Accessibility links

კვირა, 25 მარტი

უკვე დიდი ხანია, შაბათი და კვირა ჩემთვის დასვენების დღეებთან არ ასოცირდება. როგორც წესი, მთელის კვირის განმავლობაში დაგროვილ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ან საკითხებზე სამუშაოდ სწორედ ეს დღეები მაქვს გამოყოფილი. დიდი ხანია, მივეჩვიე დროის წუთებად გადანაწილებას და მართვას. პრობლემა ერთია - დრო არასოდეს მყოფნის. თავდაპირველად ამას ჩემს სუსტ უნარებს ვაბრალებდი დროის ცუდად მართვისა და დაგეგმვის ნაწილში, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ თუ გაცნობიერებულად აკეთებ საქმეს, არასოდეს არ კმაყოფილდები მიღწეული შედეგებით და პასუხისმგებლობით ეკიდები საკითხს, დრო არასოდეს არ არის საკმარისი, არასოდეს არ არის საკმარისი კარგი საქმეებისთვის. სავსებით ვეთანხმები მარკესს, რომელიც ამბობდა, „ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს საიმისოდ, რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმეო“. ნამდვილად ასეა და ჩვენც ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ხელიდან არ გავუშვათ ეს საშუალებები.

ამიტომ, ამ კვირა დილასაც, როგორც კი თვალი გავახილე, ჩავხედე ჩემი „გასაკეთებელი საქმეების“ ვრცელ სიას და გულმა რეჩხი მიყო: დღიურის წერა უნდა დავიწყო.

ბავშვობაში ვწერდი. ბავშვობაში ყველაფერი მარტივია...

ორიოდე დღის წინ, როდესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიჯექი, კატოს ზარს ვერ ვუპასუხე.

კატო, ვერ გპასუხობ, შეხვედრაზე ვარ.

მარტო ის მითხარი, თავისუფლების დღიურები დაგიწერია?

ააა... ოოო...

დაგიწერია თუ არა? მომწერე ეგ და გაგეშვები.

არა, არ დამიწერია. ვაიმეე!..

„ვაიმე“ იმიტომ, რომ ვიცი, კატო თუ რამეს გადაწყვეტს, შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, მომიწევს მის ნებას დავყვე.

პარალელურად ფიქრს ვიწყებ: რა უნდა დავწერო? როგორ უნდა დავწერო? ვცდილობ სხვა ავტორების დღიურები გავიხსენო - პოლიტიკოსები, იურისტები, ისტორიკოსები, მწერლები და ჟურნალისტები მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობენ, კვირის განმავლობაში მომხდარ საინტერესო და მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე აკეთებენ აქცენტს. ისიც ვიფიქრე, რომ როგორც კი ბლოგზე ფოტოს ქვემოთ მიწერილ „მეტყევეს“ ამოიკითხავენ, მოლოდინი გაუჩნდებათ ამოიკითხონ თავგადასავლები, თუ როგორ დავდივარ ყოველდღე დაბურულ ტყეში, ვიცავ თავს გარეული ცხოველებისაგან და ნაკადულიდან ვიკლავ წყურვილს (ისე, ხანდახან არც უმაგისობაა), ამ დროს კი, ერთი რიგითი ჩინოვნიკის რუტინული და დამღლელი კვირის შესახებ დახვდებათ ისტორიები.

ან როგორ ჩავტიო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები მოკლე ტექსტში ისე, რომ დღიურის წერა რომანის წერაში არ გადამეზარდოს, არაფერი გამომრჩეს?!..

და კვირა დღეს ენერგოეფექტურობის შესახებ ესეს წერის ნაცვლად დღიურზე ფიქრს ვანდომებ.

ორშაბათი, 26 მარტი

ორშაბათი მძიმე დღეა, ეს კვირა - კიდევ უფრო მძიმე. ტრადიციულად, ბოლო რამდენიმე წელია, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდი ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის განსაკუთრებულია. რეგიონალური სატყეო სამსახურები ისედაც არანორმირებული რეჟიმიდან თითქმის 24-საათიან გრაფიკზე გადადიან, ჩვენ ვცდილობთ ყველა საშუალებით კიდევ ერთხელ მივიქციოთ საზოგადოების ყურადღება და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ: „ნუ მოჭრი ბზას“.

სხვათა შორის, წლების წინ ახლა უკვე დამკვიდრებული ტერმინი „გარემოსდაცვითი ცნობიერება“ ყურშიც ცუდად მხვდებოდა და მის ასამაღლებლად განხორციელებული სხვადასხვა სახის ღონისძიებებიც (ძირითადად დონორის დაფინანსებით) გაპრანჭული და არაფრის მომცემი მეგონა. ვფიქრობდი, რომ მათზე დახარჯული ფული ჰაერში გასროლილ ტყვიასავით იყო და გაბრაზებული ვფიქრობდი, რომ ამ თანხით თუნდაც რამდენი ხის დარგვას შევძლებდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ თუ თითოეულმა ჩვენგანმა, თუ თითოეულმა მოქალაქემ არ გააცნობიერა, არ მიხვდა, არ ჩაუღრმავდა და არ იგრძნო პირადი პასუხისმგებლობა იმ გარემოსადმი, რომელშიც ვარსებობთ, შენ მიდი და დარგე ხე, რომელიც ვიღაცის გულგრილობის ან უგუნურობის/უცოდინარობის გამო მოუვლელობით გახმება, ან გადატეხენ, ან მოიპარავენ, ან მოთხრიან, ან მოჭრიან და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ ერთი მაგალითი. ხოლო როდესაც „გარემოსდაცვითი ცნობიერების“ დონე გავლენას ახდენს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზეც და, თავისთავად, დგება შეუქცევადი შედეგი, რადგან, ჩვენ გვსურს თუ არა, „ბუნება მბრძანებელია“, მაშინ ხვდები, რომ მეცნიერულად დასაბუთებული, კვლევებზე დაფუძნებული, სანდო და სარწმუნო ინფორმაცია ყველა საშუალებით პერმანენტულად უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას, მიეწოდებოდეს დეტალურად, მსჯელობისთვის, განხილვისთვის და, ეტაპობრივად, ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს ჩვენი ქცევის შეცვლასაც, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლისთვის, რომელშიც ვარსებობთ და რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებთ.

ამიტომ, დილის შეხვედრების შემდეგ მივქრივარ სართიჭალაში, ეროვნულ საშენ მეურნეობაში, სადაც ჟურნალისტები მელოდებიან. კიდევ ერთხელ ვესაუბრები იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოლხური ბზის, როგორც სახეობის, შენარჩუნება ჩვენი ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნებისათვის, როგორი პრობლემები აქვს ისედაც „წითელი ნუსხით“ დაცულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობას, რამდენ ძალისხმევას ხარჯავს ეროვნული სატყეო სააგენტო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლისა და სახეობის საკონსერვაციო ღონისძიებებში. მავნებლებში არა მხოლოდ „ბზის ალურას“, ზიანის მომტან მავნე მწერს, არამედ, სამწუხაროდ, ადამიანებსაც ვგულისხმობ და, შესაბამისად, მათი თანადგომის გარეშე ჩვენი ძალისხმევა ისეთი შედეგიანი ვერ იქნება, როგორიც გვსურს, რომ იყოს.

სამშაბათი, 27 მარტი

დილით ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთან, ბატონ გურამ ცინცაძესთან მაქვს შეხვედრა. ბატონი გურამი ინჟინერია და გარემოს დაცვისა და სატყეო სფეროსთან დიდი შეხება არ აქვს, მაგრამ გასული წლის აგვისტოს თვეში ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ტყის ხანძრითა და მისი შედეგებით იმდენად შეწუხებულია, რომ თავი ვალდებულად ჩათვალა დამკავშირებოდა და ტყის ხანძრების უკეთ მართვისა და პრევენციისათვის თავისი საინჟინრო იდეა შემოეთავაზებინა. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საუბარი გვქონდა. მახარებს ორი რამ: ერთი, რომ ქვეყანაში არსებობს სამეცნიერო პოტენციალი, გვყავს დარგის სპეციალისტები (მართალია, ჯერ კიდევ არასაკმარისი რაოდენობის, მაგრამ იმედს მომავალი თაობა მაძლევს), რომლებიც ტოლს არ უდებენ ცნობილ საერთაშორისო ექსპერტებს. სხვათა შორის, კონკრეტულად ბორჯომის ნახანძრალი ტყის აღდგენის მიმართულებით ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები და ახლაც, გასულ წელს, არაერთი ქვეყნის ცნობილი ექსპერტი გვსტუმრობდა და თავიანთ ანგარიშებში უკლებლივ ყველამ აღნიშნა, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებს ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენის ღონისძიებები დაგეგმილი და განხორციელებული ჰქონდათ იმგვარად, რომ მათთვის აღარავითარი დამატებითი რეკომენდაციების მიცემა არ შეეძლოთ. მახსოვს დოქტორი ჰელმუტ კოშელის ოფიციალური ანგარიშის ბოლო გვერდზე მიწერილი ფრაზაც “Georgia can be proud having such a team of foresters, forest experts and forest workers!” (საქართველომ შეიძლება იამაყოს, რომ ჰყავს ასეთი მეტყევე სპეციალისტთა გუნდი).

მეორე, რაც კიდევ უფრო მახარებს, არის ის, რომ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, ბიზნესმენები, ჩვეულებრივი მოქალაქეები თავს ვალდებულად თვლიან მხარი დაგვიჭირონ ბორჯომის ნახანძრალი ტყის აღდგენის საქმეში, გახდნენ პროცესის მონაწილეები და შეიტანონ წვლილი, რითიც შეუძლიათ.

სატყეო სექტორისადმი ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ ბორჯომის ტყის აღდგენა შეიძლება იყოს, და მე იმედი მაქვს, ეს ინტერესი არათუ შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ გუშინ დათო ტურაშვილის საავტორო გადაცემაში რადიო „შოკოლადში“ მე და “National Geographic - საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა ნათია ხულუზაურმა. ჟურნალის მარტის თვის ნომრის ფურცლები კიდევ ერთხელ დაეთმო ბორჯომის ტყეს, იქ მომხდარ ხანძარსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. ბატონ გურამს ჟურნალის ამ ნომერს ვაძლევ საჩუქრად და მომავალ შეხვედრამდე ვემშვიდობები.

ჩვეულ საქმიანობასა და მრავალრიცხოვან შეხვედრებში საღამოს 6 საათი შეუმჩნევლად მოდის და ამას მხოლოდ იმიტომ ვაქცევ ყურადღებას, რომ დრო არ გამეპაროს და კარლოს რისხვა არ დავიმსახურო, რომელსაც ოპერაში „ტურანდოტის“ პრემიერაზე მივყავარ.

გზაში ერთმანეთს მთელი დღის ამბებსა და პრობლემებს ვუყვებით, ბზის ამბავზე ვმსჯელობთ და კარლოს იდეა უჩნდება: რატომ არ შეიძლება ამ წითელი ნუსხით დაცული მნიშვნელოვანი სახეობის ნაცვლად ბზობის დღესასწაულს რაიმე ინვაზიური სახეობით, მაგალითად, ამბროზიით შევხვდეთ?! ამით სარეველასაც მოვსპობდით და ძვირფას სახეობასაც შევინარჩუნებდით. იდეაზე ვრცლად მსჯელობას ვეღარ ვასწრებთ - სპექტაკლი იწყება.

ოთხშაბათი, 28 მარტი

დილიდან ისევ ტელევიზიაში ვარ. პირდაპირი ეთერიდან გამოსული, შემდეგი სიუჟეტებისთვის რამდენიმე ინტერვიუს მიცემასაც ვასწრებ და შეხვედრაზე მივრბივარ. სავარაუდოდ, დღეს ისევ ვერ მოვახერხებ სამუშაო ოთახში შესვლას და კომპიუტერთან მუშაობას, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ „შაბათ-კვირის სიას“ კიდევ რამდენიმე საკითხი და გასაკეთებელი საქმე მიემატება.

საღამოს ლექციაც მაქვს, რომელსაც ვეღარ გავაცდენ. ჯიპაში საკმაოდ სიმკაცრეა, თუმცა, ესეც რომ არ იყოს, ჩემს ასაკში და ჩემი დატვირთვის პირობებში კაცი რომ კიდევ ერთი დიპლომის აღებას გადაწყვეტს, აუცილებლად გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რა აკლდება თითოეულ ლექციაზე მიუსვლელობით. ამიტომ ვცდილობ გულისყურით მოვუსმინო საინტერესო ლექციას გარემოს დაცვის ეკონომიკაზე. საგანი ძალზედ მნიშვნელოვანია. გარემოს დამცველებს და კონსერვაციონისტებს ბრალს ხშირად სდებენ იმაში, რომ ეკონომიკურ განვითარებას აფერხებენ. ცხადია, როგორც ეკონომიკური, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარება შეუძლებელია ბუნებრივი რესურსებისა და გარემოზე ზემოქმედების გარეშე და ეს ყველაზე კარგად გარემოს დამცველებს მოეხსენებათ, თუმცა, აქ გადამწყვეტი სწორედ ისაა, ზუსტად იქნეს შეფასებული ხარჯ-სარგებლიანობა, გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და განსაზღვრული იყოს ზიანის თავიდან ასაცილებელი, შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ქმედებები. იმედი მაქვს, ამ კურსით მიღებული ცოდნა, ერთი მხრივ, იმაში დამეხმარება, რომ საქმიანობისას სწორი გადაწყვეტილებები მივიღო, მეორე მხრივ კი, მქონდეს უკეთესი, ეკონომიკურად დასაბუთებული არგუმენტები იმ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების მნიშვნელობაზე ლაპარაკი საკმარისი არ არის.

ხუთშაბათი, 29 მარტი

დილა ისევ ტელევიზიით იწყება, თემა - ისევ ბზა. სანამ ტელევიზიიდან სასტუმრომდე მივალ, სადაც WWF-ის ორგანიზებული, კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის განახლებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა იმართება, დედასთან დარეკვას ვასწრებ და მოკლედ ვიგებ, რა ხდება სახლში. პირველ რიგში, დათოსა და მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებს. მძიმე პერიოდი გვაქვს და იმედია, ძალიან მალე ყველაფერი კარგად დასრულდება. მამა, რომელიც, ერთი კვირაა, არ მინახავს, შეხვედრაზე შესვლისთანავე მირეკავს და ჩურჩულით ვპასუხობ, რომ ვერ დაველაპარაკები. მიეჩვია. მიეჩვივნენ. ბევრი წელია, კითხვას მხოლოდ მაშინ მისვამენ, როდესაც სახლში საღამოს 7-8 საათზე ვბრუნდები და მაშინაც იმას მეკითხებიან, რატომ დავბრუნდი ასე ადრე და ცუდად ხომ არ ვარ. იციან, რომ შეიძლება დილით სახლიდან საგარეო კოსტუმით გამოსულმა საღამოს რომელიმე რეგიონში, მთაში, ტყეში ამოვყო თავი. ჩემ მიერ იმ პროფესიის არჩევა, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ქალისთვის მთლად კომფორტული არ არის, დიდწილად მათი დამსახურებაა. დედაც და მამაც გეოლოგები, გეოფიზიკოსები არიან და მთელი ბავშვობა „ველზე“ ექსპედიციებში გავატარე. ამიტომ, ავტოსერვისის თანამშრომელივით არ უკვირთ ჩემს საბარგულში ყოველთვის თავისმომჭრელად ტალახიანი რეზინის ჩექმის, სამთო ბათინკის, საწვიმრისა და სხვა მსგავსი ეკიპირების ნახვა. ამიტომ მასაჩუქრებს მამა საველე დანითა და ხელსაწყოების ნაკრებით და ამიტომ აღარ ცდილობს დედა ძვირფასი კოსმეტიკის ნაცვლად თერმოქურთუკის ან ბათინკის ყიდვა გადამაფიქრებინოს.

კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის განახლებაზე მუშაობა გვიანობამდე გრძელდება. სამსახურში მიბრუნებას ვეღარ ვასწრებ, უფრო სწორად, აზრი არ აქვს, რადგან ნაყოფიერად აზროვნებას მაინც ვერ შევძლებ და სახლში ვბრუნდები.

პარასკევი, 30 მარტი

ამ კვირაში ტრადიციულად ქცეული დილის ეთერის შემდეგ სამსახურში მივრბივარ, რომ შუადღის სამ საათამდე დაგროვილი ფოსტის გადახედვა მაინც მოვასწრო, რადგან შემდეგ ქალაქიდან უნდა გავიდე. ჩემი ბავშვობის მეგობრის დედა გარდაიცვალა და აუცილებლად უნდა ჩავიდე ზესტაფონში. ნათელა დეიდას სიკვდილი ყველაზე მოულოდნელი და მტკივნეული რამ იყო ამ კვირაში. ყოველთვის ხალისიანი, მხნე და გულწრფელი ადამიანი!.. ჩემს ბავშვობას კიდევ ერთი ნატეხი ჩამოსტყდა...

დიდი ხანია, მივეჩვიე და განსაცდელის გადასალახი ჩემებური წესები შევიმუშავე. პირველ რიგში, ჩემს თავს ვუკრძალავ რაღაც პერიოდით მაინც არ ვიფიქრო ამა თუ იმ თემაზე, ყოველი შემთხვევისთვის, შევეცადო, რომ სიღრმეებში არ წავიდე. პარალელურად ვიწყებ ფიქრს გამოსავალზე - როგორ? რა გზით? რა შემიძლია მე დამოუკიდებლად გავაკეთო ამ ყველაფრის დასაძლევად და, ბოლოს, აუცილებლად ვიხსენებ სოლომონ ბრძენის ბეჭდის წარწერას: „ესეც გაივლის“.

ერთია, „ამის“ გავლის შემდეგ უნდა ვიცოდე როგორ გავაგრძელო ცხოვრება ისე, რომ „ამან“ ჩემზე და, მით უმეტეს, ჩემს გარშემო მყოფებზე შედარებით ნაკლებად დატოვოს უარყოფითი კვალი.

თბილისში გვიან ღამით ვბრუნდები.

შაბათი, 31 მარტი

დათას უთქვამს დედაჩემისთვის, ბებო, თუ გინდა გაიგო ნათია სად არის, ტელევიზორი ჩართეო. დღეს ტელევიზია აღარ, მაგრამ წინ რადიო მელოდება, სადაც მთელი კვირის ამბებზე უნდა ვილაპარაკო.

მანამდე სამსახურში მივდივარ და გრძელი სიიდან ორ პრიორიტეტულ საკითხს ვარჩევ, რომლის „აწევის“ იმედიც დღეისთვის მაქვს.

ერთი - აუცილებლად უნდა დავასრულო ესე ენერგოეფექტურობის შესახებ და, მეორე, განვაახლო ბორჯომის ტყის აღდგენის სამოქმედო გეგმა.

ესე მხოლოდ საკურსო დავალება არაა. ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოვიძიო და ჩემს სფეროს დავუკავშირო. გათბობის გამო ტყეზე მოსახლეობის მაღალი დამოკიდებულება ჩვენი ძირითადი პრობლემაა და ამის დაძლევას მხოლოდ ჭრის წესების შეცვლითა და გამკაცრებით ვერ შევძლებთ. მდგრადი განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, არსებული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით შევცვალოთ ქცევები და დამზოგველ მოხმარებაზე გადავიდეთ, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების განვითარება-დანერგვის გზით ნაკლები ენერგიის მოხმარებით იგივე სარგებელი მივიღოთ. ეს ორივე ერთად კი ენერგოეფექტურობას ნიშნავს და ვცდილობ ნაშრომში ისეთ ინსტრუმენტებზე გავაკეთო აქცენტი, რომლებიც, ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ამ ყველაფრის წამახალისებელ და ხელშემწყობ მექანიზმად შეიძლება გამოდგეს.

ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ბორჯომის ტყის აღდგენის საკითხიც. გაზაფხული მოვიდა და მხოლოდ ვადებში ძალიან მკაცრად გაწერილი სამოქმედო გეგმა შეგვიწყობს ხელს ამ წელს მაქსიმალურად ბევრი რამ მოვასწროთ ხეობაში. საქმეს ართულებს ის, რომ ბევრი კომპლექსური ღონისძიება უნდა განხორციელდეს. ბევრს ჰგონია, რომ ტყის აღდგენა მხოლოდ ნერგის დარგვით იწყება და იქვე მთავრდება. ჩვენთვის, მეტყევეებისთვის, ეს გაცილებით ხანგრძლივი, შრომატევადი და სპეციფიკური პროცესია, რომელსაც მუდმივი ზედამხედველობა სჭირდება. აი, ახლაც, მარინა იმ ტერიტორიებს, რომლის ყოველი გოჯი ისედაც ზეპირად იცის, მერამდენედ სწავლობს და, თითოეულ მონაკვეთზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბოლო კორექტივები შეაქვს ტყის აღდგენის პროექტში. ამ შემოდგომაზე თავიდან დავიწყებთ საქმეს, რომელსაც 2013 წლიდან ძალიან დიდი ძალისხმევა და რესურსი მოვახმარეთ.

შედეგები? სწორედ ესაა ყველაზე საინტერესო ჩემს პროფესიაში - ჩვენ შეცდომები არ გვეპატიება, რადგან გამოსწორებას შეიძლება ათეულობით წლები დასჭირდეს. ჩვენი შრომის შედეგების შეფასებას ერთი თაობა არ ჰყოფნის. ჩვენ ადამიანებისთვის ძნელად დასანახ, მაგრამ სამყაროსთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და რაც უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, მით უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი საერთო მომავლისთვის.

please wait

No media source currently available

0:00 0:14:22 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG