში ცხოვრებამ ბევრი რამ აღმომაჩენინა. მათ შორის ისიც, რომ საქართველოს და ქართველებს ყველგან კი არ გვიცნობენ და გვაფასებენ, როგორც ეს ჩვენ გვგონია, ზოგს ჩვენი სახელიც კი არ გაუგია (პირველი კულტურული შოკი სწორედ ამ აღმოჩენამ დამმართა). ქართული სამზარეულოსნაირი კარგი, ან მასზე უფრო კარგი სამზარეულოებიც არსებობენ მსოფლიოში და 7 მილიარდიანი კაცობრიობა არც მას იცნობს ზედმიწევნით. ქართული და სომხური მენტალიტეტი, კულტურა და საზოგადოება უფრო მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე განსხვავდება. არც ჩვენი ბუნებაა ისეთი, რომლის მსგავსად ვერსად ნახავ, არც ჩვენ ვართ ტოლერანტები, არც მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია და ზოგ შემთხვევაში ებრაელი ან სულაც მაჰმადიანი უფრო კარგი ადამიანი და მორწმუნე შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ქართველი.

ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ჩემთვის თავად ეს უკანასკნელია - ანუ, ქართველი. განსაკუთრებით კი ისეთი, ასევე ათწლეული რომ აქ ცხოვრობს და „ქართველობას“ არ ჰკარგავს. და მე მივედი დასკვნამდე, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი არის ნაკლებად გონებაგახსნილი, საკუთარ თავში ცუდად გამორკვეული, მაინც (თუ სწორედ ამის გამო) თვითკმაყოფილი და რაც მთავარია არც თუ ისე სოციალური არსება. ამის საილუსტრაციო მაგალითები იხ. ქვემოთ:

კრებით ქართველს ვერ გააგებინებ, რატომ უნდა ისაუბროს სუფრასთან და თუ სხვა თავშეყრის ადგილზე გერმანულად (ჩვენს შემთხვევაში), თუ შვიდი თანამოსაუბრიდან ექვსი ქართველია და მარტო ამ ერთს არ ესმის რაზე საუბრობს პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი უმრავლესობა, რომელსაც ორივე ენა ესმის. თუ შეეცადე გააგებინო რას გულისხმობ და მაგალითად ისეთი სიტუაცია მოუყვანე, როცა ის ზის ექვს თურქთან ერთად სუფრასთან და მათი არაფერი ესმის, უბრალოდ კარგად გაილანძღები ქართული ენის თურქულთან შედარებისთვის და თვისებრივ ცვლილებას მის გონებაში საფუძველს ვერ ჩაუყრი.

ისევ სუფრასთან, ან სხვა თავშეყრის ადგილზე დავრჩები:ათიდან ცხრა შემთხვევაში ქართველი არაქართველებთან საუბრისას საქართველოს თემას არ/ვერ ცდება. სამაგიეროდ ნაკლებად ინტერესდება მოსაუბრის ქვეყნით, კულტურით და თავისებურებებით. თუ უცხოელი თანამოსაუბრე, ქართველი თანამოსაუბრის ჩასუნთქვით, დაცემინებით, ან რომელიმე სხვა მოქმედებით ისარგებლებს, რომელსაც საუბრის ბუნებრივი და მცირე ხნიანი შეწყვეტა მოჰყვება თან და თვითონაც მოინდომებს თავის ქვეყნის ორი სიტყვით ხსენებას, უნდა თქვას რაც შეიძლება მოკლედ და სწრაფად. ქართველი თანამოსაუბრე პირველი ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე პარალელს გაავლებს საქართველოსთან და წარმოაჩენს რა მისი ქვეყნის უპირატესობას, სიტყვას თვითონ დაიტოვებს და ისევ გააგრძელებს საუბარს. საუბარი არც შემდეგ სცდება ჩვენს მეობას, ზნეობას და განსაკუთრებულობას.

ზემოთ ხსენებულ ქართველს ჰგონია, რომ უნდა მიუხვდნენ, გაუგონ, გაითვალისწინონ. თუ სამსახურში დააგვიანდა და საყვედური მიიღო, აქეთ რჩება გაოცებული. აბა ამათსავით დაზომბილი ხომ არაა, ზუსტად დათქმულ დროს გამოცხადდეს დანიშნულების ადგილზე. წესების უმეტესობა უბრალოდ ზედმეტად და გაუგებრად მიაჩნია და სასაცილოდ არ ჰყოფნის ევროპელების გულმოდგინება, პუნქტუალობა, თავდაჭერილობა. აწყობილი ქვეყანა კი უნდა, მაგრამ ის რამაც ააწყო, არა. უფრო მეტიც, ზედმეტი წესრიგი (მისი გაგებით რა თქმა უნდა), კანონმორჩილება, და შემწყნარებლობა აღიზიანებს კიდეც. პრინციპში საქართველო უნდა, ოღონდ ევროში ხელფასით.

ანუ, საშუალო სტატისტიკური ქართველი ღობის იქითაც და ღობის აქეთაც, არც თუ იშვიათად ჩვეულებრივი ვირია...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG