Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ზურაბ ვაშაკიძე

არა რევოლუციონერებისთვის!

„სამყაროს იმდენი ცენტრი აქვს, რამდენიც ადამიანია.“
ალექსანდრე სოლჟენიცინი.

არჩევნების ბატალიებმა ჩაიარეს, შედეგები კვალიფიციურად და სხვადასხვა კუთხითაა გაანალიზებული. რამდენიმე ციფრზე მაინც გავამახვილებ ყურადღებას.

1. ამომრჩევლთა თითქმის ნახევარმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. დავუშვათ, ამ ნახევრის ნახევარმა ობიექტური მიზეზით. მაინც საკმაოდ დიდი ციფრი რჩება. მიუხედავად პარტიების მრავალრიცხოვნებისა, დაახლოებით 800-900 ათასმა ადამიანმა, ვერ დაუკავშირა თავისი კეთილდღეობა რომელიმე მათგანს.

2.დაახლოებით 500 ათასმა ადამიანმა მხარი ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა( ღმერთმა დაგვიფაროს ამდენი რევოლუციონერი რომ გვყავდეს). დავუშვათ მათი ნახევარი ის ადამიანებია, რომელთაც ან წინა ხელისუფლებისდროინდელი პრივილეგიები დაკარგეს, ან ფიზიკურად ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება ბელადის გარეშე, ან იდეური რევოლუციონერები არიან (ასეთები იმედია ძალიან ცოტაა). დარჩენილი ნახევრის, ანუ დაახლოებით 200-300 ათასი ნაცმხარდამჭერის ძირითადი საფიქრალიც, ვფიქრობ ისევ ყოფითი ხასიათისაა.(ა.მ. 20-30 ლარის სანაცვლოდ სოფლის ბირჟიდან დედაქალაქში, მიტინგზე რომ ამოყოფენ თავს).

მიუხედავად ხელისუფლების უამრავი სოციალური პროექტისა, რასაც მხოლოდ მივესალმები, მარტივი არიტმეტიკით, მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ვერ პოულობს ინსტიტუტს, რომელიც მათ ყოფითი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. ეს ციფრი დასაფიქრებელია. ნაცმოძრაობის დაშლა, ან საერთოდ გაქრობა მხოლოდ ზედაპირულად ჭრის საკითხს, ვინაიდან ყოველთვის გამოჩნდება ახალი „ხალხისთვის მებრძოლი რაინდი“, „განათლებული პოლიგლოტი“, ხოლო სინამდვილეში - უტიფარი და დემაგოგი პოლიტიკოსი, რომელიც ეცდება ამ ადამიანების ნდობის მოპოვებას. საკმარისი ფულის შემთხვევაში ეს მცდელობა შედეგიანი იქნება.

პიროვნულად, ხელისუფლებაში მოსული ადამიანების უმეტესობისადმი დადებითი განწყობა მაქვს. განსაკუთრებით ახალგაზრდა რეფორმატორებისადმი. პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული და პრემიერ მინისტრით დამთავრებული.

(დანარჩენებს რა უნდათ პარლამენტში, მომკალით და ვერ ვხვდები), მაგრამ ზემოთმოყვანილი ციფრები მათ წინაშე არსებულრეალურ გამოწვევებზე მეტყველებს.

ეხლა „ზუბატოვშჩინის“ შესახებ.

ჟანდარმერიის პოლკოვნიკი სერგეი ზუბატოვი(1864-1917) ყმაწვილობაში ხალხოსნური იდეებითაა გატაცებული. მალევე რწმუნდება რომ რევოლუციური მოძრაობა მხოლოდ ბოროტების მომტანია და რეფორმები არის ერთადერთი გზა, რომელსაც სახემწიფო - ძლიერებისკენ, ხოლო მოქალაქეები - კეთილდღეობისკენ მიყავს. ამ იდეას იგი ცხოვრების ბოლომდე ემსახურებოდა. სამსახურეობრივი კარიერის ბოლოს, იგი 11 თვის განმავლობაში (1902-1903 ) ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ განყოფილებას. 1903 წელს, იმის გამო, რომ მისი რეფორმატორული იდეები ხელმძღვანელობის მიერ არ იქნა გაზიარებული, თავს ანებებს სახელმწიფო სამსახურს. 1917 წლის 2 მარტს უკვე პენსიონერი ზუბატოვი სადილის დროს გებულობსიმპერატორის გადადგომის შესახებ. უხმოდ გადის ოთახიდან და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. იგი ნიჭიერი, განათლებული და ღირსეული სახლმწიფო მოღვაწე იყო და რომ არა ინტრიგები და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ პლევეს სიჯიუტე და რეფორმებისადმი შიში, შეიძლებოდა რუსეთი იმ უამრავ სისხლისღვრას და სისაძაგლეს გადარჩენილიყო, რომელიც რევოლუციამ მოუტანა.

რა შესთავაზა ზუბატოვმა სახელმწიფოს?

1896 წელს მოსკოვში დააპატიმრეს სოციალ- დემოკრატიული ორგანიზაციის - „მუშათა მოძრაობის“ წევრები. ამ დროს ქალაქის დაცვის განყოფილებას (ე.წ. ოხრანკა) ზუბატოვი ხელმძღვანელობდა. ამ მოძრაობის რევოლუციონერ წამქეზებლებთან ერთად დაპატიმრეს მუშებიც, რომლებმაც სიტყვა სოციალიზმის მნიშვნელობაც არ იცოდნენ და დანაშაულის უნებური, გაბრიყვებული თანამონაწილენი იყვნენ.

ზუბატოვს რევოლუციონერებთან მუშაობის საკმაო გამოცდილება ქონდა და კატეგორიულად ანსხვავებდა ფანატიკოს რევოლუციონერებს მათდამი შემთხვევით მიმხრობილ გულუბრყვილო ადამიანებისაგან. მისი ტერმინი რომ გამოვიყენოთ - კონფლიქტი იყო ფორმალურ და რეალურ სინამდვილეს შორის. ანუ ფორმალურად მუშათა ეს კატეგორია დამნაშავე იყო იგივე დოზით, რამდენითაც ფანატიკოსი რევოლუციონერები და სამართლებრივად ერთნაირად უნდა დასჯილიყვნენ. ზუბატოვმა ჩათვალა, რომ ასეთი ფორმალური მიდგომა არც ზნეობრივი და არც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მართებული არ იყო. იგი მიხვდა, რომ რევოლუციის წინააღმდეგ მარტო რეპრესიებით ბრძოლასაკმარისი არ იყო. აუცილებელი იყო მათი გავლენის სფეროდან მუშათა მასის გამოყვანა და წამოაყენა იდეა - ხელისუფლებას თვითონ შეეწყო ხელი მუშათა ლეგალური ორგანიზაციებისათვის, რომელთაც მხოლოდ ეკონომიკური მოთხოვნები ექნებოდათ და მხარი დაეჭირა მათთვის პრობლემების მოგვარებაში. სწორედ ამ იდეას დაერქვა შემდგომ „ზუბატოვშჩინა“.

ყველა ფლანგის რევოლუციონერმა იგრძნო ის საფრთხე, რაც ამ იდეის განხორციელებას შეიძლებოდა მათი მოძრაობისთვის მოეტანა. ხელიდან ეცლებოდათ ძირითადი საზარბაზნე ხორცი- მუშები და ნულდებოდა მათი სტრატეგია გაიგივებინათ რევოლუციის იდეა მუშათა ეკონომიკურ პრობლემებთან. რასაც ბუნებრივია მათი მხრიდან ზუბატოვის იდეების დისკრედიტაციის გააფთრებული მცდელობები მოყვა.

ზუბატოვს ასევე სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდა, ერთის მხრივ, მთავრობის წევრებისგან და მეორე მხრივ, ქარხნების მეპატრონეებისგან. მართალია მან ეს ბრძოლა საბოლოოდ წააგო, რასაც მისი გადადგომა მოყვა, მაგრამ მაინც მოახერხა და მისი მხარდაჭერით პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან თავისუფალი პირველი მუშათა ლეგალური ორგანიზაციები შეიქმნა. ამ მოძრაობას სათავე უნდა დაედო რუსეთში ცივილური მუშათაპროფესიული კავშირების განვითარებისათვის.

ზუბატოვის გადადგომის შემდეგ, რევოლუციონერებმა მოახერხეს გავლენის აღდგენა მუშათა მოძრაობაზე და რაც ამას მოყვა ყველამ ვიცით.

რატომ გავიხსენე ერთი შეხედვით უმნიშვნელო რუსი პოლიციის ჩინოვნიკი.

1.უპირობოდ, კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად, ნებისმიერი რევოლუცია არის ლამაზ დროშაში შეფუთული ფულის და გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით ჩადენილი ბოროტება. ამიტომ ყველა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი მოღვაწე, რომელიც ამ ბოროტებას ებრძვის, პატივისცემას იმსახურებს.

2. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა არ დაუშვას ქვეყანაში რევოლუციის თეორიული შესაძლებლობაც კი.

3. ამ ამოცანის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი მშრომელთა პროფესიულ კავშირებს შეუძლია ითამაშოს. მათი მხარდაჭერა ერთის მხრივ სახელმწიფოს სოციალურ ტვირთს შეუმსუბუქებს და მეორე მხრივ მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საქართველოს პროფესიულ კავშირებს ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება. ა.მ. გაუგებარია რომ ორგანიზაცია, რომელსაც 220 000 წევრი ყავს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG