Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ზვიად ფოჩხუა

შაბათის საღამოა. დამირეკა ძმამ თბილისიდან. დედას გასაღები დაეკარგა და სახლში ვერ შედის. ნერვიულობს, ინსულინი და სხვა წამლები თან არ აქვს. გასაღები მე მაქვს. მე, მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად დასავლეთ საქართველოში ვარ.

ვფიქრობ რა შეიძლება გაკეთდეს. ძმაც იგივეს მეკითხება. და კიდევ მეორე გასაღები ხომ არ დატოვე სიდედრთანო.

დედა ინსულინზე დამოკიდებულია უკვე ათი წელია. როგორც თითონ ამბობს დიაბეტი აფხაზეთის ომმა და ცხოვრებამ დამართა. ნემსს დილით და საღამოს იკეთებს. ეს აუცილებელია რომ სისხლში შაქრის დონემ არ აიწიოს.

დედა სადარბაზოში დგას. 81 წლისაა. ნერვიულობს, რომ გასაღები გზაში დაკარგა.

ჩემი ძმა მირჩევს საჩქაროდ ჩავიდე სენაკში და რომელიმე ავტობუსს მეორე გასაღები გამოვატანო. ღამის პირველი საათისთვის თბილისში ალბათ ჩამოიტანენო.

ვიდრე გავალ, ვფიქრობ იქნებ მოხერხდეს ინსულინის მოძიება თბილისში.

პირველ რიგში ვრეკავ ირაოში. კორპორატიული დაზღვევა გვაქვს, მათ შორის ოჯახის წევრებზე. აქამდე დედაჩემს არასოდეს უსარგებლია, რადგან გაგვაფრთხილეს ერთი წელი ისე ფორმალურად უნდა იხადონ ფული, რომ მეორე წლიდან წამლების ანაზღაურება შესაძლებელი იყოსო.

პირადი მენეჯერი მირჩევს ცხელ ხაზზე დავრეკო. ცხელ ხაზზე ვუხსნი რაც მოხდა. მპასუხობენ, ჩავწერთ ცოცხალ რიგში პირად ექიმთან ვიზიტზე, ვაკეში. იქნებ მიასწროს და ექიმმა, რაღაცნაირად, ურიგოდ მიიღოს და დანიშნულება გამოუწეროს. რისთვის? რომ აფთიაქში ინსულინი შეიძინოს.

პრობლემაც ეს არის. ინსულინი აფთიაქში არ არის. თან ცოცხალ რიგში დანიშნულებაზე ახლა ვინ წავა.

ვერაფრით დაგეხმარებითო.

სიმართლე რომ ვთქვა, დაზღვევის იმედი არც მქონდა. არ ვბრაზდები, მაგრამ ძალაუნებურად ვფიქრობ, იქნებ ისევ იმედს დავუბრუნდეთ. დილით დამირეკეს ახალ პაკეტს გთავაზობთო.

ვრეკავ ავერსში, PSP, სახალხო აფთიაქში. ყველა ნომერზე ვისმენ ხანგძლივ სარეკლამო განცხადებებს ფასდაკლების დღეებზე და რომ ჩემი საუბარი იწერება მომსახურეობის ხარისხის ასამაღლებლად. ვითმენ, რომ არ გავბრაზდე.

მერე ერთნაირად მპასუხობენ რომ პრეპარატი აქტრაპიდი თბილისში არ აქვთ. ავერსმა თუ სახალხო აფთიაქმა, ვხედავ ქსელში, ქარელში, გორშიო და ქუთაისშიო.

უკვე ვნანობ, რომ არ დავუჯერე დედაჩემის ენდოკრინოლოგს, ჩააწყვე სამინისტროში, რომ დედაშენს სხვა უკეთესი პრეპარატი დაუნიშნონო. ალბათ ის უფრო იშოვება.

ინტერნეტში ვეძებ დიაბეტის ცენტრების ტელეფონებს.

დიაბეტის ეროვნულ ცენტრში არავინ პასუხობს ზარს.დიაბეტის ბავშვთა ცენტრში ვიღაც ჩაძინებული ხმით მპასუხობს, “ხო ზურა”.მგონია სხვაგან მოვხვდი, თურმე ცენტრია. ალბათ დაცვის თანამშრომელია. გულახდილად მპასუხობს, ჩვენ ბავშვებს 18 წლამდე ვემსახურებით. წამალს აქ არ ვყიდითო.

ვრეკავ ტატიშვილის კლინიკაში, ჩვენს სახლთან რომ არის.მპასუხობენ ინსულინი არ გვაქვს, არც ენდოკრინოლოგია რომ გირჩიოთ რამე. არც ის ვიცით როგორ უნდა მოიქცეთო.

უკვე სენაკში წასასვლელად ვემზადები. მეუღლე ნერვიულობს, რომ ჩვილ ბავშვთან მარტოდ დარჩენა უწევს.

112-ში ვრეკავ, იმის გასაგებად, კრიტიკულ ვითარებაში თუ შეძლებენ სასწრაფოს გამოძახებას და ინსულინის გაკეთებას. ოპერატორი მპასუხობს, აქ ინსულინი არ გვაქვს.სასწრაფოსაც არ აქვს. თუ ცუდად გახდება საავადმყოფოში გადაიყვანენო. ვემშვიდობები.დაუყონებლივ მირეკავს 112. ჩვენი დახმარება არ გინდათ? მეკითხება გაბრაზებული ოპერატორი. ვპასუხობ,როგორ? წამალი არ გაქვთ , მეუბნებით რომ არც სასწრაფოს არ აქვს, სულიერ დახმარებას და გვერდში დგომას თუ მთავაზობთ… მთავაზობს სასწრაფოს გამოძახებას, თუ დედაჩემი ცუდადაა.

ვუხსნი, რომ ცუდად მაშინ გახდება თუ ინსულინს არ გაიკეთებს.

ანუ ჯერ ცუდად არაა? არა.

მეჩვენება რომ ოპერატორი უკვე დაინტერესდა, ან შევეცოდე, ან შეეშინდა ჩვენი საუბარი ახალი წლის წინ არ გაავრცელოს ვინმემ Myvideo-ზე. მთავაზობს მაშველთა ბრიგადის გამოძახებას, რადგან ინსულტიანი ოთახშია ჩაკეტილი.ვეუბნები, რომ ინსულტი არ აქვს, ინსულინ დამოკიდებულია.და არც ოთახშია ჩაკეტილი. ოთახში ინსულინია, რომელიც უნდა გაიკეთოს. ეს წამალი კი სხვაგან არ იყიდება.

პასუხს არ ელოდება, ისე იძახებს მაშველთა ბრიგადას, ალბათ რკინის კარის გასაჭრედლად. ვცდილობ გავარკვიო კარს ჩამოამტვრევენ თუ გააღებენ. არ ვიცი, მოვა ბრიგადა და ადგილზე უთხარით თუ კარის ჩამოღება არ გსურთო.

ვფიქრობ, ისევ სენაკში წასვლა ჯობს.

ამასობაში რეკავს ჩემი ძმა.

გასაღები ვიპოვეთ, ხილბოსტნეულის მაღაზიაშიო.

გულში გვიხარია, რომ გადავრჩით. რაღაცნაირად უკვე 112-ის მადლიერიც ვარ.

ვთანხმდებით მომავალში როგორ ავიცილოთ ასეთი შარი.

გასაღების მესამე წყვილს ნეიტრალურ ადგილზე შევინახავ.

და კიდევ სამინისტროში საქმის ცაწყობას შევეცდები.

ვფიქრობ, ოღონდ ვისთან ჯობს.

P.S.

საქართველოში დიაბეტით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 80 ათასს აღემატება. მათი უმეტესობა ხანდაზმულებზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG