Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ჩოფიკაშვილი - იურისტი


კვირა, 11 მარტი

კვირა დღე - ალბათ, მსოფლიოს ყველა (უმეტესი) ადამიანისთვის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც შეგიძლია ტელეფონი არც კი ჩართო და საკუთარი თავისთვის დახარჯო მთელი დრო.

ამ ზამთარს, დღემდე, მხოლოდ ერთხელ მოვახერხე გუდაურში ვიზიტი და დღეს მკაცრად გადაწყვეტილი მაქვს თხილამურზე დავდგე. ბავშვები დედაჩემთან მივავლინე. პატარა პრობლემები გადავწყვიტე და, ყველაფრის მიუხედავად, მეუღლესთან ერთად გუდაურში მივდივარ, სადაც, ტრადიციულად, ჩემი ბიძაშვილი და მისი მეუღლე, იაგო და ქეთი, გულითადად გვმასპინძლობენ. საღამოს დაღლილები ვბრუნდებით. სანამ სახლში შევალ, მეზობელი დახმარებას და სარჩელის მომზადებას მთხოვს საგადასახადო სამსახურის წინააღმდეგ.

დაღამდა და ყველანი შევიკრიბეთ. ხვალ ორშაბათია და მზად უნდა შევხვდეთ.

ორშაბათი, 12 მარტი

გათენდა და დაიწყო დილის ფაციფუცი. ელენე და ლუკა სკოლისთვის ემზადებიან, პატარა ბარბარე გაღვიძებას არ აპირებს. საგანგებო ვითარებაში ვისაუზმეთ და გამოვდივართ სახლიდან. მეუღლე გზაში აწევს სიტყვას ბავშვებს, რომ გადაიმეორონ გაკვეთილები სწავლის დაწყებამდე და ისმის ტრადიციული პასუხი: "კი, დეე!''

9:30-ზე ვაღებ "კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' ოფისს, ვრთავ კომპიუტერს და ვიწყებ დღის დაგეგმვას. 12 საათზე ტრადიციული სამუშაო შეხვედრაა, სადაც გასული კვირის შეჯამების შემდეგ იგეგმება მიმდინარე კვირა. ირკვევა, რომ 1 სტაჟიორის ვაკანსიაზე 150 განაცხადია შემოსული. მინიმალურ მოთხოვნებს, დაახლოებით, 25 კანდიდატი აკმაყოფილებს და გადაწყდა, რომ 14 მარტს ჩატარდება გასაუბრება.

ოკუპირებულ ცხინვალში 22 თებერვალს გატაცებულების საქმე ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის. გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღემდე ოჯახს არ უბრუნებენ. დაზარალებულის ოჯახებს უკვე შევთავაზეთ დახმარება ევროსასამართლოში, მათ შორის, კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე დროებითი ღონისძიება 2 დაკავებულისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შინაპატიმრობაში იყვნენ და 11 მარტს, საღამოს, გათავისუფლდნენ. ძალიან მძიმე ვითარებაში არიან და გასაგებია დაზარალებულების სიფრთხილე. უპასუხოდ დარჩა ჩვენი და სხვა ორგანიზაციების წინადადება, რომ სახელმწიფოთშორისი განაცხადით მიმართოს საქართველომ ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და სხვა მსგავსი ტიპის საქმეებზე ევროსასამართლოს, სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვას ადამიანის უფლებები. როდესაც ოფიციალური პირების გამოსვლებს უსმენ ამ საკითხზე (და არამარტო), უმეტეს შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ სადღეგრძელოს გასმენინებენ. ერთ ახსნას მოუძებნი ყველაფერს: არის, ალბათ, რაღაც ზესამართლებრივი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც უწევთ ჩინოვნიკებს და ჩვენს თვალში ეს ყველაფერი ალოგიკურად გამოიყურება.

14 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის საქმე განიხილება. პროკურორმა 4 მოწმე წარმოადგინა. ტრადიციულად, ღელავენ მოწმეები, პროკურორის რეაქციებს ზომაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და მონდომებით ცდილობენ მისი კეთილგანწყობა დაიმსახურონ. ჩემი პროტესტი მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის ტრადიციულ კითხვაზე: "მაშინ უფრო მეტად გახსოვდა, თუ ახლა უფრო გახსოვს?''

16 საათზე ადვოკატთა ეთიკის კოლეგიის სხდომა მაქვს, სადაც 3 წევრის შემადგენლობით ვიხილავთ საჩივრებს ადვოკატთა ეთიკის წესების დარღვევის თაობაზე. 2017 წლის ბოლოს ამირჩიეს ეთიკის კომისიის წევრად, რაც ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. წინა რამდენიმე საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, რადგან საჩივარში მითითებული საკითხები არ იყო ეთიკის კომისიის განსასჯელი და ადვოკატებს არ ჰქონდათ დარღვეული საადვოკატო ეთიკის ნორმები.

18 საათზე ადვოკატთა ეთიკის კომისიის დიდი ჟიურის სხდომაა. საკმაოზე მეტად დაპირისპირებული მხარეების საჩივარი იხილება. შუამდგომლობა, რომ დამატებითი მასალა დაერთოს საქმეს, დიდ სჯა-ბაასს იწვევს კომისიის წევრთა შორის. ხმათა უმრავლესობით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

დაახლოებით, 20:30 საათზე გამოვდივარ ადვოკატთა ასოციაციის შენობიდან. ერთ-ერთ ეზოში, სადაც მანქანა მყავს გაჩერებული, აღმოჩნდა, რომ გამოსასვლელი ჩაკეტილია და მიწევს ეზოს მცხოვრებლების შეწუხება. ღვთისნიერი ადამიანის დახმარებით, დაახლოებით, 10-15 წუთში ყველა მძღოლი შევკრიბე, რომლებმაც გზა გამითავისუფლეს.

თითქმის ერთი კვირაა, რაც დავითი მეგობრების შეკრებას გეგმავს და სწორედ ამ საღამოს მასთან ვიკრიბებით, ძირითადად მონადირე საზოგადოება. დატვირთული დღის შემდეგ ორმაგად სასიამოვნოა მეგობრების წრეში სახალისო ამბების გახსენება, ახალი ხუმრობები და, ასევე, კარგად დავიწყებული ძველი. მომავალი მიზნისა და გეგმების დასახვა ხომ ნებისმიერ ადამიანს აღავსებს ოპტიმიზმით და ენთუზიაზმით უკეთესობისკენ შეცვალოს ყველაფერი.

სამშაბათი, 13 მარტი

მე და ბარბარე საბავშო ბაღში მივდივართ. უფროსები დედამ წაიყვანა სკოლაში. ბარბარე მთელი გზა ცდილობს დამარწმუნოს, რომ ტელეფონი სჭირდება. გუშინ დედამისს არწმუნებდა, რომ მასწავლებელი სთხოვს ბაღში (მის შემყურე ბებერ ძროხასაც კი გაეცინება). რაღა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდა და ბოლოს ბედს შეეგუა.

ოფისში უკვე შეკრებილან თანამშრომლები და ყველა საქმეშია ჩართული... თითქმის ყველა. ალბათ, როგორც მსოფლიოს ყველა ოფისში, ჩვენთანაც არის ადამიანი, რომელიც კომპიუტერზე თამაშობს, თუმცა მომენტალურად შეძლებს გარდასახვას.

ერთ-ერთ საქმეზე, სადაც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ევროსასამართლოსადმი მიმართვას ვაპირებთ, ექსპერტს ვხვდები, ჩემთვის საინტერესო საკითხებს ვაზუსტებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ადამიანი იდეალური ვერასდროს ვერ გახდება.

მეუღლემ შემატყობინა, რომ დაიბადა მისი დისშვილი. ჩემი ქვისლი განსაკუთრებულად ელოდა მე-3 შვილს და ისიც გოგოს, ორი ბიჭის შემდეგ. ტელეფონით ვულოცავ პატარის დაბადებას და არც ისე დიდი ხნის საუბრის შემდეგ მარწმუნებს, რომ სამშობიაროდან უნდა დავიწყოთ პატარის დაბადების აღნიშვნა. სამშობიაროს ეზოში შეკრებილი სანათესაო და სამეგობრო შამპანურით ვადღეგრძელებთ პატარა ქალბატონს და ეს ყველაფერი რესტორანში გრძელდება, ტრადიციულად და ქართულად.

ოთხშაბათი, 14 მარტი

დილას იუსტიციის სახლში მივდივარ. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობას 2 ახალი წევრი შემოუერთდა და საჭიროა ცვლილების რეგისტრაცია. რეგისტრატორმა სათანადო პროცედურების შემდეგ განგვიმარტა, რომ ერთ სამუშაო დღეში განხორციელდება წარმოება და შედეგს გვაცნობებენ.

ოფისში რამდენიმე საქმეზე ვმუშაობ და ვხვდები, როგორ სწრაფად მიდის დრო. ძებნის შემდეგ, მოვახერხე ევროსასამართლოს იმ გადაწყვეტილებების მონახვა, რომლებიც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. დადგენილი სტანდარტით, კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს წარმოადგინოს გადაწყვეტილების დასაბუთება და მიზეზები. ბოლო პერიოდში მომიწია რამდენიმე გადაწყვეტილების შესწავლა. მათ შორის გაუგებარი იყო გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიზეზები და აშკარად ჩნდებოდა ვარაუდი, რომ სასამართლოს კანონის გარდა სხვა რეგულაციები აქვს.

ე.წ. „ჩადებების“ საქმეზე ბოლო დროს ჟურნალისტებიც აქტიურობენ. ზოგ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ, შესაძლოა, მართლაც ჩაუდეს ვიღაცას ნარკოტიკი ან, პირიქით, პოლიციაა მართალი და ტიპი ახერხებს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას. ჩემი აზრით, არსებობს ძალზედ მარტივი საშუალება, რომლითაც დიდწილად შესაძლებელი იქნებოდა ასეთი შემთხვევების პრევენცია. საჭიროა თანამედროვე საშუალებების გამოყენება. პირის დაკავებისა და ჩხრეკის სრული ვიდეოჩანაწერის შემთხვევაში არც პოლიციას და არც დაკავებულს აღარ ექნება ინტერპრეტაციის საშუალება. ერთი ძალზედ მარტივი ცვლილებაა საჭირო კანონში, რომ პირის დაკავება და ჩხრეკა, წერილობითი ოქმის გარდა, ასევე ვიდეო-აუდიოჩანაწერზეც იყოს ასახული სრულად და ასახავდეს სრულ პროცესს პირის შეჩერებიდან ნივთების დალუქვამდე. სისხლის სამართლის საქმეების სასამართლოში განხილვისას ხომ გამოიყენება ტექნიკური საშუალებები და წერილობითი ოქმის ნაცვლად აუდიოჩანაწერი კეთდება.

15 საათზე იწყება დიდი გასაუბრება. 150 კანდიდატიდან 1-ელი ეტაპი 25-მა გადალახა. ვიკრიბებით საკონკურსო კომისია და პირველი კანდიდატებიც შემოდიან. ბუნებრივია, სხვადასხვა კითხვებით ვცდილობთ კანდიდატების გახსნას, მათი რესურსის წარმოჩენას. ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღევანდელ საქართველოში? - ამ კითხვას ყველა კანდიდატი განსხვავებულად უპასუხებს, მაგრამ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში არსებულ მართლმსაჯულების პრობლემებს თითქმის ყველა კანდიდატი აღნიშნავს. კითხვაზე, რას შეცვლიდით დღეს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ერთ-ერთი კანდიდატი ამბობს, საჭიროა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმებაო. მისი აზრით, ჯარში ის უნდა წავიდეს, ვისაც ეს უნდა. კითხვას, თუ რამდენ მის მეგობარს უნდა ჯარში წასვლა, მრავალმნიშვნელოვნად და ცოტა ბუნდოვნად უპასუხებს. არიან კანდიდატები რომლებსაც შეუძლიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და, ზოგადად, სასამართლოს პრაქტიკაზე ისაუბრონ. გასაუბრება 19 საათზე სრულდება და ხმათა უმრავლესობით კანდიდატი შერჩეულია.

ხუთშაბათი, 15 მარტი

თავს დილიდან შეუძლოდ ვგრძნობ, წამლებისა და ექიმის გარეშე არაფერი გამოდის.

შუადღისთვის ჩემი ძმა მირეკავს და მთხოვს მის მეგობარს კონსულტაცია გავუწიო.

15 საათისთვის ოფისიდან მირეკავენ და ვიგებ, რომ იგეგმება შეხვედრა, რომელიც სასამართლოსა და მართლმსაჯულების საკითხებს უკავშირდება. ამ ამბის მიმართ პესიმისტურად ვარ განწყობილი მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულების რეფორმის 3 ტალღა განხორციელდა და მთავარი საკითხი არასდროს არ გამხდარა მთავარი.

ორი სიტყვით რომ ვთქვათ, 2016-2017 წწ-ში მოსამართლეთა უმეტესობას ეწურებოდა უფლებამოსილების 10 წლის ვადა. იუსტიციის საბჭოს ინიციატივით (როგორც ამბობენ, კლანური მმართველობის წყალობით) შემუშავდა ისეთი რეგულირება, რომ, ფაქტობრივად, მხოლოდ მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. ასევე, იუსტიციის საბჭოს გადასაწყვეტია, თუ ვინ შეიძლება შეემატოს კონკურსანტთა რიგებს და, ფაქტობრივად, შეიქმნა მოცემულობა, როდესაც არის, დაახლოებით, 300 ვაკანსია და არის, ასევე, თითქმის 300 კანდიდატი, რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ ძველი და სასურველი მოსამართლეები უვადოდ გადაინიშნებიან. ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა მოსამართლემ საბჭოს წევრებს არაერთი მადლობა გადაუხადა გამოჩენილი "წყალობისათვის''. კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნის შემდეგ გამოითქვა აღშფოთება, რომ ეს იყო გირგვლიანის, მოლაშვილისა და ა.შ. მოსამართლე. ამ დროს კი მიდის საკითხების განხილვა, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო დარბაზი, უნდა დაისაჯოს თუ არა მოსამართლეთა მიმართ კრიტიკა, ისმის პრეტენზიები მოსამართლეთა მცირე ხელფასის გამო და ა.შ.

აუცილებელი იყო და არის, გაიზარდოს კონკურენცია, რათა გაჩნდეს რეალური შესაძლებლობა ახალი კადრების მობილიზების, კადრებისა, რომლებიც რეალურად შეცვლიან სასამართლო სისტემას და მართლმსაჯულებას, რომლებიც გახდებიან საბჭოს წევრები, რომლებიც თანამდებობაზე განწესებას "წყალობად'' აღარ ჩათვლიან და მოხდება სისტემის რეფორმა.

ელექტროფოსტაზე მოსული შეტყობინებებიდან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას ეხება, რომლის წევრიც "კონსტიტუციის 42-ე მუხლია''. კოალიციის ზოგად მოთხოვნებად ისევ რჩება სასამართლო სისტემის კლანისგან გათავისუფლება, პოლიტიკური ხელისუფლების მიერ სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის აღება, სასამართლო სისტემაში არსებული დანაშაულების გამოძიება და კანონმდებლობის შემდგომი რეფორმირება.

დაახლოებით, 16 საათზე ვახერხებ სახლიდან გამოსვლას და ციხეში პატიმრების მონახულებას, შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა და საღამოს ვიზიტი სტომატოლოგთან, რომელიც გულმოდგინედ ასრულებს თავის საქმეს.

სახლში მისულს, რადიო თავისუფლებიდან ნინო გელაშვილი მირეკავს და შაბათს დროს მითანხმებს, თუ როდის უნდა მივიდე დღიურის ჩანაწერის გასაკეთებლად. ვთანხმდებით 13 საათზე.

პარასკევი, 16 მარტი

10 საათზე პროცესი მაქვს, მანამდე უნდა მოვასწრო ოფისში მისვლა და საქმის აღება. პროკურორმა ნივთმტკიცებები წარმოადგინა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც გულმოდგინედ დავათვალიერეთ და ხელახლა დავლუქეთ. შევთანხმდით შემდგომი სხდომის თარიღზე.

სამსახურში ახალ ამბავს ვიგებ. ჩვენი თანამშრომელი რუსუდანი აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის საქმის სააპელაციო პროცესს ესწრებოდა და მოკლედ გამაცნო იქ განვითარებული მოვლენები. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უკვე გავასაჩივრეთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე და მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში დასრულდება პროცესები, ეს კომპონენტიც დაემატება ძირითად საქმეს. საქართველოში მიმდინარე გამოძიებას დღემდე არ გამოუვლენია რაიმე მნიშვნელოვანი. როდესაც სისხლის სამართლის საქმეს გავეცანი და აღმოვაჩინე, რომ არაფრის მთქმელი მოწმეების ჩვენებებს აგროვებდნენ, გავაპროტესტე და გამომძიებლებს მოვთხოვე ინფორმაცია სათვალთვალო ვიდეოკამერების თაობაზე. საჩქაროდ მომცეს შსს-ს ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირის დაკითხვის ოქმი, რომელიც აღწერდა, თუ რამდენი კამერაა მთაწმინდიდან კახეთის გზატკეცილის მიმართულებით ქალაქის გასასვლელამდე და შემდგომ - აზერბაიჯანის საზღვრამდე. ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პირდაპირი მონიტორინგის განმახორციელებელი კამერები მუშაობდა გატაცების დროს, არც ერთი სხვა კამერა (რამდენიმე ათეული) არ მუშაობდა. ასევე, არ მუშაობდნენ მანქანის ნომრის ამომცნობი კამერები და ყველაზე გასაკვირია, რომ არც კი იყო კითხვა დასმული, თუ რა მიზეზით იყო ყველაფერი ასე.

ჩემს თანამშრომლებში დიდი შეშფოთება გამოიწვია გუდაურის სათხილამურო კურორტზე მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც საბაგირო უკუსვლით დიდი სიჩქარით დაბრუნდა და მგზავრებს სავარძლებიდან გადმოხტომა უწევდათ.

დღის ბოლოს, რამდენიმე კონსულტაციიდან ერთ-ერთი შეეხებოდა ქონების წართმევის შემთხვევას დასავლეთ საქართველოში "ნულოვანი ტოლერანტობის'' პერიოდში. დაზარალებულები დღემდე ვერ ახერხებენ ქონების დაბრუნებას და ეძებენ სამართლებრივ საშუალებებს, როგორ უნდა მოხდეს მათი კომპენსირება.

საინფორმაციო საშუალებებით ვიგებ სიახლეს, რომ, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტის უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ და რომ ამ სიაში შეყვანილ პირებს სანქციები დაეკისრებათ. სამწუხაროდ, ტატუნაშვილი ისევ ოკუპირებულ ცხინვალში რჩება.

რუსეთში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებია. მოქმედ პრეზიდენტს მე-4 ვადით აირჩევენ. პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს ტელეეთერი ატირებულს დაატოვებინეს. ამ ქვეყნის საგარეო მინისტრმა სადღაც რაღაცას ფეხი წამოჰკრა და ოთხზე დადგა - ინტერნეტში ვიდეოც გავრცელდა.

ასე მიილია სამუშაო კვირის ბოლო დღე.

შაბათი, 17 მარტი

დღეს რადიო თავისუფლებას უნდა ვეწვიო, ჩემი დღიურის ჩაწერაა. მანამდე კი ხეხილის შესაწამლ საშუალებებს ვიყიდი. ხეებს უნდა მოვუარო, რომ ფაროსანამ არ გამინადგუროს ჩემი ნაშრომი. ვგეგმავ კიდევ რამდენიმე ხე მივამატო და, ალბათ, ნერგებსაც შევარჩევ.

იმედია, კარგი ამინდი შენარჩუნდება და სასოფლო-სამეურნეო განზრახვებს სისრულეში მოვიყვან. ბავშვებმა იმ პირობით გამომიშვეს, რომ ყველა ერთად წავალთ ნაკვეთში სამუშაოდ და მანამდე კი კარგად იმეცადინებენ.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:15:20 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG