Accessibility links

5 მარტი, კვირა

როგორც იქნა, თენდება ის ერთი დღე, როდესაც შემიძლია სახლში დავრჩე და თავს უფლება მივცე, არსად წავიდე. ასეთი დღეები იშვიათია ჩემს ცხოვრებაში. არა, განა ვინმე მაძალებს ან მაიძულებს, მე თვითონ ვარ ასეთი, ვერ ვჩერდები. ისე, ცხენის წელში ვარ დაბადებული, კურო ვარ და ალბათ მახასიათებელი ნიშან-თვისებებიც მეტყობა. ერთხელ ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა, რომელიც დაიღალა ჩემი სხვადასხვა ღონისძიებებით ასე მითხრა: „გვითხარი ერთი, რა ღონეს ეძებ და ამდენი ხანი რა ვერ გიპოვნიაო“. ბევრი ვიცინეთ (მანამდე არ დავფიქრებულვარ და არ გამიშიფრავს ამ სიტყვის მნიშვნელობა „ღონის-ძიება“). ასე რომ, წინა კვირა სავსე იყო ასეთი ღონისძიებებით. 1 მარტიდან ვიწყებთ ღონისძიებების ციკლს „ქალები - შრომითი უფლებებისთვის“ და ვხვდებით სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს. ვუსმენთ ერთმანეთს, ვგეგმავთ აქტივობებს. ასეთი იყო 2 მარტი - შევხვდით გაერთიანების წევრ ორგანიზაციებში დასაქმებულ ქალებს და (უკვე მერამდენედ) შევიმუშავეთ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვის წერილი მოთხოვნით, რომ განხორციელდეს ცვლილებები შრომის კოდექსში (ქალთა შრომით უფლებების დაცვის საკითხი) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის „დედობის დაცვის“ შესახებ, რატიფიცირება მოახდინონ. ამაზე კეთილშობილურ, ამაზე ჰუმანურ საქმეს რას გააკეთებენ. ხელისუფლება იცვლება, წინასაარჩევნო დაპირებები - მსუყე, იმედიანი და ლამაზი, შედეგი ღარიბი და უსახური. სამწუხარო რეალობაა.

3 მარტს, „დედის დღეს“ თბილისის მე-4 სამშობიარო სახლში მივედით და ახალგაზრდა დედებს მივულოცეთ დედის დღე. მივულოცეთ იმ ქალებს, (სხვათა შორის ყვავილებით და ძალიანაც გაეხარდათ) რომლებიც მუშაობდნენ იმ დღეს და არ ისვენებდნენ. ვნახეთ ახალშობილები, დედებს ვუსურვეთ სიკეთე და გადავწყვიტეთ სწორედ იმ ადგილიდან, საიდანაც საფუძველი ეყრება დედაშვილობას, სადაც იბადება ახალი სიცოცხლე (იქ მისულს გამახსენდა, რომ ჩემი მესამე შვილიც ამ სამშობიაროშია დაბადებული) კიდევ ერთხელ მიგვემართა ხელისუფლებისათვის, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებში, უპირველესი ზრუნვის საგანი გახადონ და წაახალისონ დედობა.

ზარის ხმაა. გამახსენდა, რატომაც დავრჩი სახლში. რკინის გისოსები უნდა მოიტანონ აივანზე დასამაგრებლად. რა ვიცი, რა ვიცი... სულ არ ვართ სახლში და ეს ჩვენი წიგნები არავინ წაიღოს (მე-9 სართულზე ვცხოვრობ). მოკლედ, მოიტანეს და ამაგრებენ, ხელოსანი ხევსური კაცია - გვარად ლიქოკელი.

რეკავს ჩემი და, რომელიც ფშავშია წასული (ბედნიერი) და ტელეფონით მიყვება იქაურ ამბებს. საერთოდ, ფშავში წასვლა იმიტომ დაიგეგმა რომ, ზედიზედ სამი დასვენების დღეა და იქნებ მე გამიყვანონ როგორმე ქალაქიდან (ნამდვილად მჭირდება ნერვული სტრესის შემდეგ), მაგრამ ვერ მოვიცალე და ჩემი და, ნანა მიყვება იქიდან, თუ როგორი თოვლია მთებზე, როგორი ხმით მორბის არაგვი, როგორ არის „მარგარიტკებით“ მოფენილი ისევ დამზრალი მიწა, როგორ არის ჩემი მუხა (ამოჩემებული მაქვს, ჩემს ხეს ვეძახი. ისე, ფშაური მითოლოგიაც ხომ არსებობს და ჩემი გვარის ხეა მუხა). მოკლედ, უკვე პეპელაც ნახა და ტელეფონით მიგზავნის ფშავის სილამაზეს. მეკითხება რა ხმაური ისმისო? მე ვუხსნი რომ გისოსებს ვსვამ და შედუღების ხმაა. გოგო (ისევ გოგო ვარ), დღეს დიდი უქმე დღე - „მგელთუქმეობა“ ყოფილა, მუშაობა არ შეიძლებაო. დავფიქრდი, პირველად გავიგე ასეთი რამ, ხელოსანს ვეუბნები, შენ იცოდი დღეს „მგელთუქმეობა“ რომ არის და საქმის გაკეთება არ შეიძლება-მეთქი. მითხრა, ცხვარ-ძროხა არც თქვენ გყავთ და არც მე, რომ მგელმა შეგვიჭამოს და მე-9 სართულზე მგელი ვერ ამოვაო (ბევრი ვიცინეთ). მაინც კარგია რაღაც კუთხურ-ტრადიციული თქმულების, ანდრეზების და წეს-ჩვეულების მოსმენა ამ თანამედროვე ყოფის დროს.

6 მარტი, ორშაბათი

დღეს ორშაბათია. დილა ფინჯანი ყავით იწყება და ქალის ჩვეულებრივი საქმიანობით, სახლის ჩქარ-ჩქარი ლაგებით, რომ რამე უწესრიგოდ არ დაგრჩეს და იმის შეგრძნებით, რომ სულ ვერ ასწრებ, სულ რაღაც გრჩება გასაკეთებელი. ყვავილებს ვრწყავ, მიყვარს ეს პროცესი. ლამაზი ყვავილები მაქვს და მიხარია ახალ კვირტს და ახლად აყვავებულ ყვავილს რომ ვნახავ. გამხმარ ფოთოლს და ყვავილის ფურცელს რაღაცნაირად ფრთხილად ვიღებ და მახსენდება ტარიელ ხარხელაური „მე კარგად ვიცი საითაც წავალ, შენ საით წახვალ ხმელო ფოთოლო“.

ორშაბათი სამსახურში თათბირის დღეა, ვგეგმავთ კვირის ღონისძიებებს, საკითხებს. პროფკავშირის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწონა ჩვენი პროექტი ზრუნვის - ეკონომიკაში ჩართული ქალების შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხებზე და დაგვპირდნენ დახმარებას. ზრუნვის ეკონომიკა მოიცავს საბავშვო ბაღებში, მოხუცებულთა სახლებსა და თავშესაფრებში დასაქმებულთა და თვითდასაქმებული ძიძების, შ.შ.მ პირების და მძიმე ავადმყოფობის გამო შრომისუუნარო ადამიანების მომვლელების (რომელთაც სახელმწიფო არანაირ დახმარებას არ უწევს) საკითხების წინა პლანზე წამოწევას და აქტუალურობის შეძენას. ვფიქრობ კარგად უნდა ვიმუშაოთ.

13:00 საათზე რადიოში ვარ მიწვეული და ვისაუბრებ ქალთა შრომის უფლებების დაცვის საკითხებზე. განსაკუთრებით კი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესისა და ოდენობის არასამართლიანობაზე და იმ უამრავ პრობლემაზე, რაც ამ სფეროშია.

4 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა. შეხვედრაზე უნდა განვიხილოთ შრომის კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომელიც 1 სექტემბრამდე უნდა ამოქმედდეს და რომელიც ევროკავშირის დირექტივების მიხედვით მუშავდება, რომელიც ეხება დისკირიმინაციის საკითხებს და ამ დირექტივების იმპლიმენტაციის ვალდებულება აღებული აქვს სახელმწიფოს ასოცირების ხელშეკრულებით. განვიხილეთ საკითხები, ვერ ვთანხმდებით და საკითხის განხილვა გადაგვაქვს 10 მარტამდე.

საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით ძველი მეგობრები, ე.წ. „ძველი გვარდია“, როგორც ერთმანეთს ვეძახით. მივდივართ ჩვენი მეგობრის სანახავად, რომელიც ავად არის (ინსულტი) შევდივართ მხიარულად, რომ არ შეგვატყოს ნერვიულობა. უკეთეს მდგომარეობაში დაგვხვდა წინანდელთან შედარებით, რომ დაგვინახა, სულ გულზე ირტყა ხელები სიყვარულის ნიშნად, თვალებიდან ცრემლები ჩამოსდიოდა (მამაკაცია) და ძლივს ცრიდა კბილებიდან: „შენი ჭირიმე“. შემრცხვა, რომ ვერ მივდივართ ხშირად და ამ სიხარულს ვაკლებთ ერთმანეთს. ჩვენ ხომ უანგაროდ გვიყვარს ერთმანეთი, აგერ უკვე თითქმის 40 წელია. თითქმის დავიფიცეთ, რომ რაც შეიძლება ხშირად ვივლით მასთან.

გვიან ვბრუნდები სახლში. 12 საათია და ვფიქრობ, ნეტა რამდენი კალორია დავწვი დღეს? საოჯახო საქმეები. ბევრი სარეცხი მაქვს დასაუთოებელი. ვაუთოვებ და მახსენდება საარსებო მინიმუმის თემის შემუშავება. სტატისტიკის სამმართველოდან ვიღებ ცნობას, სადაც წერია გრაფაში „საარსებო მინიმუმი ერთ სულ შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით“ (რა ვიცი, გენდერის საკითხებზე მუშაობის მიზნით კი შეიქმნა სახელმწიფო სამსახურები). ვსვამ კითხვას: ქალზე რატომ არ იანგარიშება საარსებო მინიმუმი? სტატისტიკის სამმართველო მპასუხობს, რომ ეს ნორმა გრაფაში ასე გადადის წლიდან წლამდეო (შეცვალონ ვინ უშლით?!), ანალიტიკური სამსახურიდან კი მეუბნებიან, რომ კაცი უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ქალი და ამიტომ ვანგარიშობთ მხოლოდ მამაკაცზეო. კი, ბატონო, მაგრამ რადგან ასე უნდათ, ის მაინც გვითხრან, ღამის პირველ საათამდე რომ ვაკეთებთ საოჯახო საქმეებს, რამდენ კალორიას ვწვავთ ქალები?!

ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, მახველებს, ჩემმა დამ დამინიშნა სერიოზული წამლები, არ ვიღებ. მიყვარს ხალხური მედიცინა და ვიკეთებ კარტოფილის ინჰალაციას, უცბად გამეცინა... გამახსენდა, ერთხელ ჩემს შვილიშვილსაც ასე, დედის ჩუმად, ხალხურად ვმკურნალობ, ვუკეთებ ინჰალაციას, 4 წლისაა, უჭმელი, და ეტყობა მოხარშული კარტოფილის სუნი ისე მოეწონა, რომ მეკითხება „ეთეკა (ასე დამარქვა) ეს კარტოფილი მერე რომ შევჭამო შეიძლებაო?“

ასეთი პოზიტივით ვიძინებ.

7 მარტი, სამშაბათი

გათენდა. რა თქმა უნდა ყავა. აღარ ვიცი ტელევიზორი ჩავრთო თუ არა - „ციანიდი“, „სტრასბურგი“, „ციანიდი“, „სტრასბურგი“, გადავრთე „ერთსულოვნებაზე“... არც აქ არის რაიმე საინტერესო. ერთი, რამაც დამაინტერესა ამ პერიოდში, ეს არის ბარბარე ჯორჯაძის სახელობის დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ესეც იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ბარბარე ჯორჯაძეზე აქცენტი გაკეთდა არა მხოლოდ როგორც წიგნის ავტორზე, რომელშიც მან ქართული სამზარეულოს საგანძური შეკრა, არამედ ქალზე, მწერალზე, მოაზროვნეზე, რომელიც ამჟღავნებდა ინტერესს სოციალური პრობლემებისადმი და მათ შორის ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. ვფიქრობ წავიდე.

2017 წელი საქართველოს პროფკავშირის გაერთიანებისთვის საყრილობო წელია. წელს საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის 110 წლის, გაერთიანების 25 წლის საიუბილეო ღონისძიებასთან ერთად, გაერთიანების მე-13 ყრილობა მზადდება. ეს ბევრი დოკუმენტის მომზადებასა და ისტორიულ წყაროზე მუშაობას მოითხოვს. დაძაბული წელია და ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში ეს დიდ ადგილს იკავებს. არქივიდან ამოვიღეთ 1992 წლის 18 დეკემბრის (დამფუძნებელი ყრილობის) მასალები და ვეცნობით. ბევრი საინტერესო საკითხია. ბევრი ისეთი, რომელიც დღემდე კვლავ პრობლემად რჩება.

დღეს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია სავაჭრო ქსელ „ფრესკოსთან“ აქციას მართავს. ამ კომპანიაში დასაქმებულებს (ძირითადად ახალგაზრდა ქალები) 40 საათის ნაცვლად 60 საათს ამუშავებენ და მათ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის ანაზღაურება არა აქვთ. დამსაქმებლის დავალებით მათ ეკისრებათ სხვადასხვა პოზიციაბზე დამატებით მუშაობა. აქციის მსვლელობის დროს მენეჯერმა სალაროები ჩაკეტა (ე.წ. ტექ. შეფერხების მიზნით), რომ აურზაური გამოეწვია. ვფიქრობ, რომ ამ აქციის შემდეგ მაინც დაფიქრდებიან როგორც საკუთარი კომპანიის იმიჯზე, ისე დასაქმებული ადამიანების ბედზე, რომლებიც ყოველდღიური მუშაობით გროშებს იღებენ. გამახსენდა ჩემი ერთი ახლობლის ქალიშვილის შეპასუხება დამსაქმებელთან, რომელიც მსგავს ქსელში მუშაობს, „იცოდეთ, ჩვენ, ჩვენს ემოციას ვყიდით, რომ კლიენტი მოვიზიდოთ ჩვენი ღიმილით და თავაზიანობით, თორემ თქვენი მდარე ხარისხის პროდუქტი ვერ გაიყიდებოდაო“ (რა ძნელია ემოციურად მუდამ დადებითად დამუხტვა), და სწორედ ასეთ ადამიანებს არ უფრთხილდებიან და შეუძლიათ მაშინვე თითით კარისკენ მიუთითონ „თუ არ მოგწონთ, მიბრძანდით, იმდენი უმუშევარი დადის ქვეყანაში, ხვალვე ახალ კადრს მოვიყვანო“. როდემდე, მართლა როდემდე?!

მივდივარ სახლში. თან მიმაქვს რაღაც წასაკითხ-დასაწერი და როგორც ჩემი შვილები მეხუმრებიან ხოლმე, დავჯდები და დავიწყებ - „გავშლი - გაკვეთილები მაქვს სასწავლი“.

8 მარტი, ოთხშაბათი

თენდება 8 მარტი, ჩემი ბავშვობის, ჩემი ყმაწვილქალობის, სტუდენტობისა და მის შემდგომ პერიოდში სხვადასხვანაირად აღქმული დღე.

დღე, რომელსაც ერქვა, ჰქვია და ერქმევა ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე. ამ დღის მნიშვნელობისა და მისი სახეცვლილების მცდელობაზე დღეს არაფერს ვიტყვი. ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს დღე ქალთა შრომითი უფლებების დაცვისთვის ბრძოლის დღეა და მას სხვა იარლიყის მიკერება და განსხვავებული ელფერით აღნიშვნა აკნინებს, რაზედაც პროტესტის გრძნობა მიჩნდება. დღესაც ასეა. ასე რომ, ნუ დაგვაბრალებენ, რომ ჩვენ ვითხოვთ ყვავილებს, სუნამოებს, ტკბილეულს, ეს ყველა ადამიანს ისედაც ეკუთვნის, ამას მოთხოვნა არ უნდა სჭირდებოდეს, ეს დღე ღირსეული შრომის უფლებების მოპოვებისთვის ბრძოლის დღეა.

გავყევი ფიქრებს, როგორი იყო ეს დღე ჩემს შეგნებულ ცხოვრებაში და ისევ დედაზე ფიქრამდე მივდივარ. ადრე, ჩვენი დედების ახალგაზრდობაში ქალების დღე მხოლოდ 8 მარტი იყო, ამიტომ რაღაცნაირად უფრო მეტად მომინდა დღეს დედის საფლავის მონახულება და მისთვის ყვავილების მიტანა. 15 წელი უდედოდ, ძნელია. ავალ, მივუტან ყვავილებს, დავჯდები და მოვუყვები ყველაფერს რაც მტკივა და მიხარია, რაზეც ვფიქრობ და კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას ამ სამზეოზე ჩემი მოყვანისათვის.

გავხსენი ფეისბუკი (რასაც მე ხუმრობით ვეძახი „სახე-წიგნს“) და გამოჩნდა ერთი წლის წინანდელი ჩემი აქტივობა. კერძოდ, ამ დღეს ჩაგვიტარებია პრეზენტაცია ჩვენს მიერ შემუშავებული კანონისა „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განხილვის შესახებ“ და გავაგზავნეთ პარლამენტში განსახილველად, რომელიც სამწუხაროდ ისევ ე.წ. განუხილველ საკითხთა თაროზე დევს. წელსაც გავუგზავნით, ახლა უკვე პარლამენტის ახალ შემადგენლობას, ვნახოთ, რა გამოვა და ვბრაზდები. ამაზე კარგი რა შეიძლება გაკეთდეს დღევანდელ დღეს ქალისთვის, დედისთვის, ქვეყნისთვის. ნეტა როდის გვეღირსებიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელის+უფალნი?!

დავბრუნდი სასაფლაოდან. 16:00 საათზე ტელეკომპანია „კავკასიაში“ ვარ მიწვეული. ვფიქრობ ვილაპარაკო იმ საკითხებზე, რაც ზოგადად ქალის, დედის წინაშე დგას და თან ყბადაღებული ხუმრობით ვეტყვი მავანთ და მავანთ: „მე არ გეუბნებით, ნუ გვისმენთ, მე გეუბნებით მოგვისმინეთ, მოგვისმინეთ“.

გადაცემა, ჩემი აზრით, საინტერესო გამოვიდა. ჩემთან ერთად მიწვეული სტუმრები იყვნენ რუსუდან გოცირიძე - ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი. ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციებს, თუმცა, სტუდიაში შემოსულმა ზარმა, რომელიც ისევ ქალის მიერ იქნა განხორციელებული და გვიწუნებდა გენდერულ პოლიტიკასა და ქალის უფლებების თემაზე საუბარს, ცოტა დაგვძაბა, იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით იმ საკითხებზე აშკარად აცდენილი ზარი იყო. მაგრამ არა უშავს, მთავარია საქმე გავაკეთოთ.

ტელეკომპანია „კავკასიიდან“ შვილიშვილთან უნდა შევირბინო, იმიტომ, რომ დღეს ჩემი შვილისთვის უთქვამს (იცოდა, რომ დასვენების დღე იყო), რომ „არც შენთან მინდა, არც შენს ქმართან, არც შენს დედამთილთან“ (ეს დედამთილი ვინ ასწავლა), მე ეთეკასთან მინდაო. მაგრამ მისი ეს სურვილი ვერ შევასრულე. ვერ წამოვიყვანე ჩემთან. არ ვარ კარგი ბებია.

რვის ნახევარზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან. საქართველოს კულტურის პალატა ატარებს კონცერტს - მამაკაცები ქალებისთვის (მღერიან მხოლოდ მამაკაცები და უმღერიან ქალებს). საკმაოდ კარგი კონცერტია. განსაკუთრებით ირაკლი ფირცხალავას მონაწილეობა მომეწონა. მომეწონა რომ 2 საათი მაინც დაავიწყდათ ქალებს ის პრობლემები, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება და დავინახე აცეკვებული, ამღერებული ქალები, გოგონები. მინდა სულ ასეთ სახეებს ვხედავდეთ.

ასე რომ, 8 მარტია და მიხარია, რომ ქალები ყვავილებით დადიან ქუჩებში. მიხარია, ყვავილების გამყიდველებთან რომ მამაკაცების რიგია. მიხარია, მამაკაცები რომ სუნამოებს არჩევენ. მიხარია, შეყვარებული მამაკაცი რომ მეგობარ გოგონას სთხოვს შეყვარებულისათვის სიურპრიზად საჩუქარი შეარჩევინოს და, აი, უკვე რამდენჯერ გამიხარდა დღეს.

9 მარტი, ხუთშაბათი

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე დღე.

დღეს ჩემი შვილი ექიმთან უნდა მისულიყო 10 საათზე (სამშობიარო სახლი „ჰერა“). ვრეკავ - არ მპასუხობს, ვრეკავ - არ მპასუხობს და სამსახურის მაგივრად გავრბივარ სამშობიაროში (გული ამოვარდნას მაქვს). კიბეებზე ავცდით ერთმანეთს და ბოლოს როგორც იქნა დერეფანში შევხვდით. გაიარა კონსულტაცია და გამოუშვეს სახლში. 15 მარტისთვის დაიბარეს, რა გაძლებს 15-მდე. რამდენი ღამეა გასათენებელი (განსაკუთრებით ჭირს ღამე).

მივედი სამსახურში. რეკავს ზარი და მეპატიჟებიან სამზარეულოში. ცოტა ხანში შევდივარ და ვხედავ , რომ გაშლილია ტკბილი სუფრა, შამპანური და ჩვენს მამაკაცებს სურვილი აქვთ, რომ კიდევ ერთხელ მოგვილოცონ 8 მარტი და რაღაც სიმბოლური საჩუქარი გადმოგვცენ. თანამშრომლებს შორის 13 ქალია (ერთმანეთზე უკეთესები, ახალგაზრდები, ხალისიანები). კი ვამბობთ, არ გვინდა ყვავილი, სუნამო და ა.შ და ა.შ... მაგრამ ყველას სიამოვნებს ყურადღება, სითბო, სიყვარული და სიკეთე. ეს არის ის რასაც აქამდე მოუყვანია კაცობრიობა და ამის შემდეგაც გადაარჩენს მას. ასე რომ დიახ, გავცეთ ეს ყველაფერი, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ბედნიერი თუნდაც იმ ერთი წამით, ერთი საათით, ერთი დღით!

საღამოს 5 სათზე „თბილისი მერიოტში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“ კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაში მივიღე მონაწილეობა. კონკურსი ყოველწლიურია და ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ქალთა უფლებების გაფართოების პოპულარიზაციას. „თბილისი მერიოტთან“ მისვლამდე ოპერის თეატრთან რომ გავიარე, უცბათ გადავწყვიტე „აიდაზე“ დასასწრები ბილეთები მეყიდა. შევარჩიე 18 რიცხვი და სალაროსთან რიგში ჩავდექი. ბილეთები აღარ იყო. მეწყინა, მაგრამ თან გამეხარდა, რომ ადამიანები იცლიან და რაც მთავარია სურთ კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება და გამიხარდა ისიც, რომ მათ (არ ვიცი პროცენტულად რამდენს), მაინც აქვთ ის ფინანსური საშუალება, რომ ბილეთი შეიძინონ, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან, არც ისეთი ხელმისაწვდომია. ამ დროს, შემოვიდა ტურისტული ჯგუფი, რომელთაც ბილეთები უნდოდათ იმ დღის სპექტაკლზე, მაგრამ არც ეს ბილეთები იყო. ალბათ თავიანთ ქვეყანაში ჩაიტანენ ამბავს, რომ ჩვენში სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები ძნელად იშოვება და ეს საქართველოს სულიერებისა და კულტურის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნიშანია.

„თბილისი მერიოტთან“ ვიყავი მისული... უცბად გადავწყვიტე და რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე ავიღე ბილეთები - „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი“. ძალიან მომინდა იმ საღამოს თეტრში წავსულიყავი.

დაიწყო დაჯილდოების ცერემონია. კონკურსში 33 კომპანია მონაწილეობდა. საკონკურსო კომისიის წევრი ვარ და ერთად შევარჩიეთ ის სამი კომპანია, რომელთა დაჯილდოება გაიმართა დღეს. გამარჯვებული კომპანიებია: „დიო“ (დამსაქმებელი ქალია და განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ), „ჯეოსელი“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

10 მარტი, პარასკევი

რეკავს ზარი. ჩემი დაა, კითხულობს, ხომ არ წავსულვარ სამსახურში, მომისწრებს თუ არა, რომ მნახოს, აინტერესებს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სანამ წავალ და ვეღარ მომძებნის, დარწმუნდეს, რომ ნამდვილად უკეთესად ვარ. დედმამიშვილობაზე და ამ ფენომენზე ბევრის წერა შემიძლია, მაგრამ სხვა დროს...

სამსახურში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა დამახვედრა ინფორმაცია, რომ პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია ითხოვს პროექტის, „ზრუნვის ეკონომიკის“ სამოქმედო პროგრამას. ვმუშაობ პროგრამაზე.

ვიხილავთ დნეპროპეტროვსკის პროფკავშირების საოლქო გაერთიანებიდან მოსულ წერილს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, წერილში აღნიშნავენ, რომ დნეპროპეტროვსკში ბევრი ქართველი ცხოვრობს. საინტერესოა. ვამზადებთ საპასუხო წერილს და იმ საკითხთა ნუსხას, რის ფარგლებშიც ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა.

საღამოს წავედი რუსთაველის თეატრში ოჯახთან ერთად და განვიტვირთე. სპექტაკლი საკმაოდ დამაფიქრებელი და სადღეისო სამწუხარო რეალობით დატვირთულია.

11 მარტი, შაბათი

დღეს წესით შვილიშვილის დღე უნდა მქონდეს, უყვარს ჩემთან ყოფნა. ვთამაშობთ, ვცდილობ ჩემი ბავშვობის თამაშები ვასწავლო. ის კიდევ ზღაპრისა თუ მულტფილმების ისეთი გმირების სახელებს მეუბნება, რომლებიც ჩემთვის უცნობია. მე მაინც ქართულ ხალხურ ზღაპრებს ვანიჭებ უპირატესობას. ხშირად იქვე ვიგონებ და ხანდახან ისე მომეწონება, დაწერა მომინდება ხოლმე, მაგრამ ზუსტად ვერასდროს ვეღარ ვიმეორებ.

მარტის თვეა. ქალებთან, გაზაფხულთან, იმედებთან, სითბოსთან და სიყვარულთან ასოცირებული დღე და ისევ პატარა მარიამთან ვარ ფიქრებით. დედის დღეა. ვასეირნებ მარიამს. თონესთან ჩავიარეთ. ცხელი პურის სუნზე პური მომთხოვა, მივბრუნდით და პური ვიყიდე. მარიამმა თონეში შეიხედა და რაღაც მიჩურჩულა. მე გამეცინა. გამყიდველი მიყურებს გაოცებული, რა გითხრათო, მეკითხება. ვეუბნები, მარიამმა რაც მკითხა: „ეთეკა, დღეს რომ დედების დღეა, ეს ქალი რატომ მუშაობს, რატომ არ ისვენებსო?“ გამყიდველი ეუბნება - ეს ჩემს უფროსს ჰკითხეო, უფროსი ვინ არისო - აინტერესებს ბავშვს. მე ვუხსნი, რომ უფროსი ამ თონის პატრონია და სხვა თემაზე გადამაქვს საუბარი, იმიტომ, რომ ისეთი მოაზროვნე ბავშვია, შეიძლება თონის პატრონიდან ქვეყნის პატრონამდე მივიდეს შეკითხვებით და რომ მკითხოს ქვეყნის პატრონი ვინ არისო - რა ვქნა მერე?!

დამთავრდა ჩემი დღიურის წერა. მთელი კვირა ვცდილობდი, ჩემეული განმარტება მომეძებნა სიტყვა თავისუფლებისათვის. თავის-უფალი, რას ნიშნავს იყო შენი თავის უფალი? რა დატვირთვა აქვს სიტყვა უფალს? როდის მიიღწევა ჭეშმარიტი თავისუფლება?

სადებატო და საინტერესო თემაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG