Accessibility links

სოსო მეშველიანი - მწერალი


სოსო მეშველიანი

28 იანვარი, კვირა

ორი დღის წინანდელი სევდა გამომყვა. ბიჭი გავაცილე თბილისში, მამიდამისმა წაიყვანა მანქანით, თვალცრემლიანი დაემშვიდობა თოვლს, ციგას და, რაც მთავარია, თავის გაკეთებულ თოვლის ბაბუას. უცნაურად შემოატარა მზერა გარშემო მანქანაში ჩაჯდომის წინ 7 წლის ბავშვმა. მთელი ეს დღეები ჩვენს დაკარგულ ძაღლზე ფიქრობდა, რომელიც ამ ზამთარს მგლებმა შეგვიჭამეს, რომელიც ძველებურად არ შეგებებია ჭიშკართან ხტუნვა-ხტუვით და კუდის ქიცინით. ის ძაღლზე ფიქრობდა, მე კიდევ ადრე დაწერილ ლექსზე, რომელიც ასე ზუსტად ამიხდა. მოსვენებადაკარგულმა, თავი მომაბეზრა შეკითხვებით. მეც ვუხსნიდი შეძლებისდაგვარად. ერთ ღამით ლოგინში ვაჟას "ამოდის, ნათდება" მოვუყევი. თხრობას რომ მოვრჩი, გავხედე. უკვე ეძინა. არ ვიცი, როდის დაიძინა. მეორე დღეს მივხვდი, როცა თავისებურად მშვიდობიანი დასასრულით დაამთავრა ჩემი დაწყებული თხრობა, როცა ბებიამისს უყვებოდა. არ ვიცი, ალბათ სიზმარში ჩაჰყვა ჩემი მონათხრობი და მან თავისებური კარგი დასასრულით დააბოლოვა ტოტიას ამბავი. არ ჩავძიებივარ. უბრალოდ, გამახარა ამ უცნაურმა შემთხვევამ.

მე და დედაჩემმა მოვიწყინეთ. ასე უბრად ვიყავით მთელი დღე. საღამოს ის სერიალს მიუჯდა, მე კიდევ რაღაცას ვჩხირკედელაობდი. რა ხანია, არც წერა მინდა, არც კითხვა და ამას სულაც არ შევუშფოთებივარ. პირიქით, ასე თავისუფლად და მშვიდად ცხოვრებაში არ მიგრძვნია თავი. ამაზე ვფიქრობდი, როცა ირაკლი ჯავახაძემ დამირეკა, ლიტ. გაზეთისთვის მასალები მთხოვა. არაფერი ამიხსნია, შევპირდი. თვეების წინ დაწერილი რამდენიმე ნოველა და ჩანაწერი მქონდა. ვიფიქრე, დავამუშავებ და გადავუგზავნი-მეთქი. ასეც ვაპირებ.

სულების სტუმრობის კვირეულიც (ქუნარეში) დასრულდა. როგორც იქნა, გავაცილეთ. ჯერაც შერჩენია ჭიშკრის ბოძს სამფეხა სანთლის ნაღვენთები, რითაც დედაჩემი გაუძღვა სულებს. დამშვიდდა ქალი. ასე რაღაცნაირად დაძაბული ამ დროს არასდროს მინახავს. ამოისუნთქა, რასაც ჰქვია. გარდა შინაგანი დაძაბულობისა, როგორია, მარტოხელა ხანში შესულმა ქალმა ყოველდღე, დილა-საღამოს, საგანგებოდ მორთოს და გააწყოს სუფრა ერთი კვირის განმავლობაში. სუფრა ყოველთვის ისე იწყობა, რასაც მაგიდაზე დილით დადებ, იმის დადება საღამოს არ შეიძლება, სუფრა სულ განახლებული უნდა იყოს. დილა-საღამოს პურების დაცხობა ყოველდღე! მერედა, ამდენის მჭამელიც ვინ არის, მართლა სულები ხომ არ შეჭამენ?! მერე წინა დღის გამომცხვარ პურებს დედაჩემი თბილ შრატში ალბობს, ცოტა ფქვილს ამატებს და ძროხებთან მიაქვს. მოკლედ, პირუტყვიც დიდ პატივში გვყავს ამ დროს. მე კი წონაში მოვიმატე. ამას წინდების ჩაცმის დროს მივხვდი ამ დილით. დღეს მინდა მამიდაჩემი მოვინახულო, რომელიც მარტოა, ასევე - ბიცოლაჩემი, ისიც....ბევრია ასე მარტო აქ, ჩემს უბანში (ეს პატარა სოფელიც დაყოფილია უბნებად). თერთმეტი მოსახლიდან შვიდი სახლი ცარიელია. ორგან ორი ხანში შესული ქალი ცხოვრობს მარტო - დედაჩემი და ბებიაჩემი (ბაბუაჩემის ძმის ცოლი). ამაზე ფიქრს სულ მინდა გავექცე, მაგრამ ვერ ვახერხებ. საქმეც არაფერი მაქვს, რომ ვიმოძრაო, გავერთო. თონესთან დაკიდებულ ლორებს ვუნთებ ცეცხლს, მთელი დღე იქ ვფუსფუსებ. მეც არანაკლებ გავიჭვარტლე. ეს ზამთარიც რა უცნაურია: ერთ დღეს თოვს, მეორე დღეს წვიმს, მესამე დღეს მზეა, ღამეები კი სულ ერთნაირია, ცივი, უნალექო.

საოცარი სიმშვიდე მოაქვს თოვლს. რაღაც ხმები მაინც კვეთენ შუაღამის გაყინულ სივრცეს. ვწევარ და არც ვიცი რაზე ვიფიქრო, ასეთი უცნაური განცდა ცხოვრებაში არ დამუფლებია.

29 იანვარი, ორშაბათი

ჩემი წამოსვლის დღეც დადგა. მეზარება ცალკე მგზავრობა, ცალკე სოფლის დატოვება. წუხელაც არ მიძინია. მხოლოდ დღეს გავიარე თავისუფლად - ოთხი დღეა, წელი მაქვს გაკავებული. ეს დღეები ძლივს დავბაჯბაჯებდი. მძიმე თოვლისგან ჩამოლეწილ ტოტებს ვჭრიდი. სულ დაულეწია მამის დარგული ხეხილი. ელექტროხერხით ვჭრიდი. თოვლში კიბე ვერ მივიდგი, ასე ცალი ხელით ფეხის წვერზე მდგარი ვჭრიდი. ერთი მსხვილი ტოტი უცებ მოწყდა. ისე მურტლად დამკრა მკლავზე, ადგილზე გამაშეშა, სახლში ძლივს შევედი. დღეს კი არა მიშავს - წელგამართული არა, მაგრა თავისუფლად დავდივარ. ბიცოლაჩემმა წინასწარ დარეკა „მარშრუტკის“ მძღოლთან, რომ ადგილები დაეკავებინა, მაგრამ მაინც უხერხულობაში აღმოვჩნდი: ერთი ნაცნობი ქალი დაჯდა ჩემს ადგილზე, მე კიდევ ფეხზე დგომა არ შემეძლო. ადგომას ხომ არ ვეტყოდი?! ქუთაისამდე შანსი არ იყო ასე ვმდგარიყავი. თან რამდენჯერაც მანქანა პატარა ორმოზე აჯაყჯაყდებოდა, მშობიარე ქალივით ვკვნესოდი. ბიცოლაჩემმა მიხსნა, ცოტა მკაცრი იერით აუხსნა მიზეზი და მეც დიდის ამბით დამსვეს, მაგრამ უხერხულობისგან გვერდზეც ვერ ვიხედებოდი. ცალკე იმაზე ვფიქრობდი, როცა სვანეთში მოვდიოდი ბავშვთან ერთად, კიდევ უფრო გავწვალდი. გადავწყვიტე, რაც არ უნდა იყოს, დღეიდან საკუთარი მანქანით წავიდე.

გარშემო მეტად უღიმღამო პეიზაჟებია. აქ ყოველთვის, როცა მგზავრობა მიწევს, ძვლებში მამტვრევს, მეზარება. არადა, საზღვარგარეთ ყოფნის დროს ერთი სული მაქვს სადმე შორს მქონდეს წასასვლელი, მიხარია მგზავრობა. მამშვიდებს.

მიიწურა ეს დღეც, ახლა უკვე მეგობარი მწერლის საღამოს ვესწრები თბილისში.

30 იანვარი, სამშაბათი

დღეს ჩემი ვიდეო დაიდო ფეისბუკზე, სადაც ლექსს ვკითხულობ, ლიტერატურული კვირეულის ფარგლებში, რომელსაც გამომცემლობა „ინტელექტი“ აწყობს. მომკალი და არ შემიძლია საკუთარი თავის მოსმენა. არადა, ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოვიდა. მაშინ თბილისში არ ვიყავი და ბავშვმა გადამიღო სვანეთში ტელეფონით. ბევრმა მოიწონა, დავმშვიდდი. დღეს ექიმთანაც ვიყავი. მაგიდაზე გამშხლართეს, რენდგენი გადამიღეს, გაქანებული თიაქარიაო. ოჯახის ექიმმა ნევროლოგთან გამგზავნა. მთელ კლინიკაში ორი-სამი კაცი დავდივართ და მაინც ყველგან რიგებია. ვერაფერი გავიგე. ერთგან მორიდებულად შევიჭყიტე. მკაცრად მითხრეს, დაგველოდეთ, დაგიძახებთო. სამის თხუთმეტ წუთზე ვიყავი ჩაწერილი და ეს რომ მითხრეს, ინსტინქტურად საათს დავხედე. სამს თხუთმეტი აკლია. ნახევარი საათი გადააცილეს და მაინც ასეთი პასუხი გამცეს. მთავარი მაინც ის არის, რომ კლინიკაში ვარ, ისიც ქალაქის ცენტრში, ვაკეში. საღამოს ჩემი ძმა მირეკავს. უკვე ერთი თვეა, ის ბილბაოს კლინიკაშია გაშხლართული. მირჩია სხვაგანაც გავესინჯო. მეც ასე დამეწყო და ხომ ხედავ, ახლა რა დღეში ვარო, მითხრა. კი, მართლა საშინელ დღეშია, ხერხემლის მალები აქვს ერთმანეთს ამცდარი, ნერვის ჩატენა. მისი თავდაუზოგავი მუშაობის გადამკიდეს დიდად არ გამკვირვებია. ყველანი მოვიშალეთ. მე ცოტა კი მჩვევია თავის მოვლა, დღემდე ეს მშველოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ მიშველა.

31 იანვარი, ოთხშაბათი

დღეს ჩემი საღამოა. მეგონა, მივეჩვიე, მაგრამ მთელი დღეა, ზუსტად ისეთი განცდა მაქვს, როგორიც ჩემს პირველ საღამოზე. ჩემს მეგობარს, რედაქტორ ზვიად კვარაცხელიას გავუარე რედაქციაში. ცოტა დავლიე გასამხნევებლად. ცალკე იმაზე ვღელავ, ვინმე თუ მოვა საღამოზე. ერთ თვეში მესამედ მომიწია საღამოს გამართვა, ახალი წიგნის წარდგენა. ეს ცოტა მეზედმეტა, მაგრამ არა უშავს, ცოტა ხანში წავალ ისევ, კაი ხნით გადავიკარგები, როგორც ადრე, როგორც არაერთხელ. ხალხი ასე თუ ისე მოვიდა - ზოგი ჩემი მეგობარი მწერალი, ზოგიც ნაცნობი გულშემატკივარი, 3-4 სრულიად უცნობი ახლაგაზრდაც მოვიდა. იყიდეს წიგნები, დასხდნენ კუთხეში და ასე სულგანაბულები მისმენდნენ მთელი ღამე. ამან ყველაზე მეტად გამახარა. წავიკითხე ლექსები, წაიკითხა ზვიადმაც. რასაც მთელი ღამე ვგეგმავდი, რა უნდა მელაპარაკა, აღელვებულს ყველაფერი დამავიწყდა. მაინც ტექსტების კითხვა ვარჩიე. შეკითხვაზე, „თუ როგორ ვცხოვრობდი და ვახერხებდი იმ მძიმე პირობებში წერას“, ისევ ჩემი პროზაული კრებული მოვიმარჯვე. იქ ყველაფერი წერია ამაზე მძაფრად, შეულამაზებლად. საერთო ჯამში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გადავრჩი.

1 თებერვალი, ხუთშაბათი

ბიჭი ცხრის ნახევარზე მიმყავს სკოლაში, გოგო ათზე - ბაღში. მერე გიო თორმეტის რაღაც წუთებზე გამომყავს სკოლიდან, ვაჭმევ და მასწავლებელთან მიმყავს. ორ საათში ისევ გამომყავს, მერე გოგო...მოკლედ, მთელი დღეები ასეთ მზადყოფნაში ვარ. რა ხანია, ასეთი რეჟიმი მაქვს. ამდენჯერ ფეხზე გახდაც კი მეზარება, ტანსაცმლის გამოცვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ვარ ასე მთელი დღე. რაღაც შუალედში წიგნს გადმოვიღებ ხოლმე თაროდან. მერამდენე წიგნი დავიწყე, გული ვერ დავუდე. აქა-იქ ფილმს თუ ჩავრთავ და ამდენ წასვლა-წამოსვლაში ისიც მავიწყდება. თან უცხოეთში წასვლაზეც ვფიქრობ. ამ ხერხემლის თუ წელის ამბავმა კიდევ უფრო ამაფორიაქა. სულ ავირიე. მინდა ლიტერატურულ გაზეთში გადასაგზავნი ნოველებიც დავასრულო. ცოტა გარემოს გამოცვლა და გაბრუება არ მაწყენდა. მარიამი ადრე გამომყავს ბაღიდან, ბებიასთან ვტოვებ ბავშვებს და მეგობრების სანახავად მივდივარ. ისინი უკვე რესტორანში მელოდებიან. დაბოლოს, ოდესღაც ნანახი სიზმარივით ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს ტაქსის მძღოლის ბრძნული რჩევები, მძღოლისა, რომელმაც მანქანა გააჩერა, ჩავიდა და თავისი ფულით მიყიდა ერთი ბოთლი ბორჯომი ისე, რომ არც უკითხავს, მინდა თუ არა.

2 თებერვალი, პარასკევი

დღესაც ექიმთან მივდივარ, ჩაწერილი ვარ, არადა, წინასწარ ვიცი, რა როგორ იქნება: გამაყუჩებლებს გამომიწერენ, რაც უკვე არ მჭირდება; მეტყვიან, რომ არ უნდა ვიმუშაო, რაც შეუძლებელია. მე კი მაინც მივდივარ. გზად გლდანის „ბიბლუსს“ გავუვლი. ჩვევად მექცა: სულერთია, ვყიდულობ რამეს თუ არა, უნდა გავუარო. ვათვალიერებ ახალ წიგნებს, ვხვდები რამდენი რამე დამრჩება წაუკითხავი, გაუაზრებელი. სოფელში დღემდე ყველას კითხვით გარეკილი ვგონივარ, მაგრამ რომ ვაკვირდები, აქ ჩემზე უმცროსებს იმდენად მეტი აქვთ წაკითხული, მათთთან კამათი ბევრ რამეზე მეუხერხულება. დილიდან ერთი ნიჭიერი მწერლის სტატუსმა კარგ განწყობაზე დამაყენა. ჩემს ახალ წიგნზე წერს, კარგს წერს. რაც მთავარია, ვგრძნობ, რომ გულახდილია.

3 თებერვალი, შაბათი

წუხელ ძალიან გვიან დავწექი. დილით ასეთი უცნაური ხმები მაღვიძებს: რაღაც გაბმული გრი-გრე-გრა-გრო-გრუ... ღრი-ღრე-ღრა-ღრო-ღრუ... ყრი-ყრე-ყრა-ყრო-ყრუ... გიორგია, მთელ ხმაზე გაჰკივის. მერე გამახსენდა, რომ დღეს ლოგოპედი გვყავდა დაბარებული. ახლა „რ“ ს გამოთქმაზე ვარჯიშობენ. თავიდან ძალიან გავხალისდით, როცა „რ“- ს ნაცვლად „ლ“-ს ამბობდა, ახლა კი გარკვევით იძახის: ყრი-ყრე-ყრა-ყრო-ყრუ. წუხანდელ სიზმარზე ვფიქრობ, მერამდენედ ვხედავ ამ სიზმარს. ისიც, ერთ სიზმარში ერთი და იგივე კადრი მეორდება უსასრულოდ. ვიძაბები, ძილში კბილებს ვაკრაჭუნებ, ყბები მეღლება. არადა, რა უბრალოა! დედის ხელებს ვხედავ ლამპის მოციმციმე შუქზე, რაღაცნაირად ნათელ ხელებს, ასე გრაციოზულად და სწრაფად რომ მოძრაობენ და სულ რაღაც მილიმეტრებით სცდება საჩეჩლის მახათივით წვეტიან ლითონის კბილებს, ის კი დაბლა არც იხედება, ჩვენ გვიყურებს და რაღაც ძველებურ ამბებს გვიყვება, მე კი არ მესმის, ხელებს მივშტერებივარ. ღამეა. სადღაც ალბათ ჭოტიც კივის, მაგრამ თოვლით ამოგმანულ ფანჯრებში ვერ აღწევს მისი ხმა.

please wait

No media source currently available

0:00 0:11:42 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG