Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაამართლებდა თუ არა ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა ჩვენს ქვეყანაში?


ავტორი: თინათინ ხარშილაძე

ნებისმიერი ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა პოლიტიკური სისტემის ამა თუ იმ მახასიათებლის სწორად შერჩევაა.დემოკრატიული განვითარების გზაზე, ისეთი ახალგაზრდა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა არაერთი შეცდომა და ხარვეზია მოსალოდნელი,იმისათვის რომ შეცდომები ეფექტურად იქნეს შემჩნეული და სწრაფად გამოსწორებული გამოსავალი შესაძლოა იყოს, არსებული მთავრობის პარალელურად მეორე მთავრობის შექმნა,რომელიც ერთგვარად სარკის ფუნქციას შეასრულებს ოფიციალური მთავრობისათვის და მომართული იქნება იმ შეცდომების გასახმოვანებლად,რომლებიც მთავრობის გადასახედიდან,შესაძლოა,არც კი აღიქმებოდეს პრობლემად. მათი დანახვა და გამოსწორება კი განვითარების უმთავრესი საფუძველია.

ჩრდილოვანი კაბინეტის ძირითადი არსი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რომელიც არსებული მთავრობის საპირისპიროდ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ლიდერების მიერ იქნება ჩამოყალიბებული. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, ჩრდილოვანი კაბინეტი ლეგიტიმურ მთავრობად იქცევა.

ჩრდილოვანი კაბინეტი სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც მთავრობის კრიტიკით აქტიურად არიან დაკავებული იმით განსხვავდება, რომ რეალური მთავრობის ყოველ წევრს ჰყავს თავის ჩრდილოვანი ოპონენტი ოპოზიციურ მთავრობაში.ისინი ზუსტად იმავე პრინციპით,იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც არსებული მთავრობა. ეს კი იმაზე მიუთითებს რომ ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები ბევრად უფრო კომპეტენტურები და პროდუქტიულები შეიძლება აღმოჩნდნენ ვიდრე უბრალო ოპოზიციური პარტიები რომლებიც უფრო ზოგადი კრიტიკით შემოიფარგლებიან.

საინტერესოა რამდენად სიცოცხლისუნარიანი და ეფექტური იქნებოდა კაბინეტის შექმნა ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის?

იმ ქვეყნების ძირითადი ნაწილი,რომლებშიც ჩრდილოვანი კაბინეტი უკვე წლებია ფუნქციონირებს, სარგებლობს ე.წ ვესტმინსტერის სისტემით,რომელიც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოდელის პრინციპებზეა აგებული.შესაბამისად, ვესტმინსტერის სისტემისა და საქართველოს პოლიტიკური სისტემის ზოგადი შედარება საშუალებას მოგვცემს დავინახოთ ის ძირითადი განსხვავებები , რომლებიც შესაძლოა ხელს უშლიდეს ჩვენს ქვეყანაში ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბებას. სხვაობები მრავალმხრივია, თუმცა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მთავარი რაც ვესტმინსტერის სისტემის ქვეყნებს საქართველოსგან განასხვავებს არის მყარი და სტაბილურად ჩამოყალიბებული ინსტიტუტები.

ცერემონიალური მონარქის თუ ორი ძირითადი პარტიის არსებობა აუცილებელი წინაპირობა არაა ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბებისა. მართალია, დღეს პრეზიდენტის მოვალეობები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და ამის საპირისპიროდ პრემიერის გაზრდილი,მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს პარლამენტის როლის გაზრდას, მეტიც, ეს ძალაუფლების ისევ ერთი პიროვნების ხელში თავმოყრას განაპირობებს, რაც ნაკლებ სავარაუდოა,რომ ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იყოს.

ფაქტია,რომ პოლიტიკური ინსტიტუტები გაჯანსაღებას კიდევ საჭიროებენ ,თუმცა იმას ვერ ვიტყვით,რომ ქვეყნისთვის არც ახლა და არც მომავალში ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა არ იქნება შედეგის მომცემი.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები:უმთავრესი ოპოზიციური პარტიის,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი თვლის რომ, ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა იმ ფორმით რა ფორმითაც ის არსებობს ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში გაუმართლებელია, რადგან ეს იქნება რესურსების არაეფექტური ხარჯვა, მისი აზრით ეს მიზანშეწონილია მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში რაზეც ოპოზიციური პარტიები ერთიან პოზიციას წარადგენენ.უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად პარტიის წევრი ორ ასეულზე მეტი პარტიის არსებობას მიიჩნევს,რაც შეუძლებელს ხდის სასურველ შედეგზე გასვლას.

საქართველოს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი წევრისთვის კი: “ჩრდილოვანი კაბინეტი საინტერესო მოვლენაა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური დონიდან გამომდინარე, თუ საზოგადოება ამას მიიღებს საჭირო იქნება რიგი რეფორმების გატარება და საჭირო ფინანსების გამოყოფა, რაც მთავარია ჩვენში არსებული პარტიების დაჯგუფება მინიმუმ იდეოლოგიების, ან ალიანსების მიხედვით, რაც ნიადაგს მოამზადებდა. მაგრამ ვიდრე აქამდე მივიდოდით, უნდა ვიცოდეთ, რომ თითზე ჩამოსათვლელია პარტიების რიცხვი საქართველოში, რომლებსაც გრძელვადიანი სამოქმედო სტრატეგია აქვს. საჭიროა მეტი დრო და გაათმაგებული მუშაობა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ ის სახე, რაც ჩვენსავე კოლეგა ევროპელებს აქვთ”.პარტიის წევრის აზრით, იმ შემთხვევაში თუ პარტიების რაოდენობა შემცირდება მინიმუმ იდეოლოგიურ დაჯგუფებამდე დათავად პარტიების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ შეიცვლება, 8-10 წელიწადში შესაძლებელი იქნება აღნიშნული მოდელის დანერგვა.

მსგავსი შეხედულება აქვს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელსაც,. მისი აზრით, საქართველო ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიაა, ამ მოდელისთვის. “ჩრდილოვანი კაბინეტი მუშაობს იქ სადაც ბევრი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ყოველ ათას კაცზე პარტიის შექმნის ნაცვლად, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას ცდილობენ”-აღნიშნავს პარტიის წევრი.

მაშასადამე, მსჯელობიდან გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი, რომელიც შეაფერხებდა ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას ამ ეტაპზე. მათგან უმთავრესია არასტაბილური, ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური პარტიები, ასეთივე იდეოლოგიით,არასაკმარისი ფინანსური რესურსი და პოლიტიკური კულტურის დაბალი ხარისხი.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქვეყანაში ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის საფუძველი არ არსებობს, დღევანელი გადასახედიდან კი რთულია იმის წარმოდგენა რომ ახლო მომავალში გვეყოლება რამდენიმე დომინანტი პარტია, გრძელვადიანი არსებობის პერსპექტივით,რომლის თითოეული წევრი იქნება პარტიის პრინციპებისა და იდეოლოგიის ერთგული და ექნება რეალობასთან შესაბამისი პოლიტიკური ხედვა. ვფიქრობ, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია,მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ, განვითარების ტემპები მუდმივად იზრდება,იმ შემთხვევაში, თუ მომავალში იქნება ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის შესაძლებლობა, ეს მხოლოდ დადებითი შედეგებისმომტანი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG