Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პინკ ფლოიდი, შერლოკ ჰოლმსი და მხედრიონი


ავტორი: ვალერიანე ბუკია

გუშინ მოვისმინე, ბენედიქტ კამბერბატჩი დევიდ გილმორთან ერთად ასრულებს სიმღერას, რომელიც კომფორტულად მოთენთვას ეძღვნება, ვიცოდი ეს ტიპი თამაშობდა შერლოკის როლს სერიალში, თან ძალიან პოპულარულში, აი ბი ბი სიმ რომ გადაიღო რამოდენიმე სეზონად, ერთი სერიაც ვნახე და 1993 წლის გვიანი შემოდგომა გამახსენდა, მხედრიონი და ათასგვარი მძორის მჭამელი ცხოველის სახელის მქონე შეიარაღებული რაზმი დაძრწოდა უძველესი კოლხიდის, აწ უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში. ზუსტად ამ დროს ვკითხულობდი შერლოკ ჰოლმსის ფათერაკებით სავსე თავგადასავლევს, დაწერილს არტურ კონან დოილის მიერ. ქუჩაში ტყვიების ზუზუნი ისმოდა, უმისამართოდ ისროდნენ, ზოგჯერ მისამართითაც და მახსოვს ბასკერვილების ძაღლის კითხვისას რომ მოიტანა მამამ ამბავი, ჩვენს უბანში ორ დახვრეტილ ზვიადისტზე, რომლებიც მხედრიონელებმა დახვრიტეს და ხალხს მათი დამარხვა აუკრძალეს, დაე ჯიჯგნონ ძაღლებმაო, ძაღლებმა არ ვიცი ჯიჯგნეს თუ არა მაგრამ ეს ორი გვამი გაიხრწნა, გაიბერა და აყროლდა, მთელი კვირის განმავლობაში მიწის ზემოთ ყოფნის გამო. 12 წლის ვიყავი, ჩემი თანატოლი მეზობლები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ ამ მიცვალებულების სანახავად, მე დედამ ამიკრძალა წასვლა, არც მე გამომიდია თავი, ბავშვობიდან მეშინოდა მიცვალებულების, მით უმეტეს გახრწნილი მიცვალებულების. ჩემი მეზობლები კი ისედაც ზედმიწევნით მიხსნიდნენ სკოლაში მიმავალს თუ რა მდგომარეობაში იყვნენ გვამები.

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებს ნავთის ლამფის შუქზე ვკითხულობდი, გაკვეთილების მომზადების შემდეგ. მოცეკვავე კაცუნების ნახატებიანი ანბანიც კი შევქმენი, მასე ვწერდი ტექსტებს, მაწანწალა ძაღლების დანახვაზე ბასკერვილების ძაღლი მახსენდებოდა, ერთი პერიოდი ფოსფორის მოძიებაც გადავწყვიტე, რომ რომელიმე მაწანწალა ძაღლისთვის მომეყარა და მეზობლები შემეშინებინა ღამღამობით, თუმცა უშედეგოდ სახლში და სამეზობლოში ფოსფორი არ აღმოგვაჩნდა, ფოსფორს ვინ ჩივის, ისეთი ცუდი დრო იდგა შაქარს და ფქვილს ვერ იშოვიდი და თუ იშოვიდი მის მოსატანად წასვლის შეგეშინდებოდა ტყვიის ზუზუნში.

ხან ზვიადისტები იპყრობდნენ ჩვენს რაიონს ხან მხედრიონელები, ერთხელ მთვრალი ჩეჩენიც გაიჩითა, ზვიადისტების მხარეს იბრძოდა. ჩემი მეზობელი იყო ძალიან შეშინებული მისი გამოჩენით, ესენი ადამიანებს თავებს აჭრიან და მერე ამ თავით ფეხბურთს თამაშობენო, მაგრამ გადავრჩით მას იქ მაშინ ფეხბურთის სათამაშოდ არ ეცალა, თან მალევე გაუჩინარდა. ბატალიონებში ბლომად ტრაქტორისტებსაც ნახავდით მინდორ ველების ხვნა-თესვას შეეშვნენ და ტანკებს დააგრიხინებდნენ აღმა-დაღმა. იმდენი კი მოახერხეს მაშინდელმა ქართველებმა, ბლომად ხოცეს ერთმანეთი, სხვებსაც ახოცინეს და ბოლოს მაინც დამარცხდნენ.

ბი ბი სის შერლოკს დავუბრუნდეთ, ერთი სერია ვნახე მაგრამ ისიც საკმარისი აღმოჩნდა სურვილი გამჩენოდა სხვებიც მენახა, ვნახავ აუცილებლად. ოცდამეერთე საუკუნის ლონდონის ქუჩებში დააბიჯებს (დააბიჯებს კი არა ძირითადად დარბის) ჰოლმსი უოტსონთან ერთად, მათ სმარტფონებიც აქვთ, ლეპტოპებიც, ელექტრონული ფოსტაც. უცვლელია მხოლოდ მისი დედუქციური მეთოდი და რაც მთავარია არ ეწევა, ჩიბუხს მანდ ვერ ნახავთ, პირიქით ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს ნიკოტინს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG