Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაფხულის დღიურიდან...


ავტორი: ზვიად ჭკადუა

რომელ ქალაქშიც არ უნდა მოხვდე, ალბათ არაჩვეულებრივი, ყოველშემთხვევაში გონივრული მაინც იქნება თუ გარემოს ღამის მიწურულს ნახავ. გაიცნობ ქუჩებს, შენობებს და მათ კულტურულ, არქიტექტურულ, გრაფიკულ ნიშას.

„ბათიუს ლიმან“ - ღრმა ყურით განთქმული ქალაქი, აწ უკვე „ბათუმი“ მხიბლავს და მიზიდავს, არა ღამით, არც დღისით, არამედ ალიონზე, როცა გარიჟრაჟებული სამყარო განთიადით ახალი დღის დაბადებას გვაუწყებს. რესპუბლიკის მერიამ იმდენი მოახერხა, რომ უპატრონო ძაღლების გაჭაჭანება არაა ქალაქში. აქა-იქ, ერთი-ორი შინაურის წამიერ წამოყეფვას თუ მოკრავ ყურს, ალბათ ერთმანეთის სანუგეშოდ და ფორმალობისთვის, აბა კატებს, ხომ არ აყეფინებენ. ისე კატები აშკარად თვალშისაცემად ბლომადაა, მათ ნახვას შეძლებთ: ნაგვის ურნაში ჩამძვრალებს, ეზოს შესასვლელთან წამოსკუპებულებს, სახლის სახურავიდან მომზირლებს და პარკებში მოსეირნეებსაც.

ალიონი - ვფიქრობ საუკეთესო მონაკვეთია დღე-ღამის, რათა ობიექტურად, ნატურალისტურად შეაფასო ქალაქის იერსახე, ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა. კონცენტრაცია-დაკვირვებაში ხელს ვერ შეგიშლის, ვერც ადამიანები, მათ მიერ მოქმედებაში მოყვანილი ტექნიკა და არც მცხუნვარე მზე.

ზუბელაშვილზე ავიღეთ ბინა და ქუჩაში გამოსვლისთანავე, თი ბი სი გალერეის შენობის პირდაპირ, ვაჟაზე ჩავიარე. შემდეგ, მარჯვნივ მამედ აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც თბილისის იგივე სახელწოდების ქუჩას მოგაგონებთ კარაოკე და სხვა ღია ბარებით. ძირითადად 2-3 სართულიანი ნაგებობები უხვადაა შემკული ქიმერების, უსახელო მითიური არსებების, ლომების და სხვა ბარელიეფით. დასასრულს ბარათაშვილიდან აღმოვჩნდი ბათუმის ბულვარში.

ჩამოვჯექი სკამზე და ვიხსენებ უბანს თბილისში, სადაც შესაძლებელია სეირნობის მოყვარულთათვის შესაბამისი სივრცის არსებობა. ვერაფერი ვერ გავიხსენე და არც არსებობს ალბათ. ამ მხრივ ბათუმი განუმეორებელია.

ნეტა რამდენ ფსევდო პოეტს დაუწერია ლექსი ბათუმზე?! ფსევდოს იმათ ვეძახი, რომლებიც პატივისთვის, ძალაუფლებისთვის, აღიარებისთვის თხზავენ, ქმნიან ე.წ. ხელოვნების ნიმუშებს. წერა მაშინ არის კარგი თუ იგი მოთხოვნილებაა, არა მეუფებით განპირობებული, არამედ შინაგანი, როგორც ფიზიოლოგიური. იყვნენ ადამიანები, მათ შორის ბარათაშვილი, რომელიც ქმნიდა და ფურცელზე გადმოქონდა სევდა, ტკივილი, ურვა. „სული ობოლი“ ანუ ადამიანი, რომელმაც ვერღა ჰპოვა ტოლ-სწორი. შორს წაგვიყვანს ამ პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტის აღწერა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი ბარათაშვილი ტკივილმა შექმნა, როგორც გალაქტიონი და შოთა. ეს ტკივილი ალბათ ყველა გრძნობაზე მაღლა დგას მისი სიმძაფრით.

იდუმალება დუმილშია, დუმილი კი მაშინ არის შესაძლებელი, როცა უკვე გონივრული, ღრმა, ღირებული, აზრიანი რამ შექმენი. ადამიანი პატივმოყვარე არსებაა და ეს მას თან დევს დასაბამიდან. რატომ ვირჩევთ ამ გზას? როდის და სად გაჩნდა ეს გრძნობა ადამიანში? ალბათ ცნობისმოყვარეობის განვითარებას ამ გრძნობამ შეუწყო ხელი. რთული თემაა... ალბათ პრიმიტივი ვითარდებოდა ისე, როგორც ამას მოითხოვდა გარემო. ვფიქრობ ამ არსებას ჯერ არ დაუსრულებია მისი განვითარების გზა.

პატივი - ეს გრძნობა ყველას გვიზიდავს, მაგრამ, გარდა პატივისა არის ვნება და სიყვარული. შეძლებს კი ადამიანი, მხოლოდ პატივმოყვარეობით ცხოვრებას? არის საკმარისი ეს? ალბათ არა, რადგან ადამიანს ჭირდება სიყვარული. აქაც ვერ ვაგრძელებ, რთულია... ფიქრი სჭირდება, ფიქრი, რომელთანაც ჰომოსაპიენსის დამოკიდებულებას თომას ედისონი ასე აღწერს: „ადამიანები მზადაა ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ გონებრივი ძალისხმევა არ დახარჯოს“.

ალბათ დილის ექვსი საათია, ვზივარ ბათუმის პარკში თუჯის აქსესუარებით დამზადებულ ხის სკამზე და ვფიქრობ: - ადამიანი საკუთარ თავს, რომ იცნობდეს აუცილებლად შეძულდება, შეზიზღდება იგი. არ იცნობს, როგორც არ იცნობს გარშემომყოფებს და ეს ვნება, ინტერესი, სურვილი შეცნობისა ამოძრავებს, სიცოცხლით და ინტერესით ავსებს მას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG